„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა": გორის მერის ხელფასი 5500 ლარი გახდა, მისი მოადგილის, თამაზ შიოშვილის კი - 4400 ლარი

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

რეზიუმე: გორის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტი 53 მლნ ლარითაა განსაზღვრული. 11 მლნ-იანი მატების პირობებში გაიზარდა როგორც საჯარო მოხელეთა ხელფასები, ისე პოლიტიკური თანამდებობის პირთა ანაზღაურებაც. გორის მუნიციპალიტეტის მერისა და მისი ორი მოადგილისთვის თვეში 13 750 ლარია გათვალისწინებული. გორის მერის პირველი მოადგილის, ნიკოლოზ ღვინიაშვილის ხელფასი 4 400 ლარია, კიდევ ერთი მოადგილის თამაზ შიოშვილის ანაზღაურება კი 3 850 ლარს შეადგენს.

ანალიზი: გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომის შემდეგ, რომელზეც მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გორის ოფისმა ხელფასების გაზრდის საკითხზე ინფორმაცია გაავრცელა. ოპოზიციის განმარტებით, გორის მერის ხელფასი 5 500 ლარი გახდა, მისი მოადგილის კი - 4 400 ლარი.

„გორის მერმა ლადო ხინჩეგაშვილმა და მისმა მოადგილემ თამაზ შიოშვილმა ხელფასები გაიზარდეს. დღეიდან ხინჩეგაშვილის ხელფასი თვეში - 5 500 ლარი, ხოლო მისი მოადგილის, თამაზ შიოშვილის 4 400 ლარი იქნება,“- წერს „ნაციონალური მოძრაობა“.

თანამდებობრივი სარგოს ოდენობა გორის მუნიციპალიტეტში 24 დეკემბერს, საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე განიხილეს. 2022 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი, რომელიც გორში 36-წევრიანი საკრებულოდან 20 დეპუტატის მხარდაჭერით დამტკიცდა, 53 მლნ ლარითაა განსაზღვრული. გაზრდილი ბიუჯეტის პირობებში, მთავრობის გადაწყვეტილებით, ხელფასები გაეზარდათ არა მხოლოდ საჯარო მოხელეებს, არამედ პოლიტიკური თანამდებობის პირებსაც. გორის მუნიციპალიტეტსა და საკრებულოში სულ 333 ადამიანია დასაქმებული და მათი შრომის ანაზღაურებისთვის 2022 წელს, 5 მლნ 800 ათასი ლარია გათვალისწინებული.

აქედან, მომავალი წლის ბიუჯეტის მიხედვით, გორის მერი თვეში, 2 750 ლარის ნაცვლად, 5 500 ლარს მიიღებს. ხელფასები გაუზარდეს მის მოადგილეებსაც. პირველი მოადგილე „სილკნეტის“ რეგიონული ოფისის ყოფილი უფროსი, ნიკოლოზ ღვინიაშვილია. მომავალი წლიდან, 2 150 ლარის ნაცვლად, ხელფასის სახით 4 400 ლარს მიიღებს. მეორე მოადგილის ხელფასი კი 2 050 ლარი იყო და 3 850 ლარი გახდა. ამ თანამდებობაზე ყოფილი პარლამენტარი თამაზ შიოშვილი 2021 წლის არჩევნებამდე დაინიშნა.

2022 წელს გორის მერისა და მისი მოადგილეების თანამდებობრივი სარგო ჯამში 165 000 ლარს შეადგენს.

„54%-ით გაიზარდა ჩემი ხელფასი, ლადოსი - 71%-ით. ხელფასების ზრდის საკითხზე არავისი ინიციატივა არ შემოსულა, უბრალოდ, ბიუჯეტი 11 მლნ ლარით გაიზარდა, რაც სახელფასო ფონდზეც აისახა. ოთხი წელია, თანამდებობის პირებს არც პრემია, არც დანამატი არ მიგვიღია, მატებაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია. საჯარო მოხელეები გარბოდნენ სამსახურებიდან, არ იყო სათანადო ანაზღაურებაც და ვფიქრობთ, მთავრობის გადაწყვეტილება 10%-იანი მატების შესახებაც დროული და აუცილებელი იყო. რაც შეეხება თანამდებობის პირების ანაზღაურებას, სხვადასხვა ქალაქში სხვადასხვაა, ვისაც რისი საშუალება ჰქონდა, ისე გაზარდა,“- უთხრა „ფაქტ-მეტრს“ საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძემ.

საკრებულოს თავმჯდომარე 2022 წლიდან, ხელფასის სახით, ნაცვლად 3 200 ლარისა, 5 060 ლარს მიიღებს. მისი პირველი მოადგილე 2 700 ლარის ნაცვლად - 3 960 ლარს, დანარჩენი ორი მოადგილე კი - 3 190-3 190 ლარს. ამ დრომდე ამ უკანასკნელის ხელფასი 2 500 ლარით იყო განსაზღვრული. ხელფასთან ერთად გაიზარდა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეთა რაოდენობაც და ორის ნაცვლად, მას უკვე სამი მოადგილე ჰყავს.

ხუთი კომისიის თავმჯდომარისთვის თვეში 13 750 ლარი (თითოეულის - 2 750 ლარი) დაიხარჯება, სამი ფრაქციის თავმჯდომარისთვის 7 260 ლარი (თითოეული - 2 420 ლარი), მათი თერთმეტი მოადგილისთვის კი 21 780 ლარი (თითოეული - 1 980 ლარი).

საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის თვეში ჯამურად - 58 190 ლარი, წელიწადში კი 698 280 ლარი დაიხარჯება.

დამტკიცებული ბიუჯეტის მიხედვით, მხოლოდ პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის წელიწადში 863 280 ლარია გათვალისწინებული.

ხელფასების ზრდის ნაწილში „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება სიმართლეს შეესაბამება, მათ შორის, რეალურია ოპოზიციის მიერ დასახელებული გორის მერის, ვლადიმერ ხინჩეგაშვილის ხელფასის ოდენობაც. ენმ-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში მხოლოდ ერთი ცდომილებაა, 4 400 ლარით მერის პირველი მოადგილის ხელფასი განისაზღვრა, რომელსაც ნიკოლოზ ღვინიაშვილი იკავებს და არა თამაზ შიოშვილის, რომელიც მერის მეორე მოადგილეა და მისი ხელფასი 3 850 ლარითაა წარმოდგენილი.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5401 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი