ზაურ დარგალის დაპირება რვა სოფლის მოსახლეობის წყლით მომარაგების შესახებ

ვერდიქტი: არ შესრულდა

რეზიუმე: 2019 წელს, მარნეულის თვითმმართველობის არჩევნების წინ, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატი ზაურ დარგალი - მერობის კანდიდატის რანგში, მარნეულის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას, კერძოდ, რვა სოფლის: ბეითარაფჩის, თაზაქენდის, აზიზქენდის, ბაითალოს, ხულდარის, კუშჩის, ხანჯი-გაზლოსა და ალგეთის მცხოვრებლებს, სასმელი წყლით უზრუნველყოფას დაჰპირდა. მის საარჩევნო ბროშურაში წერია, რომ 2020-2024 წლებში მარნეულის მუნიციპალიტეტის აღნიშნულ სოფლებში სასმელი წყლის მიწოდების საკითხი მოგვარდება.

ანალიზი:

ბიუჯეტის გეგმის მიხედვით, მარნეულის მუნიციპალიტეტის სამი სოფლის - ზემო და ქვემო ყულარისა და სოფელ ხოჯორნის წყალმომარაგების სამუშაოები იყო გათვალისწინებული, რა მიზნითაც მუნიციპალიტეტმა 2021 წლის 29 იანვარს 1 712 341 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა, რომელშიც ერთადერთმა კომპანიამ - შპს „ბილდინგ-დეველოპერმა“ (ს/კ406039692), მიიღო მონაწილეობა. იმავე წლის 22 მარტს გამარჯვებულთან 1 499 999-ლარიანი ხელშეკრულება გაფორმდა. განსახორციელებელი სამუშაოების ღირებულების უმეტესი ნაწილის დაფარვას სახელმწიფო ბიუჯეტი ითვალისწინებდა, ხოლო დარჩენილ ნაწილს ადგილობრივი ბიუჯეტი დაფარავდა. სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 150 კალენდარულ დღეში უნდა დასრულებულიყო. მოგვიანებით, ვადა 8 ოქტომბრამდე გადაიწია, შემდეგ - 20 ოქტომბრამდე. საბოლოოდ, შემსყიდველმა სამუშაოები 26 ნოემბერს ჩაიბარა და კომპანიას დაკორექტირებული თანხა - 1 320 220 ლარი, მთლიანად გადაუხადა.

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ კიდევ ორი სოფლის: ალგეთისა და ხუტორ-ლეჟბადინის სასმელი წყლით უზრუნველყოფის შესყიდვის მიზნით, 2021 წლის 30 ივლისს გამოაცხადა 1 533 986 სავარაუდო ღირებულების ტენდერი. ოთხ პრეტენდენტს შორის, შემსყიდველს ყველაზე დაბალი ფასი შპს „სერვისმა“ შესთავაზა. მუნიციპალიტეტსა და ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას შორის 1 227 189 ლარის ღირებულების ხელშეკრულება 30 სექტემბერს გაფორმდა. დაფინანსება მთლიანად ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო. პროექტის განსახორციელებლად კომპანიას 180 კალენდარული დღე მიეცა. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, შპს „სერვისმა“ ქვეკონტრაქტორი აიყვანა, რომელსაც სამუშაოების 40% უნდა შეესრულებინა. ხელშეკრულების მე-9 მუხლში წერია, რომ მიმწოდებელი უფლებამოსილია, შემსყიდველისათვის შესრულებული სამუშაოების წარდგენა განახორციელოს ეტაპობრივად, ხელშეკრულების გაფორმებიდან ყოველ 30 (ოცდაათი) კალენდარულ დღეში, არა უმეტეს ორჯერ და რომ მიმწოდებლის მიერ წარდგენილი შესრულებული სამუშაოები მიღებულად ჩაითვლება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტების დადასტურებიდან და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ. ხელშეკრულების ფარგლებში შესასრულებელი, მიმდინარე და შესრულებული სამუშაოების შემოწმებას ახორციელებს ზედამხედველი, რომელიც ადგილზე ამოწმებს ხელშეკრულებით განსაზღვრული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად შესრულებულ სამუშაოთა მოცულობას და ხარისხს. არც შესრულებული სამუშაოების ანგარიში და არც შემოწმების ოქმი სააგენტოს გვერდზე ატვირთული არ არის. როგორც „ფაქტ-მეტრმა“ გაარკვია, ხუტორ-ლეჟბადინში სამუშაოები ჯერ არც დაწყებულა. შპს „სერვისის“ დირექტორმა პროექტთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხი არ გაგვცა და გვირჩია, ქვეკონტრაქტორს დავკავშირებოდით. ქვეკონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენელმა კი ჩვენთან საუბრისას განაცხადა, რომ სამუშაოების ზედამხედველი სოფელში ჩავიდა და მოსახლეობას შეხვდა. ანუ ხელშეკრულების გაფორმებიდან სამი თვის შემდეგ, კომპანია მხოლოდ მოსახლეობას შეხვდა და ის ადგილები მონიშნა, საიდანაც სოფელში წყალი უნდა შეიყვანოს. მისივე თქმით, ალგეთში გარკვეული სამუშაოები უკვე განხორციელდა, კერძოდ, 11 000 მეტრი მილიდან, 6 400 მეტრი უკვე ჩაიდო და გაიტესტა. კომპანიის წარმომადგენელი ამბობს, რომ სამუშაოებს დაწყებიდან ერთ თვეში დაასრულებენ.

ხუტორ-ლეჟბადინის მკიდრი საფაროვ ჰამიდი კი „ფაქტ-მეტრთან“ საუბარში აცხადებს, რომ სოფელში, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ჯერ არავინ ყოფილა. „კომპანიამ ჯერ არ იცის, რომელ სახლებში უნდა შევიდეს წყლის სისტემა, ჯერ არავინ მოსულა სოფელში. ისინი ისე ვერაფერს ვერ გაზომავდნენ,“- გვითხრა ჰამიდმა.

ზაურ დარგალის დაპირებაში ნახსენები სოფლებიდან, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გვხვდება მხოლოდ ბაითალოს (მასთან ერთად - სოფელ დიოკნისის) წყლით უზრუნველყოფის მიზნით გამოცხადებული, 1 002 490 ლარის სავარაუდო ღირებულების ტენდერი, რომელიც უარყოფითი შედეგით დასრულდა.

პირველი ტენდერის გამოცხადებიდან ორი თვის შემდეგ, 2021 წლის 11 აგვისტოს, სოფელ ბაიათლოს სასმელი წყლის შიდა ქსელის მოწყობის სამუშაოების შესყიდვა მუნიციპალიტეტმა კიდევ ერთხელ სცადა, თუმცა ტენდერი კვლავ უარყოფითი შედეგით დასრულდა.

საბოლოოდ, ზაურ დარგალის დაპირებაში ნახსენები სოფლებიდან, ალგეთის გარდა, სამუშაოები არც ერთში არ მიმდინარეობს და ამ ეტაპზე ტენდერიც არ არის გამოცხადებული.

აღნიშნული სოფლების სასმელი წყლის რეაბილიტაციისთვის საჭირო თანხა მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტშიც არ იყო გათვალისწინებული.

შესაბამისად, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ზაურ დარგალის დაპირება არ შესრულდა. მოსახლეობას სასმელი წყალი კვლავ არ მიეწოდება.


მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი