2022 წლის 16 მარტს Youtube-არხმა - „Суть Вещей“ - გამოაქვეყნა დეზინფორმაციული ვიდეო, სათაურით: „Наёмники думали, что едут воевать с "индейцами", а у "индейцев" оказалось оружие“. აღნიშნული ვიდეო სოციალურ ქსელში ანალოგიური სათაურით სხვადასხვა პრორუსულმა წყაროებმა გაავრცელეს (ბმული 1, ბმული 2, ბმული 3).

ვიდეოს მიხედვით, სამხედრო ექსპერტად წოდებული ვასილ დანდიკინი საუბრობს შოკზე, რომელიც დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთის არმიასთან შეტაკების შედეგად განიცადეს. მისი თქმით, ბევრი ანალიტიკოსი რუსეთის ჯარის შესაძლებლობებს ვერ აფასებდა: „ეგონათ, რომ ინდიელებთან ბრძოლა მოუწევდათ“. ახლა კი დასავლეთის ქვეყნები რუსეთის მომზადების დონითა და მათი არმიის საბრძოლო ეფექტურობით გაკვირვებულნი არიან. დანდიკინი ამტკიცებს, რომ მათი ამჟამინდელი არმია მცირეა, თუმცა სამხედრო ოპერაციებს გასაოცარი წარმატებით ახორციელებენ.

სინამდვილეში, აღნიშნული მტკიცებები ყალბია. ნარატივს, რომ რუსეთმა ომში დიდ წარმატებას მიაღწია, კრემლი აქტიურად ავრცელებს. 16 მარტს ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ „ოპერაცია წარმატებით მიმდინარეობს, წინასწარ დამტკიცებულ გეგმასთან მკაცრი შესაბამისობით“. თუმცა ფაქტები განსხვავებულზე მეტყველებენ - მიუხედავად დიდი სამხედრო ძალის მობილიზებისა, ომის 22-ე დღესაც რუსეთმა უკრაინაში მნიშვნელოვან წარმატებას ვერ მიაღწია.

ვასილ დანდიკინი ამტკიცებს, რომ დასავლეთის ქვეყნები რუსეთის წარმატებით დადებითად არიან გაკვირვებული. რეალურად, დასავლურ სახელმწიფოებსა და ექსპერტთა ჯგუფებში საპირისპირო განწყობაა.

დასავლეთის სახელმწიფოების პოზიცია სამხედრო მდგომარეობაზე

რაც შეეხება დასავლური სახელმწიფოების ოფიციალურ განცხადებებს, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის დაზვერვის 17 მარტის მონაცემების მიხედვით, რუსეთის შეჭრა უკრაინის ყველა ფრონტზე დიდწილად შეჩერებულია; რუსეთის ძალებმა სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო სივრცეში მინიმალურ პროგრესს მიაღწიეს და განიცდიან მძიმე დანაკარგს; უკრაინის წინააღმდეგობა რჩება მტკიცე და კარგად კოორდინირებული. უკრაინის ტერიტორიის აბსოლუტური უმეტესობა, მათ შორის, დიდი ქალაქები, უკრაინის კონტროლქვეშ რჩება.

ამერიკის ცენტრალური დაზვერვის სააგენტო უკრაინაში რუსეთის მოქმედებებს ჩავარდნებს უწოდებს, ხოლო პუტინს ამ ჩავარდნების გამო გაბრაზებულად და იმედგაცრუებულად ახასიათებს. ყოფილი ამერიკელი გენერალი, დევიდ პეტრეასი, რომელიც ამერიკის სამხედრო ძალებს ერაყსა და ავღანეთში ხელმძღვანელობდა, აცხადებს, რომ რუსეთმა წარუმატებლობა განიცადა, რადგან თავისი გეგმის მიხედვით, სწრაფად ვერ დაიპყრო კიევი და ვერ დაამარცხა უკრაინელი ძალები. პენტაგონის 7 მარტის მონაცემებით, უკრაინის საზღვართან მობილიზებული რუსეთის ჯარის თითქმის 100% უკვე უკრაინის ტერიტორიაზე იმყოფებოდა, მიუხედავად ამისა, რუსეთს დასჭირდა, უკრაინაში დამატებითი ძალები შეეყვანა. პენტაგონის 17 მარტის მონაცემებით, რუსეთის წინსვლა უკრაინაში გაყინულია, რამაც აჩვენა, რომ ჯარისკაცები არც მორალურად და არც სამხედრო აღჭურვილობით უკრაინელების წინააღმდეგობასთან გასამკლავებლად მზად არ იყვნენ.

BBC-ის კორესპონდენტის ცნობით, დასავლელმა ოფიციალურმა პირებმა 17 მარტს ჟურნალისტებისთვის გამართულ ბრიფინგზე აღნიშნეს, რომ რუსეთი უკრაინაში მცირე პროგრესს აღწევს, რაც სტრატეგიული გარღვევისთვის საკმარისი არაა. მათი განცხადებით, უკრაინაში დაახლოებით 7 000-მდე რუსი ჯარისკაცი დაიღუპა, რაც „არავითარ შემთხვევაში არ არის წარმოუდგენელი“ რიცხვი. ოფიციალურმა პირებმა ასევე აღნიშნეს, რომ რუსულ თვითმფრინავებს „საკმაოდ ფრთხილად“ უწევდათ გადაადგილება, რათა თავი აერიდებინათ უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემისთვის. ხოლო რუსეთის მცდელობა, უკრაინის ტერიტორიაზე დამატებითი ძალები შეიყვანოს, „აშკარად არ იყო თავდაპირველი გეგმის ნაწილი და...მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად გაუჭირდა რუსეთს“. ოფიციალურმა პირებმა რუსი ჯარისკაცების მორალურ სისუსტეზეც ისაუბრეს.

დასავლელ ექსპერტთა გამოხმაურება რუსეთის სამხედრო მდგომარეობაზე

European Council of Foreign Relations-ის მკვლევარი, გუსტავ გრესელი, წერს: „რუსეთის ადრეული სამხედრო ჩავარდნები უკრაინაში...კრემლის საიდუმლოებებმა უკრაინაში ომის წარმოებასთან დაკავშირებით ბრძოლის ველზე სერიოზული პრობლემები შექმნა. ძალის არაადეკვატური მობილიზება, როგორც ჩანს, პასუხისმგებელია ამ ბევრ პრობლემაზე.

Atlantic Council-ის სამხედრო მკვლევართა ჯგუფს სტატიაში, სათაურით, „რუსეთის კრიზისის სამხედრო შეფასება: რა შეიარაღება სჭირდება უკრაინას ყველაზე მეტად ომის მოსაგებად“, ჩამოთვლილი აქვს ის სისუსტეები, რაც რუსეთმა სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო სივრცეში გამოავლინა. საბოლოოდ კი რუსეთმა მიიღო გადაწყვეტილება, ეწარმოებინა „ე.წ. გროზნოს ტაქტიკა, რაც სამოქალაქო ტერიტორიებზე განურჩეველ თავდასხმებსა და ქალაქების თითქმის სრულ განადგურებას გულისხმობს“.

Financial Times-ზე გამოქვეყნებულია სტატია, სათაურით: „სერიოზული ჩავარდნა: რუსეთის სამხედრო შეცდომების მასშტაბები ცხადი ხდება“.

მკვლევარი აარონ პატრიკი Financial Review-ზე აქვეყნებს სტატიას, სათაურით: „რუსეთის პრობლემა უკრაინაში მენეჯმენტის ჩავარდნაა“

დევიდ მეიერი Fortune-ზე აქვეყნებს სტატიას, სათაურით: „თუ რუსული არმია მალე არ დაიწყებს მოქმედებას, ცუდ სიტუაციაში ჩავარდება: რამდენად ცუდად მიდის უკრაინის ომი რუსეთის სამხედროებისთვის?“

The Guardian-ის კორესპონდენტი, ლუკ ჰარდინგი: „დემორალიზებული რუსი ჯარისკაცები ომში „მოტყუებით“ ჩაბმაზე საუბრობენ“.


რუსეთის სამხედრო ჩავარდნები და დანაკარგები

რუსეთის გეგმა მიზნად ისახავდა კიევის დროის მცირე მონაკვეთში აღებას, უკრაინის ხელისუფლების დამხობასა და მარიონეტული მთავრობის დანიშვნას. ამ მიზნისთვის რუსეთმა ომის პირველივე დღეს კიევში დივერსანტები შეიყვანა, ხოლო კიევთან ახლოს მდებარე ჰოსტომელის აეროპორტში სადესანტო დანაყოფები ჩამოსვა. თუმცა მოვლენები გეგმის მიხედვით არ წარიმართა და უკრაინამ კიევისა და სხვა დიდი ქალაქების შენარჩუნება მოახერხა.

European Council of Foreign Relations-ის მკვლევრის, გუსტავ გრესელის, აზრით, რუსული ჯარის ერთ-ერთი პრობლემა კოორდინაცია იყო. მცირე მტკიცებულება არსებობს იმის შესახებ, რომ ომის პირველ - ბლიცკრიგის - ფაზაში, რუსეთი არმიასა და ბატალიონის დონეებს შორის ბრიგადის სარდლობას ახორციელებდა. მათი აზრით, როდესაც მეთაურები ბევრ სხვადასხვა ელემენტს ერთდროულად ხელმძღვანელობდნენ, გადაიტვირთნენ და ვერ შეძლეს ოპერაციების ეფექტურად კოორდინაცია. კოორდინაციის ნაკლებობის მწვავე პრობლემა შეინიშნებოდა ჯარისკაცებსა და იმ დანაყოფებს შორის, რომლებიც მებრძოლებს საჰაერო მხარდაჭერასა და ოპერაციულ დახმარებას აწვდიან. მაგალითად, საჰაერო თავდაცვის ქვედანაყოფები თავს არიდებენ შეუტიონ სამიზნეებს, რადგან მათ არ შეუძლიათ თავიანთი და მტრის სამიზნის განსხვავება. ექსპერტის აზრით, სწორედ ეს ხდება მაშინაც, როცა კიევის ბაირაქტარის უპილოტო თვითმფრინავები უსწრაფესად ანადგურებენ რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებს.

რუსეთის შეიარაღების კიდევ ერთი პრობლემა არის ლოჯისტიკა. რუსული ბატალიონის ტაქტიკურ ჯგუფებს საწვავის შესავსებად და გადაიარაღებისთვის თან ახლავს მომარაგების სატვირთო მანქანების რაზმები. თუმცა უკრაინაში ომის დაწყებამდე, რუსული ბატალიონის ტექნიკური ჯგუფები საზღვართან ახლოს მანევრირებებზე საკმაო დროს ატარებდნენ. შესაბამისად, ახლა, მათი სატვირთო მანქანები რეგულარული ხმარების გამო ხშირად ფუჭდება.

European Council of Foreign Relations-ის მკვლევარი ფიქრობს, რომ რუსეთის არმია, სავარაუდოდ, ომში სხვა ტაქტიკით იმოქმედებდა, მისი რეალური მასშტაბები რომ გაეთვალისწინებინა. თუმცა კრემლის პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო, რომ ომი საზოგადოებისთვის დაემალათ, რის გამოც ჯარის საკმარისად მასობრივი მობილიზაცია არ მომხდარა. ეს არის ერთ-ერთი იმ მრავალი შემთხვევიდან, როდესაც პუტინმა და მისმა გარემოცვამ სამხედრო ოპერაციების სირთულე არასწორად შეაფასეს.

გარდა ამისა, უკრაინამ რუსეთს დიდი რაოდენობით ტექნიკა გაუნადგურა, რაც მათ დანაკარგზე მიუთითებს. გთავაზობთ განადგურებული რუსული ტექნიკის ჩამონათვალს, რომელიც ფოტომასალითაა დადასტურებული და სავარაუდოდ, იმაზე ნაკლებ რიცხვს ასახავს, ვიდრე რეალურია:

18 მარტის მონაცემებით, Oryx-ის (ბლოგი, რომელიც ინტერნეტში საჯაროდ გამოქვეყნებული ფოტოების მიხედვით შეიარაღების დანაკარგს აღრიცხავს) ცნობით, უახლესი ინფორმაციით, განადგურებულია 700 საბრძოლო ერთეული, დაზიანებულია 24, მიტოვებულია 222, უკრაინელების მიერ ხელში ჩაგდებულია 569. საერთო ჯამში - 1516 ერთეული. მათ შორისაა,

ტანკები 242
დაჯავშნილი საბრძოლო მანქანები 160
ქვეითთა საბრძოლო მანქანები 225
ჯავშანტრანსპორტიორი 71
ნაღმგამძლე, ჩასაფრებისგან დაცული ჯავშანტრანსპორტიორები (MRAP) 11
ქვეითთა გადამყვანი ტრანსპორტები 53
საკომუნიკაციო სადგურები 9
საინჟინრო მანქანები 43
ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტები 61
პორტატიული საჰაერო თავდაცვის სისტემები 24
მსხვილკალიბრიანი ქვემეხები 5
ბუქსირებადი არტილერია
33
თვითმავალი არტილერია
37
მრავალჯერადი სარაკეტო გამშვებები
27
ანტისაჰაერო შეიარაღება
2
თვითმავალი ანტისაჰაერო შეიარაღება
9
მიწა-ჰაერის ტიპის სარაკეტო სისტემა
33
რადარები
2
ჩამხშობი და deception სისტემა
4
თვითმფრინავი
13
უპილოტო საფრენი აპარატებ
8
ვერტმფრენი 32
ლოჯისტიკური მატარებლები 2
სატვირთო მანქანები, მანქანები და ჯიპები 498

ფოტოსურათით დადასტურებული შემთხვევების მიხედვით, უკრაინის შეიარაღების დანაკარგი შეადგენს 378-ს. მათგან - 148 განადგურებულია, 5 დაზიანებული, 48 მიტოვებული, 177 რუსების მიერ ხელში ჩაგდებული.

გარდა საბრძოლო ერთეულების დანაკარგისა, 24 თებერვლის შემდეგ რუსეთმა 10-მდე გენერალი და უფროსი მეთაური დაკარგა. უკრაინელების მტკიცებით, მოკლულია 12 000 რუსი ჯარისკაცი. აშშ ვარაუდობს, რომ ეს რიცხვი 5 000-იდან 6 000-მდე მერყეობს.

რუსეთის ჯარის კიდევ ერთი სისუსტე მას შემდეგ გამოვლინდა, რაც მათ უკრაინის დიდი ქალაქების აღება ვერ მოახერხეს და სამიზნედ მშვიდობიანი მოსახლეობა აქციეს. მიუხედავად რუსეთის უარყოფისა, ფაქტია, რომ რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსი, საბავშვო ბაღი, საავადმყოფო და თეატრია დაბომბილი, სადაც თავს ათასობით ბავშვი აფარებდა. გაერო-ს 2022 წლის 15 მარტის მონაცემებით, რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის შედეგად მინიმუმ 691 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის - 30 ბავშვი დაიღუპა, ხოლო 1 143, მათ შორის - 43 ბავშვი, დაიჭრა. თუმცა ეს გაერო-ს მიერ უკვე დანამდვილებით გადამოწმებულ რიცხვებს წარმოადგენს და გაერო-ში მიიჩნევენ, რომ მსხვერპლის რეალური რაოდენობა „გაცილებით დიდია“. უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისის ინფორმაციით, უკრაინაში მიმდინარე ომში 90 ბავშვი გარდაიცვალა, 100 კი დაიჭრა.

ამრიგად, მტკიცება, რომ დასავლეთის ქვეყნები გაკვირვებულნი არიან რუსეთის მომზადების დონითა და მათი მცირე არმიის დიდი წარმატებითა და საბრძოლო ეფექტურობით, მცდარია.

-------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5363 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი