დავით ზალკალიანი: ჩვენ გვქონდა 9-წლიანი ციკლი, როდესაც არ იყო დაპირისპირება, არ იყო სამოქალაქო დაპირისპირება, ომი...

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, დავით ზალკალიანის განცხადება არის მანიპულირება.

რეზიუმე: „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში სამოქალაქო ომი არ გვქონია, თუმცა აღსანიშნავია ქვეყანაში არსებული უკიდურესად პოლარიზებული პოლიტიკური გარემო და არაერთი მასშტაბური კონფლიქტის შემთხვევა, რომლებიც კიდევ უფრო დიდ, სამოქალაქო დაპირისპირებაში გადასვლის აშკარა საფრთხეებს შეიცავდა.

საყურადღებოა, რომ ასეთი მასშტაბური დაპირისპირებების პრაქტიკულად ყველა შემთხვევაში ხელისუფლება ან ვერ უზრუნველყოფდა მის პრევენციას, ან/და ირიბად აქეზებდა და ხელს უწყობდა კონფლიქტს, ან/და ვერ ახერხებდა დაპირისპირებისას მოქალაქეების დაცვას და ზოგ შემთხვევაში, თვითონ საპოლიციო ძალების მხრიდან ხდებოდა ძალის გადამეტება.

რაც შეეხება საერთაშორისო სამხედრო კონფლიქტის არქონას, ბოლო 9 წლის განმავლობაში ომი არცერთ ქვეყანასთან არ გვქონია, თუმცა, არსებული პოლიტიკა, კერძოდ, რუსეთის „არგაღიზიანების“ პოლიტიკა, რომლითაც მმართველი გუნდი გარკვეულ სტაბილურობას ინარჩუნებს, ქვეყანას საკმაოდ „ძვირად“ უჯდება.

აქედან გამომდინარე, დავით ზალკალიანის განცხადება უნდა შეფასდეს, როგორც მანიპულირება.

ანალიზი

27 ოქტომბერს „ქართული“ ოცნების მიერ თბილისში გამართულ აქციაზე საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა „იმედის“ ჟურნალისტთან საუბრისას თქვა, რომ „ქართული ოცნების“ მთავარი მიღწევაა 9-წლიანი ციკლი ომისა და დაპირისპირების გარეშე: „პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ჩვენ გვქონდა 9-წლიანი ციკლი, როდესაც არ იყო დაპირისპირება, არ იყო სამოქალაქო დაპირისპირება, ომი... ეს არის ძალიან დიდი მიღწევა ჩვენი“, - აღნიშნა მან.

„ფაქტ-მეტრმა“ დავით ზალკალიანის განცხადება გადაამოწმა.

საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებიდან, პირველ რიგში, ის ნაწილი უნდა გამოვყოთ, სადაც ის ომის გარეშე გასულ 9 წელზე საუბრობს, მით უფრო, იმის გათვალისწინებით, რომ მმართველი პარტიის ლიდერებისგან მსგავსი განცხადებები აქამდეც მოგვისმენია.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის განმავლობაში საქართველოს სამხედრო კონფლიქტი, მართლაც, არ ჰქონია, თუმცა მნიშვნელოვანია, რის ფასად ინარჩუნებს ქვეყანა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში „უპრეცედენტო სტაბილურობას“.

მიუხედავად დეკლარირებულად არჩეული პროდასავლური საგარეო კურსისა და ამ მიმართულებით წინა ხელისუფლების მიერ დაწყებული არაერთი ინიციატივის წარმატებით დასრულებისა [1], „ქართულმა ოცნებამ“ ჯერ კიდევ ხელისუფლებაში მოსვლამდე გვამცნო რუსეთთან ურთიერთობის ბალანსირების შესახებ. „საქართველოს ფაქტორი აღარ უნდა არსებობდეს დასავლეთსა და რუსეთს შორის წინააღმდეგობრივ საკითხთა ნუსხაში. საქართველო მზად უნდა იყოს, საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებით დაიწყოს დიალოგი რუსეთთან, რომლის მიზანიც იქნება არსებული კრიზისის ეტაპობრივი დაძლევის სტრატეგიის შემუშავება“, - ვკითხულობთ ოცნების 2012 წლის პროგრამაში.

გარდა იმისა, რომ ერთდროულად ევროატლანტიკური ინტეგრაცია და რუსეთთან „არგაღიზიანების“ პოლიტიკის წარმოება არარეალისტურია, არაერთი საფუძვლით (იხ. ვრცლად ამ თემაზე), ასეთი პოლიტიკის წყალობით შენარჩუნებული გარკვეული სტაბილურობა ქვეყანას „ძვირიც“ უჯდება.

პირველ რიგში, აღსანიშნავია რუსეთის „არგაღიზიანების“ პოლიტიკით გამოწვეული საერთაშორისო ყურადღების მოდუნება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციასთან მიმართებით. მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო (საერთაშორისო პრესა, მსოფლიოს წამყვანი ლიდერები, საერთაშორისო ბიუროკრატია) საუბრობს უკრაინაში რუსეთის ქმედებების მიუღებლობაზე, მსოფლიო რიტორიკიდან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციის თემატიკა პრაქტიკულად გამქრალია.

ამასთან, რუსეთი კვლავ აგრძელებს აფხაზეთის და სამაჩაბლოს რეგიონებში რუსული ოკუპაციის განმტკიცებას, კერძოდ, ოკუპირებული ზონების საკუთარ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამხედრო სივრცეში ინტეგრაციას, რაზეც საქართველოს ხელისუფლებას სათანადო რეაგირება არ აქვს. ოკუპირებულ რეგიონებში კვლავ გრძელდება ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა (მკვლელობაში, გატაცებაში, წამებასა და არაჰუმანური მოპყრობა), ასევე, გრძელდება უკანონო ბორდერიზაცია.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მმართველი გუნდის მიერ არჩეული „ბალანსირებული“ პოლიტიკა ვერ ცვლის რუსეთის სტრატეგიულ ამოცანას, დააბრუნოს საქართველო თავისი გავლენის სფეროს ქვეშ.

ყოველივე ამის ფონზე, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან იმაზე მითითება, რომ ქვეყანას ომი არ ჰქონია, ერთგვარი მანიპულირება და მმართველი გუნდის მიერ რუსეთთან მიმართებით არჩეული არაგონივრული პოლიტიკის გადაფარვის მცდელობაა.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ დავით ზალკალიანი იყო ის პიროვნება, ვინც 2014 წელს „ქართული ოცნების“ მიერ არჩეული საგარეო კურსის მიმართ უკმაყოფილება გამოხატა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა (იმჟამინდელ საგარეო საქმეთა მინისტრთან, მაია ფანჯიკიძესთან და სხვა პირებთან ერთად). როგორც მან თანამდებობის დატოვებისას აღნიშნა, ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით კითხვები გაჩნდა და მას სხვაგვარად მოქცევის მორალური უფლება არ ჰქონდა.

მიუხედავად ასეთი განცხადებებით წასვლისა, 2016-2018 წლებში დავით ზალკალიანმა კვლავ დაიკავა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობა, ხოლო 2018 წლის ივნისში საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დაინიშნა.

რაც შეეხება ქვეყნის შიგნით მიმდინარე დაპირისპირებებს, „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში ასეთი არაერთი გვახსოვს.

დაპირისპირებებზე საუბრისას აღსანიშნავია ულტრამემარჯვენე, ჰომოფობიური ჯგუფების გააქტიურება ლგბტ+ თემის წინააღმდეგ, რომელიც არაერთხელ გადაზრდილა ძალადობრივ მოქმედებებში. ერთ-ერთი ბოლო ასეთი შემთხვევა მიმდინარე წლის 5 ივლისს მოხდა, როდესაც „პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში, თბილისში „ღირსების მარში“ უნდა გამართულიყო. ხელისუფლებამ, წინა წლების მსგავსად, გულგრილობა გამოიჩინა მიმდინარე წლის 5 ივლისს ჩასატარებელ „ღირსების მარშთან“ დაკავშირებითაც, რის შედეგადაც ძალადობრივმა ჯგუფებმა ამ დღეს პარლამენტის წინ გაშლილი კარვები დაშალეს, დაარბიეს მოძრაობა „სირცხვილიასა“ და სხვა სამოქალაქო ორგანიზაციების ოფისები, თავს დაესხნენ ან/და ფიზიკურად გაუსწორდნენ, სულ მცირე, 50 ჟურნალისტს.

ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში არაერთი დაპირისპირება მოხდა რელიგიური ნიშნითაც. „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ შეფასებით, არც ერთ შემთხვევაზე სახელმწიფოს სათანადო სამართლებრივი რეაგირება არ მოუხდენია, რაც მთლიანობაში დაუსჯელობის წახალისებას და ნორმალიზებას იწვევდა. უფრო მეტიც, ზოგიერთ შემთხვევაში, ადგილობრივი მუსლიმი თემების წინააღმდეგ ორგანიზებულ მასშტაბურ ძალადობრივ ღონისძიებებში, პოლიცია თავად უშუალოდ მონაწილეობდა.

ეთნიკური უმცირესობის მონაწილეობით ერთ-ერთი ბოლო მასშტაბური ფიზიკური დაპირისპირება მიმდინარე წლის 17 მაისს მოხდა. დმანისში, ერთ-ერთ მაღაზიაში დაწყებული შელაპარაკება ადგილობრივ ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის ფართო დაპირისპირებაში გადაიზარდა. ჩხუბისას გამოიყენეს ხელკეტები, ქვები, თოხი, ურო და სხვა საყოფაცხოვრებო საგნები, რომლებიც იქვე, მაღაზიიდან გამოიტანეს. პოლიცია დაპირისპირებაში არ ჩარეულა და მაშინ მივიდა შემთხვევის ადგილზე, როცა ყველაფერი უკვე „დამთავრებული” იყო.

შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის მტკიცებით, მაღაზიასთან მომხდარი ჩხუბის შემდეგ, დმანისში პოლიციელთა რაოდენობა 150-200 კაცამდე გაზარდეს, „თუმცა, სამწუხაროდ, არ იყო ეს ძალები საკმარისი“.

17 მაისის კონფლიქტთან დაკავშირებით, პოლიტიკოსები ხელისუფლებიდან ამტკიცებდნენ, რომ დმანისში კონფლიქტი „ყოფით ნიადაგზე” დაიწყო და „დაინტერესებული ძალები” ცდილობდნენ, ის ეთნიკური ნიშნით დაპირისპირებაში გადაეზარდათ, ოპოზიცია კი ხელისუფლებას არაეფექტიანი მართვისთვის აკრიტიკებდა.

გარდა ამისა, გვახსოვს მასშტაბური დაპირისპირებები მოქალაქეებსა და ხელისუფლების საპოლიციო ძალას შორის. ერთ-ერთი ასეთი დაპირისპირება მოხდა 2019 წლის 21 აპრილს პანკისში.

1 აპრილის დილას სახელმწიფომ პანკისის ხეობაში დიდი რაოდენობით პოლიციელები და სპეცრაზმი შეიყვანა, ჰესის, „ხადორი 3-ის“ მშენებლობის გასაახლებლად. პროტესტის მიზნით შეკრებილი მოსახლეობის წინააღმდეგ სპეცრაზმმა ცრემლმდენი გაზი, რეზინის ტყვიები, ხელკეტები გამოიყენა, ხოლო აქციის მონაწილეებმა პოლიციას ჯოხები და ქვები დაუშინეს. ოფიციალური მონაცემებით, სამედიცინო დახმარება დასჭირდა 55 ადამიანს, მათ შორის - 38 პოლიციელსა და 17 მოქალაქეს, ნოემბერში კი გვარებს შორის ჰესის გამო დაწყებულ დაპირისპირებას ხეობაში მკვლელობაც მოჰყვა.

ერთ-ერთი მასშტაბური იყო 20 ივნისის ანტისაოკუპაციო აქციის დაშლის შემთხვევა. 20-21 ივნისის ღამეს, რუსთაველის გამზირსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, ოფიციალური მონაცემებით, 240 ადამიანი დაშავდა. მათ შორის, 30-ზე მეტი ჟურნალისტი. ორმა ადამიანმა რეზინის ტყვიებისგან მიყენებული ტრავმის გამო თვალი დაკარგა. 80-მდე სამართალდამცველი კლინიკებში გადაიყვანეს.

პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა მხოლოდ 3 პოლიციელის მიმართ დაიწყო, ხოლო გამოძიების ფარგლებში, ბრალი აქციის 17 მონაწილეს წარედგინა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში არსებულ უკიდურესად პოლარიზებულ პოლიტიკურ გარემოზე საუბრობენ როგორც ქვეყნის დასავლელი პარტნიორები/პოლიტიკოსები, ასევე, ადგილობრივი ორგანიზაციები/ექსპერტები. თუმცა, სიტუაციის განმუხტვის მიმართულებით გადადგმულ ქმედით ნაბიჯებს ხელისუფლებისგან ვერ ვხედავთ.

მასშტაბური დაპირისპირებების პრაქტიკულად ყველა შემთხვევაში ხელისუფლება ან ვერ უზრუნველყოფს მის პრევენციას, ან/და ირიბად აქეზებს და ხელს უწყობს კონფლიქტს, ან/და ვერ ახერხებს დაპირისპირებისას მოქალაქეების დაცვას, ხოლო ზოგ შემთხვევაში, თვითონ საპოლიციო ძალების მხრიდან ხდება ძალის გადამეტება. ცალკე პრობლემაა დაპირისპირებების შემდეგ, ძალადობაში მონაწილე სავარაუდო დამნაშავეთა დაუსჯელობაც.

დასკვნა

„ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში სამოქალაქო ომი არ გვქონია, თუმცა იყო არაერთი მასშტაბური კონფლიქტის შემთხვევა, რომლებიც კიდევ უფრო დიდ, სამოქალაქო დაპირისპირებაში გადასვლის აშკარა საფრთხეებს შეიცავდა.

საყურადღებოა, რომ ასეთი მასშტაბური დაპირისპირებების პრაქტიკულად ყველა შემთხვევაში ხელისუფლება ან ვერ უზრუნველყოფდა მის პრევენციას, ან/და ირიბად აქეზებდა და ხელს უწყობდა კონფლიქტს, ან/და ვერ ახერხებდა დაპირისპირებისას მოქალაქეების დაცვას და ზოგ შემთხვევაში, თვითონ საპოლიციო ძალების მხრიდან ხდებოდა ძალის გადამეტება.

რაც შეეხება საერთაშორისო სამხედრო კონფლიქტის არქონას, ბოლო 9 წლის განმავლობაში ომი არცერთ ქვეყანასთან არ გვქონია, თუმცა, არსებული პოლიტიკა, რომლითაც მმართველი გუნდი გარკვეულ სტაბილურობას ინარჩუნებს, ქვეყანას საკმაოდ „ძვირად“ უჯდება.

[1] მათ შორის, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერას, ვიზალიბერალიზაციის პროცესის დასრულებას და ა.შ.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი