სოციალურ ქსელში პრეპარატ Nimbex-თან დაკავშირებით დეზინფორმაციული პოსტები აქტიურად ვრცელდება. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული პრეპარატის მოხმარება კორონავირუსის სამკურნალოდ ჯანმოს პროტოკოლით არის გათვალისწინებული და სწორედ ამ პრეპარატით კლავენ საქართველოში კოვიდპაციენტებს. Facebook-პოსტების თანახმად, Nimbex-ს ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულ პაციენტებს დიაფრაგმის კუნთში უკეთებენ, რის შემდეგაც კუნთი დუნდება და სუნთქვის გაძნელება იწყება. პაციენტი ვეღარ ამოისუნთქავს ნახშირორჟანგს, რაც ფილტვის გადაგვარებას იწვევს. პოსტში ასევე ჩამოთვლილია Nimbex-ის გვერდითი მოვლენები.

აღნიშნულ დეზინფორმაციას საკმაოდ მაღალი გამოხმაურება და 10 000-მდე გავრცელება აქვს.

Nimbex არის პრეპარატის სავაჭრო სახელწოდება. აღნიშნული პრეპარატის მოქმედი ნივთიერება ცისატრაკურიუმია. პრეპარატი ძირითადად ოპერაციის დროს კუნთების მოსადუნებლად გამოიყენება.

კორონავირუსით დაინფიცირებულ პაციენტს, შესაძლოა, მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი (მრდს) განუვითარდეს. მრდს გულისხმობს ფილტვის შეშუპებით განპირობებულ მწვავე ჰიპოქსემიურ რესპირატორულ უკმარისობას გულის უკმარისობის გარეშე, რაც გამოწვეულია ალვეოლების კაპილარული განვლადობის მატებით. მრდს-ს შემთხვევაში ხშირად მიმართავენ ნეირომუსკულარულ ბლოკადას (კუნთების მოდუნებას), რათა ორგანიზმს გაუადვილდეს ჟანგბადის მიღება. არსებული რეკომენდაციების თანახმად, კუნთების მოდუნების ტექნიკა შესაძლოა, გამოყენებული იქნას კოვიდპაციენტებშიც.

სწორედ ნივთიერება ცისატრაკურიუმი გამოიყენება კუნთების მოსადუნებლად, თუმცა კოვიდინფიცირებულ და არაკოვიდნფიცირებულ პაციენტებში პრეპარატი განსხვავებული დოზებით მიიღება. ანესთეტიკოსთა სამეფო კოლეჯის თანახმად, Nimbex -ატრაკურიუმთან ერთად, კოვიდინფიცირებული პაციენტების მართვის პროცესში „პირველი ხაზის“ წამლების სიაშია.

ბუნებრივია, როგორც ნებისმიერ პრეპარატს, Nimbex-საც გააჩნია გვერდითი ეფექტები. იშვიათ გვერდით მოვლენებში შედის: ტკივილი ან დისკომფორტი გულმკერდის არეში, ხველა, სუნთქვის გაძნელება, თავბრუსხვევა, სისუსტე, ოფლიანობა, ხმაურიანი სუნთქვა, არარეგულარული გულისცემა, კუნთების სისუსტე, ანაფილაქსი (მბული 1, ბმული 2). თუმცა, აშშ-ის ბიოტექნოლოგიური ინფორმაციების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე განთავსებული კვლევის მიხედვით, Nimbex-ის გამოყენებისას გვერდითი მოვლენები ძალიან იშვიათად, მხოლოდ 1%-ზე ნაკლებ შემთხვევაში ვლინდება.

ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა „ფაქტ-მეტრთან“ საუბარში აღნიშნა, რომ Nimbex სანარკოზო პრეპარატია. საქართველოში აღნიშნული პრეპარატი კოვიდპაციენტებში ერთეულ შემთხვევაში (ინტუბირესბისთვის) შეიძლება იქნას გამოყენებული, თუმცა კოვიდპაციენტების სამკურნალოდ ძირითადად სხვა პრეპარატებს იყენებენ.

ბათუმის კლინიკა „მედალფას“ დირექტორმა, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგმა ალექს გოხელაშვილმა „ფაქტ-მეტრთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ ზოგადად, ცისატრაკურიუმი კუნთების მიორელაქსაციისთვის (განივზოლიანი კუნთების მოდუნება) გამოიყენება. ალექს გოხელაშვილის თანახმად, ცისატრაკურიუმი ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი და უსაფრთხო მიორელაქსანტია.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5366 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი