იტვირთება

Facebook-მომხმარებელმა Nina Marji-მა სოციალურ ქსელში მორიგი დეზინფორმაციული პოსტი გამოაქვეყნა. პოსტის თანახმად, საბერძნეთში 1 დეკემბრიდან მოსახლეობას ტესტების გარეშე სუპერმარკეტებში აღარ შეუშვებენ. მასალის მიხედვით, მშობლებს, რომლებიც არ აცრიან ბავშვებს, მთავრობა მათ ჩამოართმევს. Facebook-პოსტში წარმოდგენილი მტკიცებულებები ყალბია.

22 ნოემბერს საბერძნეთის მთავრობამ კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ ახალი უსაფრთხოების ზომები წარადგინა, რომელიც 6 დეკემბრამდე იქნება ძალაში. ბრძანების თანახმად, მოსახლეობა ვალდებულია ატაროს ნიღაბი სამუშაო ადგილებში. ზრდასრული მოქალაქეები დახურულ სივრცეებში: ბარებში, რესტორნებში, კინოთეატრებსა და მუზეუმებში მხოლოდ ვაქცინაციის სერტიფიკატის ან კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე დაიშვებიან.

საბერძნეთის მთავრობა ქვეყნის სრულ ჩაკეტვას არ აპირებს, თუმცა ჯანდაცვის მინისტრმა თანოს პლევრისმა განაცხადა, რომ აღნიშნულ შეზღუდვებს ორ კვირაში ხელახლა გადახედავენ და შეაფასებენ. თანოს პლევრისის განცხადების მიხედვით, ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში ყველაზე ხშირად სწორედ არავაქცინირებული თანამოქალაქეები ხვდებიან.

რაც შეეხება სუპერმარკეტებში არავაქცინირებული მოქალაქეების ტესტების გარეშე არ დაშვებას, აღნიშნული საკითხი საბერძნეთში ნამდვილად განიხილებოდა. არსებობდა ინიციატივა, რომ არავაქცინირებული მოქალაქეებისთვის სუპერმარკეტში შესვლისას სწრაფი ტესტის გაკეთების შესაძლებლობა მიეცათ. თუმცა, განვითარების მინისტრის, ადონის გეორგიადისის განცხადებით, ამ ინიციატივის ამოქმედება პრობლემური და რთული იქნება. გეორგიადისის თქმით: „ბევრი მოქალაქე სწრაფი ტესტის გაკეთებაზე უარს იტყვის, ჩვენ კი მათ ვერ შევუზღუდავთ პირველადი საჭიროების პროდუქტზე წვდომას“. ამასთან ერთად, მინისტრის განცხადებით, აღნიშნული რეგულაციის განხორციელება პიკის საათებში უსასრულო რიგების შექმნას გამოიწვევს. მეტიც, თანოს პლევრისის 18 ნოემბრის განცხადების მიხედვით, პირველადი საჭიროებების დაწესებულებებში (სურსათის მაღაზიები, სუპერმარკეტები და აფთიაქები) შესასვლელად არც ვაქცინაციის სერტიფიკატი და არც ტესტის ჩატარება არ მოითხოვება. შესაბამისად, მტკიცება, რომ საბერძნეთში 1 დეკემბრიდან ტესტების გარეშე უკვე სუპერმარკეტებშიც აღარ შეუშვებენ, დეზინფორმაციაა.

ასევე ყალბია მტკიცება, რომ საბერძნეთში ბავშვების ვაქცინაციაზე უარის თქმის შემთხვევაში, მშობლებს ბავშვებს ჩამოართმევენ. მსგავსი რეგულაცია საბერძნეთს არ აქვს. საბერძნეთმა 2021 წლის 26 ივლისს 12-15 წლის ასაკის ბავშვების „ფაიზერითა“ და „მოდერნას“ ვაქცინებით აცრის რეკომენდაცია გასცა. სკოლაში გაკვეთილებზე დასასწრებად ვაქცინაციის სერტიფიკატის გარდა ასევე შესაძლებელია ტესტის უარყოფითი პასუხის ან წინა სემესტრში კორონავირუსის გადატანის დამადასტურებელი ცნობის წარდგენა.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

3580 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
22%
ყალბი ამბავი
20%
მეტწილად სიმართლე
12%
ნახევრად სიმართლე
9%
მეტწილად მცდარი
7%

ყველაზე კითხვადი