სოციალურ ქსელში უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ 13 მარტს გამოქვეყნებული ვიდეო ვრცელდება (ბმული 1, ბმული 2, ბმული 3, ბმული 4), რომელშიც ის საავადმყოფოში დაჭრილ მებრძოლებს სტუმრობს. კადრებში პრეზიდენტი ზელენსკის გვერდით, სამხედრო ფორმაში გამოწყობილი ქალი მოჩანს. სხვადასხვა მომხმარებლის მტკიცებით, აღნიშნული ქალი სამხედრო მედიკოსი ინა დერუსოვაა, რომელიც 2022 წლის 26 თებერვალს გარდაიცვალა. ამ დაკვირვებით, სოციალურ ქსელის მომხმარებლები ამტკიცებენ, რომ პრეზიდენტ ზელენსკის ვიდეო ჯერ კიდევ თებერვალში იყო ჩაწერილი და ის ამჟამად კიევში არ იმყოფებოდა.

აღსანიშნავია, რომ კონკრეტული ინფორმაცია მსგავსი მტკიცებით აქტიურად გავრცელდა რუსულ მასმედიაშიც. Russia Today-ს თანახმად, ზელენსკის საავადმყოფოში ვიზიტის ვიდეო თებერვალში იყო ჩაწერილი, რადგან სამხედრო ფორმაში გამოწყობილი ქალი, რომელიც კადრები მოჩანს, სამხედრო ექიმი ინა დერუსოვაა და ის 26 თებერვალს გარდაიცვალა. „ირკვევა, რომ 13 მარტს უკრაინის პრეზიდენტის დაჭრილ ჯარისკაცებთან შეხვედრის გამოქვეყნებული ვიდეო ყალბია. ვიდეო ჩაწერილია ჯერ კიდევ თებერვალში, ინა დერუსოვას გარდაცვალებამდე”- წერდა RT.

აღნიშნული დეზინფორმაცია სხვადასხვა ქვეყნის ინტერნეტ სივრცეში ფართოდ გავრცელდა და ის არაერთი ფაქტების გადამმოწმებელი პლატფორმის ყურადღების ცენტრში მოექცა.

რეალურად, რუსულმა მედიამ და სოციალური ქსელის მომხმარებლებმა ჯარისკაცის ფორმაში გამოწყობილი ქალის არასწორი იდენტიფიცირება მოახდინეს. 13 მარტს, პრეზიდენტ ზელენსკის საავადმყოფოში ვიზიტისას თან უკრაინის შეიარაღებული ძალების სამედიცინო სამსახურის უფროსი, ბრიგადის გენერალი, ტატიანა ოსტაშჩენკო ახლდა. ამას მოწმობს, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მიერ გამოქვეყნებული ფოტოებიც, რომელშიც შესაძლებელია ქალის ფორმაზე დაწერილი გვარის ამოკითხვა: Остащенко და მასზე განთავსებული ბრიგადის გენერლის ნიშნის დანახვა.

რაც შეეხება ინა დერუსოვას, სამედიცინო სერჟანტი 2022 წლის 26 თებერვალს ახტირკაში, სუმის რეგიონში სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას ნამდვილად გარდაიცვალა. 2022 წლის 12 მარტს, პრეზიდენტ ვოლოდიმირზელენსკის ბრძანებულებით, დერუსოვას უკრაინის გმირის წოდება მიენიჭა.

ამრიგად, მტკიცება, რომ 2022 წლის 13 მარტს ვოლოდიმირ ზელენსკის საავადმყოფოში ვიზიტის ამსახველი ვიდეო ჩაწერილია ჯერ კიდევ თებერვალში, სიცრუეა. დღემდე არაერთხელ გავრცელდა ყალბი ინფორმაცია პრეზიდენტ ზელენკის მიერ კიევის დატოვების შესახებ, თუმცა პრეზიდენტის რეგულარული გამოჩენა კიევის საჯარო და ცნობილ ადგილებში ადასტურებს იმას, რომ ზელენსკი დედაქალაქში იმყოფება და თავის მოვალეობას ასრულებს.

------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

მომზადებულია StopFake.org-ის სტატიის მიხედვით


მსგავსი სიახლეები

5361 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი