გენადი არველაძე: მთავრობის ანტიკრიზისული გადაწყვეტილებების შედეგად ეკონომიკა იანვარ-ივლისში 12.7-ით გაიზარდა. წამყვანმა საფინანსო ორგანიზაციებმა საქართველოს ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი გაზარდეს. სსფ-მ საქართველო დაასახელა ქვეყნად, სადაც საშუალოვადიან პერიოდში ევროპის რეგიონის მასშტაბით ეკონომიკის ყველაზე სწრაფი აღდგენა იქნება შესაძლებელი.

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, გენადი არველაძის განცხადება არის ნახევრად სიმართლე

რეზიუმე:

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით 2021 წლის პირველი შვიდი თვის საშუალო მაჩვენებელი 12.2%-ია. მინისტრის მოადგილის მიერ დასახელებული მაჩვენებელი, 12.7% ზრდა, იანვარ-ივნისის პერიოდის საპროგნოზო ზრდას შეესაბამება. აღნიშნული ორნიშნა ზრდა, ნაწილობრივ საბაზო ეფექტით არის გამოწვეული, რაც გენადი არველაძის განცხადების ნაწილს, სადაც ის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებს „ანტიკრიზისულ გადაწყვეტილებებს“ უკავშირებს, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. 2020 წლის იანვარი-ივლისის მონაცემებით, ეკონომიკა საშუალოდ 5.5%-ით მცირდებოდა.

მსოფლიო ბანკის ივნისის პროგნოზით, 2021 წლისთვის საქართველოს ეკონომიკის ზრდა 6%-ს შეადგენს, რაც ორგანიზაციის თავდაპირველ პროგნოზს 2.2 პ.პ-ით აღემატება. საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) 19 ივლისის შეფასებით, წლის განმავლობაში ეკონომიკის 7.7%-ით ზრდაა მოსალოდნელი, რაც დადებითი ფაქტია, რადგან თავდაპირველი პროგნოზი თითქმის ორჯერ ნაკლები იყო. თუმცა, 7.7%-იანი ზრდის შემთხვევაში, 2019 წელთან შედარებით, ეკონომიკა მხოლოდ 1%-ით გაიზრდება. 2022 წლისთვის, მშპ-ს ზრდის პროგნოზი 5.8%-ა. ქვეყნების მიხედვით ჩაშლილი პროგნოზების განახლებული სტატისტიკა, რომელიც 2021 წლის და შემდგომი წლების პროგნოზებს მოიცავს, ორგანიზაციას ჯერჯერობით არ წარმოუდგენია. სსფ-ს უკანასკნელი მოცულობითი მონაცემთა ბაზა, აპრილის თვით თარიღდება და აღნიშნულში, ევროპის მასშტაბით, 2021-2025 წლის საშუალო ზრდის პროგნოზით, საქართველო (5%-იანი ზრდით) , მართლაც პირველ ადგილს იკავებს. თუმცა ჯერჯერობით უცნობია, განახლებული პროგნოზების მიხედვით, რომელიც 12 ოქტომბერს გამოქვეყნდება, საქართველო პირველ ადგილს შეინარჩუნებს, თუ - არა.

მიუხედავად ფაქტისა, რომ დასახელებული მონაცემი ბუკვალურად შეიძლება რეალობას შეესაბამებოდეს, ისიც აღსანიშნავია, რომ პანდემიის პირობებში გაურკვევლობის ხარისხი მაღალია და პროგნოზები ძალიან მოკლე ვადაში არსებითად იცვლება. შესაბამისად, პროგნოზებზე დაყრდნობით წარმატებაზე ან წარუმატებლობაზე მსჯელობა ნაადრევია.

ანალიზი:

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ განაცხადა: „მთავრობის ანტიკრიზისული გადაწყვეტილებები შედეგად სახეზეა საქართველოს ეკონომიკის მნიშვნელოვანი ზრდა, რომელმაც იანვარი - ივლისში 12,7 პროცენტი შეადგინა. წამყვანმა საფინანსო ორგანიზაციებმა გადახედეს წლის დასაწყისში გამოქვეყნებულ ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებლებს მატების მიმართულებით. მაგალითად, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მშპ-ს საპროგნოზო მაჩვენებელი 7,7 პროცენტამდე გაზარდა და საქართველო დაასახელა ქვეყნად, სადაც საშუალოვადიან პერიოდში ევროპის რეგიონის მასშტაბით ეკონომიკის ყველაზე სწრაფი აღდგენა იქნება შესაძლებელი“.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2021 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.9% შეადგინა, ხოლო 2021 წლის პირველი შვიდი თვის საშუალო მაჩვენებელი 12.2%-ია. მინისტრის მოადგილის მიერ დასახელებული მაჩვენებელი, 12.7% ზრდა, იანვარ-ივნისის პერიოდის საპროგნოზო ზრდას შეესაბამება.

იმის მიუხედავად, რომ აპრილის (44.8%), მაისის (25.7%) და ივნისის (18.8%) შემთხვევებში, მაღალი ზრდის მხოლოდ საბაზო ეფექტით ახსნა შეუძლებელია, უდავოა, რომ აღნიშნული ზრდა, ნაწილობრივ, საბაზო ეფექტით არის გამოწვეული, რადგან 2020 წლის მარტი-ივნისის განმავლობაში, ძალაში იყო პანდემიასთან დაკავშირებული უპრეცედენტოდ მკაცრი შემზღუდავი ზომები, რამაც პრაქტიკულად ეკონომიკის დარგების დიდი ნაწილის პარალიზება გამოიწვია. აღნიშნული, გენადი არველაძის განცხადების ნაწილს, სადაც ის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებს „ანტიკრიზისულ გადაწყვეტილებებს“ უკავშირებს, ნაწილობრივ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

გრაფიკი 1: ეკონომიკური ზრდის (თვე წინა წლის შესაბამის თვესთან) თვიური დინამიკა (%) და ეკონომიკური შეზღუდვების სიმკაცრის ინდექსი 2020-2021 წლებში

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, Oxford’s CORONAVIRUS GOVERNMENT RESPONSE TRACKER

ჯერჯერობით, ობიექტური ინფორმაცია ეკონომიკის ზრდის მიმდინარე, საბაზო ეფექტის მიღმა არსებულ დადებით დინამიკასთან დაკავშირებულ ფაქტორებზე, მეტად მწირია და ბევრი კითხვაა პასუხგაუცემელი. ასევე, კონკრეტული დასკვნების გაკეთება ნაადრევია, რადგან მცირე პერიოდში და მრავალი ფაქტორის გავლენის პირობებში, დინამიკა ზოგადი სურათიდან შეიძლება ტექნიკურად იყოს ამოვარდნილი. მეორე მხრივ, მიმდინარე კონიუნქტურის სიმყიფის საილუსტრაციოდ, შესაძლოა ტურისტულ/რეკრეაციულ სფეროში არსებული ვითარება მოვიყვანოთ, სადაც რეგულაციების შემსუბუქების შედეგად, ერთი მხრივ, შესაძლებელი გახდა ეკონომიკური პროცესების რადიკალურად სწრაფი აღდგენა და უცხოელი მოგზაურებისთვის საზღვრების გახსნა, თუმცა, მეორე მხრივ, პანდემიური სიტუაცია საქართველოში უპრეცედენტოდ დამძიმდა, რაც შესაძლოა არათანმიმდევრულ დერეგულაციაზე მიუთითებდეს და უახლოესი თვეების არა მხოლოდ სოციალურ და ეკონომიკურ, არამედ ჯანდაცვასთან დაკავშირებულ დინამიკასაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდეს.

მსოფლიო ბანკის ივნისის პროგნოზით, 2021 წლისთვის საქართველოს ეკონომიკის ზრდა 6%-ს შეადგენს, რაც ორგანიზაციის თავდაპირველ პროგნოზს 2.2 პ.პ-ით აღემატება. მსოფლიო ბანკის შეფასებით, 2021 წელს მსოფლიო ეკონომიკა 5.6%-ით გაიზრდება, შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 0.4 პ.პ-ით მეტია. ხოლო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ჯგუფში, რომელსაც ორგანიზაცია საქართველო მიაკუთვნებს, მოსალოდნელი ეკონომიკური ზრდა 3.9%-ს შეადგენს. აქედან გამომდინარე, რეგიონთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2.1 პ.პ-ით მაღალია.

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა, 19 ივლისის მდგომარეობით, საქართველოს ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი 7.7%-მდე გაზარდა. სსფ-ს ეკონომიკური ზრდის თავდაპირველი პროგნოზი 3.5% იყო. სსფ-ს უკანასკნელი შეფასებით, 2021 წელს მსოფლიო ეკონომიკა 6%-ით გაიზრდება. შესაბამისად, მსოფლიოსთან შედარებით, საქართველოს ზრდა 1.7 პ.პ-ით (პროცენტული პუნქტი) მაღალია. უშუალოდ ახლო აღმოსავლეთის და ცენტრალური აზიის ქვეყნებში, რომელშიც სსფ-ს მეთოდოლოგიით საქართველო შედის, მოსალოდნელი ეკონომიკური ზრდა 4%-ს შეადგენს, რაც საქართველოს საპროგნოზო ზრდაზე 3.7 პ.პ-ით ნაკლებია. 7.7%-იანი ზრდის შემთხვევაში, 2019 წელთან შედარებით, ეკონომიკა მხოლოდ 1%-ით გაიზრდება.

ქვეყნების მიხედვით ჩაშლილი პროგნოზების განახლებული სტატისტიკა, რომელიც 2021 წლის და შემდგომი წლების პროგნოზებს მოიცავს, ორგანიზაციას ჯერჯერობით არ წარმოუდგენია. სსფ-ს უკანასკნელი მოცულობითი მონაცემთა ბაზა, აპრილის თვით თარიღდება და აღნიშნულში, ევროპის მასშტაბით, 2021-2025 წლის საშუალო ზრდის პროგნოზით, საქართველო მართლაც პირველ ადგილს იკავებს. თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, განახლებული პროგნოზების მიხედვით, რომელიც 12 ოქტომბერს გამოქვეყნდება, საქართველო პირველ ადგილს შეინარჩუნებს, თუ - არა.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი