იტვირთება

სოციალურ ქსელში მანიპულაციური პოსტი ვრცელდება, სადაც გიორგი გახარიას და ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის პერიოდებია ერთმანეთთან შედარებული. პოსტი მანიპულაციურ და ყალბ მტკიცებებს შეიცავს.

მტკიცება 1: გახარიას დროს, სოციალურად დაუცველი მოქალაქეები, მრავალშვილიანი ოჯახები და შშმ პირები კომპენსაციას (6 თვის განმავლობაში, ყოველთვიურად 100 ლარს) იღებდნენ. კომუნალურ გადასახადებს რამდენიმე თვის განმავლობაში სახელმწიფო ფარავდა. ღარიბაშვილი დროს, ფულადი დახმარება არ გაცემულა არავის მიმართ

ვერდიქტი: მანიპულირება

პანდემიის პირველ ეტაპზე, მთავრობა მეტად ორიენტირებული იყო ვირუსის გავრცელების შეკავებაზე და აგრესიულ ზომებს იღებდა. 2020 წლის 21 მარტს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რაც შემდგომ 22 მაისამდე გახანგრძლივდა. მკაცრ ეკონომიკურ შეზღუდვებს სამუშაო ადგილების და შემოსავლების შემცირება მოჰყვა, რაც შინამეურნეობების სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე მძიმედ აისახა. შესაბამისად, მკაცრი შეზღუდვებით გამოწვეული ზიანის შესამცირებლად, მოქალაქეების დახმარების აუცილებლობა დადგა. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, ოჯახებს 3 თვის (მარტი-მაისი) კომუნალური გადასახადები დაუფინანსდათ. შემდგომ მთავრობამ ანტიკრიზისული გეგმა დაამტკიცა, რომელიც უმუშევრად და შემოსავლის გარეშე დარჩენილი მოქალაქეებისთვის, ასევე სოციალურად მოწყვლადი სხვა ჯგუფებისთვის დროებით ფინანსურ დახმარებას გულისხმობდა. აღსანიშნავია, რომ მთავრობის რეაგირება დაგვიანებული იყო და საყოველთაო კარანტინის პერიოდში, 2 თვის განმავლობაში, უმუშევრად და შემოსავლის გარეშე დარჩენილ მოქალაქეებს სახელმწიფოსგან პრაქტიკულად არანაირი დახმარება (ფულადი ბენეფიტი) არ მიუღიათ.

ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, სოციალურად დაუცველთა მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული 65-დან 100 ათასამდე სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახები 2020 წლის მაისიდან 6 თვის განმავლობაში ფულად დახმარებას იღებდნენ. დახმარების მოცულობა ერთწევრიანი ოჯახისთვის თვეში 70 ლარს, ორწევრიანი ოჯახისთვის თვეში 90 ლარს, ხოლო სამ და მეტწევრიანი ოჯახისთვის თითოეულ წევრზე თვეში 35 ლარს შეადგენდა. ასევე, სოციალურად დაუცველი ოჯახებზე, რომელთა სარეიტინგო ქულა 0-დან 100 ათასის ჩათვლითაა და ჰყავთ 3 ან მეტი 16 წლამდე ბავშვი 600-ლარიანი კომპენსაცია გაიცა (100 ლარი-6 თვე). თვეში 100 ლარიანი კომპენსაცია მიიღეს 18 წლამდე ასაკის და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმაც.

2020 წლის 28 ნოემბრიდან ეპიდვითარების გაუარესების გამო მკაცრი და ხანგრძლივი ეკონომიკური შეზღუდვები კვლავ დაწესდა, მათ შორის, შეიზღუდა მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობაც. აღნიშნული გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, მოქალაქეებზე ზრუნვის საჭიროება კვლავ დადგა. ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, 2021 წლის იანვრიდან (6 თვის განმავლობაში) სოციალურად მოწყვლად ჯგუფებზე ანალოგიური ფულადი დახმარებები გაიცა, რაც ანტიკრიზისული გეგმის ამოქმედების პირველ ეტაპზე. ამასთან, 2020 წლის ნოემბრიდან 4 თვის განმავლობაში მთავრობამ კომუნალური ხარჯები დაასუბსიდირა.

2021 წლის თებერვლიდან, რაც ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერი გახდა, ქვეყანაში დაწესებული მკაცრი შეზღუდვები ეტაპობრივად მოიხსნა. ბუნებრივია, უკვე მოხსნილი შეზღუდვების გავლენის საკომპენსაციოდ დაწესებული შეღავათებიც გაუქმდა. ზოგადი სოციალური ფონის თვალსაზრისით კი, აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში ისედაც მოქმედებს სოციალური დახმარების სახელმწიფო პროგრამა. ამასთან, 2021 წლის 1 ივლისიდან, სოციალურად დაუცველ 16 წლამდე ასაკის ბავშვზე დახმარება გაორმაგდა - 50 ლარის ნაცვლად 100 ლარამდე გაიზარდა. ამასთან, ბავშვთა დახმარების პროგრამა 100 ათასიდან 120 ათასამდე სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახებსაც შეეხო. აღნიშნული კატეგორია აქამდე ბავშვთა დახმარებას არ იღებდა.

2020 წელს ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში გაცემული კომპენსაციების ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის პერიოდთან შედარება მანიპულაციურია, ვინაიდან ამ ორი პერიოდის განმავლობაში პანდემიაზე სახელმწიფოს რეაგირების მექანიზმი და მისგან გამოწვეული გავლენა შემოსავლების შემცირებაზე, არსებითად განსხვავებული იყო. კერძოდ, გიორგი გახარიას პრემიერობის დროს სოციალურად მოწყვლად ჯგუფზე დროებითი კომპენსაციების გაცემა პირდაპირ იყო დაკავშირებული ქვეყანაში დაწესებულ მკაცრ და ხანგრძლივ ეკონომიკურ შეზღუდვებთან და მოქალაქეთათვის შემოსავლების იმ დანაკლისის ნაწილობრივ კომპენსირებას ემსახურებოდა, რაც ეკონომიკური აქტივობისა და მობილობის არსებითი შეზღუდვით იყო განპირობებული. ღარიბაშვილის პრემიერობისას მსგავსი მასშტაბის შეზღუდვები დაწესებული არ ყოფილა და არც კომპენსირების აუცილებლობა დამდგარა. შესაბამისად, დამატებითი კომპენსაციების გაცემის მიზანი დროებით დაწესებული შეზღუდვების გავლენის ნიველირება იყო და არა ზოგადი სოციალური ფონის შემსუბუქება. ბუნებრივია, შეზღუდვების მოხსნასთან ერთად, დამატებით დაწესებული შეღავათებიც გაუქმდა.

მტკიცება 2: ღარიბაშვილი დროს ფასები 240%-ით გაიზარდა

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის პერიოდში ინფლაციის (ფასების საერთო დონის ზრდა) ნამდვილად მაღალია, თუმცა მტკიცება, თითქოს ფასები 240%-ით გაიზარდა აბსურდულია.

ქვეყანაში ფასების დონის ცვლილებას ინფლაცია აჩვენებს. ინფლაცია „სამომხმარებლო ფასების ინდექსით“ ფასდება, რომელიც 350 საქონლისგან შედგება და12 სასაქონლო ჯგუფშია განაწილებული, რომლებიც ქვეყანაში ყველაზე ხშირად მოხმარებადი საქონლისა და მომსახურების ჩამონათვალს წარმოადგენს.

ირაკლი ღარიბაშვილმა ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია 2021 წლის თებერვალში შეცვალა. ღარიბაშვილის პრემიერობის პერიოდში, 2021 წლის დეკემბრის მდგომარეობით 2021 წლის იანვართან შედარებით სამომხმარებლო ფასები 12.7% -ით არის გაზრდილი. მათ შორის, სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები 13.4%-ით, ტრანსპორტის ჯგუფში კი 15.8%-ით გაიზარდა.

აღსანიშნავია, რომ წლიური ინფლაციის დასადგენად, ანუ საშუალოდ რამდენად გაიზარდა ფასების დონე, მართებულია თვე წინა წლის შესაბამის თვესთან შედარდეს. საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის დეკემბრის მონაცემებით, წლიური ინფლაციის დონემ 13.9% შეადგინა. წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები 15.6%-ით გაიზარდა, რაც წლიურ ინფლაციაზე 5 პროცენტული პუნქტით აისახა.; ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 17.3 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 2.2 პროცენტული პუნქტით აისახა. საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი ჯგუფში ფასების 43.5%-იანი მატება დაფიქსირდა, რაც წლიურ ინფლაციაზე 3.6 პროცენტული პუნქტით აისახა. აღსანიშნავია, რომ 2020 წლის დეკემბერში მოქმედებდა სახელმწიფოს მიერ დაწესებული შეღავათი, რაც მომხმარებელთა საკმაოდ ფართო კატეგორიისათვის მოხმარებული ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის ღირებულების სუბსიდირებას გულისხმობდა. 2021 წლის დეკემბერში ანალოგიური შეღავათი აღარ მოქმედებდა, შესაბამისად, ქაღალდზე დაფიქსირებული მაღალი ზრდა დიდწილად სუბსიდირებული ფასებთან არასუბსიდირებული ფასების შედარებით არის გამოწვეული და ტექნიკურ/არითმეტიკულ მაჩვენებელს წარმოადგენს.

მტკიცება 3: გახარიას დროს, კოვიდით დღეში საშუალოდ 10 ადამიანი იღუპებოდა. ღარიბაშვილი დროს კი კოვიდით სიკვდილიანობა საშუალოდ 70-ია

ვერდიქტი: მანიპულირება

გიორგი გახარიას პრემიერობის დროს, ეპიდაფეთქების პიკურ პერიოდში (2020 წლის ნოემბერ-დეკემბერში) COVID-19-ით გარდაცვალების დღიურად საშუალოდ 40 და მეტი შემთხვევა ფიქსირდებოდა. ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის დროს, ასევე პიკურ პერიოდში (2021 წლის ნოემბერი) COVID-19-ით გარდაცვალების დღიური შემთხვევები საშუალოდ 70-დან 80-მდე მერყეობდა.

2021 წლის შემოდგომაზე ეპიდვითარება მკვეთრად გაუარესდა, საქართველოში COVID-19-ით გარდაცვალების საგანგაშოდ მაღალი მაჩვენებელი ვაქცინაციის დაბალ დონესთან არის პირდაპირ კავშირში. აღნიშნულზე პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, მთავრობას და მის მეთაურს ირაკლი ღარიბაშვილს ეკისრება (ამ თემაზე „ფაქტ-მეტრი“ ადრეც წერდა). გარდა იმისა, რომ მთავრობამ მოსახლეობასთან სწორი კომუნიკაცია და აცრის მნიშვნელობაში მოქალაქეების დარწმუნება ვერ უზრუნველყო, ქვეყანაში ვაქცინების შემოტანა და საყოველთაო ვაქცინაციის დაწყება დაგვიანდა, რაზეც პასუხისმგებლობა როგორც მოქმედ პრემიერს, ასევე მის წინამორბედ გიორგი გახარიასაც ეკისრება.

მტკიცება, რომ გიორგი გახარიას პერიოდში ქვეყანაში პანდემია სამაგალითოდ იმართებოდა, არ შეესაბამება სიმართლეს. საწყის ეტაპზე, 2-თვიანი საყოველთაო კარანტინის საფუძველზე, ვირუსის გავრცელების შეკავება მოხერხდა. 2020 წლის ზაფხულში ქვეყანა ეპიდემიოლოგიურად უსაფრთხო ქვეყანა იყო, თუმცა ოქტომბერში საქართველომ ე.წ. წითელ (საგანგაშო) ზონაში გადაინაცვლა, რასაც ხელახალი ლოქდაუნი მოჰყვა. გიორგი გახარიას პრემიერობის პერიოდში პანდემიის მართვაში დაშვებულ შეცდომებზე იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია.

გიორგი გახარიას და ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის დროს ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ერთმანეთთან შედარება მანიპულაციურია. 2021 წელს საქართველოში, ისევე როგორც დანარჩენ მსოფლიოში, „დელტა“ შტამი იყო დომინანტური, რომელიც წინა ვარიანტებთან შედარებით უფრო მეტად გადამდები და მომაკვდინებელია. ამასთან, 2020 წელს პანდემიის მართვა ძირითადად ლოქდაუნით ხდებოდა. ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის პერიოდში კი შეზღუდვები მოიხსნა. ამასთან, გიორგი გახარიას პრემიერობის პერიოდში დაწესებულმა მკაცრმა და ხანგრძლივმა შეზღუდვებმა ქვეყანას მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზიანი მიაყენა და 2021 წელს სახელმწიფოს ანალოგიური მკაცრი შეზღუდვების კვლავ დაწესების რესურსი აღარ გააჩნდა.

გარდა ამისა, პოსტში საუბარია იმაზეც, რომ გახარიას პრემიერობის დროს პანდემიის პარალელურად ქვეყანაში მშვიდი გარემო ნარჩუნდებოდა, ღარიბაშვილის დროს კი არასტაბილური გარემო და აქციები იყო. აღნიშნულ მტკიცებას პანდემიურ კონტექსტში თუ განვიხილავთ, ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის პერიოდში, პანდემიის პარალელურად ქვეყანაში დაძაბული პოლიტიკური ვითარებაა და არაერთი ხალხმრავალი საპროტესტო აქცია გაიმართა. თუმცა, საპროტესტო გამოსვლები და პოლიტიკური არასტაბილურობა გიორგი გახარიას პრემიერობის დროსაც ხდებოდა. მაგალითისთვის, 2020 წლის 8 ნოემბერს სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა, რომლებიც საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არალეგიტიმურად მიიჩნევენ, პარლამენტის შენობასთან ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქცია გამართეს. საპროტესტო აქციები შემოდგომაზეც გაგრძელდა. პანდემიის პირობებში, განსაკუთრებით საყურადღებო ის ფაქტი იყო, როცა სამართალდამცავებმა 8 ნოემბერს, აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ წყლის ჭავლი წინასწარი გაფრთხილების გარეშე გამოიყენეს.

--------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

ფაქტ-მეტრი გადაცემაში "მრგვალი მაგიდა"

იხილეთ ვრცლად
3922 - გადამოწმებული ფაქტი
ყალბი ამბავი
24%
სიმართლე
20%
მეტწილად სიმართლე
11%
ნახევრად სიმართლე
9%
მეტწილად მცდარი
7%

ყველაზე კითხვადი