2022 წლის 13 მარტს პრორუსულმა ტელევიზია „ალტ-ინფომ“ რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით მორიგი დეზინფორმაცია გაავრცელა (ბმული 1, ბმული 2). გადაცემაში -„განსხვავებული აზრი“ - ტრისტან წითელაშვილმა, რომელიც 2008 წლის ომის დროს რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით იყო დაკავებული, რამაზ გაგნიძემ - საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული მისიის“ ლიდერმა და გადაცემის წამყვანმა, ზაზა დავითაიამ, უკრაინაში მიმდინარე ომზე ისაუბრეს და არაერთი კრემლისტური დეზინფორმაცია გააჟღერეს.

მტკიცება #1: უკრაინელები საერთაშორისო დანაშაულს სჩადიან, როცა მშვიდობიან მოსახლეობას ფარად იყენებენ

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

ტრისტან წითელაშვილი ირწმუნება, რომ უკრაინაში კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებს არა რუსები, არამედ უკრაინელები სჩადიან. მისი თქმით, უკრაინელი ჯარისკაცები ფარად იყენებენ მშვიდობიან მოსახლეობას, რათა დიდი მსხვერპლი მიიღონ და რუსები გენოციდში დაადანაშაულონ. წითელაშვილი ამბობს, რომ აღნიშნული სტრატეგია ამერიკული ხელწერაა.

სინამდვილეში, მტკიცება, რომ უკრაინელი ჯარისკაცები მოსახლეობას ცოცხალ ფარად იყენებს, ერთ-ერთ გავრცელებულ მცდარ რუსულ ნარატივს წარმოადენს, რომელსაც რუსეთის სახელმწიფო ავრცელებს და სიმართლეს არ შეესაბამება. აღნიშნული მტკიცება მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც ქალაქ მარიუპოლს რუსი ოკუპანტები ბლოკადაში აქცევდნენ, კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავდნენ და ქალაქში საკვების შეტანას ხელს უშლიდნენ. ამ სიტუაციაში პრორუსული წყაროები ბრალს უკრაინელ ჯარისკაცებს სდებდნენ და აცხადებდნენ, რომ მშვიდობიან მოსახლეობას ქალაქიდან არ უშვებდნენ და მათ ცოცხალ ფარად იყენებდნენ. აღნიშნული ყალბი ინფორმაცია რუსეთის ფედერაციის მედიის უმეტესობამ, ასევე ნაკლებად ცნობილმა ონლაინ სააგენტოებმაც გაავრცელეს: sm.news, Channel One, Arguments of the Week, Vzglyad, Moscow Komsomolets, TASS.

მარიუპოლში არსებულ მდგომარეობაზე აცხადებდნენ, რომ „აზოვის“ ბატალიონი და „მარჯვენა სექტორი“, ქალაქიდან სამოქალაქო პირებს არ ათავისუფლებდნენ. რეალურად, ქალაქ მარიუპოლის დაცვაში მონაწილეობას „აზოვის“ ბატალიონი და „მემარჯვენე სექტორი“ საერთოდ არ იღებდნენ. ამასთან, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ თავად რუსი ჯარისკაცების მხრიდან იბომბებოდა ისეთი სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, როგორებიცაა: საავადმყოფოები, სახლები და სკოლები. მაგალითად, 2 მარტს რუსმა სამხედროებმა მარიუპოლის სამშობიარო სახლს ცეცხლი გაუხსნეს. რუსეთის მხრიდან კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაბომბვის გამო ქალაქს ელექტროენერგიის მიწოდებაც შეუწყდა. როგორც მარიუპოლის საკრებულოში აცხადებდნენ, ქალაქის ბლოკადაში მოქცევის მიზნით, რუსი სამხედროები ქალაქში საკვების მარაგებსაც არ ატარებდნენ.

უკრაინელი სამხედროების მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის მძევლად აყვანის შესახებ ყალბი ინფორმაცია მომდევნო დღეებში ირპინის მოსახლეობის შესახებაც გავრცელდა. კონკრეტულად, 5 მარტს რუსულ წყაროებში გაჩნდა ინფორმაცია, რომ „უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კიევის გარეუბანში მშვიდობიანი მოქალაქეები მძევლად აიყვანეს“. ინფორმაციის თანახმად, უკრაინელი სამხედროები ირპინიდან ევაკუირებულ მოსახლეობას ქალაქიდან გასვლის საშუალებას არ აძლევდნენ.

რუსმა სამხედროებმა ქალაქ ირპინზე შეტევა უკრაინაში რუსეთის შეჭრის პირველივე დღეებში დაიწყეს. ქალაქის აღების რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ რუსულმა მხარემ ირპინის დაბომბვა დაიწყო, მაშინ როდესაც ქალაქში არც სამხედრო ბაზა, აეროდრომი თუ სხვა ტიპის სამხედრო ობიექტია განთავსებული. მთელი კვირის განმავლობაში განუწყვეტელი დაბომბვის შემდეგ, 5 მარტს, უკრაინულმა მხარემ რუსულ მხარესთან „მწვანე კორიდორის“ გახსნის თაობაზე მოილაპარაკა, რის შედეგადაც რკინიგზის საშუალებით მოსახლეობის ქალაქიდან გაყვანა უნდა მომხდარიყო. რუსულმა მხარემ სარკინიგზო ინფრასტრუქტურა დაბომბა. შედეგად, ირპინის მაცხოვრებლები იძულებულნი გახდნენ ირპინი ქალაქის გავლით დაეტოვებინათ. სამაშველო ოპერაციის დროს რუსულმა მხარემ სამოქალაქო კოლონებს ცეცხლი გაუხსნა და ქალაქზე საჰაერო იერიში განახორციელა. უკრაინელი სამხედროები მშვიდობიანი მოსახლეობის დამალვას დანგრეული ხიდის ქვეშ ცდილობდნენ.

ამდენად, მტკიცება, რომ თითქოს უკრაინელი სამხედროები სამოქალაქო მოსახლეობას ცოცხალ ფარად იყენებენ, სიმართლეს არ შეესაბამება და რუსულ ყალბ ამბავს წარმოადგენს, რომლის მიხედვითაც, უკრაინაში მოსახლეობას რუსეთის მხრიდან გათავისუფლება და ხსნა ესაჭიროება.

მტკიცება #2: უკრაინის ტერიტორიაზე აშშ-ის მიერ დაფინანსებული 30-მდე ბიოლაბორატორიებია, რომლებიც მასობრივი განადგურების იარაღის შექმნაზე მუშაობენ. აღნიშნული ინფორმაცია ვიქტორია ნულანდმაც დაადასტურა

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

გადაცემაში ამტკიცებენ, რომ უკრაინაში ბიოლოგიური იარაღი იწარმოება, რის შესახებაც საერთაშორისო ტელევიზიები, ამერიკელი ექსპერტები და სასამართლოები საუბრობენ. გადაცემის წამყვანისა და სტუმრების მტკიცებით, ბიოლოგიურ იარაღს აშშ-ის მიერ დაფინანსებულ ბიოლაბორატორიებში აწარმოებენ, ინფორმაციის სინამდვილე კი ვიქტორია ნულანდმაც დაადასტურა.

აღნიშნული დეზინფორმაცია რუსეთის სახელმწიფოს წარმომადგენლებისა და პროპაგანდისტული მედიასაშუალებების მიერ გავრცელდა (ბმული 1, ბმული 2, ბმული 3, ბმული 4). მოგვიანებით კი, კრემლის მხარდაჭერილი პროპაგანდისტული მტკიცებები ქართულ საინფორმაციო სივრცეშიც გავრცელდა.

ინფორმაცია უკრაინის ბიოლაბორატორიებში ბიოლოგიური იარაღის წარმოების შესახებ ყალბია. ვიქტორია ნულანდს არ დაუდასტურებია, რომ უკრაინაში ბიოლაბორატორიები არსებობს, სადაც ბიოლოგიურ იარაღს ქმნიან. სინამდვილეში, ნულანდმა თქვა, რომ „უკრაინას აქვს ბიოლოგიური კვლევითი დაწესებულებები“. აღნიშნული დაწესებულებები არა ბიოლოგიური იარაღის შექმნას და გავრცელებას, არამედ, პირიქით მის პრევენციას ემსახურება. ლაბორატორიების საქმიანობა ინფექციურ და არაინფექციურ დაავადებებზე ეპიდემიოლოგიური და ლაბორატორიული ზედამხედველობის განხორციელებას, დაავადებათა შემთხვევების, ეპიდემიური აფეთქებებისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სხვა საფრთხეების დროულ აღმოჩენასა და კვლევას მოიცავს. აღნიშნული ლაბორატორიების ერთ-ერთი მიზანია, დაადგინოს ეპიდაფეთქებების წარმომავლობა - ბუნებრივი გავრცელებაა თუ ბიოტერორიზმის შედეგი.

რაც შეეხება ნულანდის კომენტარს, 2022 წლის 8 მარტს აშშ-ის სენატში ვიქტორია ნულანდის მოსმენა გაიმართა. მოსმენაზე სენატორმა მარკო რუბიომ ნულანდს ჰკითხა, აქვს, თუ - არა უკრაინას ქიმიური ან ბიოლოგიური იარაღი. ნულანდმა უპასუხა, რომ უკრაინას ბიოლოგიური კვლევითი დაწესებულებები აქვს და საკმაოდ შეშფოთებულები არიან იმით, რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა შესაძლოა მასზე კონტროლის მოპოვება სცადოს. რუბიომ ნულანდს ასევე ჰკითხა, ჰქონდა, თუ - არა მას რაიმე ეჭვი, რომ თუ უკრაინაში ბიოლოგიური ან ქიმიური იარაღი გამოიყენეს, მის უკან 100%-ით რუსები იქნებიან. კითხვაზე ნულანდმა უპასუხა, რომ ამაში ეჭვიც არ ეპარება, რადგან სხვისი დადანაშაულება იმაში, რის გაკეთებასაც თავად გეგმავ, კლასიკური რუსული ტექნიკაა.

რაც შეეხება ბიოლაბორატორიულ დაწესებულებებს, რომლებზეც ნულანდი საუბრობდა, მათი არსებობა გასაიდუმლოებული არასდროს ყოფილა. ამდენად, მტკიცება, რომ ნულანდმა ლაბორატორიების არსებობა „აღიარა“ დეზინფორმაციაა. აღნიშნული ლაბორატორიების შესახებ ინფორმაცია საჯარო იყო აქამდეც. როგორც უკრაინაში, ისე საქართველოში, ბიოლოგიური ლაბორატორიები „ბიოლოგიური იარაღის განვითარებასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების, პათოგენების და გამოცდილების გავრცელების თავიდან აცილების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ არსებული შეთანხმების საფუძველზე შეიქმნა. აღნიშნული შეთანხმება კი, თავის მხრივ, ბიოლოგიური იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ დადებული ხელშეკრულების (NPT) ფარგლებში დაიდო. ვრცლად აღნიშნული საკითხის შესახებ იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიაში.

გარდა აღნიშნული მტკიცებებისა, გადაცემის სტუმარი ტრისტან წითელაშვილი ირწმუნება, რომ უკრაინას ამერიკული სპეცსამსახურების მიერ დაფინანსებული ფაშისტური ძალები მართავენ, რის გამოც რუსეთმა უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაციები დაიწყო. აღნიშნული აბსურდული ბრალდება კრემლის ნარატივს წარმოადგენს, ერთადერთი, ვინც უკრაინის ხელისუფლებას ნაციზმში სდებს ბრალს, რუსეთია. არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს, რომ უკრაინაში მასობრივი მკვლელობები ან ეთნიკური წმენდა მიმდინარეობდა. უკრაინაზე რუსეთის სამხედრო თავდასხმის სპეციალურ სამხედრო ოპერაციად მოხსენიებაც კრემლისტური ნარატივია, რასაც რუსული პროპაგანდისტული წყაროები აქტიურად ავრცელებენ. აღნიშნული გზავნილის მიზანი რუსეთის სამხედრო აგრესიის გამართლება და მისი იმგვარად წარმოჩენაა, თითქოს რუსეთი უკრაინაში „კეთილ“ მიზნებს - ფაშისტურ ძალების განადგურებასა და მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვას - ემსახურება. პუტინმა 24 თებერვალს, ომის დაწყებამდე, უკრაინაში დაგეგმილ შეჭრას სწორედ სპეციალური სამხედრო ოპერაცია უწოდა.

ის, რომ უკრაინის ხელისუფლებაში ნაცისტები არ არიან და ეს კრემლის პროპაგანდისტული გზავნილია, არაერთი ფაქტით მტკიცდება. უკრაინისადმი უპრეცედენტო მხარდაჭერა გამოხატა საერთაშორისო საზოგადოებამ. განსაკუთრებულია გაერო-ს გენერალური ასამბლეის 2 მარტის სხდომა, სადაც უკრაინაში რუსეთის აგრესიის შესახებ მიიღეს რეზოლუცია. რეზოლუცია, სახელწოდებით - „აგრესია უკრაინის წინააღმდეგ“, „მოითხოვს, რომ რუსეთის ფედერაციამ დაუყოვნებლივ, სრულად და უპირობოდ გაიყვანოს მთელი თავის ჯარები უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში მდებარე ტერიტორიიდან.“ მასში დაგმობილია 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში განხორციელებული „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“. გამოხატულია ღრმა შეშფოთება სამოქალაქო დაწესებულებებზე თავდასხმებისა და სამოქალაქო პირების, მათ შორის, ქალების, მოხუცების, სპეციალური საჭიროების მქონე პირებისა და ბავშვების, დაღუპვის შესახებ.

აღსანიშნავია, რომ მოცემული რეზოლუცია უკანასკნელი ოთხი ათწლეულის განმავლობაში გაერო-ს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული ამ ტიპის პირველი რეზოლუციაა. დოკუმენტს მხარი დაუჭირა 141-მა სუვერენულმა სახელმწიფომ, ხოლო მის წინააღმდეგ ხმა მისცა 5-მა ქვეყანამ (რუსეთი, ბელარუსი, ჩრდილოეთ კორეა, სირია, ერიტრეა). ამ ფაქტით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ რუსეთის აბსურდულ მტკიცებას უკრაინაში ნაცისტური რეჟიმის არსებობის შესახებ მსოფლიოს მხოლოდ 5 სახელმწიფო უერთდება. სხვა 141-ივე სახელმწიფო აგრესორად მოიხსენიებს რუსეთს და არა უკრაინას.

ჯერ კიდევ 17 თებერვალს, გაერო-ს უშიშროების საბჭოში სიტყვით გამოსვლისას, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა, რომლის მამინაცვალი ჰოლოკოსტს გადაურჩა, მსოფლიო გააფრთხილა, რომ რუსეთი უკრაინაზე თავდასხმისთვის საბაბს შექმნის: „რუსეთმა შეიძლება აღწეროს ეს მოვლენები, როგორც ეთნიკური წმენდა ან გენოციდი, მასხრად აიგდებს იმ კონცეფციას, რომელსაც ჩვენ ამ პალატაში ასე მსუბუქად არ ვუყურებთ და არც მე ვუყურებ მსუბუქად ჩემი ოჯახის ისტორიიდან გამომდინარე“. გერმანიის ელჩმა ისრაელში ასევე განაცხადა, რომ პუტინის ბრალდებები ნაციზმის შესახებ „ამაზრზენია“: „ეს საზიზღარია, ამაზრზენია. ეს არის ჰოლოკოსტის დამახინჯება. პუტინი ყველაფერს დემოკრატიულს „ნაციზმს“ უწოდებს. მთელი სულით ბოდიშს ვუხდი უკრაინის მამაც ებრაელ პრეზიდენტს“ .

აღსანიშნავია, რომ ისრაელის გარდა, უკრაინა ერთადერთი ქვეყანაა, რომლის სახელმწიფოს და მთავრობის მეთაური ებრაელია. ზელენსკიმ რუსეთის აგრესიის შემდგომ საჯარო მიმართვისას პუტინის აბსურდულ ბრალდებას შემდეგნაირად უპასუხა: „როგორ შეიძლება მე ნაცისტი ვიყო? აუხსენით ეს ჩემს ბაბუას“. დღეისათვის უკრაინაში 360 000-იდან 140 000-მდე ებრაელი ცხოვრობს, რომლებიც ქვეყანაში თანასწორი უფლებებით სარგებლობენ. მართალია, ბოლო დროს ქვეყანაში გარკვეული ულტრამემარჯვენე ჯგუფები გააქტიურდნენ, რომლებიც სინაგოგებსა და ებრაულ მემორიალებზე ფაშისტურ სიმბოლოებს ხატავდნენ და მსვლელობებს აწყობდნენ. თუმცა გასულ თვეს უკრაინის მთავრობამ ამ ქმედებების აღსაკვეთად ანტისემიტიზმის კრიმინალიზების აქტი გაამკაცრა.

პუტინის მტკიცებებს აბსურდულად მიიჩნევენ ებრაელები კიევიდან. ერთ-ერთი ებრაელი ბიზნესმენი, ილია, პუტინს „სრულიად შეშლილს“ უწოდებს. როგორც მან განაცხადა, „ებრაელები უკრაინული საზოგადოების განუყოფელი ნაწილია და ჩვენ აქ ნაციზმს ან ფაშიზმს არასდროს შევხვედრილვართ, და ჩვენ უკრაინაში თავს დაცულად ვგრძნობთ. [მაგრამ] ჩვენ თავს დაცულად არ ვგრძნობთ, როცა რუსეთი ამბობს, რომ აქ ნაცისტები არიან“. ებრაელების განწყობას პუტინის რიტორიკისადმი მოწმობს რამდენიმე დღის წინ მიღებული გადაწყვეტილება, რის შემდეგაც ისინი რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად მოემზადნენ.

ჰოლოკოსტის კვლევის ექსპერტები თანხმდებიან, რომ მიუხედავად იმისა, თუ რამდენი ადამიანი ეთანხმება პუტინის მტკიცებებს, მსგავსი განცხადებები ისტორიის დაზიანება და დამახინჯებაა. ისინი აცხადებენ, რომ სიტყვა „დენაციფიკაციის“ გამოყენება შეხსენებაა იმის, რომ „ნაცისტი“ გახდა „აბსოლუტური ბოროტების“ აღმნიშვნელი ზოგადი ტერმინი, რაც მთლიანად მოწყვეტილია მის თავდაპირველ ისტორიულ მნიშვნელობასა და კონტექსტს.

აღსანიშნავია, რომ უკრაინაში მდებარეობს ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი, მეორე მსოფლიო ომის სასაფლაო. სასაფლაოზე ბაბი-იარის ჰოლოკოსტის მემორიალია აღმართული, რომელიც პირველ მარტს სწორედ რუსების მიერ კიევის სატელევიზიო კოშკზე სარაკეტო იერიშის მიტანის დროს დაზიანდა.

--------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5361 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი