მიხეილ სააკაშვილი: ჩვენ დავკარგეთ ძვირფასი წლები როდესაც ეკონომიკა ვერ განვითარდა, პირიქით, მნიშვნელოვნად შემცირდა

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, მიხეილ სააკაშვილის განცხადება გახლავთ მანიპულირება.

რეზიუმე: წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე უნდა ვივარაუდოთ, რომ მიხეილ სააკაშვილი მთლიან შიდა პროდუქტს დოლარში ითვლის. თუმცა, ცალკეული ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ტენდენციის შეფასების ფართოდ მიღებული ობიექტური საზომი ეროვნულ ვალუტაში დათვლილი რეალური მთლიანი შიდა პროდუქტია, რომელიც ფასების ზრდის გავლენას ითვალისწინებს და ქვეყნის ეკონომიკის ზრდაზე ობიექტურ წარმოდგენას ქმნის. ყველა ავტორიტეტული საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაცია, მშპ-ს დინამიკას სწორედ აღნიშნული მაჩვენებლით აფასებს.

მცდარია მტკიცება, თითქოს 2012-2021 წლებში ეკონომიკა შემცირდა. აღნიშნულ პერიოდში, რეალური მშპ დაახლოებით 36%-ით გაიზარდა. 2012-2021 წლებში, არც ერთ წელს, გარდა პანდემიური 2020 წლისა, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი ქვეყანაში არ შემცირებულა და შედარებით დაბალი ტემპით, მაგრამ მაინც იზრდებოდა. რაც შეეხება დოლარში გამოსახულ ნომინალურ მშპ-ს, 2020 წელს დოლარში გამოსახული ნომინალური მშპ 15.8 მლრდ აშშ დოლარს შეადგენდა, ხოლო 2012 წელს, 16.5 მლრდ აშშ დოლარს. 2021 წლის მონაცემი ჯერჯერობით ცნობილი არ არის, თუმცა, მოსალოდნელია რომ დოლარში გამოსახული მშპ, 2012 წელთან შედარებით გაზრდილი იქნება. შესაბამისად, დოლარში გამოსახული მშპ-ს შემცირებასთან დაკავშირებით მტკიცება 2020 წლის მდგომარეობით სიმართლეს შეესაბამება, თუმცა მშპ-ს დინამიკაზე მსჯელობა დოლარში გამოსახულ ნომინალურ მონაცემებზე დაყრდნობით, შეცდომაში შემყვანია და რეალურ სურათს არ ასახავს.

შესაბამისად, ეკონომიკის განვითარების დინამიკასთან დაკავშირებული კრიტიკა რეალობასთან შესაბამისობაშია, რადგან საქართველოს მსგავსი განვითარებადი ქვეყნისთვის, სიღარიბის დონის შემცირებისთვის და ცხოვრების სტანდარტების ამაღლებისთვის, ბუნებრივია, არსებულზე მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპებია საჭირო. თუმცა, ეკონომიკური ზრდის დინამიკის შემცირებად ინტერპრეტირება, რაც პოლიტიკოსის განცხადებაშია წარმოდგენილი, მანიპულაციას წარმოადგენს.

ანალიზი

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თავის ფეისბუქ გვერდზე ეკონომიკური პროგრამა გამოაქვეყნა, სადაც განაცხადა: „ჩვენ დავკარგეთ ძვირფასი წლები როდესაც ეკონომიკა ვერ განვითარდა, პირიქით, მნიშვნელოვნად შემცირდა“.

„ფაქტ-მეტრმა“ აღნიშნული განცხადება გადაამოწმა.

მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) დროის გარკვეულ პერიოდში ქვეყნის შიგნით საბოლოო მოხმარებისთვის წარმოებული საქონლისა და მომსახურების მოცულობას აჩვენებს, რაც ქვეყნის ეკონომიკის ზომისა და მასშტაბების საზომია. მშპ-ს მოცულობის განსაზღვრა არაერთი მაჩვენებლით არის შესაძლებელი (ნომინალური მშპ, რეალური მშპ, სხვა ვალუტაში გადაყვანილი მშპ და ა.შ), თუმცა მათი უნარი, ტენდენცია აღწეროს, უნივერსალური არ არის.

წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე, უნდა ვივარაუდოთ, რომ მიხეილ სააკაშვილი მთლიან შიდა პროდუქტს დოლარში ითვლის, რაც არასწორი მიდგომაა. ცალკეული ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ტენდენციის შეფასების ფართოდ მიღებული ობიექტური საზომი ეროვნულ ვალუტაში დათვლილი რეალური მთლიანი შიდა პროდუქტია, რომელიც ფასების ზრდის გავლენას ითვალისწინებს და ქვეყნის ეკონომიკის ზრდაზე ობიექტურ წარმოდგენას ქმნის. ბუნებრივია, ყველა ავტორიტეტული ორგანიზაცია, მშპ-ს დინამიკას სწორედ აღნიშნული მაჩვენებლით აფასებს. ანალიზისთვის არარელევანტური ერთეულის შერჩევას მცდარ დასკვნამდე მივყავართ. მაგალითად - ნომინალური მშპ ინფლაციური პროცესების გავლენისაგან თავისუფალი არ არის და მისი გამოყენება დროში ანალიზისთვის (სხვადასხვა წლის მონაცემის ერთმანეთთან შედარება) არასწორია. კიდევ უფრო არასწორია ნომინალური მშპ-ს დოლარში კონვერტირებული მაჩვენებელი, რომელიც გარდა ინფლაციისა, დამატებით სავალუტო რყევების გავლენას მოიცავს და რეალურ ტენდენციას ამახინჯებს. მოცემულ შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილის მიერ სწორედ ეს მაჩვენებელი გამოიყენება ანალიზისთვის, რომელიც არსებულ ალტერნატივებს შორის ყველაზე მცდარ სურათს აჩვენებს.

გრაფიკი 1: საქართველოს რეალური მშპ 2012-2021, მლრდ ლარი

წყარო: საქსტატი

გრაფიკ 1-ის მიხედვით საქართველოს რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი 2012-2021 წლებში დაახლოებით 36% გაიზარდა, თუ 2012 წელს მშპ-ს მოცულობა 30.4 მლრდ ლარი იყო, 2021 წლის პროგნოზით, მაჩვენებელმა 41.5 მლრდ ლარს მიაღწია. 2020 წელი, პანდემიიდან გამომდინარე, იყო ერთადერთი წელი 2012 წლის შემდგომ, როდესაც საქართველოს მშპ -6.8%-ით შემცირდა. რაც შეეხება დოლარში გამოსახულ ნომინალურ მშპ-ს, 2020 წელს დოლარში გამოსახული ნომინალური მშპ 15.8 მლრდ აშშ დოლარს შეადგენდა, ხოლო 2012 წელს, 16.5 მლრდ აშშ დოლარს. 2020 წლის მონაცემებით დოლარში გამოსახული ნომინალური მშპ მართლაც შემცირებულია. 2021 წლის მონაცემები ცნობილი არაა, თუმცა კურსთა შორის სხვაობისა და მაღალი ეკონომიკური ზრდის გათვალისწინებით მაინც შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ 2021 წლის ნომინალური მშპ დოლარში გაზრდილი იქნება.

მიუხედავად იმისა, რომ მესამე პრეზიდენტის განცხადებაში მტკიცება დოლარში გამოსახული მშპ-ს შემცირებასთან დაკავშირებით (2020 წლის მდგომარეობით), სიმართლეს შეესაბამება, თუმცა მშპ-ს დინამიკაზე მსჯელობა დოლარში გამოსახულ ნომინალურ მონაცემებზე დაყრდნობით შეცდომაში შემყვანია და რეალურ სურათს არ ასახავს. შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილის განცხადება ეკონომიკის შემცირებასთან დაკავშირებით არის მანიპულირება.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5363 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი