მარნეულის ცენტრალური სტადიონი, წარუმატებელი ტენდერი და შეუსრულებელი დაპირება

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, მარნეულის ცენტრალური სტადიონის მშენებლობის დაპირება არ შესრულდა.

რეზიუმე

2020 წლის 25 სექტემბერს, სსიპ „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდსა“ და შპს „Construction Service“-ს შორის, ქალაქ მარნეულში, რუსთაველის ქუჩა N52-ში არსებული ამორტიზებული სტადიონის დემონტაჟისა და მის ადგილზე 1 500 მაყურებელზე გათვლილი საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის ხელშეკრულება გაფორმდა. შპს „Construction Service“–მა სახელშეკრულებო ვალდებულება ვერ შეასრულა და ცხრა თვის შემდეგ, კერძოდ, 2021 წლის 22 ივნისს, მხარეებს შორის ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების მოქმედება შეწყდა. ამ დროს შემსყიდველს, ავანსის სახით, მიმწოდებლისთვის 616 892 ლარი ჰქონდა გადახდილი, რომელიც კომპანიამ დააბრუნა. როგორც დოკუმენტებით ირკვევა, „Construction Service“-მა პროექტში ხარვეზები აღმოაჩინა და მათი გამოსწორება მოითხოვა. მუნიციპალიტეტმა პროექტის ავტორს მიმართა, ამ უკანასკნელმა კი ხარვეზების გასწორებაზე უარი განაცხადა.

ანალიზი

რამდენიმე თვის წინ „ფაქტ-მეტრმა“ მოამზადა სტატია, რომელშიც 2016 წელს მარნეულის თვითმმართველობის, ხოლო 2019 წელს მერობის კანდიდატის რანგში, ზაურ დარგალის მიერ გაცემულ დაპირებების შესახებ იყო საუბარი. კერძოდ, 2016 წელს, საპარლამენტო არჩევნებამდე სამი დღით ადრე, მუნიციპალიტეტის თვითმმართველობამ მარნეულის ცენტრალური სტადიონის, „ალგეთი არენას“ პროექტის პრეზენტაცია გამართა. 2019 წელს კი სტადიონის მშენებლობის თემა საკუთარ დაპირებებში მარნეულის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატმა ზაურ დარგალმაც შეიტანა.

2020 წლის 9 ივლისს, საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ელექტრონული ტენდერი (NAT200008300) გამოაცხადა. ქალაქ მარნეულში, რუსთაველის ქუჩა N52-ში არსებული ამორტიზებული სტადიონის დემონტაჟისა და მის ადგილზე 1 500 მაყურებელზე გათვლილი საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის სავარაუდო ღირებულება 6 911 722 ლარი იყო. ტენდერში შპს „Construction Service“-მა გაიმარჯვა. 25 სექტემბერს დადებული ხელშეკრულების ღირებულებამ, საბოლოოდ, 6 168 906 ლარი შეადგინა. კომპანიას სამუშაოები თორმეტი თვის განმავლობაში უნდა განეხორციელებინა. მიუხედავად ამისა, შპს „Construction Service“-მა 2020 წლის 25 სექტემბერში დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოვალეობა ვერ შეასრულა. ხელშეკრულებაზე ხელმოწერიდან ცხრა თვის შემდეგ, კერძოდ, 2021 წლის 22 ივნისს, მხარეებს შორის ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, კონტრაქტი შეწყდა.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გვერდზე ატვირთული დოკუმენტებით ირკვევა, რომ „Construction Service“-მა საპროექტო დოკუმენტაციაში არაერთი ხარვეზი აღმოაჩინა და შემსყიდველს, მათი გამოსწორების მიზნით, არაერთხელ მიმართა. თავის მხრივ, მუნიციპალური განვითარების ფონდმა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიას დაუყოვნებელი რეაგირება მოსთხოვა. თუმცა საპროექტო კომპანია „საუკმა“ მერიას უპასუხა, რომ ხარვეზების გასწორებას არ აპირებს და ახალი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო სამუშაოების დაკვეთა ურჩია. წერილით ირკვევა, რომ მუნიციპალიტეტს ამის რესურსი არ ჰქონდა. ამიტომ მან მუნიციპალური განვითარების ფონდს სთხოვა, რომ შესყიდვა სახელმწიფო ტენდერის საშუალებით განეხორციელებინა. ტექნიკურმა საბჭომ იმსჯელა და გადაწყვიტა, რომ არსებული პროექტის საფუძველზე, სამშენებლო სამუშაოები აღარ განხორციელებულიყო.

ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ, შპს „Construction Service“-მა სსიპ „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს“ წინასწარი ანგარიშსწორების (ავანსი) შედეგად მიღებული 616 892 ლარი დაუბრუნა.

უნდა აღინიშნოს, რომ შპს „Construction Service“-ის დირექტორი და 55%-იანი წილის მფლობელი გიორგი გაბუნიაა, რომელმაც 2016 წელს 59 000 ლარი „ქართულ ოცნებას“ შესწირა. ამ კომპანიის 40%-ს შპს „ქისთოუნ ქონსთრაქშენი“ ფლობს, რომლის ამონაწერის თანახმად, კომპანიის 12,5%-იანი წილის მფლობელი გიორგი პერტაიაა. ის ჯერ კიდევ 2018 წელს სს „ბანკი ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი იყო. გარდა ამისა, მმართველი პოლიტიკური ძალის სასარგებლოდ, 2020 წელს, არჩევნების წინ, 60 000 ლარი აქვს გადარიცხული შპს „ქისთოუნ ქონსთრაქშენის“ 12,5% წილის მფლობელ გივი კუბლაშვილს.

ზემოხსენებული ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ, 2021 წლის 29 ივლისს, სსიპ „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა“, ქალაქ მარნეულში საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის მიზნით, ახალი ტენდერი (NAT210014150) გამოაცხადა. გამარჯვებულმა კომპანია „Design-Build“-მა, საფეხბურთო სტადიონის მშენებლობისათვის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია უნდა მოამზადოს და მის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოები დაიწყოს. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 8 440 000 ლარს შეადგენს, რაც, პირველი ტენდერთან შედარებით, 2 271 094 ლარით მეტია. მიუხედავად ამისა, გამოცხადებული ტენდერი არ შედგა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მარნეულის ცენტრალური სტადიონის მშენებლობა არ მიმდინარეობს, რაც ნიშნავს, რომ 2016 წელს მარნეულის თვითმმართველობის დაპირება, ისევე, როგორც 2019 წელს ზაურ დარგალის მიერ ამომრჩევლებისთვის მიცემული პირობა, არ შესრულდა.


მსგავსი სიახლეები

5361 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი