Facebook-მომხმარებელმა Nina Marji ვიდეო-მასალა გაავრცელა, სადაც მასობრივი შეკრებაა ასახული. აღწერის თანახმად, ვიდეო რუმინელი ხალხის გაერთიანებას ასახავს, რომლებმაც ერთად თქვეს ვაქცინაზე უარი. მასალის მიხედვით, „რუმინეთის მთავრობამ დახურა ვაქცინაციის ყველა ცენტრი, რადგან მოქალაქეთა 70%-ზე მეტმა უარი თქვა ვაქცინაზე“.

ვიდეოში ასახული მანიფესტაცია მართლაც რუმინეთში, კონკრეტულად ბუქარესტში, გაიმართა, თუმცა მას კორონავირუსთან საერთო არ აქვს. რეალურად, ვიდეო 2017 წელსაა გადაღებული, ხოლო COVID-19-ის პირველი შემთხვევები 2019 წელს დაფიქსირდა. ერთ-ერთმა Twitter-მომხმარებელმა იდენტური ვიდეო 2017 წლის 16 თებერვალს შემდეგი საკვანძო სიტყვებით გამოაქვეყნა: ბუქარესტი, კანონის უზენაესობა, ანტიკორუფცია, დემოკრატია, ხალხის ძალა, რუმინეთი, ევროკავშირი.

2017 წლის 31 იანვარს რუმინეთის მთავრობამ გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც, ოფიციალური პირების მიერ თანამდებობის ბოროტად გამოყენება დეკრიმინალიზებული იქნებოდა, თუ საქმეში დაახლოებით 48,5 ათას დოლარზე ნაკლები ფიგურირებდა. ბრძანება, რომელიც პარლამენტის მონაწილეობის გარეშე გაიცა, კორუფციულ დანაშაულებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებებს შეაჩერებდა და კორუფციის გამო დაჭერილ ყოფილ ოფიციალურ პირებს ციხიდან გაათავისუფლებდა. რუმინეთის პრემიერ-მინისტრი, სორინ გრინდეანუ, აღნიშნულ გადაწყვეტილებას ციხეების გადატვირთულობის გამო ციხეების სისტემაზე ზეწოლის შემსუბუქების არგუმენტით ხსნიდა. გადაწყვეტილებამ რუმინეთის მოსახლეობაში მძაფრი უარყოფითი რეაქცია გამოიწვია და 1989 წლის შემდეგ, როდესაც ჩაუშესკოს კომუნისტური რეჟიმი სისხლიანი რევოლუციის შედეგად დაემხო, ყველაზე დიდი მასობრივი საპროტესტო აქციები გაიმართა. რუმინული მედია სააგენტოს, Romania-Insider.com-ის მიხედვით, 2017 წლის 5 თებერვალს ბუქარესტში, გამარჯვების მოედანზე (Victoriei Square) შეკრებილებმა საღამოს 9 საათზე მობილური ტელეფონების ფანრები აანთეს და ზემოთ ნაჩვენები სურათი სწორედ აღნიშნულ მომენტშია გადაღებული. შიდა და საგარეო ზეწოლის შემდეგ რუმინეთის მთავრობამ აღნიშნული ბრძანება გააუქმა.

რაც შეეხება მტკიცებას, რომ რუმინეთის მთავრობამ ვაქცინაციის ყველა ცენტრი დახურა, რადგან მოქალაქეთა 70%-ზე მეტმა უარი თქვა ვაქცინაზე, სიმართლეს არ შეესაბამება. ვაქცინაციასთან დაკავშირებული საქმიანობის ეროვნული საკოორდინაციო კომიტეტის (CNCAV) საკომუნიკაციო ჯგუფის წარმომადგენელმა 2021 წლის 3 სექტემბერს AFP-თან საუბარში განაცხადა: „ვაქცინაციის ცენტრების ნაწილი დაიხურა, თუმცა არა სამუდამოდ. მათი საქმიანობა დროებით შეჩერდა და განახლდება როგორც კი გაიზრდება რუმინეთის მოსახლეობის მოთხოვნა ვაქცინაზე“. CNCAV-ის თანახმად, 2021 წლის 3 სექტემბრის მონაცემებით, რუმინეთში 581 ვაქცინაციის ცენტრი და 837 ვაქცინაციის ოფისი ფუნქციონირებდა. CNCAV-ის მიერ Reuters-ისთვის მიწოდებული მონაცემების მიხედვით, 28 სექტემბრის მდგომარეობით, დროებით შეჩერებული ვაქცინაციის ცენტრების 20,7% ხელახლა გააქტიურდა და 46,86% იმ ცენტრებისა, რომლებიც შემცირებული გრაფიკით ფუნქციონირებდნენ, პირვანდელ, სტანდარტულ სამუშაო საათებს დაუბრუნდა.

შესაბამისად, ვიდეომასალა რუმინეთში 2017 წელს გამართულ ანტიკორუფციულ და ანტისამთავრობო გამოსვლებს ასახავს და არა კორონავირუსთან, ვაქცინებთან ან მსგავს თემებთან დაკავშირებულ მასობრივ შეკრებას. ვიდეომასალის ამ შინაარსით გამოქვეყნება დეზინფორმაციას წარმოადგენს. მანიპულაციურია მტკიცება, რომ რუმინეთის მთავრობამ ვაქცინაციის ყველა ცენტრი დახურა, რადგან მოქალაქეთა 70%-ზე მეტმა უარი თქვა ვაქცინაზე.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი