საქართველოს განათლების სექტორის შედეგები კვლავ კრიტიკულ ნიშნულზეა. სხვადასხვა კვლევის თანახმად, ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა ბევრი გამოწვევის წინაშე დგას. რა განაპირობებს ქვეყანაში ამ მიმართულებით არსებულ რთულ მდგომარეობას, რისი შეცვლაა საჭირო და როგორ მივაღწიოთ უკეთეს შედეგს, ამ კითხვებზე „ფაქტ-მეტრს“ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ბათუმის მასწავლებლის სახლის ტრენერი პროფესიული უნარების მიმართულებით, ექსპერტი განათლების რეფორმის ლიდერობის მიმართულებით, თამთა კვარაცხელია პასუხობს.

პირველ რიგში, შევაფასოთ, რა არის ქართული განათლების სისტემის მთავარი ხარვეზი, რის გამოც სასკოლო განათლების ხარისხი კრიტიკულად დაბალ დონეზე რჩება?

ესაა სკოლების მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, რომლის გარეშეც თანამედროვე სწავლება წარმოუდგენელია და მეორე - მასწავლებლის პროფესიონალიზმი. თუ მასწავლებელი პროფესიონალია და კარგი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა აქვს სკოლას, ცხადია, შედეგიც უკეთესი ექნება. ბუნებრივია, სხვა პრობლემებიც არის. კარგ მასწავლებელს უნდა შეეწყოს ხელი და ჰქონდეს აკადემიური და ზოგადად, თავისუფლება. მასწავლებელი აპოლიტიკური უნდა იყოს თავისი საქმიანობის განხორციელების პროცესში და ბევრ რამეს ადგილზე, სკოლის დონეზე უნდა წყვეტდეს, გარეშე ფაქტორებზე დამოკიდებული არ უნდა იყოს. მასწავლებელი თვითგანვითარებისა და პროფესიულად დახვეწის დადებით შედეგს, სიკეთეს უნდა ხედავდეს. მას უნდა გაუჩნდეს ამის მოტივაცია, ფეხი აუწყოს თანამედროვე ცხოვრებას და მოსწავლეთა აკადემიური შედეგების გაუმჯობესებისთვის უნდა იმუშაოს. სამწუხაროდ, ამას დღევანდელი მასწავლებლების ნაწილი ვერ ხედავს.

მასწავლებლების აპოლიტიკურობაში რას გულისხმობთ, ან რომელ გარეშე ფაქტორებზე არ უნდა იყოს დამოკიდებული?

ბოლო თხუთმეტი წლის განმავლობაში ჩვენს სისტემაში განხორციელდა კარგი რეფორმები, ოღონდ ეს არ იყო თანმიმდევრული პროცესი და ბოლომდე არ მივიდა. ამის მიზეზი პოლიტიკური ფაქტორები გახდა. ხელისუფლების სათავეში მოსული ყველა პარტია მიმართულებებს სათავისოდ ცვლიდა. ის ძირითადად, მასწავლებელთა ძალიან მრავალრიცხოვანი კორპუსის კეთილგანწყობის მოპოვებაზე მუშაობდა, სისტემაში დასაქმებული ადამიანების გაღიზიანებას ერიდებოდა და ცვლიდა ერთხელ აღებულ კურსს. მასწავლებელს არასტაბილურობის განცდა გაუჩნდა.

როცა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემა დაინერგა და დაიწყო გამოცდები, მასწავლებელს კომპეტენციის დადასტურება მოსთხოვეს, ბევრმა კარგმა მასწავლებელმა დაიწყო მუშაობა, ჩააბარა გამოცდები, ჩაატარა გაკვეთილები, რომლებსაც კოლეგები, დირექცია ესწრებოდნენ. შეიქმნა შეფასების ჯგუფები. პროცესი მეტ-ნაკლებად კარგად მიმდინარეობდა. სისტემა კრიტიკული მეგობრის ინსტიტუტზე ალაპარაკდა. თუმცა პროცესს ხარვეზებიც ჰქონდა, რომლებიც ჩვენი მენტალობით, ტრადიციებით არის გამოწვეული. ჩვენ ხშირად გვიჭირს კრიტიკის მოსმენა, სხვისი გაკრიტიკება. ამ ხარვეზების გამოსწორებაზე კი არ ვიმუშავეთ, არამედ სისტემამ უკან დაიხია და ჯერ მასწავლებელს მისცა საშუალება, დაემტკიცებინა საგანში თავისი კომპეტენცია ერთ, ოთხ, შვიდ კრედიტზე. ამით ფრუსტრირებულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ მონდომებული მასწავლებლები, რომლებზეც დგას ჩვენი განათლების სისტემა. მათ ჩააბარეს, იშრომეს, კვალიფიკაცია აიმაღლეს, უფროსი მასწავლებლის სტატუსი დაიმსახურეს. პარალელურად, იგივე სტატუსი მიენიჭათ მათ კოლეგებსაც, რომლებმაც, მაგალითად, ერთი კრედიტი მიიღეს. შესაბამისად, როგორი პოლარიზებულიც არის ჩვენი საზოგადოება პოლიტიკურად, ასეთივე პოლარიზებული აღმოჩნდა ჩვენს სისტემაშიც. სოციალურ ქსელებში ეს კარგად ჩანს. სისტემამ მასწავლებელთა დაპირისპირებას ხელი შეუწყო.

მასწავლებლის გაღიზიანებას ხელისუფლებაში მყოფი ნებისმიერი პოლიტიკური ძალა ერიდება, რადგან მასწავლებელი არის ანგარიშგასაწევი ფიგურა არჩევნების დროს. ის გამოცდები, რომლებიც ახლა უნდა ჩატარდეს, აუცილებლად ჩატარდება, რადგან ჯერჯერობით ჩვენს ქვეყანაში არჩევნები არ არის ახლო მომავალში. მასწავლებლებს აქვთ ასეთი განწყობა: თუ არჩევნები არ არის, არავინ არ დაიხევს უკან და ეს პროცესი იქნება უფრო გაბედული. მაგრამ თუ სადმე ჰორიზონტზე არჩევნები გამოჩნდება და მასწავლებლები უკმაყოფილებას გამოხატავენ, ხელისუფლება წავა დათმობაზე.

ანუ ორივე მხარე მანიპულირებს და ამისთვის მის ხელთ არსებულ საშუალებებს იყენებს...

დიახ, ორივე მხარე მანიპულირებს, სახელმწიფო ხშირად უკან იმიტომ კი არ იხევს, რომ მტყუანია, არამედ იმიტომ, რომ მას სჭირდება მასწავლებლის ხმა. ბაღის თანამშრომლები, მასწავლებლები, პირდაპირ თუ ირიბად, არიან ჩართული პოლიტიკურ პროცესებში. ასე იყო წინა ხელისუფლებების დროსაც და ახლაც ასეა.

თუ აცნობიერებენ მასწავლებლები, რომ სახელმწიფოში დემოკრატიულ პროცესებს, მომავალი თაობის განვითარებას აფერხებენ, როცა კანონით აკრძალულ აგიტაციას ეწევიან?

ვერ ვიტყვი, რომ მასწავლებლები ამას ვერ აცნობიერებენ. ასეთ შეურაცხყოფას როგორ მივაყენებ კოლეგებს. მასწავლებელი მოქალაქეა და მას უფლება აქვს, ჰქონდეს პოლიტიკური გემოვნება. ამის წინააღმდეგი არ ვართ არავინ. პრობლემა ისაა, რომ მასწავლებელი კოორდინატორი, აგიტატორი არ უნდა იყოს. მას საკუთარ თემში განუზომელი ავტორიტეტი აქვს, პატივს სცემს სამეზობლოც, მოსწავლეც, მშობელიც. შესაბამისად, როცა მასწავლებელი, დირექტორი ასეთ პროპაგანდაში ებმება, ან კოორდინატორად მიდის (ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ეს ყოველთვის ასე იყო, ერთი რომელიმე პოლიტიკური ძალის დამახასიათებელი ფაქტორი არ არის), ცხადია, მას შეუძლია ცვლილებები გამოიწვიოს. არ ვიცი, აქვს, თუ - არა გააზრებული, ეს ცვლილებები რას მოუტანს ქვეყანას. იქნებ, აქვს კიდეც და თუ მაინც ერთვება ამ პროცესში, შესაძლოა, ძალიან ადამიანური მიზეზი ჰქონდეს: მე ხომ ვერ შევცვლი ვერაფერს, ერთი ადამიანი და სჯობს, ვიღაცის კეთილგანწყობა მოვიპოვო, სამსახური არ დავკარგო. ჩვენს საზოგადოებაში თითოეული ადამიანის წონა და ფასი არ არის აღიარებული. ვერ ხედავს ადამიანი, რომ ერთმა შეიძლება რაღაც შეცვალოს. ეს მხოლოდ მასწავლებლის ბრალი არ არის, მთელი საზოგადოება ასეა. ბრბოს ფსიქოლოგია უკეთესად მუშაობს ჩვენთან, ვიდრე - ინდივიდუალიზმი. ჩვენთან არსებობს ასეთი გამონათქვამი: ჯოხიც რომ დაგიყენონ უფროსად, პატივი უნდა სცე. ეს ძალიან საშიში გამონათქვამია. სამწუხაროდ, ეს კულტურული მონაცემი გვაქვს. სწორედ ამის გამო ბევრს აქვს ახალგაზრდების პროტესტის, აზრის თავისუფლად გამოხატვის მიმართ მიუღებლობა. ამბობენ, რომ უზრდელია, ენას გვიტლიკინებს. პიროვნების ხმა იკარგება და განსხვავებული პიროვნება თუა, მისი ხმა კიდევ უფრო მეტად იკარგება. ეს ძალიან დიდი პრობლემაა.

რა უნდა გააკეთოს სკოლამ, მასწავლებელმა, განსხვავებული ხმა რომ არ დაიკარგოს, არც ერთი მოსწავლე რომ ყურადღების მიღმა არ დარჩეს?

სკოლებში დიფერენცირებული მიდგომა უნდა გაიშალოს. ჩვენთან რაც არის, ეს ღარიბი ქვეყნის ხვედრია. ყველა მოსწავლეს არ აქვს ინტერესი, მიიღოს უმაღლესი განათლება და ეს ბუნებრივიცაა. საბაზო საფეხურის მოსწავლეებს ხშირად აინტერესებთ ისეთი სფეროები, რომელთა განვითარება ჩვენ არ შეგვიძლია, რადგან არ გვაქვს მატერიალური ბაზა, ადამიანური რესურსი. ჩვენთან ჯეროვნად ვერ ამუშავდა პროფესიული განათლება და თითქმის ყველა მოსწავლე აგრძელებს სწავლას საშუალო საფეხურზე. ვერ ვთავაზობთ მათი ინტერესების შესაბამის ხარისხიან პროფესიულ განათლებას. დასაქმების პერსპექტივაც ნაკლებია. სამუშაო ადგილების სიმცირეა. ეს მრავალკომპონენტიანი პრობლემაა, ამაში მხოლოდ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას ვერ დავადანაშაულებთ. პრობლემას სისტემური ხედვა სჭირდება. ყველაფერი ქვეყნის ეკონომიკაზეა დამოკიდებული. ყველა მიმართულებით ერთდროულად უნდა გაიშალოს მუშაობა. მხოლოდ ერთი რგოლის გაძლიერებით ჩვენ შედეგს ვერ მივიღებთ.

თვითონ განათლების სისტემის ცენტრალიზებული მოდელი რამდენად ახდენს გავლენას სკოლებისეფექტიან მუშაობაზე, განათლების ხარისხზე?

სახელმწიფო პოლიტიკის ისეთი დოკუმენტი უნდა შემუშავდეს, რომ არ იყოს დამოკიდებული ხელისუფლების ცვლილებაზე. ამაში აქვს სახელმწიფოს ყველაზე დიდი როლი. დანარჩენი პროცესი ადგილზე უნდა ვითარდებოდეს. მასწავლებელმა, დირექტორმა ცვლილების საჭიროება თვითონ უნდა იგრძნოს. სახელმწიფო შეიძლება სკოლას შეფასებაში დაეხმაროს. ჩვენ ძირითადად საერთაშორისო შეფასებებს ვეყრდნობით. ჩვენი მოსწავლეების მიღწევებს სხვა ქვეყნების მოსწავლეების მიღწევებს ვადარებთ. თითოეულ სკოლაში ადგილზე რა გაუმჯობესდა, ან რა გაუარესდა, ამის გამოსავლენად დიაგნოსტიკური კვლევები აუცილებელია. ეს არ უნდა იყოს სადამსჯელო ხასიათის. როდესაც მასწავლებელი დაინახავს ამ კვლევების შედეგებს, ის დაიწყებს თავისი საქმიანობის გაუმჯობესებაზე ზრუნვას. მასწავლებლებში თვითშეფასება და თვითკრიტიკა არის დაბალი. მასწავლებელმა რომ გააცნობიეროს, რა არის მისი „აქილევსის ქუსლი“, უნდა დაინახოს, სად აქვთ პრობლემა მის მოსწავლეებს, მოისმინოს კოლეგების პირუთვნელი შეფასება. საბედნიეროდ, არის მასწავლებლების გარკვეული ნაწილი, რომელიც მოტივირებულია, რამდენი გამოცდაც უნდა შესთავაზოს სახელმწიფომ, ყველას ჩააბარებს. ასეთ მასწავლებლებს შეუძლიათ, ბევრი რამ გააკეთონ საკუთარი სკოლის განვითარებისთვის. მნიშვნელოვანია თანამშრომლობითი კულტურა. ამას სკოლის დირექცია აყალიბებს. გვყავს კი კომპეტენტური სკოლის დირექცია? ხომ გახსოვთ, ბოლოს როდის ჩატარდა სკოლის დირექტორების გამოცდა? ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგა სახელმწიფომ რამდენიმე წლის წინ, როცა სკოლის დირექტორებისთვის, ადმინისტრაციისთვის ჩაატარა ლიდერობის აკადემია. ყველა საჯარო სკოლის დირექტორი და თითო მასწავლებელი გადამზადდა. მაგრამ პოლიტიკურ ორომტრიალში ეს პროცესი სადღაც ჩაიკარგა. ჩვენ ვცდილობთ მის შენარჩუნებას, ლიდერობის მიმართულებით ვმუშაობთ. პირადად მე ოცდასამი სკოლის დირექტორთან ვმუშაობ, სასკოლო პროექტებს ვგეგმავთ და ვახორციელებთ. ეს პროექტები, პირველ რიგში, მასწავლებელთა თანამშრომლობის გაძლიერებას უწყობს ხელს, ასევე მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთობას აუმჯობესებს. ცხადია, აკადემიური მიზნები და შედეგებიც აქვს. სადაც სკოლის დირექტორი აქტიურია, აქვს გააზრებული ცვლილებების საჭიროება, იქ პროცესი წარმატებით მიმდინარეობს. მაგრამ თუ დირექტორი უბრალოდ მენეჯერია, უმნიშვნელოვანესი პროცესები ყურადღების მიღმა რჩება. ასეთ შემთხვევაში, დირექტორს არ აქვს ადამიანური რესურსი, რომელზეც ფუნქციებისა და პასუხისმგებლობის დელეგირებას გააკეთებს.

ჩვენი განათლების სისტემის პირობებში, რამდენად შესაძლებელია 21-ე საუკუნის მოქალაქის აღზრდა, მისი მომზადება საზოგადოებრივი ცხოვრებისთვის და საერთოდ, რა არის განათლება, როგორ განმარტავთ?

განათლების სისტემის მიზანი მხოლოდ ცოდნის მიცემა არ არის, არამედ პიროვნების აღზრდა. ჩვენ უნდა დავსვათ კითხვა, არიან ჩვენი მოსწავლეები თავისუფლად, კრიტიკულად მოაზროვნეები? შეუძლიათ დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება? ამისკენ უნდა მივდიოდეთ. ამაში დამრიგებლის ინსტიტუტი ძალიან მნიშვნელოვანია. ის უნდა იყოს მოსწავლისა და მშობლისთვის ყველაზე ახლობელი ადამიანი, მედიატორი სკოლასა და მოსწავლეს შორის. დოკუმენტურად ეს ძალიან მოწესრიგებულია, მაგრამ პრაქტიკულად ვერ ხორციელდება. ძალიან ბევრი ხარვეზი გვაქვს აქაც. მასწავლებელი, რომელიც კვირაში მინიმუმ თხუთმეტ გაკვეთილს ატარებს და თან კლასის დამრიგებელია, აბარია ოცდათხუთმეტი მოსწავლე, რომელთა ოჯახური, ფსიქო-სოციალური მდგომარეობა უნდა შეისწავლოს, ურთიერთობა ჰქონდეს მშობლებთან, რომელთა დიდი ნაწილი ემიგრანტია და ბავშვები ბებია-ბაბუასთან ან ნათესავთან ცხოვრობენ... მშობელი სასწავლო და სააღმზრდელო პროცესში ნაკლებადაა ჩართული. ფაქტობრივად, ეს ბავშვები მასწავლებლების ანაბარა არიან დარჩენილი. რამდენ რამეს უნდა აკეთებდეს დამრიგებელი. შესაბამისად, მოსწავლის აღზრდა ურთულესი პროცესია. დამრიგებლის ანაზღაურება კი მიზერულია. პანდემიის დროს მოსწავლეებთან ურთიერთობა ძალიან გართულდა. აღზრდის მიმართულებით, სკოლებს პროგრამები არ აქვთ. ფაქტობრივად, არ ტარდება შესაბამისი აქტივობები, ან ტარდება მოვალეობის მოხდის მიზნით. ერთი სიტყვით, ჩვენ როგორც მატერიალური, ისე ადამიანური რესურსების პრობლემა გვაქვს.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი