იტვირთება

2021 წლის 16 სექტემბერს, Facebook-ანგარიშმა „ბოლო ჟამის ქრისტიანებმა“ ვიდეო-პოსტი გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც 29 წლის ბრიტანელ ქალს, ფელისიტი ჯექსონს, Pfizer-ის კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის პირველი და მეორე დოზით აცრის შემდგომ ისეთი გვერდითი მოვლენები გამოუვლინდა, როგორებიცაა: კანკალი, არაეპილეპტიკური კრუნჩხვები, ცახცახი, თავისა და კისრის ტკივილი, გონების დაბინდვა, სისუსტე, პარალიზი, ტკივილები მკერდის არეში, დაბნეულობა, რის გამოც ქალი 24-საათიან მზრუნველობას საჭიროებს. რეალურად, პოსტში გავრცელებული ინფორმაცია დაუზუსტებელია.

პოსტსა და ვიდეოში მოხსენიებული ფელისიტი ჯექსონი კოვიდვაქცინაციის შემდეგ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საკუთარ Instagram პროფილზე წერდა. ჯექსონის მიერ მოყოლილი ისტორია შემდეგნაირია: ქალმა Pfizer-ის ვაქცინის პირველი დოზა ივნისში მიიღო, რის შემდეგაც მას სისუსტეები ჰქონდა და კრუნჩხვებიც დაემართა. ვაქცინაციის შემდგომ განვითარებული ჩივილებით მან ექიმს მიმართა, თუმცა ექიმმა აღნიშნული რეაქციები არასაგანგაშოდ შეაფასა და ქალისთვის ვაქცინის მეორე დოზის გაკეთებისგან თავის შეკავებაც არ ურჩევია. შედეგად, 24 აგვისტოს, ჯექსონი ვაქცინის მეორე დოზით აიცრა, რასაც მისი კისრიდან ქვემოთ პარალიზება მოჰყვა. შემდგომ დღეებში მას ძლიერი, მტკივნეული და უკონტროლო კრუნჩხვები დაეწყო, ამას თან დაერთო გონების გაფანტულობა, გულმკერდის ტკივილი, მხედველობის დაბინდვა, სინათლეზე ზედმეტი მგრძნობელობა და ტკივილები მთელ სხეულში.

ფელისიტი ჯექსონის ისტორიები და ვიდეოები twitter-ის სხვადასხვა მომხმარებლის პროფილებსა და საეჭვო ონლაინმედიების ვებგვერდებზე - THE COVID BLOG და MW3.news-ზე არის განთავსებული. თუმცა ფელისიტი ჯექსონის კოვიდვაქცინით აცრისა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დაზიანებისა თუ გაუარესების შესახებ რაიმე სახის ინფორმაცია სანდო მედია წყაროებში საერთოდ არ მოიპოვება.

წყარო: THE COVID BLOG

წყარო: MW3.news

პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ფელისიტი ჯექსონის მიერ მოთხრობილ ამბავში მხოლოდ ზოგადი ფაქტები არის მოხსენიებული, მაგალითად ის, რომ მან Pfizer-ის კოვისაწინააღდეგო ვაქცინის პირველი დოზა ივნისში და მეორე დოზა 24 აგვისტოს მიიღო, თუმცა მთელ ისტორიაში არ არის ნახსენები თუ კონკრეტულად რომელ სამედიცინო დაწესებულებაში აიცრა ის, ან ვაქცინის პირველი დოზის მიღების შემდგომ განვითარებულ გვერდით მოვლენებზე რომელ კლინიკაში ან ექიმთან გაიარა კონსულტაცია.

მსოფლიოში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინების გამოჩენას და ვაქცინაციის პროცესის დაწყებას თან ვაქცინაციის გვერდით მოვლენებთან დაკავშირებული დეზინფორმაციის დიდი ტალღა მოჰყვა. ინტერნეტსივრცეში დღემდე ვირუსულად ვრცელდება ადამიანების ე.წ. კანკალის ვიდეოები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ თითქოს კონკრეტული რეაქცია მათ კოვიდვაქცინის მიღების შედეგად განუვითარდათ.

კავშირში Pfizer-ის ი-რნმ ვაქცინასა და კანკალის შემთხვევებს შორის

ამერიკის დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) ოფიციალურ ვებგვერდზე Pfizer-ის ვაქცინის გვერდით მოვლენებში შემდეგი სიმპტომებია ჩამოთვლილი:

• ვაქცინაციის ადგილას მკლავზე - ტკივილი, სიწითლე, შეშუპება.

• მთელს სხეულში - დაღლილობის შეგრძნება, თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი, გაციება, სიცხე, გულისრევა.

CDC-ის თანახმად, კონკრეტული გვერდითი მოვლენები ვაქცინაციის ჩატარებიდან ერთ ან ორ დღეში ვლინდება და რამდენიმე დღეში გაქრება. ამასთან ეს რეაქციები სრულიად ნორმალურია და ნიშანია იმისა, რომ ადამიანის ორგანიზმი იმუნიტეტის გამომუშავებას იწყებს.

აქვე აღნიშნულია, რომ ი-რნმ ვაქცინებით იმუნიზაციის პროცესში მოზარდებსა და ახალგაზრდებში, უმეტესად ვაქცინის მეორე დოზის მიღების შემდეგ, მიოკარდიტებისა და პერიკარდიტების შემთხვევები დაფიქსირდა. თუმცა, ეს შემთხვევები იშვიათია და COVID-19-ის ვაქცინებისგან მიღებული სარგებელი, CDC-ის თანახმად, ვაქცინაციასთან დაკავშირებულ, მათ შორის მიოკარდიტებისა და პერიკარდიტებისგან გამოწვეულ შესაძლო რისკებს, აღემატება.

როგორც ხედავთ, Pfizer-ის ვაქცინასთან დაკავშირებულ გვერდით მოვლენებში ჯექსონის მიერ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენებიდან მხოლოდ სისუსტე და თავის ტკივილები ემთხვევა. ხოლო რაც შეეხება კანკალის შემთხვევებს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, კიდურების კანკალი კოვიდვაქცინებისგან გამოწვეულ გვერდით მოვლენას არ წარმოადგენს.

სხვადასხვა დროს პაციენტების ე.წ. „კანკალის ვიდეოები“ სოციალურ ქსელებში რამდენჯერმე გავრცელდა, რომლებსაც სტატიებით „ფაქტ-მეტრიც“ გამოეხმაურა (ბმული 1, ბმული 2). აღსანიშნავია, რომ თავდაპირველ შემთხვევებში, ძლიერი კანკალსა და ვაქცინაციას შორის რაიმე სახის კავშირი საერთოდ არ დგინდებოდა, თუმცა რამდენიმე თვეში ახალი გარემოება გამოიკვეთა, რის მიხედვითაც ძლიერი კანკალი შესაძლოა, „ფუნქციურ ნევროლოგიურ დარღვევასთან“ (Functional Neurological Disorders- FND) ყოფილიყო დაკავშირებული. სამეცნიერო საზოგადოებაში მიიჩნევა, რომ აღნიშნული ნეიროფსიქიატრიული აშლილობა, გამოწვეულია მთელი რიგი სტიმულებით, მათ შორის, ფიზიკური ან ემოციური მოვლენებით, დაზიანებებით, სამედიცინო პროცედურებით და ნემსის ინექციითაც კი. მასაჩუსეტსის საავადმყოფოს (MGH) ნევროლოგი დესვიდ პერესის განცხადებით, FND-ის მქონე პაციენტებს საფრთხის შეგრძნების მიმართ მაღალი მგრძნობელობა ახასიათებთ, რამაც შესაძლოა, ადამიანის ნერვული ქსოვილების „გატაცება“ და იმ ნერვულ ქსოვილებზე კონტროლის დამყარება გამოიწვიოს, რომლებიც ადამიანის მოძრაობას აკონტროლებს.

FND-საზოგადოების წარმომადგენლების მიხედვით, სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოებში ადამიანის კანკალი პანდემიით გაზრდილი სტრესის, ვაქცინის სიახლესთან დაკავშირებულ ნერვულ ფონს და სხვა მრავალ ფაქტორს შესაძლოა გამოეწვია, თუმცა უშუალოდ ვაქცინის სითხეს მსგავსს რეაქციებთან კავშირი არ აქვს. ამდენად, კონკრეტულად ფელისიტი ჯექსონის შემთხვევაშიც, თუკი მას მსგავსი ძლიერი კანკალი ნამდვილად აწუხებს, ორგანიზმის კონკრეტულ რეაქციას Pfizer-ის ვაქცინასთან არავითარი კავშირი არ გააჩნია.

ამასთან, ფელისიტი ჯექსონის ვიდეოების და ამბის ნამდვილობას კითხვის ნიშნის ქვეშ კიდევ ერთი გარემოება აყენებს. მისი თქმით, მას შემდეგ რაც ოზონოთერაპიით მკურნალობა დაიწყო, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა. აქამდე სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კორონავირუსთან საბრძოლველად კოვიდვაქცინებთან შედარებით ოზონოთერაპია გაცილებით ეფექტურია. რეალურად კი, ოზონოთერაპიის ეფექტურობა ჯერჯერობით დადასტურებული საერთოდ არ არის. მსოფლიოს წამყვანი ჯანდაცვის ინსტიტუტების გაიდლაინებში არსად არ არის ოზონოთერაპია, როგორც COVID-19-ის საბაზისო მკურნალობის მეთოდი. ოზონოთერაპია გამოიყენება მხოლოდ კლინიკური კვლევის დონეზე, ლოკალურად. ჯერჯერობით არ არსებობს ოფიციალური მტკიცებულებები ოზონით მკურნალობის დადებითი ეფექტის შესახებ.

კოვიდვაქცინებთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები

გლობალურად ვაქცინაციის მონიტორინგის პროცესმა აჩვენა, რომ კოვიდვაქცინები ძალზე უსაფრთხოა. ნებისმიერ ფარმაცევტულ პროდუქტს, მათ შორის ვაქცინას, გვერდითი რეაქციები ახასიათებს. COVID-19-ის ვაქცინით აცრის შემდეგ, შესაძლოა, მსუბუქი ეფექტები გამოვლინდეს, როგორიცაა: სისუსტე, ინექციის ადგილის ტკივილი, შეშუპება ან სიწითლე, ტემპერატურის მატება. ყველაზე ძლიერი გვერდითი ეფექტი, რაც COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინამ შეიძლება გამოიწვიოს, ანაფილაქსიური ალერგიული რეაქციების განვითარებაა. თუმცა მსოფლიოში გამოყენებული სხვადასხვა ვაქცინის შესწავლის საფუძველზე დადგენილია, რომ ვაქცინის კომპონენტებზე სისტემური ალერგიული რეაქციები ძალიან იშვიათია. ასევე, როგორც ზემოთ აღინიშნა, ი-რნმ ვაქცინების, Pfizer-ისა და Moderna-ს ვაქცინებით იმუნიზაციის პროცესში, ახალგაზრდებში მიოკარდიტებისა და პეროკარდიტების შემთხვევებიც დაფიქსირდა. Johnson & Johnson -სა და AstraZeneca/ Vaxzevria-ს ვაქცინებთან იყო დაკავშირებული თრომბოემბოლიის შემთხვევებიც. თუმცა, როგორც Johnson & Johnson, ისე AstraZeneca-ს ვაქცინით თრომბის განვითარების რისკი მინიმალურია - AstraZeneca-ს შემთხვევაში - 0.0004%, ხოლო Johnson & Johnson-ის - მილიონში ერთზე ნაკლები. იმის გათვალისწინებით, რომ რისკი მინიმალურია და სარგებელი გაცილებით მაღალია, ვიდრე შესაძლო გვერდითი რისკები, კონკრეტული ვაქცინებით იმუნიზაციის პროცესი ჩვეულებრივ მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ ვაქცინასთან დაკავშირებული რაიმე გვერდითი მოვლენა აცრიდან დაახლოებით 3 კვირის განმავლობაში ფასდება, რადგან შემდეგ ვაქცინა უკვე ადამიანის ორგანიზმში აღარაა.

-----------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

3468 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
22%
ყალბი ამბავი
19%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი