სოციალურ ქსელში სხვადასხვა მომხმარებლის მიერ საინფორმაციო სააგენტოს გამოქვეყნებული სტატიის ფოტო ვრცელდება, რომელზეც ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე არის გამოსახული და წერია - „ცერცვაძე: არავაქცინირებული ადამიანი, ნაკლებ საფრთხეს უქმნის ვაქცინირებულს“. რეალურად, ცერცვაძის სიტყვები სრული კონტექსტის გარეშე ვრცელდება, რასაც Facebook-მომხმარებლები შეცდომაში შეჰყავს.

სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტო საინფორმაციო სააგენტოს metronome.ge-ის სტატიიდან არის. აღსანიშნავია, რომ კონკრეტული საინფორმაციო სააგენტოს სტატიის სათაურად ცერცვაძის სიტყვები მანიპულაციურად აქვს გამოტანილი, თავად სტატიაში კი მისი განცხადების თითქმის ზუსტი ციტირება აქვს მოყვანილი და წყაროც მითითებული აქვს:

„აუცრელი ადამიანი რისკს იმიტომ ქმნის, რომ ის უფრო მოწყვლადია, მეტი ალბათობით შეიძლება დაემართოს ინფექცია. როცა აცრილია 25%-ის და 75% არა, იმ 75%-ს გადაედება ერთმანეთისგან, არავაქცინირებული ადამიანი, ნაკლებ საფრთხეს უქმნის ვაქცინირებულს.

ამის შესახებ ინფექციონისტმა თენგიზ ცერცვაძემ ჯორჯიან თაიმსის ეთერში განაცხადა“.

მიუხედავად იმისა, რომ თითქოს Metronome-ი ცერცვაძის სიტყვების სრულ ციტირებას ახდენს, მასში ის მნიშვნელოვანი ელემენტები არის გამოტოვებული, სადაც ცერცვაძე ვაქცინირებულ და არავაქცინირებულ ადამიანებსა და მათთან დაკავშირებულ საფრთხეებზე დეტალურად საუბრობს.

რეალურად, 3 დეკემბერს თენგიზ ცერცვაძე „ჯორჯიან თაიმსი . GTTV-ის“ გადაცემაში „ჩაი მაკა რაზმაძესთან“ იმყოფებოდა სტუმრად, სადაც სხვა საკითხებთან ერთად იმაზეც ისაუბრა, თუ რა საფრთხის წინაშე არიან არავაქცინირებული ადამიანები. წამყვანის კითხვაზე, თუ რატომ არის აუცილებელი აუცრელი ადამიანის აცრა, მიუხედავად იმისა, რომ მათი მტკიცებით, ისინი სხვა აცრილი ადამიანებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენენ, თენგიზ ცერცვაძემ შემდეგი პასუხი გასცა - „ჯერ ერთი დავაზუსტოთ, ის აუცრელი ადამიანი რისკს იმიტომ ქმნის, რომ ის უფრო მოწყვლადია, მას უფრო მეტი ალბათობით შეიძლება დაემართოს“. ხოლო წამყვანის შემდეგ ჩართვაზე, რომ არავაქცინირებული პირები აცხადებენ, რომ „თქვენ ხომ აცრილები ხართ და ვისგან გადამედებაო“, ცერცვაძემ უპასუხა:

„ეს რა დროს იცით? რომ აცრილი იყოს 80 პროცენტი, იმ დანარჩენ 20 პროცენტს მაშინ შეუძლია თქვას, ვისგან გადამედება თქვენ ხო აცრილები ხართო. მაგრამ, როცა აცრილი 25 პროცენტია და 75 პროცენტი არ არის აცრილი, იმ 75 პროცენტს ერთმანეთისგან გადაედება და არა იმ აცრილი 25 პროცენტისგან. აი ეს არ უნდა რომ გაიგონ. და რატომ უქმნიან საფრთხეს? ვაქცინირებულსაც უქმნიან საფრთხეს იმიტომ, რომ როგორც გითხარით ვაქცინა ინფიცირებისგან იცავს 50%-ით და არა 100%-ით, მაგრამ ვაქცინირებულებს ისინი ნაკლებ საფრთხეს უქმნიან. ვაქცინირებულს ბოლოსდაბოლოს დაემართება და გადაიტანს. თავისნაირ არავაქცინირებულებს, ანუ თანატოლებს, თავისნაირებს უქმნიან საფრთხეს“.

ამდენად, თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ არავაქცინირებული ადამიანები, პირველ რიგში, ერთმანეთისთვის წარმოადგენენ საფრთხეს და არა ვაქცინირებულებისთვის, რადგან ვაქცინირებულ ადამიანებს ვაქცინით გამომუშავებული იმუნიტეტი დაინფიცირების შემთხვევაში დაიცავს, მაშინ, როდესაც არავაქცინირებულ ადამიანს ვირუსმა შესაძლოა ბევრად მძიმე შედეგები მოუტანოს.

შესაბამისად, სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოები და metronome.ge-ის სტატია ცერცვაძის სიტყვებს იმგვარად წარმოაჩენს, თითქოს ის ვაქცინების მნიშვნელობას აკნინებს და ამბობს, რომ ვაქცინაცია არ არის მნიშვნელოვანი, რადგან აუცრელი ადამიანი აცრილისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. რეალურად, ის დეტალურად განმარტავს, რომ არავაქცინირებული ადამიანები უფრო დიდი საფრთხის წინაშე დგანან, ვიდრე ვაქცინირებულები.

---------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5401 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი