„ფაქტ-მეტრმა“ ბათუმელებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემის - ავარიული სახლების შესახებ, არაერთი სტატია გამოაქვეყნა. ბოლოს ჩვენ სახელმწიფოს მიზნობრივი პროგრამის „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“ დავწერეთ. შეგახსენებთ, რომ პროგრამის განსახორციელებლად თანხა გათვალისწინებულია როგორც აჭარის ა/რ რესპუბლიკურ ბიუჯეტში, ისე - ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში. პროგრამა 2025 წლის ჩათვლით პერიოდს მოიცავს და ხელისუფლების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ამ მიზნით 150 მლნ ლარი დაიხარჯება.

ჩვენ მკითხველს დავპირდით, რომ პროგრამის მიმდინარეობას ყურადღებით დავაკვირდებოდით. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისგან ოფიციალურად გამოვითხოვეთ ინფორმაცია იმ ღონისძიებებისა და ხარჯების შესახებ, რომლებიც უკვე განხორციელდა.

მერიის პასუხის თანახმად, ირკვევა, რომ ბათუმის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამა „ავარიული სახლების დემონტაჟი, მშენებლობა, გამაგრება-რეაბილიტაციის“ („ფაქტ-მეტრი“ ამ პროგრამის შესახებაც წერდა) ფარგლებში, უკვე მიმდინარეობს ქ. ბათუმში მემედ აბაშიძის N56-ში მდებარე ავარიული საცხოვრებელი კორპუსის გამაგრებითი სამუშაოები. აღნიშნული პროექტის განხორციელება მუნიციპალურმა ორგანიზაცია ა(ა)იპ „საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ“, გამარტივებული შესყიდვის წესით (CMR220044289), შპს „სამშენებლო-საპროექტო ჯგუფს“ მიანდო. ხელშეკრულების ღირებულება 272 024 ლარს შეადგენს, ხოლო დასრულების ვადად განსაზღვრულია 2022 წლის 2 ივნისი.

გარდა ამისა, უკვე გამოცხადებულია რამდენიმე ტენდერი: მ.ხინიკაძის N7-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის აღდგენა-გამაგრებითი სამუშაოების შესყიდვა (NAT220005063), სავარაუდო ღირებულება - 313 427 ლარი; გენერალ გიორგი კვინიტაძის N1, N3 და N11-ში, ერთი ხელშეკრულების ფარგლებში, DesignBuild (პროექტირება და მშენებლობა) მეთოდით საცხოვრებელი სახლების დეტალური პროექტის მომზადებისა და მის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა (NAT220006135), სავარაუდო ღირებულება - 7 536 260 ლარი; იოსებ გრიშაშვილის N9-ში, ერთი ხელშეკრულების ფარგლებში, DesignBuild მეთოდით საცხოვრებელი სახლების დეტალური პროექტის მომზადებისა და მის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა (NAT220006133), სავარაუდო ღირებულება - 6 990 000 ლარი; შენობა-ნაგებობების სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვა (NAT220005736), სავარაუდო ღირებულება - 450 000 ლარი. დანართი 1

სანამ ავარიულ სახლებში მცხოვრებლები ახალაშენებულ ან რეაბილიტირებულ ფართში შესახლდებიან, მანამდე მერიამ ოჯახები დროებით საცხოვრებელში გაიყვანა. ქირის თანხას აღნიშნული პროგრამა ფარავს. ჩვენ დავინტერესდით, მხოლოდ 2020 წლიდან დღემდე, რა რაოდენობის თანხა გაიხარჯა ამ მიმართულებით ქალაქის ბიუჯეტიდან. როგორც ირკვევა, ბინის ქირის გადასახადისა და სასტუმრო მომსახურების თანხის ჯამური მოცულობა, 2020 წლიდან 2022 წლის 25 მარტის ჩათვლით პერიოდში, 1 912 027 ლარს შეადგენს. დანართი 2

ცხრილი 1. ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან უსაფრთხო საცხოვრებელში დროებით გაყვანილი ოჯახების ქირისა და სასტუმროს მომსახურების ხარჯი, 2020 წლიდან 2022 წლის 25 მარტის მდგომარეობით, ფაქტი

წყარო: ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია

თუ დავაკვირდებით, სასტუმროს მომსახურების გადასახადი განსაკუთრებით გაზრდილია 2021 წელს. შეგახსენებთ, რომ შარშან ოქტომბერში ბათუმში საშინელი ტრაგედია დატრიალდა, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ერთი სადარბაზო მთლიანად ჩამოინგრა და ცხრა ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. იხ. „ფაქტ-მეტრის“ სტატია. სწორედ იმ პერიოდში მერიამ სასტუმროში არაერთი ოჯახი გაიყვანა. რაც შეეხება მიმდინარე პერიოდს, 25 მარტის მდგომარეობით, ქირის გადასახადი უკვე 700 ათასს აღემატება, რაც ნიშნავს, რომ წლის ბოლომდე ეს თანხა მკვეთრად გაიზრდება.

ავარიულ სახლებში მცხოვრები, ასევე უსახლკარო ოჯახების საბინაო პრობლემის მოგვარების ერთ-ერთი გზა მერიის საბინაო ფონდში არსებული ბინების მათთვის გადაცემაა. ჩვენ დავინტერესდით, რამდენი ბინაა მერიის საბინაო ფონდში, ასევე, ვის გადაეცა აღნიშნული ფონდიდან ბინები. მერიის მუნიციპალური ქონებისა და სერვისების მართვის სამსახურმა გვიპასუხა, რომ 2020-2022 წლებში საბინაო ფონდიდან საცხოვრებლით დაკმაყოფილდა 16 ოჯახი, რომლებსაც ექვსი და მეტი შვილი ჰყავთ. ამავე პერიოდში, მერიის საბინაო ფონდიდან, 168 ბინა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას გადაეცა. მათ შორის, 82 ბინა მერიამ ავტონომიურ რესპუბლიკას გადასცა „სახელმწიფოს/აჭარის ა/რ ადგილობრივი თვითმმართველობების საკუთრებაში არსებული და ფიზიკური პირების მიერ საცხოვრებელ-სადგომად გამოყენებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართების შემსწავლელი შერეული სამთავრობო კომისიის“ გადაწყვეტილების საფუძველზე, შემდგომში იქ მცხოვრები მოქალაქეებისთვის საკუთრების უფლების გადაცემის მიზნით. კიდევ 86 ბინა კი - ავარიულ სახლებში მცხოვრები ოჯახებისთვის გადაცემის მიზნით. ამავე პასუხის თანახმად, 2022 წლიდან დღემდე მერიას ქირით უზრუნველყოფილი ჰყავს 226 ოჯახი.

ბათუმის მერიის საკუთრებაში ამჟამად 42 ბინაა რეგისტრირებული. აღნიშნული ბინების მისამართები და ფართის მოცულობა იხილეთ დანართში.


მსგავსი სიახლეები

5364 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი