იტვირთება

ირაკლი კობახიძე: მათ მოაწერეს ხელი დოკუმენტს, სადაც პირდაპირ წერია რომ ფართომასშტაბიან საომარ მოქმედებებში კონფლიქტი გადაზარდა ქართულმა მხარემ. საქართველომ დაიწყო ომი ეს არის დათმობა [ტერმინ] ოკუპაციის სანაცვლოდ?

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი კობახიძის განცხადება არის მანიპულირება.

ანალიზი

რუსთავი 2-ის გადაცემა „ღამის კურიერის“ წამყვანმა გიგა ბოკერიას პირდაპირ ეთერში რეზოლუცია 1633-ის შესახებ დაუსვა კითხვა. რეზოლუცია აგვისტოს ომთან დაკავშირებით ევროსაბჭოს მიერ მიღებული დოკუმენტია. რეზოლუციის მეხუთე მუხლი არაერთხელ გამხდარა მანიპულირების საფუძველი და „ფაქტ-მეტრი“ ამაზე ადრეც წერდა.

გიგა ბოკერიას შემდგომ გადაცემაში სტუმრად ირაკლი კობახიძე - „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი იყო მიწვეული, რომელმაც რეზოლუციის შესახებ გიგა ბოკერიას მიერ გაკეთებული განცხადების პასუხად განაცხადა: „მათ მოაწერეს ხელი დოკუმენტს, სადაც პირდაპირ წერია რომ ფართომასშტაბიან საომარ მოქმედებებში კონფლიქტი გადაზარდა ქართულმა მხარემ. საქართველომ დაიწყო ომი ეს არის დათმობა [ტერმინ] ოკუპაციის სანაცვლოდ?“

რეალურად, ტერმინ ომის დაწყებასთან დაკავშირებით რეზოლუციის მერვე მუხლში წერია, რომ მხარეები ამ საკითხზე ვერ თანხმდებიან და ფაქტები დამოუკიდებელმა და მიუკერძოებელმა საერთაშორისო გამომძიებელმა უნდა დაადგინოს. შესაბამისად, მეხუთე მუხლის იმგვარი ინტერპრეტირება, თითქოს ქართული მხარე ხელს აწერს/ეთანხმება იმ ფაქტს, რომ ომი საქართველომ დაიწყო, მცდარია. მეხუთე მუხლში მოყვანილი ციტატის კონტექსტიდან ამოგლეჯილად წაკითხვას მოქალაქეები შეცდომაში შეჰყავს. მეხუთე მუხლში კონფლიქტის ესკალაციაზეა საუბარი და არა ომის დაწყებაზე. მანამდე, მეოთხე მუხლში, აღნიშნულია, რომ სამშვიდობო მისია ვერ ასრულებდა საკუთარ მოვალეობას დაეცვა მოქალაქეები და მათი საკუთრება კონფლიქტის რეგიონში. აქვე გამოთქმულია წუხილი იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთმა და სამხრეთ ოსეთმა უარყვეს კონფლიქტის მოგვარებისა და სამშვიდობო მისიის ფორმატის ცვლილების შეთავაზებები. მეოთხე პუნქტში რეზოლუცია სიტუაციის ესკალაციაზე პასუხისმგებლობას ცალსახად რუსეთს ანიჭებს.

ყოველგვარი ინტერპრეტირების გარეშე, რეზოლუცია 1633 არის მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც არათუ პასუხისმგებლობას აკისრებს ქართულ მხარეს ომის დაწყების შესახებ, არამედ ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო დოკუმენტია, რომელშიც დაგმობილია ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება, რუსეთის მიერ განხორციელებული ქმედებები, მოხსენიებულია როგორც ოკუპაცია და საუბარია რუსეთის მხრიდან ეთნიკური წმენდის ვერ შეჩერებაზე იმ ტერიტორიებზე, რომელთაც ეფექტურ კონტროლს რუსული ჯარი ახორციელებდა. ამრიგად, გაურკვეველია, აღნიშნული დოკუმენტის დისკრედიტება, საქართველოს ხელისუფლების ინტერესებში, რატომ შეიძლება შედიოდეს.

უფრო ვრცლად, რეზოლუცია 1633-ის შესახებ, იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

3475 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
22%
ყალბი ამბავი
19%
მეტწილად სიმართლე
12%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი