2021 წლის 1 დეკემბერს მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, რიგგარეშე სხდომაზე, 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. მარნეულის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტი 36 539 800 ლარს შეადგენს. დამტკიცებული ბიუჯეტის გეგმის მიხედვით, მარნეულის თვითმმართველობაში მომუშავეთა რიცხოვნობა (შტატში დასაქმებულები) 262 ადამიანით განისაზღვრა. კერძოდ: მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში - 218, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში - 32 და სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზების სამსახურში კი 12 ადამიანი იმუშავებს, რაც, 2021 წელთან შედარებით, 8 ერთეულით ნაკლებია. მიუხედავად ამისა, შრომის ანაზღაურებისთვის გამოყოფილი თანხა 433 500 ლარით არის გაზრდილი და 4 996 000 ლარს შეადგენს.

მთავრობის გადაწყვეტილებით, 2022 წელს საჯარო მოხელეების ხელფასების 10%-იანი ზრდა იგეგმებოდა, რაც 2022 წლის მარნეულის ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტშიც აისახა. აღსანიშნავია, რომ გაზრდილი ბიუჯეტის პირობებში, ხელფასები გაეზარდათ არა მხოლოდ საჯარო მოხელეებს, არამედ პოლიტიკური თანამდებობის პირებსაც. კერძოდ, მარნეულის მერის ხელფასი 4100 ლარი იყო, წელს კი 5500 ლარს შეადგენს. საკრებულოს თავმჯდომარის ხელფასიც 5500 ლარით განისაზღვრა. მერის პირველი მოადგილის ანაზღაურება კი, 3700 ლარის ნაცვლად, 4400 ლარი იქნება.

მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის ხელფასი 4400 ლარი გახდა, ხოლო მეორე და მესამე მოადგილის ხელფასი - 3850-3850 ლარი.

მარნეულის საკრებულოში სულ ორი ფრაქციაა შექმნილი, კერძოდ ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველო“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. საკრებულოს გადაწყვეტილებით, ფრაქციების თავმჯდომარეების ხელფასი 3190 ლარი იქნება, რაც ნიშნავს, რომ თითოეულის ანაზღაურება 1390 ლარით იზრდება.

ამასთანავე, ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარეს - 7 მოადგილე, ხოლო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს - 1 მოადგილე ჰყავს. 2022 წლის ბიუჯეტით, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის ხელფასი 2530 ლარი გახდა. ზემოხსენებულების გარდა, მარნეულის საკრებულოში შექმნილია 5 კომისია. საკრებულოს გადაწყვეტილებით, კომისიის თავმჯდომარის ხელფასი 3190 ლარი იქნება.

შრომის ანაზღაურების მთლიანი მოცულობიდან, 191 400 ლარი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების პროგრამაზე მოდის. ამ მიმართულებით 12 ადამიანია დასაქმებული. მათი ხელფასების დიდი წილი, 188 400 ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდიდან ფინანსდება, ხოლო 3000 ლარი - საკუთარი შემოსავლებიდან. 2021 წელს ხელფასის მთლიანი მოცულობა, იმავე რიცხოვნობის მომუშავისთვის, 174 400 ლარს შეადგენდა, საიდანაც საკუთარი შემოსავლებით ამ თანხის ნახევარზე მეტი ფინანსდებოდა - 87 500 ლარი.

რაც შეეხება მუნიციპალიტეტის თვითმმართველობაში მომუშავეთა რიცხოვნობის რვა ერთეულით შემცირებას, ის საკრებულოში დასაქმებულებს შეეხო - მარნეულის მუნიციპალიტეტის საკანონმდებლო ორგანოში 2021 წელს შრომის ანაზღაურებას, რომელიც 88 500 ლარით იყო განსაზღვრული, 40 ადამიანი იღებდა, წელს კი 32 დასაქმებული 1 033 900 ლარს აიღებს.


მსგავსი სიახლეები

5419 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი