გია ვოლსკი: თუკი ავიღებთ საერთაშორისო რეიტინგებს საქართველოს სასამართლო რეგიონში პირველ ადგილზეა, მსოფლიოში კი მოწინავე პოზიციები უკავია

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, გია ვოლსკი განცხადება არის მანიპულირება.

რეზიუმე: საერთაშორისო რეიტინგები და ანგარიშები პირდაპირ მიუთითებენ, რომ კანონის უზენაესობა და სასამართლოს დამოუკიდებლობა საქართველოს ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. ამ კუთხით, ბოლო პერიოდის საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს პოზიციები გაუარესებულია.

ანალიზი:

2021 წლის 31 ოქტომბერს მოსამართლეთა 30-ე კონფერენცია გაიმართა, სადაც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი ახალი წევრი აირჩიეს. უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევას ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის წარმომადგენლობები საქართველოში კრიტიკულად გამოეხმაურნენ.

აშშ-ის საელჩოს მიერ 2 ნოემბერს გავრცელებული განცხადების მიხედვით, „უმაღლესი საბჭოს წევრების ვადამდელი გადადგომის შესახებ ინფორმაცია წინასწარ არ იყო ცნობილი. ახალი წევრების არჩევის პროცესი არ ყოფილა არც კონკურენტული და არც გამჭვირვალე. თითოეულ ვაკანტურ ადგილზე წარდგენილი იყო მხოლოდ ერთი კანდიდატი. ვადამდელი გადადგომის შედეგად წარმოშობილი ვაკანტური პოზიციების შევსების თაობაზე განცხადება გაკეთდა მცირე ხნით ადრე. არ ყოფილა კონსულტაციების ან მონაწილეობის შესაძლებლობა ფართო სპექტრის კვალიფიციური კანდიდატებისთვის და არც სამოქალაქო საზოგადოებისა და შესაბამისი დაინტერესებული მხარეების მნიშვნელოვანი ჩართულობის შესაძლებლობა“.

ასევე განცხადებაში აღნიშნულია, რომ „სასამართლო სისტემამ ხელიდან გაუშვა შესაძლებლობა წარმოეჩინა გამჭვირვალობა და კვლავ ვერ შეძლო თავისი წევრების არჩევა კონკურენტული და დემოკრატიული საარჩევნო პროცესის მეშვეობით. შეერთებული შტატები დიდი ხანია ესწრაფვის კვალიფიციური და საქმისადმი ერთგული მოსამართლეთა კორპუსის ჩამოყალიბებას და, ამავდროულად, მოუწოდებს რეფორმების განხორციელებისკენ, რომელიც იმ მოსამართლეთა ანგარიშვალდებულების შესაძლებლობას გააჩენს, რომლებიც ძირს უთხრიან სასამართლო სისტემის ლეგიტიმურობას. [რეფორმებს] შორისაა საკანონმდებლო ცვლილებები კორპორატივიზმის თავიდან აცილებისა და დემოკრატიის, თანასწორობისა და კანონის უზენაესობის პრინციპების უზრუნველყოფისთვის“.

მსგავსი შინაარსის განცხადება საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამაც გაავრცელა. 2 ნოემბრის განცხადებაში აღნიშნულია, რომ „დანიშვნები იყო ნაჩქარევი, გაუმჭვირვალე და არაკონკურენტული. შესაბამისად, ისინი ეწინააღმდეგება საქართველოს ვალდებულებებს, რომლებიც მიზნად ისახავს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის, ანგარიშვალდებულების, ხარისხისა და ამ სისტემისადმი ნდობის გაზრდას, ევროკავშირი - საქართველოს ასოცირების შეთანხმების შესაბამისად. საქართველოში სასამართლო სისტემისა და კანონის უზენაესობის სფეროში ეს რიგით მეხუთე უკან გადადგმული ნაბიჯია ბოლო ოთხი თვის განმავლობაში. ევროკავშირი კვლავ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეასრულოს რეფორმებთან დაკავშირებული ვალდებულებები, მათ შორის მართლმსაჯულების სფეროში საქართველოს მოქალაქეების ინტერესების შესაბამისად და ევროკავშირი – საქართველოს სამომავლო ურთიერთობებისთვის“. ამასთან, განცხადებაში კიდევ ერთხელ აღინიშნა, ევროკავშირის დახმარება კვლავ დამოკიდებული იქნება ძირითადი რეფორმების განხორციელებისას მიღწეულ წინსვლაზე.

3 ნოემბერს საქართველოს დასავლელი პარტნიორების კრიტიკის საპასუხოდ, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ საქართველოს სასამართლო სისტემა რეგიონში პირველ ადგილზეა და მსოფლიოში მოწინავე პოზიციებს იკავებს. მისივე თქმით, „მნიშვნელობა არ აქვს, ვისი განცხადება იქნება გაკეთებული მედიის თუ ევროკავშირის. ფაქტია, რომ არის დამოუკიდებელი სტრუქტურა, თავის დამოუკიდებლობის ხარისხით მსოფლიო რეიტინგებში არის მოწინავე ადგილებზე და მას ჰქვია საქართველოს სასამართლო. როგორც მელია ამბობს, რომ ეს სასამართლო ხელისუფლებას იყო დაქვემდებარებული მისი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში და ეს მავნე პრაქტიკა გრძელდება, ამაზე შეიძლება ვიდავოთ, გრძელდება თუ არა. თუკი ავიღებთ საერთაშორისო რეიტინგებს, არათუ პრაქტიკა გრძელდება, საქართველოს სასამართლო რეგიონში პირველ ადგილზეა, მსოფლიოში კი მოწინავე პოზიციები უკავია. ამ რეიტინგებს ატარებს მიუკერძოებელი ამერიკული ორგანიზაცია და ამ რეიტინგებს ალბათ, უნდა გადავხედოთ“.

„ფაქტ-მეტრმა“ გია ვოლსკის განცხადება გადაამოწმა და ქვემოთ გთავაზობთ, მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით არსებულ საერთაშორისო რეიტინგებისა და ანგარიშების მოკლე მიმოხილვას.

კანონის უზენაესობის ინდექსი ( Rule of Law index - WJP)

„კანონის უზენაესობის ინდექსი“ საერთაშორისო ორგანიზაციის, „მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტი“ ყოველწლიურ რეიტინგს წარმოადგენს. აღნიშნული ქვეყნებს რვა ძირითადი ინდიკატორის მიხედვით აფასებს. ესენია: ხელისუფლების ძალაუფლების შეზღუდვა, კორუფციის არარსებობა, მთავრობის ღიაობა, ძირითადი უფლებები, წესრიგი და უსაფრთხოება, რეგულაციების შესრულება, სამოქალაქო სამართალი და სისხლის სამართალი. რეიტინგი ქვეყნებს სკალაზე 0-დან 1-მდე აფასებს, სადაც 1 საუკეთესო მაჩვენებელია. „კანონის უზენაესობის ინდექსის“ მიხედვით, საქართველომ 2020 წელს 0.6 ქულა დაიმსახურა და მსოფლიო რეიტინგში 42-ე ადგილი დაიკავა. წინა წელთან შედარებით საქართველოს შეფასება 0.01- ით ქულით, ხოლო პოზიცია 1 ადგილით გაუარესდა. 2020 წლის შეფასებით, საქართველო ევროკავშირის, მხოლოდ 2 ქვეყანას, ბულგარეთსა და უნგრეთს უსწრებს. შეფასების გაუარესება, კორუფციის, მთავრობის ღიაობის, ხელისუფლების ძალაუფლების შეზღუდვისა და ძირითადი უფლებების კრიტერიუმებში დაბალმა შეფასებებმა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ საქართველოს 2020 წლის შეფასება 2014 წლის ნიშნულზე დაბრუნდა, ხოლო პოზიციურად ბოლო 6 წელიწადში, საქართველო 11 საფეხურით დაქვეითდა. „კანონის უზენაესობის ინდექსის“ მიხედვით, საქართველოს, საუკეთესო მაჩვენებელი 2015 წელს ჰქონდა, თუმცა მას შემდეგ, საქართველოს პოზიცია მუდმივად უარესდება. 2020 წლის ანგარიშის მიხედვით, წინ წელთან შედარებით, საქართველოს შეფასებები ხელისუფლების ძალაუფლების შეზღუდვის, კორუფციის არარსებობის, მთავრობის ღიაობის, ძირითადი უფლებების დაცვისა და სამოქალაქო მართლმსაჯულების კუთხით არის გაუარესებული.

ცხრილი 1: საქართველოს შეფასება „კანონის უზენაესობის ინდექსის“ მიხედვით 2014-2020 წლებში

წყარო: მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტი.

ასევე, საქართველოს შეფასება გაუარესებულია სამოქალაქო და სისხლის მართლმსაჯულების კუთხითაც. სამოქალაქო მართლმსაჯულების ინდიკატორის მიხედვით, 2020 წელს საქართველომ 0.53 ქულა მიიღო და მსოფლიოში 67-ე ადგილი დაიკავა. ამ მაჩვენებლით საქართველო ევროკავშირის მხოლოდ 1 ქვეყანას, უნგრეთს უსწრებს. სამოქალაქო მართლმსაჯულების კუთხით, საქართველომ საუკეთესო შეფასება, 0.63 ქულა 2015 წელს მიიღო და მსოფლიოში 26-ე ადგილი დაიკავა.

ცხრილი 2: საქართველოს შეფასება „კანონის უზენაესობის ინდექსის“ სამოქალაქო მართლმსაჯულების ინდიკატორის მიხედვით 2015-2020 წლებში

წყარო: მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტი.

2020 წელს სისხლის სამართლის ინდიკატორის მიხედვით, საქართველომ 0.52 ქულა მიიღო და მსოფლიოში 46-ე ადგილი დაიკავა. ამ მაჩვენებლით საქართველომ ევროკავშირის წევრ 4 ქვეყანას, ხორვატიას, საბერძნეთს, ბულგარეთსა და უნგრეთს, აჯობა.

ცხრილი 3: საქართველოს შეფასება „კანონის უზენაესობის ინდექსის“ სისხლის სამართლის ინდიკატორის მიხედვით 2015-2020 წლებში

წყარო: მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტი.

როგორც ცხრილიდან ჩანს, სისხლის სამართლის ინდიკატორის მიხედვით, საქართველოს საუკეთესო შეფასება 2016 წელს ჰქონდა, ხოლო პოზიციურად ყველაზე წინ 2015 წელს იყო.


მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები

„მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები“ მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ მონაცემთა კვლევით ბაზას წარმოადგენს. „მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები მსოფლიოს 200-ზე მეტი ქვეყნისა და ტერიტორიული ერთეულის მმართველობას 6 ძირითადი კრიტერიუმით აფასებს. ესენია: კორუფციასთან ბრძოლა და მისი კონტროლი; კანონის უზენაესობა; რეგულირების ხარისხი; სახელმწიფოს ეფექტიანობა; პოლიტიკური სტაბილურობა და არაძალადობრივი გარემოს არსებობა; მოქალაქეების პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობის, გამოხატვისა და მედიის თავისუფლების ხარისხი. რეიტინგების შედგენისას მსოფლიო ბანკი 30-ზე მეტ, სხვადასხვა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის, არასამთავრობო ორგანიზაციის, კვლევითი ცენტრის და ინსტიტუტის შეფასებებსა და ანგარიშებს ეყრდნობა. აღნიშნული მონაცემების საფუძველზე, მსოფლიო ბანკი ქვეყნების რეიტინგს თითოეული ზემოთ ხსენებული კრიტერიუმის მიხედვით ქმნის.

„კანონის უზენაესობის” ინდიკატორი ქვეყნებს საკუთრების უფლების დაცულობის, სასამართლოს დამოუკიდებლობისა და ეფექტურობის, პოლიციის სანდოობის, კრიმინოგენური ვითარებისა და ძალადობრივი გარემოს კრიტერიუმების მიხედვით აფასებს. 2021 წლის შეფასებაში საქართველომ 61.06 % მიიღო, რაც წინა წელთან შედარებით, 0.96 %-ით ნაკლებია. საყურადღებოა, რომ 2018 წლიდან საქართველოს შეფასება მუდმივად იკლებს.

გრაფიკი 2: საქართველოს შეფასება „კანონის უზენაესობის“ ინდიკატორის მიხედვით 2012-21 წლებში.

წყარო: მსოფლიო ბანკი

„კანონის უზენაესობის“ კუთხით, საქართველოს საუკეთესო მაჩვენებელი 2014 და 2016 წლებში ჰქონდა. საქართველოს შეფასება ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების შეფასებების საშუალო მაჩვენებელზე 5.23 ქულით ნაკლებია. ასევე, ინდიკატორის მიხედვით, საქართველო ევროკავშირის მხოლოდ 2 ქვეყანას, იტალიასა და ბულგარეთს უსწრებს.

ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ გია ვოლსკი განცხადება არის მანიპულირება. სტატიაში განხილული რეიტინგები მოწმობს, რომ საქართველოსთვის მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა ერთ-ერთ ძირითად პრობლემას წარმოადგენს. ბოლო წლების ანგარიშებში სულ უფრო ხშირად ვხვდებით ჩანაწერებს ე.წ. „სასამართლო კლანის“, პოლიტიკური მიკერძოებულობისა და სასამართლოში მმართველი პარტიის გავლენების შესახებ. მიუხედავად სასამართლოს მიმართ არსებული ამგვარი მძიმე შეფასებებისა, ზოგიერთი საერთაშორისო რეიტინგის მიხედვით, ქართული მართლმსაჯულება უფრო დადებითად არის შეფასებული, ვიდრე ევროკავშირის წევრი რამდენიმე სახელმწიფოს სასამართლო სისტემა. ძირითად შემთხვევაში, საქართველოს სასამართლოზე უარესად შეფასებული უნგრეთისა და ბულგარეთი სასამართლოებია. თუმცა, აღნიშნული არ შეიძლება სასამართლო სისტემის ზოგადი შეფასებისთვის გამოვიყენოთ, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ქართული მართლმსაჯულების კრიტიკა სულ უფრო მწვავე ხდება.

ასევე, აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში, სასამართლოსთან დაკავშირებით გია ვოლსკი მიერ გაჟღერებული მტკიცება „ქართული ოცნების“ ლიდერების საერთო გზავნილად ჩამოყალიბდა. „ფაქტ-მეტრმა“ ხელისუფლების წარმომადგენლების მსგავსი განცხადებები არაერთხელ გადაამოწმა. შესაბამისად, აღნიშნულ თემაზე უფრო ვრცლად, შეგიძლიათ იხილოთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიები (სტატია 1; სტატია 2; სტატია 3).


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5406 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი