იტვირთება

სახელმწიფო დეპარტამენტისთვის, რომელიც შეერთებული შტატების უწყებათშორის ორგანოსთან ერთად მუშაობს, ცნობილია, რომ რუსული სამხედრო და სადაზვერვო უწყებები ჩართული არიან საინფორმაციო ომში, რომლის სამიზნეც უკრაინაა. მათი ქმედებები გულისხმობს დეზინფორმაციისა და პროპაგანდის გამოყენებით უკრაინა და მისი მთავრობა რუსეთ-უკრაინის ურთიერთობებში აგრესორად წარმოაჩინონ. მსგავსი ნაბიჯებით, რუსეთს, ერთი მხრივ, სურს დასავლეთის ქვეყნები დაარწმუნოს, რომ უკრაინის ქმედებებმა შეიძლება გლობალური კონფლიქტი გამოიწვიოს, ხოლო, მეორე მხრივ, საკუთრივ თავისი მოქალაქეები დააჯეროს უკრაინაში რუსეთის სამხედრო მოქმედებების საჭიროებაში. ქვემოთ მოცემულია მიმდინარე კრიზისსა და მის გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით რუსეთის სიცრუის მაგალითები და ის, თუ რა ხდება რეალურად.

მითი: უკრაინა-რუსეთის ურთიერთობებში აგრესორები უკრაინა და უკრაინის მთავრობის ოფიციალური პირები არიან.

ფაქტი: პუტინის რეჟიმის მცდარი განცხადებებით, რუსეთის აგრესია ბრალდება კონფლიქტის მსხვერპლს - უკრაინას. რუსეთი უკრაინაში 2014 წელს შეიჭრა, ოკუპირებული აქვს ყირიმი, აკონტროლებს სამხედრო ძალებს დონბასში და უკრაინის საზღვართან ამ დროისთვის 100 000-ზე მეტი სამხედრო ჰყავს მობილიზებული. პარალელურად კი, პრეზიდენტი პუტინი სამხედრო მოქმედებების დაწყებით იმუქრება, თუ მისი მოთხოვნები არ იქნება დაკმაყოფილებული.

მითი: დასავლეთი უკრაინას კონფლიქტისკენ უბიძგებს.

ფაქტი: მიმდინარე კრიზისი უკრაინის საზღვარზე 100 000-ზე მეტი სამხედროს განთავსებით მოსკოვმა გამოიწვია, მაშინ როდესაც უკრაინის მხრიდან მსგავსი სახის სამხედრო აქტივობა საზღვარზე არ დაფიქსირებულა. რუსული სამხედრო და სადაზვერვო უწყებები მიზანმიმართულად ავრცელებენ დეზინფორმაციას უკრაინის წინააღმდეგ, რითიც ცდილობენ, რომ უკრაინა და უკრაინის მთავრობის წარმომადგენლები რუსეთ-უკრაინის ურთიერთობებში აგრესორებად წარმოაჩინონ. რუსეთი ცდილობს მსოფლიო დაარწმუნოს, რომ უკრაინის ქმედებებმა შეიძლება გლობალური კონფლიქტი გამოიწვიოს, ხოლო საკუთრივ თავისი მოქალაქეები დააჯეროს უკრაინაში რუსეთის სამხედრო მოქმედებების საჭიროებაში. რუსეთი საკუთარ აგრესიას სხვებს აბრალებს, თუმცა სინამდვილეში მოსკოვის პასუხისმგებლობაა, რომ კრიზისი მშვიდობიანად, დეესკალაციისა და დიპლომატიის მეშვეობით დასრულდეს. მოსკოვი უკრაინაში 2014 წელს შეიჭრა, ყირიმი ოკუპირებული აქვს, ხოლო აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის გამწვავებას განაგრძობს. ეს რუსეთის ჩვეული ქმედებების გაგრძელებაა, რომლებიც რეგიონში ქვეყნების სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ძირს უთხრის. აღნიშნული გამოიხატა 2008 წელს საქართველოს ტერიტორიების ოკუპირებითა და 1999 წელს აღებული ვალდებულების შეუსრულებლობით მოლდოვადან ჯარების გაყვანის შესახებ, სადაც რუსული სამხედრო ძალები ქვეყნის მთავრობის სურვილის საწინააღმდეგოდ კვლავ რჩებიან.

მითი: რუსეთის მიერ საბრძოლო ძალების განლაგება არის უბრალოდ ჯარების გადაადგილება საკუთარ ტერიტორიაზე.

ფაქტი: 100 000-ზე მეტი რუსული სამხედროს, მათ შორის, გამოცდილი საბრძოლო დანაყოფებისა და თავდასხმითი იარაღის, ყოველგვარი დამაჯერებელი ახსნა-განმარტების გარეშე, განლაგება იმ სახელმწიფოს საზღვართან, რომლის ტერიტორიაზეც რუსეთი შეიჭრა და მისი ნაწილი ახლაც ოკუპირებული აქვს, ჯარების უბრალო გადაადგილებად ვერ ჩაითვლება. ეს რუსეთის მხრიდან უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ცხადი და განახლებული საფრთხეა. ძალების მობილიზებასთან ერთად აქტიურად მიმდინარეობს დეზინფორმაციის გავრცელება, რაც უკრაინის მთავრობისადმი ნდობის შესუსტებასა და რუსეთის ხელახალი შეჭრისთვის წინაპირობის შექმნას ემსახურება.

მითი: ამერიკის შეერთებულ შტატებს დონბასში ქიმიური იარაღის გამოყენება აქვს დაგეგმილი.

ფაქტი: შეერთებული შტატები და რუსეთი არიან ქიმიური იარაღის კონვენციის მხარეები. ამ საერთაშორისო შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესაბამისად, შეერთებული შტატები ქიმიურ იარაღს არ იყენებს. ამის საპირისპიროდ, ბოლო წლებში რუსეთის მთავრობამ ქიმიური იარაღი თავდასხმისა და ოპონენტების განადგურების მიზნით, მათ შორის უცხო ქვეყნის მიწაზე, ორჯერ გამოიყენა. აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის გამწვავების ნაცვლად, როგორც ამას რუსეთი აკეთებს, შეერთებულმა შტატებმა 2014 წელს მოსკოვის აგრესიის შედეგად დაზარალებულებს 351 მილიონი დოლარის ოდენობის ჰუმანიტარული დახმარება გაუწია. რუსეთი როგორც მაღალი რანგის ოფიციალური პირების განცხადებებს, აგრეთვე დეზინფორმაციულ და პროპაგანდისტულ საშუალებებს ტყუილების გასავრცელებლად იყენებს, რათა სამხედრო აგრესიისთვის საბაბი შექმნას.

მითი: რუსეთი უკრაინაში ეთნიკურ რუსებს იცავს.

ფაქტი: არ არსებობს არც ერთი სანდო ინფორმაცია, რაც დაადასტურებდა, რომ უკრაინის ხელისუფლება ეთნიკურად რუს ან რუსულენოვან მოსახლეობას უკრაინაში საფრთხეს უქმნის. სამაგიეროდ, სარწმუნო ცნობები ადასტურებს, რომ სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმსა და დონბასში უკრაინელები საკუთარი კულტურული და ეროვნული იდენტობის გამო ზეწოლას განიცდიან და მძიმე რეპრესიისა და შიშის ქვეშ ცხოვრობენ. ყირიმში რუსეთი აიძულებს უკრაინელებს, რომ მიიღონ რუსეთის მოქალაქეობა, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში დაკარგონ თავიანთი ქონება, ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა და სამსახურები. მათ, ვინც მშვიდობიანად გამოხატავენ რუსული ოკუპაციისა და კონტროლის საწინააღმდეგო პოზიციას, მტკიცებულებების გარეშე უმიზეზოდ აკავებენ, მათ სახლებში პოლიციის რეიდები ხორცილდება, ოფიციალურად სანქცირებული დისკრიმინაციის ქვეშ ექცევიან, ზოგიერთ შემთხვევაში კი წამებისა და სხვა ტიპის ჩაგვრის ობიექტები ხდებიან. რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების წინააღმდეგ კი „ექსტრემიზმისა“ და „ტერორიზმის“ ბრალდებით სამართლებრივი დევნა ხორციელდება.

მითი: ნატო რუსეთის წინააღმდეგ ცივი ომის დასრულების შემდეგ შეთქმულებას აწყობს. მან რუსეთი სამხედრო რკალში მოაქცია, გაფართოების შეწყვეტის შესახებ დაპირებები დაარღვია და რუსეთის უსაფრთხოებას უკრაინის ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივით ემუქრება.

ფაქტი: ნატო არის თავდაცვითი ალიანსი, რომლის მიზანი მისი წევრი სახელმწიფოების დაცვაა. 2021 წლის ბრიუსელის სამიტზე ყველა მოკავშირემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „ალიანსი არ ესწრაფვის კონფრონტაციას და რუსეთისთვის“ საფრთხეს არ წარმოადგენს. მეტიც, 2002 წელს პრეზიდენტმა პუტინმა თავად განაცხადა: „ყველა სახელმწიფოს აქვს უფლება თავად გადაწყვიტოს, თუ როგორ უზრუნველყოფს საკუთარ უსაფრთხოებას. ეს ეხება ბალტიისპირეთის ქვეყნებსაც. ამასთან, და ხაზგასმით, ნატო არსებითად თავდაცვით ბლოკს წარმოადგენს”.

ნატოს რუსეთი ალყაში არ ჰყავს - რუსეთის სახმელეთო საზღვარი 20 000 კილომეტრია. აქედან, ნატოს წევრ სახელმწიფოებთან საზღვრის ერთ მეთექვსმეტედზე ნაკლები (1 215 კმ) მოდის. რუსეთს სახმელეთო საზღვარი 14 სახელმწიფოსთან აქვს და აქედან ნატოს წევრი მხოლოდ ხუთია.

რუსეთის მიერ მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენების საპასუხოდ, ნატომ 2016 წელს ბალტიისპირეთის სახელმწიფოებსა და პოლონეთში ოთხი მრავალეროვნული საბრძოლო ჯგუფი განათავსა. ეს ძალები, რომელთა განთავსებაც მასპინძელმა ქვეყნებმა მოითხოვეს, არის როტაციული, თავდაცვითი და პროპორციულია. რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო დაკავებამდე, მოკავშირეთა ჯარების განთავსება ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში არ იგეგმებოდა.

ნატოს არასდროს დაუდია პირობა, რომ ახალ წევრებს არ მიიღებდა. ნატოს გაფართოება რუსეთის წინააღმდეგ არ არის მიმართული. ყველა სუვერენულ სახელმწიფოს აქვს უფლება თავად გადაწყვიტოს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები და თავდაცვის მიზნით გაწევრიანდეს მისთვის სასურველ რეგიონულ ალიანსში. აღნიშნული ევროპის უსაფრთხოების ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, რომელიც ასახულია გაეროს წესდებაში და რომელიც რუსეთმაც დაადასტურა მრავალ საერთაშორისო და რეგიონულ დოკუმენტში, მათ შორის, ჰელსინკის დასკვნით აქტში.

მითი: დასავლეთი თავს არიდებს დიპლომატიას და პირდაპირ მიმართავს სანქციებს.

ფაქტი: კონფლიქტის გადაჭრის მიზნით, შეერთებული შტატები და ჩვენი პარტნიორები ინტენსიურად არიან ჩართული დიპლომატიურ მოლაპარაკებებში, მათ შორის, პირდაპირ რუსეთის მთავრობასთან. პრეზიდენტი ბაიდენი ორჯერ ესაუბრა პრეზიდენტ პუტინს და შეერთებული შტატების ოფიციალურმა პირებმა ათობით ოფიციალური შეხვედრა და სატელეფონო ზარი განახორციელეს რუს და ევროპელ კოლეგებთან, იმისთვის, რომ საერთო დიპლომატიური ძალისხმევით მოხდეს კრიზისის მშვიდობიანად მოგვარება. ამ ეტაპზე, გაურკვეველია, მზად არის თუ არა რუსეთი, რომ აიღოს პასუხისმგებლობა, როგორც საერთაშორისო საზოგადოების წევრმა და გადადგას კონკრეტული ნაბიჯები მის მიერ წარმოქმნილი კრიზისის დეესკალაციისთვის. თუმცა, ამასთან, როგორც საჯაროდ, ისე პირდაპირი კომუნიკაციით, ჩვენ ნათლად დავაფიქსირეთ პოზიცია, რომ თუ პრეზიდენტი პუტინი გადაწყვეტს უკრაინაში დამატებით შეჭრას, ჩვენი და ჩვენი პარტნიორების მხრიდან რუსეთის ეკონომიკისთვის მძიმე ეკონომიკური ფასი მყისიერად იქნება დაკისრებული.

წყარო: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი


მსგავსი სიახლეები

ფაქტ-მეტრი გადაცემაში "მრგვალი მაგიდა"

იხილეთ ვრცლად
4163 - გადამოწმებული ფაქტი
ყალბი ამბავი
25%
სიმართლე
19%
მეტწილად სიმართლე
11%
ნახევრად სიმართლე
8%
მეტწილად მცდარი
6%

ყველაზე კითხვადი