რეზიუმე

2020-2021 წლებში სოციალურად დაუცველთა [საარსებო შემწეობის მიმღებთა] რაოდენობა რეკორდულად გაიზარდა, რაც ძირითადად შემდეგი მიზეზებით იყო განპირობებული: პანდემიის პერიოდში სოციალურად დაუცველთა ოჯახების გადამოწმებაზე მორატორიუმის გამოცხადება, პროგრამის გაფართოება და ახალი განაცხადების მყისიერად განხილვა. ხელისუფლება აღნიშნულს პანდემიის პერიოდში მოსახლეობის კეთილდღეობაზე ზრუნვით ხსნიდა. თუმცა არჩევნების დასრულების შემდეგ, როდესაც უახლოეს მომავალში ქვეყანაში არჩევნები აღარაა დაგეგმილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალური პროგრამის მანკიერებაზე მიუთითებს. მისი თქმით, შრომისუნარიან სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს ფულადი სოციალური დახმარების ნაცვლად სამუშაო ადგილები უნდა შესთავაზონ. ბუნდოვანია, როგორ აპირებს პრემიერი ამის განხორციელებას და ათი ათასობით სამუშაო ადგილის შექმნას?! თუ საჯარო სექტორში ხელოვნურად შეიქმნება სამუშაო ადგილები, ეს ბიუჯეტში ბიუროკრატიულ ხარჯებს გაზრდის და პოზიტიურ მოვლენად ვერ ჩაითვლება. ამასთან, თუ სახელმწიფოს გააჩნდა რესურსი, რომ ათი ათასობით სამუშაო ადგილი შეექმნა, რატომ არ იქმნებოდა ის აქამდე?

პრემიერის მტკიცება, რომ შრომისუნარიანი სოციალურად დაუცველი მოქალაქე არ არის მოტივირებული ახალი სამუშაო დაიწყოს, რადგან სოციალური დახმარების მოხსნის ეშინია, სიმართლეს არ შეესაბამება. 2019 წლიდან დასაქმება და შემოსავლების გაჩენა სოციალური დახმარების შეწყვეტის საფუძველი აღარ არის. თავის დროზე ამ რეფორმის მიზანი სწორედ აღნიშნული „შიშის“ გაქრობა იყო. საინტერესოა, რატომ არ ახსოვს პრემიერს თავისი გუნდის მიერ ამავე არგუმენტებით განხორციელებული რეფორმა.

ანალიზი

„ზრდასრული შრომისუნარიანი მოსახლეობა შევაჩვიეთ, შევაგუეთ უმუშევრობას, სიღარიბეს და უმოქმედობას. რეალურად დღეს შრომისუნარიანი სოციალურად დაუცველი მოქალაქე არ არის მოტივირებული დაიწყოს ახალი სამუშაო იმის შიშით, რომ სახელმწიფომ არ მოუხსნას სოციალური დახმარება... უახლოეს რამდენიმე კვირაში წარმოგიდგენთ ახალ სოციალურ ხედვას, თუ როგორ უნდა შევცვალოთ არსებული მანკიერი სისტემა... ჩვენ, ნაცვლად სოციალური დახმარებისა, უნდა შევთავაზოთ შრომისუნარიან მოქალაქეებს სამუშაო ადგილები. ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ ათასობით და ათი ათასობით სამუშაო ადგილი",-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

სოციალური დახმარების (საარსებო შემწეობის) სახელმწიფო პროგრამა სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახების ფულად დახმარებას ისახავს მიზნად. თუმცა, წინასაარჩევნო პერიოდში, სოციალური დაცვის პროგრამა ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანი ბერკეტია. (იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია).

2020-2021 წლებში ქვეყანაში სოციალურად დაუცველთა რაოდენობა ყოველთვიურად იზრდება. როგორც სოციალური მომსახურების სააგენტოში განმარტავენ, პანდემიის პერიოდში ოჯახების გადამოწმებაზე მორატორიუმი გამოცხადდა და 2020 წლიდან სოციალური დახმარება არცერთ ოჯახს არ შეწყვეტია. ამასთან, თუ ვინმე სოციალურ დახმარებას საჭიროებს, მყისიერად ხდება ოჯახის გადამოწმება და თუ შესაბამის კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს, ენიშნება დახმარება. გარდა ამისა, ივლისში საარსებო შემწეობის მიმღებთა ზრდა პროგრამის გაფართოებას უკავშირდება. ბავშვთა დახმარებას იღებენ ის ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულაც 120 ათასზე ნაკლებია, მანამდე დახმარება 100 ათასზე ნაკლები ქულის მქონე ოჯახებზე გაიცემოდა.

სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, პანდემიამდე პერიოდში, 2020 წლის იანვრის მონაცემებით ქვეყანაში 432,218 სოციალურად დაუცველი მოქალაქე იყო, 2021 წლის ოქტომბრის მონაცემებით კი საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 633,586-მდე გაიზარდა. პანდემიის პერიოდში გამოცხადებული მორატორიუმი, პროგრამის გაფართოება და ახალი განაცხადების მყისიერად განხილვა, რასაც საარსებო შემწეობის მიმღებთა რეკორდული ზრდა მოჰყვა, ხელისუფლებამ წინასაარჩევნოდ მოსახლეობის კეთილდღეობაზე ზრუნვით ახსნა. 2020-2021 წლები, პანდემიის გარდა, საარჩევნო წლები იყო, მეტი მადლიერი მოქალაქე კი მეტ პოტენციურ ამომრჩეველს ნიშნავს. არჩევნების დასრულების შემდეგ კი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი სოციალური პროგრამის მანკიერებაზე და შრომისუნარიანი მოქალაქეებისთვის საარსებო შემწეობის გაცემის წესის გამკაცრებაზე ალაპარაკდა.

საარსებო შემწეობა არის ფულადი დახმარების ის ოდენობა, რომელიც არსებობისთვისაც კი არასაკმარისია, შესაბამისად, ის უკიდურესი სიღარიბისგან თავის დაღწევას ვერ უზრუნველყოფს. რა თქმა უნდა, „შთამბეჭდავია“ ხედვა, რომ სოციალურად დაუცველ შრომისუნარიან მოქალაქეებს, ნაცვლად მიზერული ფულადი დახმარებისა, სამუშაო ადგილები შესთავაზონ. თუმცა ბუნდოვანია, როგორ აპირებს პრემიერი ამის განხორციელებას და ათი ათასობით სამუშაო ადგილის შექმნას?! თუ საჯარო სექტორში ხელოვნურად შეიქმნება სამუშაო ადგილები, რათა სოციალურად დაუცველი მოქალაქეები დაასაქმონ, ეს ვერ ჩაითვლება პოზიტიურ მოვლენად, რადგან აღნიშნული სახელმწიფო ბიუჯეტზე წნეხს გაზრდის.

დღემდე უმუშევრობა სიღარიბის გამომწვევ ძირითად ფაქტორად რჩება. პანდემიის პერიოდში სამუშაო ადგილების დაკარგვა განსაკუთრებით მწვავე პრობლემა აღმოჩნდა, 2020 წელს, 2019 წელთან შედარებით, უმუშევრობის დონე 0.9 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 18.5% შეადგინა. ამავე პერიოდში დასაქმებულთა რაოდენობა 54.1 ათასით შემცირდა. 2021 წლის III კვარტლის მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ კვარტალთან შედარებით უმუშევრობის დონე 2.5 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი. უმუშევრობა მწვავე პრობლემა იყო პანდემიამდე პერიოდშიც, 2016-2019 წლებში უმუშევრობის დონე მხოლოდ ტექნიკური მიზეზით, სამუშაო ძალის შემცირების ხარჯზე, დასაქმების ზრდის გარეშე, შემცირდა. 2016-2019 წლებში სამუშაო ძალა [დასაქმებული და სამსახურის მაძიებელი უმუშევარი ადამიანების ერთობლიობა] 102.8 ათასით შემცირდა. ამავე პერიოდში დასაქმებულთა რაოდენობა ჯამში 12.6 ათასით შემცირდა. შესაბამისად, 2015 წლის შემდგომ დასაქმების სტატისტიკაში დადებითი დინამიკა არ გვაქვს. პანდემიამდე პერიოდში უმუშევრობის დონე ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის შემცირების ხარჯზე მცირდებოდა. ამ ფონზე, როცა ქვეყნის უმთავრესი გამოწვევა უმუშევრობა და სიღარიბეა, ლოგიკურად ჩნდება რიტორიკული კითხვა, თუ სახელმწიფოს გააჩნდა რესურსი, რომ ათი ათასობით სამუშაო ადგილები შეექმნა, რატომ არ იქმნებოდა ის აქამდე?

ამასთან, პრემიერის მტკიცება, რომ რეალურად დღეს შრომისუნარიანი სოციალურად დაუცველი მოქალაქე არ არის მოტივირებული დაიწყოს ახალი სამუშაო იმის შიშით, რომ სახელმწიფომ არ მოუხსნას სოციალური დახმარება, სიმართლეს არ შეესაბამება.

დასაქმება და შემოსავლების გაჩენა სოციალური დახმარების შეწყვეტის საფუძველი ავტომატურად ხდებოდა, თუმცა აღნიშნული მიდგომა 2019 წელს მინისტრის ბრძანების საფუძველზე შეიცვალა. კერძოდ, თუ სოციალურად დაუცველი ოჯახის წევს დაუფიქსირდება ხელფასი, ამ მიზეზით ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ხელახალი გადამოწმება არ ხდება და საარსებო შემწეობა უწყვეტად მომდევნო 12 თვის განმავლობაში უგრძელდება, სხვა არაფულადი დახმარება კი მომდევნო 24 თვის განმავლობაში უნარჩუნდება. დასახელებული ვადის გასვლის შემდეგ კი, ოჯახს შეუძლია, სააგენტოს სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებით გადამოწმების შესახებ მიმართოს. შესაბამისად, დასაქმება სოციალური დახმარების ავტომატურად მოხსნის მიზეზი აღარ არის, რაც სოციალურად დაუცველი პირის დასაქმების მოტივაციას მნიშვნელოვნად ზრდის.


მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი