სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებლები კორონავირუსის ახალი შტამის შესახებ ესპანეთის მიერ გაკეთებული განცხადებით მანიპულირებენ. როგორც ცნობილია, ესპანეთმა წამოაყენა მოთხოვნა, რომ კორონავირუსი თავისი განვითარების იმ ტიპიდან გამომდინარე, რასაც დღეს ვირუსმა მიაღწია, როგორც ენდემური დაავადება ისე უნდა განიხილებოდეს. Facebook-მომხმარებლები კი ამ განცხადების მანიპულაციურ ინტერპრეტაციას ახდენენ და ყალბ ინფორმაციას ავრცელებენ, რომ თითქოს ესპანეთმა კორონავირუსი ჩვეულებრივ გრიპად გამოაცხადა და სტატისტიკის გამოქვეყნება შეწყვიტა (ბმული 1, ბმული 2).

ესპანურენოვან გაზეთ El País-ში 2022 წლის 10 იანვარს გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ესპანეთის კოალიციური მთავრობა რამდენიმე კვირაა, რაც კორონავირუსის მკურნალობასთან დაკავშირებულ ალტერნატიულ გეგმაზე მუშაობს. გეგმა COVID-19-ის ვირუსის სამკურნალოდ ისეთი ზომების მიღებას ითვალისწინებს, რომელიც ჩვეულებრივი სეზონური გრიპის სამკურნალოდ გამოიყენება. პრაქტიკაში ეს ინფიცირების შემთხვევების მონიტორინგის ალტერნატიულ მეთოდს გულისხმობს. ჯანდაცვის მუშაკებმა კონკრეტულ, სპეციფიკურ მონაცემებზე დაყრდნობით თვალყური დაავადების გავრცელებას უნდა მიადევნონ; ინფიცირების შემთხვევების დეტალური აღრიცხვა და ყველა სიმპტომიანი პაციენტის დატესტვა აღარ არის საჭირო. გეგმის დამტკიცება ან უარყოფა ესპანეთის გადაუდებელი სიტუაციების კოორდინაციის ცენტრის (CCASES) და შესაბამისი კომიტეტის პრეროგატივაა. ამჟამინდელი მონაცემებით, მოცემული გეგმა ძალაში არ არის შესული.

კორონავირუსის პანდემიად გამოცხადების დღიდან დღემდე, ოფიციალური მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირების 3 მილიონზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. სრულად ვაქცინირებულთა რაოდენობა კი მსოფლიო მასშტაბით 3 მილიარდზე მეტ ადამიანს შეადგენს. ამ პერიოდის მანძილზე COVID-19-ის ვირუსის ევოლუციის კვალდაკვალ ვირუსის მკურნალობის პროტოკოლი ცვლილებებს განიცდის და კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვებიც შესაბამისად იცვლება. ყველაზე ახალი შტამი, რომელსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) 26 ნოემბერს „შეშფოთების ვარიანტის“ სტატუსი მიანიჭა, ომიკრონის სახელითაა ცნობილი. ადრეული მონაცემებით, „ომიკრონის“ სიმპტომები განსხვავებული, თუმცა უფრო მსუბუქია, ვიდრე წინა შტამების. ახალი შტამით ინფიცირების დროს დაბალია ჰოსპიტალიზაციის და სიკვდილიანობის მაჩვენებელი (იხ. „ფაქტ-მეტრის“ სტატია). ესპანეთის მთავრობის მიერ კორონავირუსის მკურნალობის ახალ გეგმაზე მუშაობის დასაწყებად სწორედ ეს მონაცემები/ინფორმაცია გახდა საფუძველი. თუმცა ესპანეთის მთავრობის მიერ კორონავირუსის პანდემიის ენდემიად გამოცხადების შესახებ გაკეთებული განცხადება ჯერჯერობით, მხოლოდ ინიციატივის დონეზეა.

ესპანეთის პრემიერ მინისტრმა პედრო სანჩესმა განაცხადა: „გეგმასთან დაკავშირებით ევროკავშირის დონეზე დებატების დაწყებას ვცდილობთ. მოცემული თემა ჯანდაცვის მინისტრმა კაროლინა დარიასმა ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრთან განსახილველად წამოაყენა“.

თუმცა მეორე მხრივ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ამ საკითხზე საუბარი ჯერჯერობით ადრეა. ევროპაში WHO-ს გადაუდებელი დახმარების წარმომადგენელმა, კეტრინ სმოლვუდმა განაცხადა: „ვირუსი საკმაოდ სწრაფად ვითარდება... ჩვენ ჯერჯერობით ნამდვილად არ ვართ იმ ეტაპზე, რომ პანდემია ენდემიად გამოვაცხადოთ“.

შესაბამისად, Facebook-მომხმარებლების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ესპანეთმა კორონა ჩვეულებრივ გრიპად გამოაცხადა და სტატისტიკის გამოცხადება შეწყვიტა, ყალბი ამბავია და ესპანეთის მთავრობის მიერ გაკეთებული განცხადების მანიპულაციურ ინტერპრეტაციას წარმოადგენს. რეალურად, ესპანეთის მთავრობა მუშაობს გეგმაზე, რომელიც კორონავირუსის სამკურნალოდ იმ მიდგომებს ითვალისწინებს, რა მიდგომებიც სეზონური გრიპის დროს გამოიყენება. თუმცა ეს გეგმა ჯერ არ არის დამტკიცებული და ძალაში შესული.

--------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5401 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი