Facebook-გვერდმა „ბიბლიის მორწმუნე ქრისტიანები“ 4 იანვარს ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც სამხედროების, მოქალაქეებისა და სამხედრო ტექნიკის დაპირისპირება ჩანს. პოსტის აღწერის მიხედვით, ნათელი ხდება, რომ Facebook-გვერდი ვიდეოში აღწერილ მოვლენებს კოვიდშეზღუდვებისა და ვაქცინაციის წინააღმდეგ გამართულ პროტესტს უკავშირებს - „ ყაზახეთის მთავრობამ სამხედროები გამოიყვანა მას შემდეგ, რაც მოქალაქეები აჯანყდნენ კოვიდ შეზღუდვების და ვაქცინის მანდატების გამო...“. რეალურად, პოსტში მოცემული ინფორმაცია არასწორია და ვიდეოში ყაზახეთში სოციალური და პოლიტიკური უკმაყოფილებით დაწყებული სამოქალაქო დემონსტრაციაა აღწერილი, რომლის საბაბიც გაზის ფასების მომატება გახდა.

ყაზახეთში 2022 წლის იანვრის დასაწყისიდან მწვავე საპროტესტო ტალღა დაიწყო, თუმცა მისი მიზეზი კოვიდშეზღუდვებისა და ვაქცინის წინააღმდეგობა არ ყოფილა. 2 იანვარს საწვავის ფასის ორჯერ ზრდის გამო მაგინსტაუს ოლქში დაწყებულმა სამშვიდობო პროტესტმა მალევე მთელი ქვეყანა მოიცვა და ყაზახეთის პრეზიდენტის, კასიმ ჟომარტ ტოკაევისა და მისი წინამორბედის, ნურსულთან ნაზარბაევის წინააღმდეგ ფართომასშტაბიან გამოსვლებში გადაიზარდა.

პროტესტი ალმათაში. წყარო Al Jazeera

მზარდი ფასების, ეკონომიკური პერსპექტივების შემცირების, ფესვგადგმული კორუფციისა და ავტოკრატული მმართველობისგან გამოწვეულმა უკმაყოფილებამ მასშტაბური წინააღმდეგობის ფორმა მიიღო, რომლის დროსაც ათასობით დემონსტრანტი შეიჭრა სამთავრობო შენობებში, ტელევიზიებში, აეროპორტებსა და ბიზნესოფისებში. ალმათიში გამოსვლებს სამართალდამცავებთან შეტაკებებიც მოჰყვა. 5 იანვარს დილით, დემონსტრანტებმა პოლიციაზე იერიში მიიტანეს და ადმინისტრაციის შენობების დაკავება დაიწყეს დიდ ქალაქებში.

ყაზახეთის უმსხვილეს ქალაქში - ალმათიში მომიტინგეებმა ქალაქის ადმინისტრაციის შენობა და პრეზიდენტის რეზიდენცია დაიკავეს. ორივე შენობას წაუკიდეს ცეცხლი. პოლიცია მათ შეჩერებას ცრემლსადენი ყუმბარებით ცდილობდა, მაგრამ ამან შედეგი არ გამოიღო და აქციის მონაწილეებმა შენობა შტურმით აიღეს.

საპროტესტო აქციების დაწყებიდან რამდენიმე საათში, ყაზახეთის პრეზიდენტმა მთავრობა გადააყენა, ფასების სახელმწიფო რეგულაცია დააწესა და პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად ალიხან სმაილოვი დანიშნა. ტოკაევმა მაგნისტაუს ოლქსა და ალმათიში საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათიც გამოაცხადა, თუმცა ამას პროტესტი არ შეუჩერებია. ყაზახეთის მთავრობამ 10 ათასზე მეტი დემონსტრანტი დააპატიმრა და არაოფიციალური ცნობებით, შეტაკებებისას 150-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. 5 იანვარს ყაზახეთის პრეზიდენტმა დახმარებისთვის „კოლექტიური ხელშეკრულების ორგანიზაციას“ (CSTO) მიმართა და დემონსტრანტებს „საერთაშორისო ტერორისტების ჯგუფი“ უწოდა, რომლებიც, მისი თქმით, საზღვარგარეთ იყვნენ გაწვრთნილნი და „ძირს უთხრიდნენ სახელმწიფოს მთლიანობას.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5366 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი