გიგი უგულავა: საპენსიო ფონდის ფულით სუსი შკოდებს ყიდულობს

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, გიგი უგულავას განცხადება არის ყალბი ამბავი

რეზიუმე:

დღეისთვის, საპენსიო სააგენტოს ოფიციალური მონაცემებით, ფონდის დანაზოგმა ჯამურად 2.1 მლრდ ლარი შეადგინა. აქედან 280 მილიონი ლარი საინვესტიციო საქმიანობით არის გამომუშავებული, ხოლო დანარჩენი ხალხის მიერ დაზოგილი თანხა გახლავთ.

გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ამ დროისათვის არსებული დანაზოგები განთავსებულია საქართველოში მოქმედ თითქმის ყველა კომერციულ ბანკში სადეპოზიტო სერტიფიკატებში ან ვადიან ანაბრებში. ქართულ კომერციულ ბანკებს თავის მხრივ დარგის ზედამხედველი ეროვნული ბანკი აკონტროლებს, მეტიც, საქართველოში მოქმედი სიდიდით პირველი ორი ბანკის აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე არის განთავსებული, სადაც ზედამხედველობის და გამჭვირვალობის ხარისხი კიდევ უფრო დიდია. შესაბამისად, მტკიცება იმის შესახებ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საპენსიო ფონდის დანაზოგებით კომპანია შკოდას მანქანებს ყიდულობს არის ყალბი ამბავი.

ანალიზი

თბილისის ყოფილმა მერმა ეკა კვესიტაძის გადაცემაში საპენსიო ფონდთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა:

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (სუსი) საპენსიო ფონდის ფულით შკოდებს ყიდულობს“.

„ფაქტ-მეტრი“ საკითხის დასაზუსტებლად გიგი უგულავას დაუკავშირდა, თუმცა არაერთი მცდელობის მიუხედავად, თბილისის ყოფილი მერისგან პასუხი ვერ მიიღო.

საქართველოში საპენსიო ფონდის რეფორმა 2019 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა. რეფორმა ფინანსური დანაზოგების შექმნას ისახავს მიზნად და მასში მონაწილეობა 40-წლამდე დასაქმებულებისთვის სავალდებულოა, ხოლო 40 წლის ზემოთ დასაქმებულებისთვის - ნებაყოფლობითი.

საპენსიო დანაზოგების მუშაობის პრინციპი შემდეგნაირად გამოიყურება: დასაქმებული, დამსაქმებელი და სახელმწიფო, ხელფასის 2%-ს საპენსიო ფონდში რიცხავენ. საერთო ჯამში, თითოეული დასაქმებული ხელფასის 6%-ს ზოგავს. რეფორმის ფარგლებში ადამიანები თავიანთი დანაზოგების გამოყენებას საპენსიო ასაკის მიღწევისთანავე შეძლებენ.

მას შემდეგ, რაც კანონის ამოქმედებიდან 5 წელი გავა, მოქალაქეებს საპენსიო სისტემასთან მიმართებით კიდევ ერთი არჩევანის გაკეთების უფლება მიეცემათ - ეს საპენსიო ანგარიშზე არსებული თანხების ინვესტირების რისკიანობის დონის განსაზღვრაა. კანონის მიხედვით, საპენსიო სააგენტო მოქალაქეებს სამ განსხვავებულ საინვესტიციო პორტფელს წარუდგენს, ესენია - ნაკლებრისკიანი, საშუალორისკიანი და მაღალრისკიანი საინვესტიციო პორტფელები. თითოეულ ამ პორტფელს განსხვავებული საინვესტიციო შემადგენლობა ექნება (ფასიან ქაღალდებს, უცხოური ვალუტის ინსტრუმენტებსა და დეპოზიტებს შორის განსხვავებული თანაფარდობების სახით), აქედან გამომდინარე, განსხვავებული იქნება თითოეული ამ პორტფელის საშუალო საპროცენტო სარგებელიც.

დღეისთვის დანაზოგების 63% სადეპოზიტო სერტიფიკატებშია ინვესტირებული, 36% სარგებლიან ანგარიშებზე, ხოლო 1% კი ვადიან ანაბრებზე. ყველა ეს თანხა ქართულ ბანკებშია გადანაწილებული.

საპენსიო სააგენტოს ოფიციალური მონაცემებით ამ დროისთვის დანაზოგმა ჯამურად 2.1 მლრდ ლარი შეადგინა. აქედან 280 მილიონი ლარი საინვესტიციო საქმიანობით არის გამომუშავებული, ხოლო დანარჩენი ხალხის მიერ დაზოგილი თანხა გახლავთ.

გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ არსებული დანაზოგები საქართველოში მოქმედ თითქმის ყველა კომერციულ ბანკშია განთავსებული, სადაც სარგებელი ერიცხება სადეპოზიტო სერტიფიკატებს და ვადიან ანაბრებს. ქართულ კომერციულ ბანკებს თავის მხრივ დარგის ზედამხედველი ეროვნული ბანკი აკონტროლებს, რომელიც ძალიან მკაცრად არეგულირებს თითოეულ ფინანსურ ინსტიტუტს, მეტიც, საქართველოში მოქმედი სიდიდით პირველი ორი ბანკის აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე არის განთავსებული, სადაც ზედამხედველობის და გამჭვირვალობის ხარისხი კიდევ უფრო დიდია. შესაბამისად, მიუხედავად მიზნობრიობისა, ტექნიკურადაც შეუძლებელია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა კომერციულ ბანკებში განთავსებული თანხები გამოიყენოს, მით უფრო შეუძლებელია, შკოდას ტიპის მანქანები შეიძინოს.

აქედან გამომდინარე, თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას განცხადება იმის შესახებ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (სუსი) შკოდას მანქანებს საპენსიო ფონდის დანაზოგებით ყიდულობს, ყალბ ამბავს წარმოადგენს.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5663 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია