12 ნოემბერს ტელეკომპანია „ფორმულამ“ და ტელეკომპანია მთავარმა „ობიექტივის“ ეთერში გასული გადაცემიდან - „რელიგიური საკითხები“ - შალვა კეკელიას ინტერვიუს ვიდეომონაკვეთი გაავრცელეს. „ფორმულას Facebook პოსტს თან ერთვის სათაური - „რამდენიმე კვირის წინ მონასტერში ვიყავი და წამოვიდა ფიქრები, ღმერთო რატომ არ კვდება ეს ადამიანი. მეთქი-მოკვდეს, ყველა დავისვენებთ," - ამბობს მაცხოვრის ფერიცვალების ტაძრის წინამძღვარი, მამა შალვა კეკელია „ობიექტივის" ეთერში“. „მთავარმა“ კი შემდეგი წარწერა დაურთო ამოჭრილ ვიდეოს: „"ფიქრები მქონდა: ღმერთო, რატო არ კვდება ეს ადამიანი, ყველა დავისვენებდით" | "მამა" შალვა კეკელია“. ტელეკომპანიების მიერ დეკანოზ შალვა კეკელიას სიტყვები სრული კონტექსტიდან ამოგლეჯილად გაშუქდა, რამაც დეკანოზის სიტყვების შინაარსის დამახინჯება გამოიწვია და მოქალაქეებმა ისე აღიქვეს, თითქოს შალვა კეკელია კონკრეტული პიროვნების სიკვდილს ნატრობს.

დეკანოზის სიტყვები ასევე არასრული კონტექსტით ონლაინ საინფორმაციო სააგენტო „დაიჯესტმა“ გააშუქა, თუმცა მოგვიანებით „დაიჯესტმა“ დეკანოზ შალვა კეკელიას მიმართვა გამოაქვეყნა, სადაც იგი „მთავარ არხს“ მისი ნათქვამის დამახინჯებაში ადანაშაულებს და ნათქვამის მნიშვნელობას განმარტავს.

აღსანიშნავია, რომ მოქალაქეთა გარკვეულმა ნაწილმა კონტექსტის გარეშე გაშუქებული ვიდეო აღიქვა ისე, თითქოს შალვა კეკელია კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილის სიკვდილზე საუბრობს (იხ. ფოტოები). სინამდვილეში კი, ინტერვიუ 26 სექტემბერს გავიდა ეთერში, მაშინ როდესაც მიხეილ სააკაშვილის არც საპატიმროში იყო და არც შიმშილობდა.

2021 წლის 26 სექტემბერს ტელეკომპანია „ობიექტივის“ გადაცემაში -„რელიგიური საკითხები“ სტუმრად თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების ტაძრის წინამძღვარი, მამა - შალვა კეკელია იყო მიწვეული. წამყვანმა გიორგი დარასელიამ მამა შალვა კეკელიას დაუსვა კითხვა, თუ როგორ უნდა იცხოვროს ადამიანმა და დაინახოს კარგი „ცუდ“ ადამიანში. სწორედ აღნიშნულ კითხვაზე შალვა კეკელიამ შემდეგი პასუხი (11:43) გასცა:

„რამდენიმე კვირის წინ მონასტერში ვიყავი წასული, ვლოცულობდი, ვფიქრობდი და ერთ-ერთ ადამიანზე წამომივიდა ძალიან ცუდი ფიქრები, მეთქი-ღმერთო რატომ არ კვდება ეს ადამიანი. მეთქი-მოკვდეს და ყველა დავისვენებთ. წარმოიდგინეთ მღვდელს წამოუვიდა ასეთი საშინელი ფიქრები, ადამიანის სიკვდილზე დავიწყე ფიქრი, რომ ადამიანი მომკვდარიყო. უცებ, ჩემივე ხმა მეუბნება - ახლა ეს ადამიანი რომ მოკვდეს (ამდენი ადამიანი დააბრკოლა, ამდენი პრობლემა შექმნა ეკლესიაში), სად მოხვდება? - ამ მდგომარეობით ჯოჯოხეთში...შემდეგ ისევ მესმის ხმა: ვის უნდა რომ ჯოჯოხეთში მოხვდეს ადამიანი? ღმერთს თუ ეშმაკს? - ეშმაკს. ე.ი. შენ როდესაც მისი სიკვდილი ისურვე, ვის ემსახურები?! და მივხვდი, რომ ეშმაკს რაც უნდოდა, იგივე მინდოდა მეც. წარმოიდგინეთ, მერე რომ გავაცნობიერე, სამღვდელო პირს ადამიანის სულის წარწყმედა მინდოდა. საკუთარ თავთან ამ დიალოგის შემდეგ ძალიან შეიცვალა ჩემი დამოკიდებულება, ჩემი ფიქრები და აზროვნება შეიცვალა ნებისმიერ ადამიანთან. ყველა ადამიანი ღმერთის გაჩენილია, ადამიანი მერე თვითონ ირჩევს საკუთარ გზას“.

დეკანოზ შალვა კეკელიას 26 სექტემბრის ინტერვიუს 12 ნოემბერს სრული კონტექსტის გარეშე გაშუქებით იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს დეკანოზი კონკრეტული პირის სიკვდილის აუცილებლობაზე საუბრობს. რეალურად, ინტერვიუს სრულ ვერსიაში ჩანს, რომ მოჭრილ მონაკვეთში მოყოლილ ამბავს, რომელსაც სასულიერო პირი თავად უწოდებს „საშინელ ფიქრებს“, დეკანოზი იყენებს იმის საილუსტრაციოდ, რომ ამგვარი ფიქრებით ადამიანი ეშმაკს ემსახურება.

აღნიშნულთან დაკავშირებით დეკანოზმა შალვა კეკელიამ 12 ნოემბერს Facebook-გვერდზე „თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძარი“ ვიდეომიმართვაც გამოაქვეყნა, სადაც კეკელიამ „მთავარი“ არხი მისი ნათქვამის დამახინჯებაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ გადაცემა 26 სექტემბერს იყო ჩაწერილი და არაფერ შუაში არ იყო ყოფილ პრეზიდენტთან, რომელიც ამ გადაცემის გასვლის შემდეგ (1 ოქტომბერს) დააკავეს.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი