გელათის მონასტერი ქუთაისის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში 1106 წელს, დავით აღმაშენებლის თაოსნობით აშენდა. 900-წლიანი არსებობის მანძილზე მონასტერი 1923 წელს, ბოლშევიკების მთავრობის დროს იყო დაკეტილი. თითქმის 100 წლის შემდეგ, გელათის მონასტერს კვლავ ბოქლომი ადევს.

გელათის მონასტერი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში 1994 წელს ბაგრატის ტაძართან ერთად აღირიცხა. თუმცა, ბაგრატის კათედრალზე განხორციელებული სამუშაოების შედეგად, ორივე ტაძარი ნუსხიდან ამოიღეს და საფრთხის ქვეშ მყოფ ძეგლთა სიაში გადაიტანეს. 2017 წელს, მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტმა გელათის მონასტერი მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში დააბრუნა.

გელათის სამონასტრო კომპლექსის ფართომასშტაბიანი სარეაბილიტაციო პროგრამის მიმდინარეობის შესახებ „ფაქტ-მეტრი“ ადრეც წერდა (იხ: სტატია).

ბოლო ეტაპის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რაც გელათის ღვთისმშობლის ტაძრის ეკვდერების გადახურვას და სადრენაჟე სისტემის რეაბილიტაციას გულისხმობდა, 2017 წელს დაიწყო. პროექტს ა(ა)იპ „ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი“ ახორციელებდა და ღირებულება 1 356 842 ლარს შეადგენდა.

გასული წლის მარტში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ანგარიშიდან ცნობილი გახდა, რომ გელათის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის ახლად რეაბილიტირებული სახურავი ყინვის გამო დაზიანდა, რის შედეგადაც დასავლეთ მკლავში წყალი ჩადიოდა და კედლის მხატვრობა ზიანდებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ გელათის მონასტრის ღვთისმშობლის ტაძრის სახურავის რესტავრაციაში აღნიშნული ხარვეზები გასული წლის მარტში გამოვლინდა, თვეების განმავლობაში ტაძარი ბრეზენტის ტენტით იყო დახურული, რამაც ტაძარში შექმნილი მძიმე მდგომარეობა, კიდევ უფრო გაამწვავა.

მიმდინარე წლის ივნისში საქართველოში კულტურის სამინისტროს მოწვევით UNESCO-ს იტალიელ ექსპერტთა ჯგუფი ჩამოვიდა, რომელთაც გელათის კედლის მხატვრობის მდგომარეობა და გადახურვის სარეაბილიტაციო სამუშაოები შეისწავლეს.

კულტურის და სპორტის სამინისტროს მიერ გავრცელებული იტალიელი სპეციალისტების დასკვნაში კედლის მხატვრობის მდგომარეობის შესახებ ნათქვამია (კედლის მხატვრობის კონსერვაციის სპეციალისტები: მარიო პულიერი, ვინჩენცო ჩენტანი): „მიუხედავად იმისა, რომ 2020 წლის ივლისში, მთავარ ტაძარზე დროებითი მყარი გადახურვის მოწყობამ წყლის ინფილტრაციის პროცესი შეაჩერა, დროებითი გადახურვის მოწყობის დროისთვის, უკვე დიდი რაოდენობით ინფილტრირებული წყლის გამო, კედლის მხატვრობის მდგომარეობა კრიტიკული იყო“.

რაც შეეხება მეორე დასკვნას, რომელიც გელათის ტაძრის გადახურვის სარეაბილიტაციო სამუშაოებს აფასებს (ექსპერტები უგო ტონიეტტი, სარა სტეფანიანი), წერია: „გელათის კომპლექსში გამოყენებული მიდგომების, ტექნიკის და მასალების ნაირსხვაობის შედეგად, საკმაოდ მძიმე სურათი იკვეთება. თითქოს, შემსრულებლები მოქმედებდნენ სახელდახელოდ, გადაუდებელ ვითარებაში - ყველანაირი გეგმის გარეშე და უწევდათ სხვადასხვა გადაწყვეტილების იმპროვიზაცია“.

იტალიური ასოციაციის „სუარდოს“ ექსპერტებმა აღნიშნული დასკვნის საფუძველზე გელათის კონსერვაციის გეგმა შეადგინეს. იტალიელების მიერ მომზადებული რეკომენდაციაში აღწერილია სამუშაოები, რომელიც გელათის კედლის მხატვრობის გადასარჩენად უნდა განხორციელდეს.

იტალიელი ექსპერტების მიერ შემოთავაზებული რეკომენდაციის მიმართ ქართველ სპეციალისტთა ნაწილს გარკვეული კითხვები თავიდანვე გაუჩდა. მათ საბოლოო დასკვნა რეცენზიისთვის ბრიტანელ ექსპერტებს - კომპანია „Rickerby & Shekede”-ს წარმომადგენლებს, გადაუგზავნეს. აღნიშნულ ჯგუფს კედლის მხატვრობის მიმართულებით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არაერთი პროექტი აქვს განხორციელებული.

ბრიტანელების რეცენზია (დანართი 1) იტალიელების მიერ გაწეულ სამუშაოებს შვიდი პუნქტით აფასებს. შეფასებაში ხშირად მეორდება ტერმინი შეუსრულებლობა /მარცხი (failure):1.მისიის მიზნის შეუსრულებლობა (მარცხი), 2.კონსერვაციის დადგენილი საერთაშორისო კრიტერიუმების შეუსრულებლობა (მარცხი),3.არაადეკვატური კავშირი ტექნოლოგიას და ცვეთის ფენომენებს შორის, 4. სუსტი გამოკვლევები და მონაცემთა ინტერპრეტაცია, 5. შემოთავაზებულ ზომებში არასწორი აქცენტები, 6. შუალედურ და დაუყოვნებლივ განსახორციელებელ ზომებს შორის სიცხადის ნაკლებობა, 7. რეკომენდაცია შეუსაბამო და პოტენციურად დამაზიანებელ ქმედებებზე.

ბრიტანელების აზრით, იტალიელებმა კვლევა ზედაპირულად ჩაატარეს, არ შეისწავლეს მხატვრობის ტექნოლოგია და საღებავი მასალები, ჩათვალეს, რომ კედლის ყველა მხატვრობა ფრესკის ტექნიკით არის შესრულებული, რაც ასე არ არის.

ისინი იტალიელების კონსერვაციის, გამაგრების და მარილების მოშორების რეკომენდაციას არ ეთანხმებიან, რადგან აღნიშნული სამუშაოები კედლის ნესტიანობის გამო, ნაადრევად და სარისკოდ მიაჩნიათ.

მათივე დასკვნით, იტალიელებმა ნესტის შეღწევის და გავრცელების არეალები დაწვრილებით არ გამოიკვლიეს. ნესტიანობის დასადგენად მათ გამოიყენეს მრიცხველები, რომელიც ხის მასალაზე გამოიყენება და ქვის შემთხვევაში, სრულყოფილ ინფორმაციას არ იძლევა. ნახატზე ტენიანობის გასაზომად ემპირიული მეთოდი გამოიყენეს და სისველე მასზე მარილიანი ფურცლების მიკვრით განსაზღვრეს. ამიტომ გაწეული სამუშაოები ტენიანობის კვლევად ვერ ჩაითვლება.

ბრიტანელები ასევე წერენ, რომ „სუარდომ“ კონსერვაციის საერთაშორისო ნორმები დაარღვია, ისეთი მასალების გამოყენების რეკომენდაცია გასცა, რომელიც წლების შემდეგ მხატვრობას დააზიანებს.

ბრიტანელების საბოლოო დასკვნის მიხედვით, თუ გელათის კედლები ისევ სველია, კედლის მხატვრობის კონსერვაცია უარეს პრობლემას გამოიწვევს, ვიდრე ახლაა.

ბრიტანელების დასკვნას კულტურისა და სპორტის სამინისტროც იცნობს. მიუხედავად ამისა, სსიპ „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ“ 1 ნოემბერს გელათის ტაძრის კონსერვაციასთან დაკავშირებით ხუთი ტენდერი გამოაცხადა და მერაბ ბუჩუკურსა და მის გუნდთან ხელშეკრულება გააფორმა (დანართი 2), რომლის საგანს გელათის კედლის მხატვრობისა და მოზაიკის მდგომარეობის შესასწავლად გაფართოებული კვლევა და გადაუდებელი საკონსერვაციო სამუშაოების განხორციელება წარმოადგენს.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, გელათის ცენტრალურ შესასვლელს ბოქლომი ადევს და დაკეტილია. პარალელურად, ტაძრის შიგნით საკონსერვაციო სამუშაოები მიმდინარეობს, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს დასკვნა, რომლის მიხედვით, თუ კედლები სველია, კონსერვაცია უარეს შედეგებამდე მიგვიყვანს. გელათში მიმდინარე სამუშაოების შესახებ კულტურის სამინისტრო ოფიციალურ განცხადებას არ ავრცელებს და სპეციალისტების მცდელობის მიუხედავად, განმარტებებს არ იძლევა.

ჩვენ არ ვართ არც კედლის მხატვრობის ექსპერტები და არც სპეციალისტები. ჩვენ ვაფასებთ არსებულ რეალობას. გელათის ტაძრის კედლის მხატვრობის კონსერვაციასთან დაკავშირებით არსებობს ორი განსხვავებული დასკვნა და აქედან გამომდინარე, ლეგიტიმური კითხვები, რომელზე პასუხებიც სპეციალისტების გარდა, საქართველოს მოქალაქეებსაც აინტერესებთ და რომელზე პასუხის გაცემის ვალდებულებაც, როგორც პასუხისმგებელ ინსტიტუციას, კულტურისა და სპორტის სამინისტროს აქვს.

ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ გელათის კედლის მხატვრობის კონსერვაცია/რესტავრაცია საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით და მაღალკვალიფიციური ექსპერტების ჩართულობით განხორციელდება და მათი ძალისხმევით უკვე საკმაოდ დაზიანებული კედლის მხატვრობის შენარჩუნება მოხერხდება.


მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი