Facebook-მომხმარებელმა Levan Chkhikvadze-მ სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც გაურკვეველ კვლევაზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ Pfizer-ის ვაქცინებიდან 5% იყო მომაკვდინებელი, ხოლო დანარჩენი 95% მომაკვდინებელ შხამს არ შეიცავდა. იგი ასევე საუბრობს clinicaltrial.gov-ზე გამოქვეყნებულ კვლევაზე, რომლის თანახმადაც, Pfizer-ის ვაქცინების გამოცდა ჯერ კიდევ მიმდინარეობს და მხოლოდ 2023 წლის 2 მაისს დასრულდება. ვიდეოში გაჟღერებულ მტკიცებებს სამეცნიერო საფუძველი არ გააჩნია და სიმართლეს არ შეესაბამება.

Facebook-მომხმარებელი Levan Chkhikvadze Facebook-ჯგუფის - „ANTIFA-GE / საქართველოს, ანტიფაშისტური მოძრაობა-არა კოვიდფაშიზმს“ - ადმინისტრატორია. ჯგუფი 2021 წლის 25 ოქტომბერს შეიქმნა და ანტივაქსერული შინაარსის პოსტების და მოწოდებების გავრცელებას ემსახურება. ჯგუფში ბექა ვარდოსანიძის ვიდეოპოსტები აქტიურად ზიარდება.

Levan Chkhikvadze-ის მიერ ვიდეომიმართვაში გაჟღერებული კვლევა Pfizer-ის ვაქცინების 5%-ის შესახებ, ღია წყაროებში არ იძებნება. არცერთ ავტორიტეტულ კვლევით ორგანიზაციას არ გამოუქვეყნებია კვლევა, რომლითაც დასტურდება, რომ Pfizer-ის ვაქცინების 5% მომაკვდინებელია.

გარდა ამისა, ლევან ჩხიკვაძე ვიდეოში საუბრობს კვლევაზე, რომელიც clinicaltrial.gov-ზეა გამოქვეყნებული. ლევან ჩხიკვაძის თანახმად, კვლევაში წერია, რომ Pfizer-ის ვაქცინის კლინიკური კვლევების მესამე ფაზის ბოლო თარიღი არის 2023 წლის 2 მაისი. მისი მტკიცებით, ცოცხალ ადამიანებზე კლინიკური კვლევები ახლაც მიმდინარეობს.

clinicaltrial.gov-ზე აღნიშნული კვლევა პირველად 2020 წლის 30 აპრილს გამოქვეყნდა და 2021 წლის 27 ოქტომბერს განახლდა. კვლევის აღწერაში მითითებულია, რომ აღნიშნული კვლევა ი-რნმ ვაქცინების 1/2/3 ფაზის, კანდიდატი ვაქცინის შერჩევის და ჯანმრთელ ადამიანებში მის ეფექტურობაზე დაკვირვებას ემსახურება. აღნიშნული კვლევის საფუძველზე იმის მტკიცება, რომ ვაქცინებს კლინიკური კვლევების სამი ფაზა არ დაუსრულებიათ და ახლაც მიმდინარეობს, არასწორია.

ვაქცინა თავდაპირველად შემოწმების და შეფასების (პრეკლინიკურ) ფაზას გადის. პრეკლინიკური ფაზა არის ექსპერიმენტული. ვაქცინას თავდაპირველად ცხოველებზე ცდიან. თუ ვაქცინა იმუნურ რეაქციას აღძრავს, ამის შემდეგ კლინიკური შემოწმება ხდება, რომელიც სამი ფაზისგან შედგება. პირველ ფაზაში ვაქცინის გამოცდა მცირე ჯგუფში შემავალ მოხალისეებზე ხდება. მეორე ფაზაში - ვაქცინის უსაფრთხოების და იმუნური რეაქციის აღძვრის უნარის შემდგომი შეფასების მიზნით, სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში, რამდენიმე ასეულ მოხალისეს უტარდება აცრა. ამავე ეტაპზე, როგორც წესი, შესადარებლად გამოცდაში ერთვება ჯგუფი, რომელსაც ვაქცინა არ მიუღია. ამის შედეგად დგინდება, აცრილთა ჯგუფის წევრებში დაფიქსირებული ცვლილებები, ვაქცინითაა გამოწვეული, თუ შემთხვევითობის შედეგს წარმოადგენს. მესამე ფაზაში ათასობით მოხალისე ერთვება და შედარება ანალოგიურ ჯგუფში შემავალ მოხალისეებთან ხდება, რომელთაც ვაქცინა არ მიუღიათ, თუმცა შესადარებელი პროდუქტი (პლაცებო) მიიღეს. აღნიშნულის საფუძველზე განისაზღვრება ვაქცინის ეფექტურობა შესაბამისი დაავადებისგან თავდაცვის მიზნით და ვაქცინის უსაფრთხოების შესწავლა ადამიანთა გაცილებით ფართო ჯგუფზე ხდება. გამოცდების მესამე ფაზა სხვადასხვა ქვეყანაში და ქვეყნის შიგნით სხვადასხვა ადგილას ტარდება, იმის დასადასტურებლად, რომ ვაქცინის ეფექტურობასთან დაკავშირებული მიგნებების გამოყენება მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფთან არის შესაძლებელი.

Pfizer-ის ვაქცინამ ზემოთ ჩამოთვლილი კვლევის ყველა საფეხური წარმატებით გაიარა. მეტიც, Pfizer არის პირველი კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინა, რომელსაც 2021 წლის 23 აგვისტოს აშშ-ს საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის სრული (FDA) ავტორიზაცია მიენიჭა. შესაბამისად, ვაქცინა ოფიციალურად 16 წლის და 16 წელს ზემოთ მოქალაქეებში გამოიყენება. 12-15 ასაკის პირებში ვაქცინის მოხმარება გადაუდებელი გამოყენების ნებართვის საფუძველზეა შესაძლებელი.

აღსანიშნავია, რომ ავტორიზაციის მინიჭებისა და ვაქცინაციის პროგრამის დაწყების შემდეგ გრძელდება მონიტორინგი, ეროვნული ჯანდაცვის ორგანოები და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ვაქცინის ნებისმიერ გვერდით ეფექტზე დაკვირვებას მუდმივ რეჟიმში აწარმოებენ.

----------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი