EAG NEWS-მა და "ალტ-ინფომ" გამოაქვეყნასტატია სათაურით: „ბრიტანულმა გაზეთმა The Guardian-მა „წლის ადამიანის“ გამოსავლენი ონლაინ გამოკითხვა გააუქმა, რადგან მასში ტრანსფობიაში ბრალდებული მწერალი ჯოან როულინგი ლიდერობდა“. EAG NEWS-ის თანახმად, „გამოკითხვის გაუქმების გადაწყვეტილება გაზეთმა მას შემდეგ მიიღო, რაც გაირკვა, რომ გამოკითხვაში ტრანსფობიაში ბრალდებული მწერალი ჯოან როულინგი ლიდერობდა“. შემდგომ გამოცემა წერს: „15 დეკემბერს The Guardian-მა გამოაქვეყნა სტატია, რომელიც Time Magazine-ის მიერ წლის ადამიანად ილონ მასკის დასახელებას ეძღვნებოდა. სტატიის ქვემოთ დასმული იყო კითხვა: „ვინ არის თქვენთვის წლის ადამიანი და რატომ?“ გამოკითხვას უამრავი ადამიანი გამოეხმაურა და პასუხებში მწერალი ჯოან როულინგი ლიდერობდა. მალე გამოკითხვა გაუქმდა. „ჰარი პოტერის“ წიგნების სერიების ავტორობით სახელგანთქმულმა მწერალმა საზოგადოებას თავი ქალთა უფლებების დაცვისთვის ბრძოლითაც დაამახსოვრა, რის გამოც მას „ტრანსფობად“ მოიხსენიებენ. ჯოან როულინგი ბიოლოგიური ქალების უფლებებს უჭერს მხარს. ის ეწინააღმდეგება პოლიტიკას, რომელიც ბიოლოგიურ მამაკაცებს, რომლებიც თავს მდედრობით სქესს მიაკუთვნებენ, ტრადიციულად ქალებისთვის განკუთვნილ სივრცეებში ყოფნის უფლებას აძლევს. ჯოან როულინგის ქალთა უფლებებისადმი ურყევმა რწმენამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია და მოწინააღმდეგეებმა მის მიმართ ე.წ. „Cancel Culture”-ისთვის დამახასიათებელი მეთოდებით ბრძოლა დაიწყეს. დეკემბერში ქვიდიჩის წამყვანმა ორგანიზაციებმა განაცხადეს, რომ ისინი ავტორისგან დისტანცირებას გეგმავდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ჯოან როულინგის გარეშე მათი სპორტი არც იარსებებდა. The Guardian-ს ჯერ არ განუმარტავს, რატომ გაუქმდა გამოკითხვა, რომელსაც წლის ადამიანი უნდა გამოევლინა“.

რეალურად, Guardian-ის გამოკითხვა, სადაც მომხმარებელთა ხმის მიცემის საფუძველზე ვინმეს უნდა გაემარჯვა, საერთოდ არ ჩაუტარებია. არამედ Time magazine-ის მიერ „წლის პიროვნებად“ ილონ მასკის დასახელების შემდეგ Guardian-მა მის სტატიაში მკითხველებს სთხოვა, „წლის პიროვნების“ მათი ვერსიები დაესახელებინათ. Guardian-ის მიერ არსად ყოფილა მითითება, რომ მომხმარებლის მიერ შევსებული ფორმები დაითვლებოდა და გამარჯვებული ხმების რაოდენობის მიხედვით გამოვლინდებოდა.

აღსანიშნავია, რომ მომხმარებლისთვის მსგავსი ტიპის ფორმების შევსების მოწოდება და შემდეგ მასზე დაყრდნობით სტატიების მომზადება, ხმების რაოდენობის მიხედვით შედეგების გარეშე, Guardian-ისთვის დამახასიათებელია და ეს წარსულშიც არაერთხელ გაუკეთებია (მაგალითად, Guardian-მა მკითხველს სთხოვა დაესახელებინა, თუ რომელი ბრიტანელი მსახიობი უნდა ყოფილიყო შემდეგი ჯეიმს ბონდის როლში და შემდგომ კანდიდატების ხმების რაოდენობის მიხედვით დალაგების გარეშე სტატია მოამზადა). მტკიცება, რომ ჯოან როულინგი გამოკითხვას ლიდერობდა და ამის გამო გამოკითხვა დაიხურა, სრულიად უსაფუძვლოა, რადგან გამოკითხვის შედეგები რაოდენობრივი სახით არ ქვეყნდებოდა (და არც დასრულების შემდეგ გამოქვეყნებულა) და, როგორც სტატიის დასაწყისშია აღნიშნული, ეს გამოკითხვის მიზანი არც ყოფილა.

გარდა ამისა, გამოკითხვა მართლაც შეწყდა, თუმცა ესეც Guardian-ისთვის ჩვეული მოვლენაა, რადგან გამოკითხვის შედეგად სტატია მომზადდა (იხილეთ სხვა მაგალითები ბმული 1, ბმული 2, ბმული 3, ბმული 4, ბმული 5, ბმული 6). მკითხველისათვის თხოვნა მათი აზრით „წლის პიროვნება“ დაესახელებინათ, Guardian-ზე 15 დეკემბერს გამოქვეყნდა და 30 დეკემბერს Guardian-მა მასზე დაყრდნობით სტატია გამოაქვეყნა, ხოლო მომხმარებელთა ფორმების მიღება დასახელებულ ორ თარიღს შორის პერიოდში შეწყდა. აღსანიშნავია, რომ გამოკითხვაზე დაყრდნობით მომზადებულ სტატიაში ხმების დათვლის შედეგები მოცემული არაა, ხოლო ჯოან როულინგი მკითხველის მიერ დასახელებულ ერთ-ერთ კანდიდატად არის მოხსენიებული. მეტიც, Guardian-ი მის შესახებ დადებით კონტექსტში საუბრობს და ასევე წერს, რომ „ის [როულინგი] ბევრი ქალისთვის შთაგონების წყაროა და ქალთა უფლებებს უჭერს მხარს, მიუხედავად იმისა, რომ ხალხი მის ჩაძირვას ცდილობს“. აქედან გამომდინარე, Guardian-ის მხრიდან როულინგის მიმართ ე.წ. „Cancel Culture“-ის გამოყენების დაბრალებაც მცდარია.

Guardian-მა Fullfact-თან და Newsweek-თან დაადასტურა, რომ Guardian-ს „წლის პიროვნების“ გამოვლენის პროგრამა არ აქვს და ამ მიზნით გამოკითხვა, სადაც ხმები დაითვლებოდა (poll), არ ჩაუტარებია და შესაბამისად, ვერც გააუქმებდა.

სტატია მომზადებულია Fullfact-ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით.

--------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი