კახა კალაძე: დასრულდება რუსთაველი-მთაწმინდის საბაგირო ხაზის მშენებლობა

ვერდიქტი: არ შესრულდა

რეზიუმე: კახა კალაძის 2017 წლის სარჩევნო პროგრამის, სატრანსპორტო მიმართულების ერთ-ერთი დაპირება რუსთაველი-მთაწმინდის საბაგირო ხაზის მშენებლობის დასრულება და სხვა ახალი საბაგირო ხაზების დაპროექტება და აშენება იყო. კახა კალაძის მერობის ოთხწლიან ვადაში დასახელებული საბაგირო მიმართულება არათუ არ დასრულებულა, არამედ, საპროექტო ხელშეკრულება მხოლოდ სამი თვეა, რაც გაფორმდა და ხელშეკრულების მიხედვით, 18-თვიან ვადაში უნდა დასრულდეს. რაც შეეხება სხვა ახალი მიმართულებების დაპროექტებას და მშენებლობას, მიმდინარე წლის აპრილში უნივერსიტეტი-ბაგების მიმართულებით 320-მეტრიანი გზა ამოქმედდა. დაანონსებული პროექტებიდან: სამგორი-ვაზისუბანი და ახმეტელის თეატრი-ზღვისუბნის საბაგირო ხაზი, არც ერთი არ დაწყებულა და ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, მოკლევადიან პერიოდში, მათი დაწყება არც განიხილება.

აქედან გამომდინარე, კახა კალაძის აღნიშნული დაპირება არ შესრულდა.

აქვე აღვნიშნავთ, რომ კახა კალაძემ რუსთაველი-მთაწმინდის პროექტის დაწყების შესახებ არჩევნებამდე 4 დღით ადრე გვამცნო და რეაბილიტაციის დაწყების აღსანიშნავად სიმბოლურად კაფსულა ჩააგდო.

ანალიზი

საბაგირო გზა, რომელიც რუსთაველის მოედანსა და მთაწმინდის პარკს ერთმანეთთან აკავშირებდა, თბილისში პირველად 1959 წლის 1 მაისს ამუშავდა და 1990 წლის 1 ივნისამდე ფუნქციონირებდა. საბაგირო გზის საწევი ბაგირი ამ დღეს გაწყდა და ორი გონდოლა, რომელშიც ხალხი იმყოფებოდა, დაგორდა. ტრაგედიის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ბავშვებიც.

მოქმედი მერის კახა კალაძის 2017 წლის საარჩევნო პროგრამის ერთ-ერთი დაპირება საბაგირო ტრანსპორტის განვითარება იყო. კონკრეტულად, პროგრამის სატრანსპორტო პოლიტიკის მიხედვით, რუსთაველი-მთაწმინდის საბაგირო ხაზის მშენებლობა უნდა დასრულებულიყო და სხვა ახალი საბაგირო ხაზები უნდა დაპროექტებულიყო და აშენებულიყო.

მთაწმინდის საბაგირო გზის აღდგენა-რეაბილიტაციის დაწყება 2017 წელს ჯერ კიდევ ყოფილმა მერმა დავით ნარმანიამ დააანონსა.

თუმცა მანამდე, 2012 წელს საბაგირო გზის განახლების პირველი ხელშეკრულება გაფორმდა. მაშინდელი ხელშეკრულებით, საბაგიროს ქვედა სადგური სასტუმრო „რედისონის“ მიმდებარედ უნდა განთავსებულიყო და ამისთვის ტერიტორიაზე საბაგიროს ბეტონის მზიდი ბოძებიც ნაწილობრივ აშენდა. მოგვიანებით, დედაქალაქის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვედა სადგურის ადგილმდებარეობა შეიცვალა და „რედისონის“ მიმდებარე ტერიტორიის ნაცვლად, მეცნიერებათა აკადემიის ეზოში მდებარე ძველი საბაგირო სადგურის შენობა განისაზღვრა.

წლების განმავლობაში პროექტის ტექნიკური პარამეტრები რამდენჯერმე შეიცვალა, რამაც პროექტის შეფერხება გამოიწვია. გარდა ამისა, პროექტის განხორციელებას ხელს ადგილობრივი მოსახლეობაც უშლიდა. პროექტის განხორციელებისთვის საჭირო სამშენებლო არეალის მოსაწყობად, აუცილებელი იყო რამდენიმე ადგილობრივი ოჯახის განსახლება, რომელნიც საკომპენსაციოდ საკმაოდ სოლიდურ თანხებს ითხოვდნენ. საბოლოოდ, მერიასა და ადგილობრივებს შორის შეთანხმება 2020 წელს შედგა და 11 ოჯახმა საკუთრების ნაცვლად საკომპენსაციო თანხები მიიღო.

2020 წლის ოქტომბერში თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ მთაწმინდის საბაგირო გზის მშენებლობაზე ტენდერი (NAT200015542) გამოაცხადა, რომლის ღირებულება 6.4 მლნ ლარი იყო. თუმცა ტენდერი არ შედგა.

მოგვიანებით, უკვე დეკემბერში ხელახალი ტენდერი (NAT200018727) გამოცხადდა, რომლის სავარაუდო ღირებულება 7.3 მლნ ლარი იყო. ტენდერს ერთი პრეტენდენტი, კომპანია „კავკასუს როუდ პროჯექტი“ ჰყავდა, რომელსაც სატენდერო დოკუმენტაციის გაუმართაობის გამო (კონკრეტულად, გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია ვერ წარადგინა) დისკვალიფიკაცია მიეცა და შესაბამისად, ტენდერი უარყოფითი შედეგით დასრულდა.

მესამე ტენდერი (NAT210003307) უკვე მიმდინარე წლის თებერვალში გამოცხადდა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება ისევ 7.3 მლნ ლარი იყო. ტენდერს ორი პრეტენდენტი, იგივე „კავკასუს როუდ პროჯექტი“ და კომპაბია „დაგი“ ჰყავდა. საბოლოოდ, ტენდერში კომპანია „დაგმა“ გაიმარჯვა, რომელთანაც 6.9 მლნ ლარის ღირებულების ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიამ შემდეგი სამუშაოები: საბაგირო ხაზის ქვედა სადგურის სადემონტაჟო სამუშაოები, საბაგირო ხაზის ახალი ქვესადგურის და #1 ანძის მოწყობა, საბაგირო ხაზის ზედა სადგურის მოწყობა, ანძების მოწყობა, ხანძარსაწინააღმდეგო სისტემის მონტაჟი, ტექნოლოგიური სისტემის მონტაჟი, საბაგირო ხაზის გამოსაცდელი სამუშაოები, კეთილმოწყობის სამუშაოები, ხელშეკრულების დადებიდან 18-თვიან ვადაში უნდა განახორციელოს.

ამ ეტაპზე საბაგიროს ქვედა სადგურის სადემონტაჟო სამუშაოები მიმდინარეობს.

საბოლოოდ, საბაგირო გზა დაახლოებით 980 მეტრი სიგრძის იქნება, სრული დატვირთვის შემთხვევაში 1100 მგზავრის გადაყვანა შეეძლება და მგზავრობის ხანგრძლივობა 4 წუთს გაგრძელდება.

ერთადერთი საბაგირო ხაზი, რომელიც კახა კალაძის მერობისას ამოქმედდა, არის უნივერსიტეტი-ბაგების 320-მეტრიანი გზა, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ე.წ. მაღლივ და განივ კორპუსებს და ბიბლიოთეკას ბაგებთან აკავშირებს. გზაზე მოძრავ თითო ვაგონს 40 მგზავრის გადაყვანა შეუძლია და მგზავრობა 4 წუთს გრძელდება. აღნიშნული გზა მიმდინარე წლის აპრილში გაიხსნა და სახელმწიფო უნივერსიტეტის გადაწყვეტილებით, სტუდენტებს მგზავრობა უფასოდ შეუძლიათ.

განხილული მასალიდან გამომდინარე, კახა კალაძის მიერ საბაგირო გზების მიმართულებით გაცემული მთავარი დაპირებას - მთაწმინდის საბაგირო გზის მშენებლობის დასრულებას, მერობის ოთხწლიანი ვადა არ ეყო და დღეის მდგომარეობით, მხოლოდ საწყის ეტაპზეა და ხელშეკრულების მიხედვით 1.5 წელში დასრულდება. რაც შეეხება სხვა ახალი მიმართულებების დაპროექტებას და მშენებლობას, დაანონსებული პროექტებიდან: სამგორი-ვაზისუბანი და ახმეტელის თეატრი-ზღვისუბნის საბაგირო ხაზი, არც ერთი არ დაწყებულა და ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, მოკლევადიან პერიოდში, მათი დაწყება არც განიხილება.

აქედან გამომდინარე, კახა კალაძის დაპირება არ შესრულდა.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი