ირაკლი ზარქუა: რაც შეეხება ჯაფარიძეს, კონსტიტუცია გვაქვს და თუ ადამიანს მისჯილი აქვს, ეს შეუსაბამოა პარლამენტის წევრის სტატუსთან და აქედან გამომდინარე მიიღო უმრავლესობამ გადაწყვეტილება, რომ კონსტიტუციის შესაბამისად მოვიქცეთ

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი ზარქუას განცხადება არის მანიპულირება.

რეზიუმე: სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გამო, უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხთან დაკავშირებით პარლამენტს დისკრეციული უფლებამოსილება აქვს და მას სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, შეუძლია დეპუტატს უფლებამოსილება არ შეუწყვიტოს. აღნიშნულ მოსაზრებას თავად „ქართული ოცნების“ ლიდერებიც ეთანხმებიან. მეტიც, ირაკლი კობახიძის თქმით, თუ ბადრი ჯაფარიძე დანაშაულს აღიარებდა, მაშინ „ქართულ ოცნებას“ შეიძლება მისთვის უფლებამოსილება არც შეეწყვიტა.

რაც შეეხება, უშუალოდ ბადრი ჯაფარიძისთვის მანდატის შეწყვეტის მიზანშეწონილობის საკითხს, „დემოკრატიის ინდექსი - საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებული მოსაზრება, ასევე, აშშ-ის საელჩოსა და ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გაკეთებული განცხადებები პირდაპირი მიუთითებს, რომ არსებულ ვითარებაში პარლამენტს ბადრი ჯაფარიძისთვის უფლებამოსილება არ უნდა შეეწყვიტა. შესაბამისად, ირაკლი ზარქუას განცხადება მანიპულირებაა. მართალია, მოცემულ შემთხვევაში კონსტიტუცია იძლევა მანდატის შეწყვეტის ფორმალურ საფუძველს, თუმცა ეს არ გულისხმობს პარლამენტის მიერ მანდატის შეწყვეტის აუცილებლობას. მეტიც, ზემოხსენებული აქტორების განცხადებები და მოსაზრებები მოწმობს, რომ ბადრი ჯაფარიძის უფლებამოსილება შეწყვეტა არ იყო კონსტიტუციის დანაწესებით გამოწვეული აუცილებელი ქმედება და ამასთან, მანდატების შეწყვეტის გადაწყვეტილება არც პოლიტიკურად იყო მიზანშეწონილი.

ანალიზი:

2022 წლის 15 დეკემბერს საპარლამენტო უმრავლესობამ ბადრი ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიასა და შალვა ნათელაშვილს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება შეუწყვიტა. სანამ პლენარულ სხდომაზე პარლამენტი ამ საკითხს განიხილავდა, დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე ჟურნალისტებთან უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ ისაუბრა. ბადრი ჯაფარიძისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტასთან დაკავშირებით ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვეტილება კონსტიტუციის შესაბამისად მიიღო - „რაც შეეხება ჯაფარიძეს, კონსტიტუცია გვაქვს და თუ ადამიანს მისჯილი აქვს, ეს შეუსაბამოა პარლამენტის წევრის სტატუსთან და აქედან გამომდინარე მიიღო უმრავლესობამ გადაწყვეტილება, რომ კონსტიტუციის შესაბამისად მოვიქცეთ“.

„ფაქტ-მეტრი“ ირაკლი ზარქუას განცხადებით დაინტერესდა და ქვემოთ გთავაზობთ მოკლე მიმოხილვას რამდენად იმპერატიულია ირაკლი ზარქუას მიერ დასახელებული კონსტიტუციურ ნორმა და აქვს, თუ - არა პარლამენტს განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა.

საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-6 მუხლის მიხედვით, საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პარლამენტი. პარლამენტის წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ იგი:

ა) პარლამენტს მიმართავს პირადი განცხადებით უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ;

ბ) იკავებს სტატუსთან შეუთავსებელ თანამდებობას ან ეწევა შეუთავსებელ საქმიანობას;

გ) მორიგი სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით არ დაესწრო მორიგი სხდომების ნახევარზე მეტს;

დ) კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ;

ე) სასამართლოს გადაწყვეტილებით ცნობილია მხარდაჭერის მიმღებად და მოთავსებულია შესაბამის სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში, სასამართლომ აღიარა უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გამოაცხადა გარდაცვლილად;

ვ)გარდაიცვალა;

ზ)დაკარგავს საქართველოს მოქალაქეობას;

თ) ექვემდებარება უფლებამოსილების შეწყვეტას საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით.

პარლამენტის დადგენილების მიხედვით, სასამართლოს მიერ კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი, წარმოადგენდა ბადრი ჯაფარიძის უფლებამოსილების შეწყვეტის ფორმალურ-სამართლებრივ საფუძველს, რომელიც კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 ნაწილის „დ“ პუნქტით არის განსაზღვრული. ირაკლი ზარქუა განცხადებაში, სწორედ ამ საფუძველზე აპელირებს და შთაბეჭდილებას ქმნის, რომ პარლამენტს მანდატის შეწყვეტის გარდა, განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების დისკრეცია არ აქვს.

საპარლამენტო უფლებამოსილების შეწყვეტის ზემოაღნიშნული საფუძვლებიდან, ზოგიერთ შემთხვევაში, პარლამენტის მიერ დამატებით გადაწყვეტილების მიღება მართლაც ფორმალური ხასიათისაა. მაგალითად: გარდაცვალება ან უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე პარლამენტისთვის პირადი განცხადებით მიმართვა. ასეთ შემთხვევებში, საპარლამენტო უფლებამოსილების განხორციელება ფაქტობრივად შეუძლებელი ხდება, როგორი გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს პარლამენტმა. თუმცა, როდესაც საქმე სასამართლოს მიერ გამოტანილ და ძალაში შესულ გამამტყუნებელ განაჩენს ეხება, პარლამენტის მიერ გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ ფორმალური ხასიათის ვერ იქნება, გამომდინარე იქიდან, რომ პარლამენტის წევრი/წევრები სასამართლო გადაწყვეტილებას შეიძლება არ დაეთანხმონ, ან ასეთი გადაწყვეტილების მიღება პოლიტიკურად მიზანშეწონილი არ იყოს. სწორედ ამიტომ, პარლამენტს გააჩნია ინსტიტუციური თავდაცვის მექანიზმი, რომელიც ერთი მხრივ, პარლამენტის წევრის იმუნიტეტის არსებობაში, ხოლო მეორე მხრივ პარლამენტის მიერ უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გადაწყვეტილების მიღებისას მის დისკრეციულ უფლებამოსილებაში გამოიხატება.

დეპუტატისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში პარლამენტის დისკრეციის საკითხით „ფაქტ-მეტრი“ ადრეც დაინტერესდა და აღნიშნულთან დაკავშირებით, კითხვით თავისუფალი უნივერსიტეტის ლექტორს, კონსტიტუციონალისტს დავით ზედელაშვილს, მიმართა. მან ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ „როდესაც საქმე ეხება პარლამენტის წევრის იმუნიტეტის მოხსნას, პარლამენტს აქვს დისკრეცია, არ მოუხსნას თავის წევრს იმუნიტეტი. ეს ემსახურება იმას, რომ პარლამენტმა ინსტიტუციურად თავი დაიცვას აღმასრულებელი ან სასამართლო ხელისუფლების მიერ მისი წევრების პოლიტიკურად მოტივირებული დევნისგან“.

საყურადღებოა ისიც, რომ ირაკლი ზარქუასგან განსხვავებით, „ქართული ოცნების“ ლიდერები, თავად აღნიშნავენ, რომ ზემოხსენებული საფუძვლით უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხთან დაკავშირებით, პარლამენტის დისკრეციული უფლებამოსილება გააჩნია. 2022 წლის 16 თებერვალს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა, რომ პარლამენტს აქვს დისკრეცია, კერძოდ, უფლებამოსილების შეწყვეტის გადაწყვეტილება შედგება ფორმალურ-სამართლებრივი და პოლიტიკური ნაწილებისგან. მისი თქმით, მოცემულ შემთხვევაში, მანდატის შეწყვეტის ფორმალურ-სამართლებრივი საფუძველი არსებობდა, ამასთან, მმართველმა გუნდმა პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო. ასევე, მან აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ბადრი ჯაფარიძე დანაშაულს აღიარებდა, „ქართულ ოცნებას“ შეეძლო, განსხვავებული გადაწყვეტილება მიეღო.

პარლამენტის დისკრეციული უფლებამოსილების არსებობა თავისი განცხადებით მამუკა მდინარაძემაც დაადასტურა. 17 თებერვალს ბადრი ჯაფარიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებულ განცხადებაში მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ პარლამენტს აქვს დისკრეციული უფლებამოსილება და როგორ გამოიყენებს ამ უფლებამოსილებას არის პარლამენტის საქმე - „ ორი რამ უნდა იყოს საფუძველი: ერთი - სამართლებრივი და იცით, რომ კონსტიტუციაში პირდაპირ არის მითითებული, თუ ადამიანი დამნაშავედ არის ცნობილი, ეს არის მისი უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი. მეორეა პოლიტიკური მიზანშეწონილობა - ეს არის პარლამენტის გადასაწყვეტი. ანუ, ეს წარმოადგენს პარლამენტის დისკრეციას“.

პარლამენტის დისკრეციული უფლებამოსილების არსებობის საკითხთან ერთად, საყურადღებოა ისიც, თუ რამდენად მიზანშეწონილი იყო ბადრი ჯაფარიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა. 2022 წლის 21 იანვარს აღნიშნულთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაციამ, „დემოკრატიის ინდექსი - საქართველო“ პარლამენტს საკუთარი მოსაზრება წარუდგინა. „დემოკრატიის ინდექსი - საქართველოს“ მოსაზრებით, „პარლამენტის წევრის ბადრი ჯაფარიძისთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტა არ შეესაბამება ამ მექანიზმის არსებობის მიზანს, ზღუდავს ბადრი ჯაფარიძის კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებას, ასევე მისი, როგორც პარლამენტის წევრის მანდატის მდგრადობის და გაწვევის დაუშვებლობის კონსტიტუციურ დანაწესს. ამ ქმედებას არ აქვს გამართლება არც პარლამენტის რეპუტაციის ან ადამიანთა აქტიური საარჩევნო უფლების დაცვის მიზნებით. კერძოდ, მხოლოდ გამამტყუნებელი განაჩენის არსებობა თავისთავად არ წარმოადგენს პარლამენტის წევრისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველს. პარლამენტმა კონკრეტული გამამტყუნებელი განაჩენის შინაარსზე მსჯელობის და პარლამენტის წევრის უფლებებისა და ამომრჩეველთა ინტერესების დაბალანსების შედეგად უნდა გადაწყვიტოს პარლამენტის წევრისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი“.

არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, მოცემულ შემთხვევაში ამომრჩეველთა საარჩევნო უფლებების დაცვის არგუმენტით ბადრი ჯაფარიძისთვის მანდატი შეწყვეტა არ შეიძლებოდა, რადგან ბადრი ჯაფარიძე პარლამენტის წევრად იმ პირობებში აირჩიეს, როცა ამომრჩევლისთვის მის მიმართ მიმდინარე სისხლისსამართლებრივი დევნის შესახებ ცნობილი იყო.

ამასთან, „დემოკრატიის ინდექსი - საქართველო“ აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის დევნის ხანდაზმულობის გასვლა ბადრი ჯაფარიძის მიერ ჩადენილ ქმედებაზე ყოველგვარ პასუხისმგებლობას აქარწყლებს. აღნიშნულის არგუმენტად ორგანიზაცია 2009 წლის 13 მაისის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი, საქართველოს მოქალაქე ელგუჯა საბაური და რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ზვიად მანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, უთითებს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადის გასვლით ქმედება კარგავს შეფასებისუნარიანობის იმ თვისებას, რაც აუცილებელი იქნებოდა პირზე პასუხისმგებლობის დასაკისრებლად და მეორეც, სისხლისსამართლებირივი ქმედება, რომელიც დანაშაულად კვალიფიცირდება არა როგორც ფაქტობრივი სინამდვილის, არამედ როგორც იურიდიული სინამდვილის ფაქტი, კონკრეტული პირის მიმართ თვისობრიობას კარგავს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ხანდაზმულობის გასვლის შემდეგ, კონკრეტული დანაშაულის შემადგენლობა პირისთვის პასუხისმგებლობის დამკისრებელი გარემოება აღარ უნდა იყოს. ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, პასუხისმგებლობის ტერმინი ფართოდ განიმარტება და მასში ნებისმიერი სახის იურიდიული პასუხისმგებლობა იგულისხმება. საკონსტიტუციო სასამართლოს, ზემოხსენებული განმარტებების საფუძველზე, „დემოკრატიის ინდექსი - საქართველო“ აღნიშნავს, რომ „პასუხისმგებლობის ფართო განმარტება, მოიაზრებს არა მხოლოდ სასჯელის დაკისრებას, არამედ ნებისმიერ გარემოებას, რომელიც რაიმე მხრივ პირის მდგომარეობას იურიდიულად აუარესებს. შესაბამისად, აღნიშნულში შეიძლება პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა, როგორც დანაშაულისთვის პასუხისმგებლობის ნაწილიც მოიაზრებოდეს“.

16 თებერვალს 3 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის მანდატის შეწყვეტის საკითხს ევროკავშირის ელჩის საქართველოში, კარლ ჰარცელი გამოეხმაურა. „რაც შეეხება გადაწყვეტილებას რამდენიმე ოპოზიციური მანდატის შეწყვეტის თაობაზე, გუშინდელი პოლიტიკური არჩევანი გაკეთდა იმ პრინციპების საფუძველზე, რომელთა განხილვას არ დავიწყებ, თუმცა, შესაძლოა, ეს არჩევანი პარლამენტში პოლიტიკური ინკლუზიურობისა და დემოკრატიული პლურალიზმის ხარჯზე მოხდა. ევროკავშირი კვლავ მოუწოდებს ყველა მხარეს, გამოიყენონ პარლამენტი, როგორც მთავარი პლატფორმა პოლიტიკური დებატებისთვის და პოლიტიკური მიზნების წინ წასაწევად“, - განაცხადა მან.

17 თებერვალს ბადრი ჯაფარიძისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, რაიან ჰარისი გამოეხმაურა. გავრცელებული განცხადების მიხედვით, „ბადრი ჯაფარიძის მანდატის ნაჩქარევად შეწყვეტა გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე ისეთი დანაშაულისთვის, რომელზეც გასული იყო სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა, წარმოშობს კანონის უზენაესობისადმი კითხვის ნიშნებს, ასუსტებს პარლამენტს და ეწინააღმდეგება „ქართული ოცნების” გაცხადებულ მიზანს, პარლამენტში პოლარიზაციის შემცირებასთან დაკავშირებით“.

საბოლოო ჯამში, ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ირაკლი ზარქუას განცხადება არის ფაქტებით მანიპულირება. იგი ყურადღებას მხოლოდ უფლებამოსილების შეწყვეტის ფორმალურ-სამართლებრივ საფუძველზე ამახვილებს და განცხადებით შთაბეჭდილებას ქმნის, რომ მოცემულ შემთხვევაში პარლამენტის მიერ, მხოლოდ ფორმალური გადაწყვეტილების მიღება იყო შესაძლებელი. როგორც, ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გამო, უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხთან დაკავშირებით, პარლამენტს აქვს დისკრეციული უფლებამოსილება და მას სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, შეუძლია დეპუტატს უფლებამოსილება არ შეუწყვიტოს. აღნიშნულ მოსაზრებას თავად „ქართული ოცნების“ ლიდერებიც ეთანხმებიან. მეტიც, ირაკლი კობახიძის თქმით, თუ ბადრი ჯაფარიძე დანაშაულს აღიარებდა, მაშინ „ქართულ ოცნებას“ შეიძლება არც შეეწყვიტა მისთვის უფლებამოსილება.

რაც შეეხება, უშუალოდ ბადრი ჯაფარიძისთვის მანდატის შეწყვეტის მიზანშეწონილობის საკითხს, „დემოკრატიის ინდექსი - საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებული მოსაზრება, ასევე, აშშ-ის საელჩოსა და ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გაკეთებული განცხადებები პირდაპირი მიუთითებს, რომ არსებულ ვითარებაში პარლამენტს ბადრი ჯაფარიძისთვის უფლებამოსილება არ უნდა შეეწყვიტა.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5364 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი