ბონდო თედორაძე: 2019-2020 წლებში ლევან ზოიძე იყო [ქობულეთის მუნიციპალიტეტის] მერის პირველი მოადგილე და უშუალოდ ფინანსურ ნაწილს განკარგავდა, ზუსტად იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომლებზეც საუბრობს აუდიტის დასკვნა. 7 მლნ ვერ გახარჯეს; ბენზინი არ დასტურდება, რომ მივლინებებში აქვთ გამოყენებული, დაახლოებით, 7 ტონა; სახელშეკრულებო ხელფასები გასცეს ისე, რომ დადასტურებული არ არის, ამ ადამიანებს რა ფუნქცია ეკუთვნით.

ვერდიქტი: ბონდო თედორაძის განცხადება არის სიმართლე.

რეზიუმე: სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში, რომელიც ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2019-2020 წლების საქმიანობას ეხება, ადგილობრივი ბიუჯეტიდან აუთვისებელი დარჩა 6 931 908 ლარი, რაც პროექტების დაგეგმვაში არსებულ ხარვეზებსა და საბიუჯეტო რესურსების არაეფექტიან მართვაზე მიუთითებს. ამავე პერიოდში, შრომის ანაზღაურების ფონდი გაზრდილია მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით. აუდიტის სამსახური წერს, რომ ფაქტობრივად ნამუშევარი დროის აღრიცხვის სისტემა არ ფუნქციონირებს, ხოლო შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებული პირები მუდმივი ამოცანების შესასრულებლად მიიღებოდნენ. მათ მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფუნქციებისა და მოვალეობების შესრულება დოკუმენტურად არ დასტურდება.

აუდიტის სამსახურმა დაადგინა, რომ მუნიციპალიტეტმა 2019-2020 წლებში, ჯამში 216 766 ლარის საწვავი აითვისა. აქედან 2016 766 ლარი მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხულ თოთხმეტ ერთეულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე გაიხარჯა, ხოლო საჯარო მოხელეების პირად საკუთრებაში არსებული ოცდაერთი ავტომობილის საწვავისთვის ბიუჯეტმა 18 431 ლარი გადაიხადა. გამოვლინდა თექვსმეტი შემთხვევა, როცა უფლებამოსილი პირები მივლინებაში არ იმყოფებოდნენ, თუმცა ავტომანქანა აჭარის ა/რ ფარგლებს გარეთ დაფიქსირდა. უფლებამოსილმა პირებმა კი ამის მიზეზი უწყებას ვერ განუმარტეს. ამდენად, ავტოპარკის მართვასთან დაკავშირებული რეგულაციის არარსებობის გამო, 19 560 ლარის საწვავის სამსახურებრივი დანიშნულებით ხარჯვა არ დასტურდება. თუ გავითვალისწინებთ, რომ 1 ლ საწვავის ფასი დაახლოებით, 2.34 ლარს შეადგენს, გამოვა, რომ მუნიციპალიტეტის მიერ 7 ტონაზე მეტი საწვავის გახარჯვის მართლზომიერება დოკუმენტურად დაუდასტურებელია.

2019-2020 წლებში ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერი მირიან ქათამაძე იყო და ინფრასტრუქტურული პროექტების შესყიდვის შესახებ კონტრაქტებზე მისი ხელმოწერაა. ლევან ზოიძე იმ პერიოდში მართლაც მერის პირველი მოადგილის პოზიციას იკავებდა და სატენდერო კომისიის შემადგენლობაში შედიოდა. ამდენად, ტენდერებთან დაკავშირებულ დოკუმენტაციაზე მას ხელი მოწერილი აქვს. აღნიშნულ ტენდერებთან დაკავშირებით აუდიტორებმა არაერთი ხარვეზი და შეუსაბამობა აღმოაჩინეს.

ანალიზი: ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ბონდო თედორაძემ განაცხადა: „2019-2020 წლებში ლევან ზოიძე იყო [ქობულეთის მუნიციპალიტეტის] მერის პირველი მოადგილე და უშუალოდ ფინანსურ ნაწილს განკარგავდა, ზუსტად იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომლებზეც საუბრობს აუდიტის დასკვნა, 7 მლნ ვერ გახარჯეს; ბენზინი არ დასტურდება, რომ მივლინებებში აქვთ გამოყენებული, დაახლოებით, 7 ტონა; სახელშეკრულებო ხელფასები გასცეს ისე, რომ დადასტურებული არ არის, ამ ადამიანებს რა ფუნქცია ეკუთვნით.

ლევან ზოიძე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის უკვე ყოფილმა მერმა მირიან ქათამაძემ, თავის პირველ მოადგილედ 2019 წლის თებერვალში დანიშნა. უკვე 2021 წლის ადგილობრივ არჩევნებში, ლევან ზოიძემ ადგილობრივი თვითმმართველობების არჩევნებში გაიმარჯვა და მუნიციპალიტეტის მერი გახდა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ქობულეთის მუნიციპალიტეტის საქმიანობის შესაბამისობის ანგარიში კი სწორედ 2019-2020 წლებს მოიცავს, როცა ის მერის პირველი მოადგილე იყო და ინფრასტრუქტურული პროექტების შესყიდვის მიზნით შექმნილ სატენდერო კომისიის შემადგენლობაში შედიოდა.

აუდიტორების ჯგუფმა დაადგინა, რომ მუნიციპალიტეტმა, 2019 წლის დეკემბრის მდგომარეობით, 3 587 031 ლარი ვერ აითვისა, ხოლო 2020 წლის დეკემბრის მდგომარეობით, გამოუყენებელი დარჩა 3 344 877 ლარი. საანგარიშო პერიოდში აუთვისებელი თანხის ჯამური მოცულობა 6 931 908 ლარს შეადგენს, რაც პროექტების დაგეგმვაში არსებულ ხარვეზებსა და საბიუჯეტო სახსრების არაეფექტიან ხარჯვაზე მიუთითებს.

ანგარიშის თანახმად, სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვის დროს, ბაზრის კვლევა, ძირითადად, არ ჩატარებულა, ან ფორმალურია და პოტენციური მიმწოდებლის გამოვლენისა და შემსყიდველი ორგანიზაციისთვის მისაღები ხელშეკრულების პირობების განსაზღვრას არ უზრუნველყოფს. კერძოდ: სოფელ ხუცუბნის ცენტრისა და ქალაქ ქობულეთში სკვერის კეთილმოწყობის სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში სამშენებლო ნორმები არასწორად იყო გაანგარიშებული, რაც შესაბამისმა პასუხისმგებელმა პირებმა ვერ აღმოაჩინეს. აუდიტორები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, ხელშეკრულებების ჯამური ღირებულება 70 831 ლარით უსაფუძვლოდ გაიზარდა. ხშირია, ასევე, სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებებში ცვლილებების შემთხვევები, რაც დაგეგმვის დროს ყველა გარემოების სათანადოდ შეუფასებლობის მიზეზია. ამ ცვლილებებით, ზოგ შემთხვევაში, იზრდება როგორც სამუშაოს მოცულობები, ისე - ღირებულებაც. კონკრეტულად კი საუბარია ქობულეთში ზღვისპირა პარკის, სკვერისა და თავისუფლების ქუჩაზე შესასვლელის მოწყობაზე, ასევე დაბა ჩაქვში გზაგამტარის მოწყობასა და ტერიტორიის მოწესრიგებაზე. ტენდერებში გამარჯვებულმა კომპანიებმა, შპს „ჯორჯიან სტოუნმა“ (ორი ტენდერი), შპს „ინშაათ საქართველომ“ და შპს „ახალმა გზამ“ სახელშეკრულებო ღირებულება ჯამში 46 427 ლარით გაზარდეს. აღნიშნულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ფაქტ-მეტრი გასულ წლებში წერდა. იხ სტატია 1; სტატია 2.

„ფაქტ-მეტრმა“ მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტში შრომის ანაზღაურების ზრდის შესახებაც დაწერა. აღნიშნულ გარემოებაზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურიც მიუთითებს. ანგარიშის თანახმად, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებაზე არსებულ ორგანიზაციებში 2019 წელს სახელფასო ხარჯებმა 8 323 191 ლარი შეადგინა, ხოლო 2020 წელს - 8 554 537 ლარი. ამასთანავე, 2019 წელს, 2018 წელთან შედარებით, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულთა ანაზღაურების საკასო შესრულება - 41.7%-ით, ხოლო 2020 წელს 54.6%-ით მეტია.

2018 წელთან შედარებით, 2019 წელს როგორც შტატით, ისე შრომითი ხელშეკრულებებით დასაქმებულთა სახელფასო ხარჯები მერიაშიც გაიზარდა. 2019 წელს ზრდამ 24.1% შეადგინა, ხოლო 2020 წელს, როცა პანდემია გავრცელდა და სახელმწიფო უწყებები მეტწილად მუშაობის ონლაინრეჟიმზე გადავიდნენ - 30.4%-ით მეტი. ანგარიშში ვკითხულობთ, რომ დასაქმებულთა სამუშაოზე გამოცხადების აღრიცხვა და შესრულებული სამუშაოს სხვა ფორმით დადასტურება ვერ ხერხდება. ამიტომ სახელფასო ხარჯის ზრდა დაუსაბუთებელია.

დაუსაბუთებელია ასევე საწვავის ხარჯიც. აუდიტის სამსახურმა დაადგინა, რომ მუნიციპალიტეტმა 2019-2020 წლებში, ჯამში 216 766 ლარის საწვავი აითვისა. აქედან 2016 766 ლარი მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხულ თოთხმეტ ერთეულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე გაიხარჯა, ხოლო საჯარო მოხელეების პირად საკუთრებაში არსებული ოცდაერთი ავტომობილის საწვავისთვის ბიუჯეტმა 18 431 ლარი გადაიხადა. ამასთანავე, გამოვლინდა თექვსმეტი შემთხვევა, როცა უფლებამოსილი პირები მივლინებაში არ იმყოფებოდნენ, თუმცა ავტომანქანა აჭარის ა/რ ფარგლებს გარეთ დაფიქსირდა. უფლებამოსილმა პირებმა კი ამის მიზეზი უწყებას ვერ განუმარტეს. ამდენად, ავტოპარკის მართვასთან დაკავშირებული რეგულაციის არარსებობის გამო, 19 560 ლარის საწვავის სამსახურებრივი დანიშნულებით ხარჯვა არ დასტურდება. თუ გავითვალისწინებთ, რომ 1 ლ საწვავის ფასი დაახლოებით, 2.34 ლარს შეადგენს, გამოვა, რომ მუნიციპალიტეტის მიერ 7 ტონაზე მეტი საწვავის გახარჯვის მართლზომიერება დოკუმენტურად დაუდასტურებელია.

ანგარიშში არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი მოხვდა. ქობულეთის მუნიციპალიტეტის ამჟამინდელი არჩეული მერი ლევან ზოიძე 2019-2020 წლებში მერის პირველი მოადგილის პოზიციას იკავებდა. არაერთ სატენდერო დოკუმენტზე მისი ხელმოწერაა. მაგალითად, გელაურის უბნის კეთილმოწყობის სამუშაოების ტენდერის ფარგლებში განხორციელებული პროექტის მიღება-ჩაბარების აქტს, სხვა პირებთან ერთად, ლევან ზოიძეც აწერს, რადგან ის კონტროლის ჯგუფის ხელმძღვანელი იყო. მან ასევე ჩაიბარა ქობულეთის ზღვისპირა პარკის მოწყობის სამუშაოებიც. ამ და სხვა პროექტების შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს არაერთი შენიშვნა აქვს და წერს, რომ სატენდერო პირობების შემუშავებასა და ტენდერში მონაწილე პრეტენდენტთა შერჩევასთან დაკავშირებით, მერიაში შიდა კონტროლის სისტემა ვერ უზრუნველყოფს სატენდერო პირობების ოპტიმალურ განსაზღვრასა და ობიექტურ შეფასებას. შედეგად, ოთხ შემთხვევაში, 9 553 900 ლარის ღირებულების სახელმწიფო შესყიდვაზე კონკურენციის შეზღუდვისა და პრეტენდენტთა არაერთგვაროვანი შეფასების ფაქტები ფიქსირდება. ამასთანავე, მერიის დაკვეთით შესრულებული 8 662 030 ლარის ღირებულების სხვადასხვა შესყიდვაში ხარვეზები გამოვლინდა, რაც არაჯეროვნად შესრულებულ სამუშაოებსა და ჩატარებულ ექსპერტიზაზე/ინსპექტირებაზე მიუთითებს. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნით, მონიტორინგის პროცესის არაეფექტიანობის გამო, საგარანტიო ვადებში ხარვეზების შეუმჩნევლობა, დამატებითი ხარჯების გაწევის რისკებს წარმოშობს.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშსა და ჩვენ მიერ შესწავლილ არგუმენტებზე დაყრდნობით, ბონდო თედორაძის განცხადება არის სიმართლე.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5366 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი