ნინო ლომჯარიას განცხადებები სახალხო დამცველის კომპეტენციისა და პოლიტიკური პატიმრობის ცნებასთან დაკავშირებით

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ნინო ლომჯარიას პოზიცია არ შეუცვლია.

ანალიზი

2021 წლის 12 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ გადაცემაში „რეაქცია“ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა, რომ იმის განსაზღვრა არის, თუ - არა სააკაშვილი ე.წ. „პოლიტიკური პატიმარი“, სახალხო დამცველის უფლებამოსილების ფარგლებს მიღმაა - რაც შეეხება პოლიტიკურ პატიმრობას, ეს ფასდება კომპლექსურად, ბევრი გარემოების გათვალისწინებით. როგორც წესი, ამ ტიპის შეფასებებს აკეთებენ პოლიტიკური ორგანოები, მათ შორის - საერთაშორისო ორგანიზაციებშიც. სახალხო დამცველი ასეთი ტერმინებით არ საუბრობს, სახალხო დამცველი საუბრობს პირის მიმართ უფლებების დარღვევის ფაქტებზე, რაც ერთობლიობაში სხვა პოლიტიკური მოვლენების თუ მართლმსაჯულებაში არსებული პრობლემების, კონტექსტის და თუნდაც, იმ განცხადებების გათვალისწინებით, შესაძლებელი პოლიტიკური პირებისთვის და ორგანოებისთვის გახდეს მსგავსი შეფასების გაკეთების საფუძველი. ჩვენ ვასრულებთ მოვალეობას ჩვენი მანდატის ფარგლებში და ვსაუბრობთ იმ ტერმინებით და ფრაზეოლოგიებით, რითაც შეგვიძლია ვისაუბროთ“.

აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველის განცხადებას არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. საზოგადოების ნაწილმა ნინო ლომჯარია მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით არაერთგვაროვან მიდგომაში დაადანაშაულა.

ნინო ლომჯარიამ პოლიტიკური პატიმრის ცნებასთან და სახალხო დამცველის კომპეტენციასთან დაკავშირებით მსგავსი პოზიცია გასულ წელსაც დააფიქსირა. 2020 წლის 10 დეკემბერს სახალხო დამცველმა ე.წ. „კარტოგრაფების საქმესთან“ დაკავშირებით საუბრისას განაცხადა, რომ „პოლიტპატიმრები არის პოლიტიკური შეფასების კატეგორია. როდესაც საუბარია ადამიანის უფლებების სტანდარტზე, მაგალითად, ისეთ საქმეებში, რომელსაც პოლიტიკოსები ეძახიან პოლიტპატიმრებს, ჩვენ ვიყენებთ ტერმინებს, რომ ამ საქმეებში დარღვეული იყო სამართლიანი სასამართლოს უფლება, ან დარღვეული იყო კონვენციის მე-18 მუხლი ...თუ ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები, ასევე ომბუდსმენის ინსტიტუტი საუბრობენ და ასაბუთებენ მათ პოზიციას, რომ ამ საქმეებში ჭარბობს პოლიტიკური მდგენელი, ამ შემთხვევაში არსებობს საფუძველი იმისა, რომ პოლიტიკურმა ორგანოებმა, როგორც ადგილობრივმა, ისე საერთაშორისო, მაგალითად ევროსაბჭოს პოლიტიკურმა ორგანოებმა შეაფასონ ეს საქმეები როგორც პოლიტიკურად მოტივირებული და დაარქვან ამ ადამიანებს პოლიტპატიმრები“.

ზემოხსენებულის გათვალისწინებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ პოლიტიკური პატიმრობისა და ამ საკითხთან მიმართებით სახალხო დამცველის კომპეტენციასთან დაკავშირებით, ნინო ლომჯარიას პოზიცია არ შეუცვლია.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი