რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის წინააღმდეგ 24 თებერვალს დაწყებულმა სამხედრო აგრესიამ რუსეთის ერთგვარ ეკონომიკურ ბლოკადაში მოქცევის საკითხი დღის წესრიგში კიდევ ერთხელ დააყენა. განსხვავებით წარსული შემთხვევებისა, მიმდინარე პერიოდში ამოქმედებული შეზღუდვები გაცილებით მრავალფეროვანი და მკაცრია, განსაკუთრებით ფინანსური სექტორის ნაწილში. ქმედებები, როგორიც SWIFT-იდან ცალკეული რუსული ბანკების გათიშვა და რუსეთის ცენტრალური ბანკის საერთაშორისო რეზერვების გაყინვაა, უპრეცედენტო სიმკაცრის ღონისძიებებია, რამაც რუსეთის ფედერაცია პრაქტიკულად დეფოლტის წინა მდგომარეობამდე მიიყვანა.

თუმცა, ასეთი მკაცრი ზოგადი მიდგომის ფონზეც, უშუალოდ რუსული ეკონომიკის ძირითად არტერიაზე, ენერგომატარებლებით ვაჭრობაზე მიმართული ღონისძიებები შეზღუდული რჩება. ამ ეტაპზე, დასავლეთის ერთიანი პასუხი ამ მიმართულებით გაზსადენ „ნორდსტრიმ 2“-ის პროექტის განხორციელების შეჩერებაში გამოიხატა. თუმცა „ნორდსტრიმ 2“ ჯერ ექსპლუატაციაში შეუსვლელი გაზსადენია, რომლის შეჩერებაზე გადაწყვეტილება უშუალოდ დღეს ევროპის ენერგოდამოკიდებულების ხარისხზე გავლენას არ ახდენს. მყისიერი ეფექტის მქონე სხვა ერთიანი გადაწყვეტილება ენერგეტიკის მიმართულებით ამ დროისათვის ვერ იქნა კოორდინირებული და შეზღუდვები ინდივიდუალურად მხოლოდ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა დააწესეს [1]. ტრადიციულად, რუსულ ენერგოსექტორზე სანქციების დაწესების ერთ-ერთი მთავარი მოწინააღმდეგე გერმანიაა, რომელიც რუსულ ენერგომატარებლებზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული და ზიანი, რასაც სანქციის დაწესებით მიიღებს, არსებითია.

რამდენად არის დამოკიდებული გერმანია რუსულ ენერგომატარებლებზე და მოკლე ვადაში ჩანაცვლება შეუძლია, თუ - არა?!

როგორც ცხრილიდან ჩანს, გერმანიის მიერ მოხმარებული ენერგიის მთლიან მოცულობაში 30% რუსულ რესურსზე მოდის, რაც არსებითად მაღალი მონაცემია. ენერგიის ცალკეული წყაროების ჭრილში კი განსაკუთრებულად მაღალი რუსულ ბუნებრივ აირზე დამოკიდებულებაა. გერმანიაში მოხმარებული ბუნებრივი აირის 55% - 2020 წლის მდგომარეობით, რუსეთიდან იყო იმპორტირებული.

ცხრილი 1. გერმანიაში მოხმარებული ენერგიის სტრუქტურა

წყარო: ECONtribute Policy Brief No. 028

გარდა იმისა, რომ რუსული გაზი გერმანიის მიერ მოხმარებული ბუნებრივი აირის ნახევარზე მეტია, ამავდროულად მთლიანი ენერგომოხმარების (გაზი, ნავთობი და სხვა ენერგია ჯამში) 15%-მდეა, რაც ასევე ძალიან მაღალი მაჩვენებელია.

რაც შეეხება რუსული ენერგიის მოკლევადიან პერიოდში ჩანაცვლების შესაძლებლობას, ნავთობისა და ნახშირის შემთხვევაში, აღნიშნული ნაკლებ პრობლემას წარმოადგენს მიმწოდებლებისა და მიწოდების გზების (ტრანსპორტირება) დივერსიფიცირებულებიდან გამომდინარე. შესაბამისად, ამ კომპონენტში არსებითი სირთულეები მოსალოდნელი ნაკლებადაა. განსხვავებული ვითარებაა ბუნებრივი აირის შემთხვევაში, რომლის მიწოდების გზები (გაზსადენების ქსელი), ნაკლებად დივერსიფიცირებულია და არც მოკლევადიან პერიოდში გადაწყობას ექვემდებარება. სხვა ქვეყნებიდან ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობების მიღების ან/და გათხევადებული აირის იმპორტის გაზრდის შესაძლებლობაც ლიმიტირებულია ფიზიკური ჭერით და სრული ჩანაცვლების მიღწევა გართულებულია ჩასანაცვლებელი რესურსის დიდი მოცულობის გათვალისწინებით.

2021 წელს ევროკავშირმა ჯამში 155 მლრდ კუბ.მ რუსული ბუნებრივი აირი მოიხმარა. ენერგეტიკის საერთაშორისო ასოციაციის (EIA) შეფასებით, მთლიანად ევროკავშირში ალჟირიდან, ნორვეგიიდან და აზერბაიჯანიდან იმპორტის ზრდით (ჯამში ზრდა 10 მლრდ კუბ.მ-ით), ასევე გათხევადებული აირის იმპორტის ზრდით (ზრდა 60 მლრდ. კუბ.მ-ით) შესაძლებელია რუსული გაზის ნაწილის კომპენსირება, დანარჩენი დეფიციტი კი ალტერნატიულ წყაროებზე გადართვით უნდა დაკომპენსირდეს. თუმცა აღსანიშნავია, რომ რუსული გაზის საკონტრაქტო ფასი გაცილებით (რამდენჯერმე) დაბალია, მსოფლიო ბაზრის ფასთან შედარებით, რაც ჩანაცვლების შემთხვევაში ბუნებრივია რესურსის გაძვირებას გამოიწვევს.

უშუალოდ გერმანიას კი, რუსულ გაზზე უარის თქმის შემთხვევაში, გაზის ფიზიკური დეფიციტის აღმოსაფხვრელად კომბინირებული მიდგომების გამოყენება მოუწევს. კერძოდ, არსებული შეფასებით - 2020 წელთან შედარებით, რუსული გაზის წილი დღეის მდგომარეობით, 5 პროცენტული პუნქტით - 50%-მდე უკვე შემცირებულია. ასევე არსებობს ზოგადი კონსენსუსი, რომ გერმანიას შეუძლია ელექტროენერგიის საწარმოებლად გამოყენებული ბუნებრივი აირი (თბოსადგურები) ჩაანაცვლოს ნახშირით. ამ მიზნით შესაძლებელია ატომური ელექტროსადგურების გამოყენებაც [2], მაგრამ ნახშირზე დამუშავებით ელექტროენერგიის წარმოების სარეზერვო რესურსის არსებობიდან გამომდინარე, ეს საკითხი დღის წესრიგის მნიშვნელოვანი მდგენელი არ არის. აღნიშნული რესურსის გამოთავისუფლება დამატებით 20 პროცენტული პუნქტით შეამცირებს დეფიციტს. შედეგად რჩება ბუნებრივი აირის 30%-იანი დეფიციტი, რომლის დასაკომპენსირებლად დამატებითი ღონისძიებების გატარება გახდება საჭირო. ამ მიზნით ადგილობრივი ინდუსტრია, საყოფაცხოვრებო მომხმარებლები და მომსახურების სფერო ნაწილობრივ უნდა გადაერთოს განსხვავებული ენერგიის წყაროს გამოყენებაზე, სახელმწიფოს მიერ შესაბამისი სტიმულების ფორმირებით. აქვე აღსანიშნავია, რომ ჩანაცვლების შესაძლებლობა ყველა სექტორისათვის იდენტური არ არის. მაგალითად, საყოფაცხოვრებო მომხმარებლებსა და სერვისის მიმწოდებლებს ვინც ბუნებრივ აირს გასათბობად იყენებს, მისი ენერგიის სხვა წყაროთი (მაგ. ელექტრო) ჩანაცვლება შეუძლიათ, თუმცა ქიმიური მრეწველობა, რომელიც ბუნებრივ აირს როგორც მასალას/ნედლეულს იყენებს, მას ალტერნატივით ვერ ჩაანაცვლებს. დეფიციტის შევსების ერთ-ერთ გზად ასევე განიხილება გაზსაცავების სრულად შევსება წლის თბილ პერიოდში (როცა გასათბობად გაზის გამოყენება მცირეა) და ამ რეზერვის წლის ცივ პერიოდში გამოყენება. საბოლოო ჯამში მიიჩნევა, რომ შესაბამისი მცდელობების პირობებში, ფიზიკური დეფიციტის კომპენსირება შესაძლებელია, თუმცა ამ კომპენსირებას აქვს თავისი „ფასი“ იმ ზიანის სახით, რაც გერმანიის ეკონომიკას მიადგება.

რა ეკონომიკურ ზიანს მიიღებს გერმანია რუსული გაზის ჩანაცვლების პირობებში?

ნებისმიერი სანქციის დაწესებას აქვს ორმხრივი ეკონომიკური ეფექტი და ზიანს იღებს როგორც ქვეყანა, რომელსაც უწესებენ სანქციას, ასევე სანქციის დამწესებელიც. ნებისმიერი აქტორი გადაწყვეტილებას იღებს სწორედ მოსალოდნელი შედეგის (მაგ. რუსეთის ეკონომიკური დასუსტება) და გადასახდელი „ფასის“ (სანქციის დაწესებით გამოწვეული ზიანი სანქციის დამწესებლისათვის) ერთმანეთთან შედარებით. შესაძლო ეფექტის აბსოლუტური სიზუსტით განსაზღვრა ბუნებრივია, შეუძლებელია, მრავალი გავლენის მატარებელი ფაქტორიდან გამომდინარე, რომელთა ზუსტად შეფასება და სრულფასოვნად გათვალისწინება შეუძლებელია. თუმცა არსებობს მეცნიერული მიდგომები, რომლებიც პროგნოზირების შესაძლებლობას იძლევიან. რუსული გაზის იმპორტის შეზღუდვის გერმანიის ეკონომიკაზე გავლენის ეფექტი ბონისა და კიოლნის უნივერსიტეტების ერთობლივი ინიციატივით შექმნილმა ორგანიზაციამ „ECONtribute: Markets & Public Policy“-მ შეაფასა. 2022 წლის მარტში გამოქვეყნებული ნაშრომის შესაბამისად, რუსული ენერგომატარებლების იმპორტის სრულად შეზღუდვის შემთხვევაში გერმანიის ეკონომიკა (მშპ) 0.5%-3%-ის ფარგლებში შემცირდება, ენერგომატარებლებზე ფასის არსებითი ზრდის თანხლებით. საბოლოო ჯამში, კვლევის თანახმად, რუსულ ენერგომატარებლებზე უარის თქმით გამოწვეული ნეგატიური ეფექტი არსებითია, თუმცა გამკლავებადი.

აქვე გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების ნეგატიური ეფექტი გარანტირებულად მტკივნეულად იქნება აღქმული საზოგადოების მხრიდან (მაგ. გაზრდილი ტარიფი, ბირთვულ ენერგიასთან და ნახშირის გადამუშავების ზრდასთან დაკავშირებული გარემოსდაცვითი საკითხები). მათ შორის, გამოიწვევს ადგილობრივად წარმოებული ენერგოტევადი დარგების პროდუქციის გარკვეული ვადით იმპორტით ჩანაცვლების აუცილებლობას. ამავდროულად, რუსული ენერგიის აკრძალვა, საკუთარ თავში ხელისუფლების მხრიდან არსებით რისკებზე წასვლასა და ნეგატიური ეფექტების განეიტრალებისათვის განსახორციელებელი კომპლექსური მოქმედებების მთელ რიგს მოიცავს.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, გერმანიის მიერ რუსული ენერგიის იმპორტის აკრძალვაზე გადაწყვეტილების მიღების ალბათობა პრაქტიკულად არ არსებობს და თუ მაინც იქნება მიღებული მსგავსი გადაწყვეტილება, მხოლოდ მას შემდეგ, რაც ყველა ალტერნატიული გზა, მათ შორის - პოლიტიკურად თუ მორალურად სადაო, ამოიწურება.

[1] აშშ-სგან განსხვავებით, ბრიტანეთი მხოლოდ ნავთობის იმპორტზე იტყვის უარს და როგორც ჩანს არა მყისიერად, არამედ ეტაპობრივად - 2022 წლის ბოლომდე. გაზის შემთხვევაში კი ბრიტანეთი განიხილავს რუსული გაზის სრულად ჩანაცვლებას, რაზეც უახლოეს პერიოდში პრემიერ-მინისტრ ჯონსონის განცხადებაა მოსალოდნელი.

[2] აღნიშნული წინააღმდეგობაში მოდის გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ზოგად მიდგომასთან, რომლის შესაბამისადაც ქვეყნის ტერიტორიაზე ატომური რეაქტორების გაჩერება იყო დაგეგმილი.


მსგავსი სიახლეები

5451 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი