სალომე სამადაშვილი: თითოეული საქართველოს მოქალაქისთვის მხრებზე დაკისრებული ვალი გაიზარდა ოთხჯერ. ვგულისხმობ საგარეო ვალს, რომელიც 2013 წელს იყო რვა მილიარდი და დღეს არის 20 მილიარდი

ვერდიქტი: ფაქტ-მეტრის დასკვნით, სალომე სამადაშვილის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.

რეზიუმე:

2012 წელთან შედარებით, 2021 წლის მონაცემებით, სახელმწიფო ვალი დაახლოებით 3.7-ჯერ გაიზარდა და 31.3 მლრდ ლარი შეადგინა, ხოლო სახელმწიფო საგარეო ვალი 3.5-ჯერ გაიზარდა და 25.4 მილიარდი ლარი შეადგინა, როდესაც აღნიშნული, 2012 წელს 7.2 მლრდ ლარს უტოლდებოდა. ბუნდოვანია, თუ რომელ მაჩვენებელზე საუბრობდა სალომე სამადაშვილი. ხშირად პოლიტიკოსები მთლიან სახელმწიფო ვალს საგარეო ვალად მოიხსენიებენ, რაც შეცდომას წარმოადგენს. თუმცა, ორივე შემთხვევაში, დასახელებული სტატისტიკა რეალობას აცდენილია და განცხადება ტექნიკურ ხარვეზს შეიცავს.

მეორე მხრივ, ვალზე მსჯელობისას, რელევანტურია ფარდობითი მაჩვენებლის და არა აბსოლუტური მაჩვენებლის განხილვა, ვინაიდან კონკრეტული აბსოლუტური სიდიდე შესაძლებელია იყოს ძალიან დიდი, როდესაც საქმე გვაქვს მცირე ეკონომიკასთან და იყოს ძალიან მცირე, შედარებით დიდი ეკონომიკის პირობებში. ისიც მნიშვნელოვანია, რომ განცხადების ავტორი დროის საკმაოდ დიდ შუალედს ეხება, რომლის განმავლობაშიც მშპ-ც პერმანენტულად იზრდებოდა. 2021 წლისთვის, 2012 წელთან შედარებით, მთლიანი სახელმწიფო ვალის ფარდობითი მოცულობა (მშპ-თან) დაახლოებით 1.7-ჯერ გაიზარდა, ხოლო საგარეო ვალის ფარდობითი მოცულობა 1.6-ჯერ.

ამავდროულად, საგარეო ვალის მონაცემის ზრდა, ნაწილობრივ ისეთი ფაქტორებით იყო გამოწვეული, რაც მთავრობის კონტროლს ნაკლებად ექვემდებარებოდა. მაგალითად, პანდემია და მსოფლიო ბაზარზე დოლარის გამყარებით გამოწვეული ლარის კურსის გაუფასურება. შესაბამისად, სალომე სამადაშვილის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.

ანალიზი:

საქართველოს პარლამენტში, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოხსენებისას, „ლელო საქართველოსთვის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა, ვალთან დაკავშირებით განაცხადა: გასული ათი წლის განმავლობაში ერთადერთი მიღწევა, რომელიც ამ ხალხს [ხელისუფლებას] აქვს... არის ის, რომ თითოეული საქართველოს მოქალაქისთვის მხრებზე დაკისრებული ვალი გაიზარდა ოთხჯერ. ვგულისხმობ საგარეო ვალს, რომელიც 2013 წელს იყო რვა მილიარდი და დღეს არის 20 მილიარდი“.

ბოლო წლების განმავლობაში სახელმწიფო ვალის თემა პოლიტიკოსთა ყურადღებას მუდმივად იპყრობს. ინტერესი განსაკუთრებით პანდემიის პირობებში გაიზარდა. სახელმწიფო ვალი შიდა, ეროვნულ ვალუტაში გამოსახული და საგარეო, შესაბამისად, უცხოურ ვალუტაში გამოსახული ვალისგან შედგება.

ბუნდოვანია, პოლიტიკოსი განცხადებაში საგარეო სახელმწიფო ვალის სტატისტიკაზე საუბრობდა, თუ - მთლიანი ვალის სტატისტიკაზე. აღსანიშნავია, რომ დასახელებული რიცხვები, არც ერთ სტატისტიკურ მონაცემს არ შეესაბამება და შესაბამისად, განცხადება ტექნიკურ ხარვეზს შეიცავს. კერძოდ, საწყისი მონაცემი, 8 მლრდ ლარი, ახლოს არის როგორც მთლიან სახელმწიფო (8.4 მლრდ), ასევე სახელმწიფო საგარეო ვალთან (7.2 მლრდ). ხშირად, პოლიტიკოსები მთლიან სახელმწიფო ვალს საგარეო ვალად მოიხსენიებენ, რაც შეცდომას წარმოადგენს.

2012 წელთან შედარებით, 2021 წლის მონაცემებით, სახელმწიფო ვალი დაახლოებით 3.7-ჯერ გაიზარდა და 31.3 მლრდ ლარი შეადგინა, როდესაც 2012 წლისთვის, სახელმწიფო ვალის მოცულობა 8.4 მლრდ ლარს შეადგენდა. უშუალოდ საგარეო ვალი, 3.5-ჯერ გაიზარდა და 25.4 მლრდ ლარი შეადგინა, როდესაც 2012 წელს, საგარეო ვალი 7.2 მლრდ ლარი იყო. შესაბამისად, ვალის ნომინალური ზრდა, სალომე სამადაშვილის განცხადებასთან შესაბამისობაშია. თუმცა ვალის დინამიკაზე მსჯელობისას და ვალის ტვირთის შეფასებისას, რელევანტურია მთლიან შიდა პროდუქტთან ფარდობის მაჩვენებლის განხილვა, ვინაიდან კონკრეტული აბსოლუტური სიდიდე შესაძლებელია იყოს ძალიან დიდი, როდესაც საქმე გვაქვს მცირე ეკონომიკასთან და იყოს ძალიან მცირე შედარებით დიდი ეკონომიკის პირობებში. ვალის ტვირთის სრულფასოვნად შესაფასებლად მიღებულია მისი მთლიანი მოცულობის, მთლიან შიდა პროდუქტთან ფარდობის მაჩვენებელი. 2021 წლისთვის, 2012 წელთან შედარებით, სახელმწიფო ვალის მოცულობა დაახლოებით 1.7-ჯერ გაიზარდა, ხოლო საგარეო ვალი 1.6-ჯერ. აღსანიშნავია, რომ 2020 წელს, ეკონომიკური შემცირების ფონზე, სახელმწიფო ვალის მშპ-თან ფარდობის მაჩვენებელი კრიტიკულ ნიშნულს ასცდა და 62.7% შეადგინა, თუმცა, 2021 წელს, ვალის შედარებით მცირე ზრდის და ეკონომიკის მკვეთრი ზრდის პირობებში, ვალის მაჩვენებელი დაახლოებით 9.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა.

გრაფიკი 1: სახელმწიფო ვალის დინამიკა 2012-2021 წლებში, მლრდ ლარი, მშპ-ს %

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, ავტორის გამოთვლები

ვალის დინამიკაზე მსჯელობისას, გასათვალისწინებელია რომ ვალის მკვეთრი ზრდა, პანდემიასთან არის დაკავშირებული, პრეპანდემიურ პერიოდში, სახელმწიფო ვალი მშპ-ს 42%-ს შეადგენდა, რაც 2012 წლის ფარდობით მაჩვენებელთან შედარებით 35% ზრდას წარმოადგენდა. ეკონომიკურ კრიზისზე რეაგირების ერთ-ერთი სტანდარტული მექანიზმი, რასაც მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანა იყენებს, საბიუჯეტო რესურსებით ეკონომიკის წახალისება და გაზრდილი სოციალური პრობლემების დაბალანსებაა. სამთავრობო რეაგირების ფისკალური ნაწილი ქვეყნის ბიუჯეტზე ორი მიმართულებით მოქმედებს - ერთი მხრივ, ბიუჯეტიდან სოციალური დახმარებისა თუ ეკონომიკის სტიმულირების მიმართულებით გასაწევი ხარჯები იზრდება; მეორე მხრივ, ეკონომიკური აქტივობა მცირდება და შესაბამისად, ბიუჯეტში გადასახადები დაგეგმილზე ნაკლები მოცულობით შედის. აღნიშნულის გამო, დღის წესრიგში ვალის მკვეთრი მატების საკითხი დადგა.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს რომ ბოლო წლებში ლარის გაცვლითი კურსის ცვლილებაც არის გასათვალისწინებელი, რასაც ვალის ლარში გამოსახულ მაჩვენებლებზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს. თავის მხრივ, 2014 წლის ბოლოდან დაწყებული კურსის მერყეობა, რამაც ლარში გამოსახული ვალის ზრდა გამოიწვია, ძირითადად განაპირობა ფაქტორებმა, რომლებზე ზემოქმედების შესაძლებლობას ხელისუფლება მოკლებული იყო, თუმცა მთავრობის ცალკეულმა ქმედებებმა თუ უმოქმედობამ, კურსის შემცირებაზე, ცალსახად დამატებითი უარყოფითი გავლენა იქონია.

ცალსახაა რომ განცხადება, მთავრობის კრიტიკის კონტექსტში გაკეთდა. შესაბამისად, იქიდან გამომდინარე, რომ ვალის ტვირთის ანალიზისთვის, აბსოლუტური დინამიკა საკმარისი არ არის და მნიშვნელოვანია ფარდობითი მაჩვენებლების განხილვა, ასევე, ვალის ზრდაში გასათვალისწინებელია ვალუტის კურსის გავლენა, ინფლაცია თუ სხვადასხვა კრიზისები, რომელზეც მთავრობას ზემოქმედების ბერკეტები ნაკლებად გააჩნია და შესაბამისად, მისი პასუხისმგებლობაც შეზღუდულია, „ფაქტ-მეტრი“ სალომე სამადაშვილის განცხადებას აფასებს ვერდიქტით - ნახევრად სიმართლე, რადგან განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია მნიშვნელოვანი დეტალები.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5406 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი