Facebook-გვერდმა „ბოლო ჟამის ქრისტიანები“ ინგლისში არსებული კოვიდმდგომარეობის შესახებ ვიდეო და პოსტი გამოაქვეყნა. გვერდი ვიდეოზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ ინგლისში 2021 წლის 12 სექტემბერს კოვიდსიტუაცია 2020 წლის 12 სექტემბერთან შედარებით, მკვეთრად გაუარესებულია. კერძოდ, პოსტის თანახმად, 2021 წლის 12 სექტემბერს შარშანდელთან შედარებით, დადებითი შემთხვევების რაოდენობა 10-ჯერ, სიკვდილიანობა 3-ჯერ, ხოლო ჰოსპიტალიზაცია 5-ჯერ მეტია. „ბოლო ჟამის ქრისტიანების“ მტკიცებით, რიცხვების ზრდა კოვიდვაქცინასთან („შხამქცინასთან“) არის დაკავშირებული. რეალურად, ვიდეო და მასში დასახელებული რიცხვები ნამდვილია, თუმცა Facebook-გვერდი მას სრული კონტექსტის გარეშე კოვიდვაქცინების დისკრედიტაციის მიზნით ავრცელებს.

„ბოლო ჟამის ქრისტიანების“ მიერ გავრცელებული ვიდეო 12 სექტემბერს გასული ყოველდღიური დილის გადაცემის - „Good Morning Britain“-იდან ამოჭრილი მონაკვეთია. დილის გადაცემაში წამყვანები ქვეყანაში არსებულ კოვიდმდგომარეობას ექსპერტებთან ერთად განიხილავენ. კერძოდ, ისინი 2020 და 2021 წლის მონაცემებს ერთმანეთს ადარებენ და რიცხვების მკვეთრი ზრდის მიზეზების შესახებ კითხვას დოქტორ ჰილარი ჯონსს უსვამენ. წამყვანების თქმით, 2020 წლის 12 სექტემბრის მონაცემებით ბრიტანეთში ინფიცირების 2656, გარდაცვალების 18 და ჰოსპიტალიზაციის 218 შემთხვევა ფიქსირდებოდა, მაშინ, როდესაც მიმდინარე წლის 12 სექტემბერს დადებითი შემთხვევების რაოდენობა 10-ჯერ (29173), სიკვდილიანობა 3-ჯერ (56) და ჰოსპიტალიზაცია 5-ჯერ (1000-ზე მეტი) არის გაზრდილი.

დოქტორი ჰილარი ჯონსის განმარტებით, ქვეყანაში შარშანდლისგან განსხვავებით ვირუსის დელტა ვარიანტი ცირკულირებს, რაც კორონავირუსის დადებითი შემთხვევების ზრდას განაპირობებს, ხოლო თავის მხრივ, ზოგადად ინფიცირების შემთხვევების ზრდა ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლის ზრდას იწვევს. აღსანიშნავია, რომ „ბიბლიის მორწმუნე ქრისტიანები“ ჯონსის კონკრეტულ ახსნა-განმარტებას უგულებელყოფს, საერთოდ არ ახსენებს და ყურადღებას მხოლოდ მოსახლეობის 65%-ის ვაქცინაციაზე ამახვილებს. ჯონსი ნამდვილად აღნიშნავს, რომ ქვეყანაში მოსახლეობის 65%-ია ვაქცინირებული, რაც საკმაოდ დიდი რიცხვია. თუმცა, მიუხედავად ამისა, მოსახლეობის გარკვეული და არც ისე მცირე ნაწილი, მათ შორის ბავშვებიც, არავაქცინირებულები არიან და შესაბამისად, ინფიცირების კუთხით, მოწყვლად ჯგუფებს წარმოადგენენ.

„ბოლო ჟამის ქრისტიანები“ პოსტში მოცემული ვიდეო მასალით მანიპულირებს. კონკრეტულად, ის ინფორმაციას სრული კონტექსტის გარეშე ავრცელებს, არ ხსნის თუ რეალურად, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესება რამ გამოიწვია და ცდილობს ეს მოცემულობა, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების არაეფექტურობას მიაწეროს.

მიმდინარე წლის ზაფხულის განმავლობაში ბრიტანეთის მონაცემები არაერთხელ გახდა მანიპულაციის ობიექტი. რეალურად, ბრიტანეთში ინფიცირების შემთხვევები 2021 წელს - გასულ წელთან შედარებით, მკვეთრად გაიზარდა, რასაც ანტივაქსერულ წრეებში ძირითადად ვაქცინის არაეფექტურობასთან აკავშირებდნენ. Facebook-გვერდზე გავრცელებულ პოსტშიც სწორედ ამ ნარატივს ვხვდებით, რომ 2020 წელს უკეთესი ეპიდემიოლოგიური ვითარება ვაქცინების არ არსებობით იყო გამოწვეული. თუმცა, რეალურად ბრიტანეთში შექმნილი ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას ერთობლივად სხვადასხვა ფაქტორი განაპირობებს. ამასთან, 2020 წლიდან 2021 წლის სექტემბრამდე, მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები შეიქმნა, თუმცა ამავდროულად, კორონავირუსმა მუტაცია განიცადა და შედეგად ვირუსის ახალი, ბევრად სწრაფად გავრცელებადი და საშიში ვარიანტები, მათ შორის - ერთ-ერთი დელტა წარმოიქმნა, რამაც ეპიდემიოლოგიური ვითარება ბრიტანეთშიც და მთელ მსოფლიოში შეცვალა.

დღეისათვის ბრიტანეთში შექმნილი მდგომარეობა, როგორც უკვე აღინიშნა, ერთიანობაში სავარაუდოდ სხვადასხვა ფაქტორით არის განპირობებული. მაგალითად, ბრიტანეთმა პირბადის ტარების ვალდებულებაზე უარი ევროპის სხვა ქვეყნებთან (გერმანია, საფრანგეთი, ესპანეთი) შედარებით გაცილებით ადრე თქვა. ამასთან, დიდმა ბრიტანეთმა ბევრი შეზღუდვაც უფრო მალე შეამსუბუქა, ვიდრე დასავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებმა. ინგლისში, უელსსა და შოტლანდიაში ზაფხულიდან დაშვებული იყო ღამის კლუბებსა და სხვა ღონისძიებებზე შეკრება, დამსწრე ადამიანების რაოდენობის კონტროლის გარეშე. ამ მდგომარეობას გარკვეულწილად ვაქცინაციაც განაპირობებს, თუმცა არა ვაქცინების არაეფექტურობის კონტექსტში. ბრიტანეთი ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც 2020 წლის დეკემბერში ვაქცინაციის პროცესი დაიწყო. როგორც შემდგომმა კვლევებმა აჩვენა, ვაქცინირებული ადამიანების იმუნიტეტი დაახლოებით 6 თვეში სუსტდება. ამასთან, ბრიტანეთში გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში კორონავირუსის დელტა ვარიანტი დომინირებდა. აქედან გამომდინარე, ვაქცინით გამომუშავებული იმუნიტეტის ექვსთვიანი ციკლის გასვლა, უფრო საშიში დელტა ვარიანტის გამოჩენა და მის მიმართ ვაქცინის ეფექტურობის შემცირება, შეზღუდვების ადრეულ ეტაპზე მოხსნა, საერთო ჯამში შეიძლება ჩაითვალოს ფაქტორებად, რამაც ბრიტანეთში 2021 წლის შემოდგომაზე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესება გამოიწვია.

რაც შეეხება უშუალოდ ინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევებს, ჯერ კიდევ აგვისტოს თვეში, კონკრეტული მაჩვენებლების მკვეთრი ზრდა შეინიშნებოდა. თუ 2020 წელს აგვისტოში ინფიცირების მაჩვენებელი 1182 იყო, 2021 წლის აგვისტოში ეს რიცხვი 37314-ს შეადგენდა. თუმცა, ხაზგასასმელია, რომ ინფიცირების რიცხვების ზრდის ფონზე, ბრიტანეთის ჯანდაცვის სისტემა კოლაფსში არ მოქცეულა, რაც ცალსახად ვაქცინაციის პროცესის დამსახურებაა.

ასევე, გასათვალისწინებელია, რომ გასულ წელთან შედარებით 2021 წელს კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინების გამოჩენასთან და ვაქცინაციის პროცესის დაწყებამ ქვეყნებს შორის მოგზაურობაც დასაშვები გახადა. შესაბამისად, საზღვარგარეთ მოგზაურობის მსურველი ადამიანების ნაკადის გაზრდასთან ერთად, კორონავირუსზე ტესტირების რაოდენობაც გაიზარდა, რამაც უსიმპტომო პაციენტების იდენტიფიცირების შესაძლებლობა შექმნა. 2020 წელს კი ძირითადად, ინფიცირების დადებითი შემთხვევების გამოვლენა მხოლოდ მიზნობრივი ტესტირებით, სიმპტომების (ხველა, სიცხე, გემოსა და ყნოსვის დაკარგვა) მქონე პაციენტებში ხდებოდა. შესაბამისად, როგორც უსიმპტომო, ისე სიმპტომიანი ადამიანების ინფიცირების შემთხვევების დადგენამ, ჯამურად ინფიცირების რაოდენობის მაჩვენებელი გაზარდა.

მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანეთში ინფიცირების მაჩვენებლების ზრდა ნამდვილად შეინიშნება, ვაქცინაციამ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ცალსახად დადებითი ეფექტი იქონია, რასაც ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლებიც ადასტურებს. მაგალითად, ბრიტანეთში ბოლო სამი თვის განმავლობაში (ივლისი, აგვისტო, სექტემბერი) იმდენივე ინფიცირების შემთხვევა ფიქსირდებოდა, რამდენიც 2020 წლის ზამთარში. ამასთან, 2021 წელს ჯამურად 3 მილიონზე მეტი ინფიცირებიდან, 79 000 ადამიანს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა. ხოლო 2020 წლის ოქტომბერ-იანვრის შუალედში, ინფიცირების 2,7 მილიონი შემთხვევა ფიქსირდებოდა და ამათგან, 185 000-ზე მეტს ჰოსპიტალიზაცია ესაჭიროებოდა. შესაბამისად, თვალნათელია, რომ ვაქცინაციამ ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლის დაბლა დაწევაზე, ცალსახად დადებითი გავლენა იქონია.

2020 წლის ოქტომბერ-იანვრის და 2021 წლის ივლის-ოქტომბრის პერიოდი, როდესაც ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა დაახლოებით ერთნაირია, ბრიტანეთი. წყარო: bbc

2020 და 2021 წელს ჰოსპიტალიზაციის ყოველდღიური მაჩვენებელი წყარო:bbc

ზემოთ წარმოდგენილი გრაფიკები, აჩვენებს, რომ გაზრდილი ინფიცირების ფონზე, ვაქცინაციის პროცესმა ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლის შემცირება გამოიწვია. ამას ადასტურებს, ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის (PHE) ბოლო სამი კვირის მონაცემები, რომლის მიხედვით, არავაქცინირებულ ადამიანებს საავადმყოფოში მკურნალობა ვაქცინირებულებთან შედარებით სულ მცირე 3-ჯერ მეტ შემთხვევებში ესაჭიროებოდათ.

აღსანიშნავია, რომ დიდი ბრიტანეთის ჯანმრთელობის უსაფრთხოების სააგენტოს 24 სექტემბრის მონაცემებით (The UK Health Security Agency), ვაქცინაციის პროცესმა დაახლოებით 24 მილიონი ინფიცირების, 260 000 ჰოსპიტალიზაციისა და 127 500 გარდაცვალების შემთხვევის პრევენცია მოახდინა. ქვეყანაში ამჟამად ვაქცინის ბუსტერ დოზებით ვაქცინაციის პროცესია დაწყებული, რომელიც ცხრა პრიორიტეტულ ჯგუფში მყოფ 30 მილიონ ადამიანს მოიცავს.

ცნობისათვის, დღეისათვის ბრიტანეთში კორონავირუსის ახალი „დელტა პლუს“ ვარიანტი გამოჩნდა, რომელიც ექსპერტების შეშფოთებას იწვევს, რადგან ის შესაძლოა დელტა ვარიანტზე სწრაფად გავრცელებადი და საშიში იყოს.

ამრიგად, მიუხედავად იმისა, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო ნამდვილია და მასში მოცემული ინფორმაციაც რეალურია, „ბოლო ჟამის ქრისტიანები“ მას არასწორი კონტექსტით წარმოადგენს. კერძოდ, გვერდი ბრიტანეთში გაუარესებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას ვაქცინაციის პროცესს აბრალებს და არ მიმოიხილავს 2021 წლის სექტემბრამდე განვლილ ეტაპებს, არ საუბრობს დელტა ვარიანტის გამოჩენასა და შეზღუდვების ნაადრევ გაუქმებაზე, რასაც რეალურად ინფიცირების და სხვა მაჩვენებლების ზრდა მოჰყვა. ხოლო ვაქცინაციამ ამ პროცესში მხოლოდ დადებითი ეფექტი მოახდინა, რაც გაზრდილი ინფიცირების ფონზე დაბალი ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალების შემთხვევებზე აისახა.

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი