ილდარ ნევეროვი - რუსეთის ბიზნესომბუდსმენია ეკოლოგიისა და წარმოების მიმართულებით და საქართველოში მის კომპანიას 3 მილიონზე მეტი ღირებულების ტენდერები აქვს მოგებული.

აჭარის ა/რ ტერიტორიაზე არსებულ მუნიციპალიტეტებში, უკვე მრავალი წელია, რაც მაწანწალა ცხოველების გაუვნებლების, პოპულაციის რეგულირების, ასევე ნაგავსაყრელის ექსპლუატაციისა და სანიტარული მომსახურებისთვის გამოცხადებულ სახელმწიფო შესყიდვებში შპს „СЕВЕР“-ი იმარჯვებს. კომპანია, თითქმის ყოველთვის, ტენდერების ერთადერთი მონაწილეა.

შპს „СЕВЕР“-ი საქართველოში რეგისტრირებულია 2011 წელს. სწორედ იმ პერიოდიდან მოქმედებს ბათუმში ცხოველთა თავშესაფარი „აიბოლიტი“. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ბოლო ამონაწერის თანახმად, კომპანიის დირექტორია ესტონეთის მოქალაქე გუნნარ ალიასი, ხოლო მთლიანი წილის 60%-ს რუსეთი მოქალაქეები ანდრეი ბალაშოვი და ილდარ ნევეროვი მართავენ (თითოეული 30-30%-ს). დანარჩენი წილი უკრაინის მოქალაქეს კირილო ნოვაკსა (10%) და ესტონეთის მოქალაქე გუნნარ ალიასს (30%) ეკუთვნით.

„აიბოლიტის“ ვებგვერდზე ილდარ ნევეროვის შესახებ ვკითხულობთ, რომ მან თავშესაფრის გახსნა იმ დროს გადაწყვიტა, როცა ბათუმში შვებულებას ატარებდა. მასზე ინტერნეტში არაერთი რუსული წყაროს მიერ გავრცელებული ინფორმაცია იძებნება. მაგალითად, ერთ-ერთი წყარო გვატყობინებს, რომ 2017 წელს, „Деловая Россия“-ს გენერალური საბჭოს პრეზიდიუმის წევრმა, ეკოლოგიური საკითხების კომიტეტის ხელმძღვანელმა ილდარ ნევეროვმა, აჭარაში მოქმედი ცხოველთა თავშესაფრის ფინანსური მხარდაჭერისთვის, რუსეთის ბიზნესმენთა კავშირის გენერალური საბჭოს წევრს, დავით იაკობაშვილს, მადლობა გადაუხადა. შეგახსენებთ, რომ იაკობაშვილი რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენია. საქართველოში მისი ბიზნესინტერესები უკავშირდება როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, ისე - „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდს. ამის შესახებ იხილეთ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ კვლევა.

„ფაქტ-მეტრის“ მიერ მოძიებული ინფორმაციით, ილდარ ნევეროვი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის წარმომადგენელია მეწარმეთა უფლებების დაცვის საკითხებში და ასევე ბიზნესომბუდსმენი ეკოლოგიური საკითხების მიმართულებით.

ნევეროვისა და ბალაშოვის სახელზე საქართველოში კიდევ ერთი კომპანიაა რეგისტრირებული - შპს TYOR, თუმცა მისი საქმიანობის შესახებ ინტერნეტში ინფორმაცია არ იძებნება.

რაც შეეხება შპს „СЕВЕР“-ს, აჭარის მუნიციპალიტეტების მიერ შესყიდული მომსახურებისთვის, 2014 წლიდან დღემდე, კომპანიას 3,491,000 ლარზე მეტი უკვე ჩაერიცხა. 2022 წელს გაფორმებული ხელშეკრულებების მთლიანი ღირებულებების გადახდის შემთხვევაში, კომპანიისთვის გადახდილი თანხის მოცულობა 3,800,000 ლარზე მეტი იქნება. ამასთანავე, შემსყიდველმა ორგანიზაციებმა შპს „СЕВЕР“-თან 132,000 ლარამდე ჯამური ღირებულების ხელშეკრულებები გამარტივებული შესყიდვით გააფორმეს.

აღნიშნულ პერიოდში კომპანიასთან სამოცი ხელშეკრულება გაფორმდა. აქედან კონკურენტი მხოლოდ შვიდ ტენდერში ჰყავდა, თუმცა ერთი შესყიდვის გარდა, ყველა დანარჩენში კონტრაქტი დაბალი ფასით მონაწილე პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის შედეგად მიიღო.

„СЕВЕР“ მხოლოდ სამ ტენდერში დამარცხდა: 2014 წელს ბათუმის მერიის მიერ გამოცხადებულ 100,000-ლარიან ტენდერში; 2021 წელს ხელვაჩაურის გამწვანების, დასუფთავებისა და კომუნალური მომსახურების სამსახურის მიერ გამოცხადებულ ტენდერში, რომლის სავარაუდო ღირებულება იყო 20,000 ლარი და ამავე სამსახურის მიერ 2022 წლის იანვარში გამოცხადებულ, ასევე 20,000 ლარის სავარაუდო ღირებულების ტენდერში. [1]

აღსანიშნავია, რომ თითქმის ყველა შემთხვევაში, ხელშეკრულების ღირებულება შესყიდვის სავარაუდო ღირებულების ტოლია, ან გაიაფებულია უმნიშვნელოდ, ზოგჯერ, მხოლოდ რამდენიმე თეთრით.

ჩვენ არ მიგვაჩნია, რომ მიუსაფარი ცხოველების მოვლა-პატრონობის, მათი პოპულაციის რეგულირებისთვის, ასევე ნაგავსაყრელის ექსპლუატაციისა და სანიტარული მომსახურებისთვის 2014 წლიდან დღემდე კომპანიისთვის გადახდილი თანხის მოცულობა დიდია. აღნიშნული მომსახურება გაცილებით ძვირიც ღირს. ჩვენი ყურადღება კომპანიის ერთ-ერთი მფლობელის, ნევეროვის რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებასთან კავშირმა მიიქცია, რაც საქართველოში მის საქმიანობასთან მიმართებით, გარკვეულ კითხვებს აჩენს.

ბათუმისა და სხვა მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე მიუსაფარი ცხოველების საკითხი კი მოუგვარებელ პრობლემად რჩება და უფრო მეტიც, თუ უკმაყოფილო ბათუმელებსა და ტურისტებს დავუჯერებთ, გამწვავდა კიდეც. არსებულ პრობლემაზე ხშირად მიუთითებენ მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები. თუმცა ამ მიმართულებით გარკვეული ნაბიჯი უკვე გადაიდგა: 2020 წლის ბოლოს ქალაქის მერმა ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობა დააანონსა, ხოლო 2021 წლის 16 ნოემბერს, ტენდერში გამარჯვებულ შპს „საბა კონსტრაქშენთან“, 12,788,480-ლარიანი ხელშეკრულება გაფორმდა. სამუშაოები 2024 წლის 10 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში უნდა დასრულდეს.

[1] კომპანიის მიერ მოგებული ტენდერებისა და სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ინფორმაცია იხილეთ დანართში.


მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი