გიორგი ტატუაშვილი: დმანისი ერთ-ერთი მოწინავე მუნიციპალიტეტი გახდება და სამეულში შევა

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, გიორგი ტატუაშვილის დაპირება არ შესრულდა.

რეზიუმე: 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“ კანდიდატი გიორგი ტატუაშვილი იყო. წინასაარჩევნო კამპანიის დროს, ის მოსახლეობას დაჰპირდა, რომ 2021 წელს დმანისის მუნიციპალიტეტი, საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებს შორის, ერთ-ერთი მოწინავე გახდებოდა და სამეულში შევიდოდა. საუბარია პლატფორმა „ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის“ მიერ შემუშავებულ კრიტერიუმებზე, რომლებითაც ადგილობრივი თვითმმართველობების გამჭვირვალობის, მოქალაქეთა მიმართ ანგარიშვალდებულებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოსახლეობის მონაწილეობის ხარისხი ფასდება.

„ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის“ შეფასების მიხედვით, 2017 წელს, დმანისის მუნიციპალიტეტი 23%-იანი შეფასებით, 28-ე ადგილს იკავებდა. ორი წლის შემდეგ, კერძოდ, 2019 წელს, 62 მუნიციპალიტეტს შორის, 30%-იანი შეფასებით 24-ე ადგილზე იყო. 2021 წელს, კი 27%-იანი შეფასებით, 33-ე ადგილზე გადაინაცვლა. შესაბამისად, გიორგი ტატუაშვილის მიერ წინასაარჩევნოდ გაცემული დაპირება არ შესრულდა.


ანალიზი

2017 წელს დმანისის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატის, გიორგი ტატუაშვილის ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო, რომ 2021 წლისათვის დმანისი რადიკალურად შეიცვლებოდა და მთელ საქართველოში, 62 მუნიციპალიტეტიდან, ერთ-ერთი მოწინავე გახდებოდა, კერძოდ, ქვეყნის მუნიციპალიტეტებს შორის მოწინავე სამეულში შევიდოდა. იგულისხმება მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის გამჭვირვალობის, მოქალაქეთა მიმართ ანგარიშვალდებულებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოსახლეობის მონაწილეობის ხარისხი, რომლის მიხედვითაც თვითმმართველობებს პლატფორმა „ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსი“ სწავლობს და აფასებს.

ზემოხსენებული დაპირება გიორგი ტატუნაშვილმა, წინასაარჩევნო კამპანიის დროს, თავის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გამოაქვეყნა.

გიორგი ტატუაშვილი: „ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ 2021 წლისათვის დმანისი რადიკალურად შეიცვლება და მთელ საქართველოში, 62 მუნიციპალიტეტიდან, ერთ-ერთი მოწინავე გახდება. მე დარწმუნებული ვარ, რომ დმანისი სამეულში შევა.“ 2017 წელი. სურათი აღებულია გიორგი ტატუაშვილის ფეისბუქგვერდიდან.

პლატფორმა „ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსი“ შეიქმნა პროექტ „ღია და ანგარიშვალდებული თვითმმართველობებისთვის - მუნიციპალიტეტებში გამჭვირვალობისა და მოქალაქეთა ჩართულობის ეროვნული შეფასების“ ფარგლებში. ის ორ წელიწადში ერთხელ სწავლობს და აფასებს საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის გამჭვირვალობის, მოქალაქეთა მიმართ ანგარიშვალდებულებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოსახლეობის მონაწილეობის ხარისხს.

„ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსმა“ ადგილობრივი თვითმმართველობები 2017, 2019 და 2021 წლებში შეაფასა. შეფასება ხდება სამი დიდი კატეგორიის მიხედვით: საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება, ელექტრონული მმართველობა, მოქალაქეთა მონაწილეობა და ანგარიშვალდებულება.

შეფასების მიხედვით, 2017 წელს დმანისის მუნიციპალიტეტმა ჯამურად 23% მიიღო და 62 მუნიციპალიტეტს შორის, 28-ე ადგილი დაიკავა. ორი წლის შემდეგ, კერძოდ, 2019 წელს, 30%-ით 24-ე ადგილზე იყო. 2021 წელს კი, 27%-იანი მაჩვენებლით, 33-ე ადგილზე გადაინაცვლა.

საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება

2017 წელს, საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების მიმართულებით, დმანისის მუნიციპალიტეტი 17%-ით შეფასდა, ხოლო 2019 წელს შეფასებამ 24% შეადგინა. 2021 წელს საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების პროცენტული მაჩვენებელი, 2017 წელთან შედარებით, 11%-ით გაუმჯობესდა და 28% გახდა.


ელექტრონული მმართველობა

2017 წელს, ელექტრონული მმართველობის მიმართულებით, დმანისის მუნიციპალიტეტი 36%-ით იყო შეფასებული. 2019 წელს, ამავე კატეგორიაში, 40% დაიმსახურა. 2021 წელს კი, აღნიშნულმა პლატფორმამ, დმანისის მუნიციპალიტეტის ელექტრონული მმართველობა 28%-ით შეაფასა. ეს ნიშნავს, რომ მიმდინარე წელს, 2017 წელთან შედარებით, დმანისის თვითმმართველობის ელექტრონული მმართველობა 8%-ით გაუარესდა.


მოქალაქეთა მონაწილეობა და ანგარიშვალდებულება

2017 წელს დმანისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობას, მოქალაქეთა მონაწილეობისა და ანგარიშვალდებულების მიმართულებით, 27% მიენიჭა. 2019 წელს გაუმჯობესდა და 34%-მდე გაიზარდა. 2021 წელს კი, 2017 წელთან შედარებით, 9%-ით შემცირდა და 18% შეადგინა, რაც ნიშნავს, რომ წელს მაჩვენებელი გაუარესდა.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, „ფაქტ–მეტრის“ დასკვნით, გიორგი ტატუაშვილის მიერ 2017 წელს მოსახლეობისთვის მიცემული პირობა, რომ დმანისი მოწინავე მუნიციპალიტეტების სამეულში შევიდოდა, არ შესრულდა.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი