სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2019-2020 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიში გამოაქვეყნა.

ანგარიშის მიხედვით, ქუთაისი მუნიციპალიტეტის საქმიანობაში გარკვეული ხარვეზები გამოვლინდა. ჩვენ რამდენიმე მათგანზე გავამახვილებთ ყურადღებას.

სოციალური პროგრამების მართვა

აუდიტის ანგარიშის მიხედვით, 2019-2020 წლებში ქუთაისის მუნიციპალიტეტში დასაქმებულმა საჯარო მოხელეებმა სახელფასო დანამატის სახით 331.4 ათასი ლარი, ფულადი ჯილდოს სახით კი 432.0 ათასი ლარი მიიღეს.

ამავე პერიოდში მუნიციპალიტეტში გაცემულმა სოციალური დახმარებების რაოდენობამ 358.2 ათასი ლარი შეადგინა. მუნიციპალიტეტის თანამშრომლებმა სოციალური დახმარება ძირითადად საკუთარი ან ოჯახის წევრის ჯანმრთელობის გაუარესების გამო მოითხოვეს, თუმცა განცხადების უმრავლესობას შესაბამისი დოკუმენტაცია არ ახლავს.

ანგარიშის თანახმად, 2019-2020 წლებში, 158 თანამშრომელმა ერთდროულად ფულადი ჯილდოც მიიღო და სოციალური დახმარებაც. აღსანიშნავია, რომ სოციალური დახმარებები გაიცა მერიის სამსახურის უფროსებზე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებზე, კომისიების, ფრაქციების თავმჯდომარეებსა და სხვა პირებზე. ასევე აღსანიშნავია, რომ სოციალური დახმარების მიმღებ თანამდებობის პირებს ქონებრივი დეკლარაციების მიხედვით, საკმაოდ სოლიდური შემოსავლები უფიქსირდებათ.

მუნიციპალური ტრანსპორტის მართვა

2019 წელს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერით, 6 ქალაქში საჯარო ტრანსპორტის განვითარების მიზნით, 175 ავტობუსი შეისყიდა. ამ პროექტის ფარგლებში ქუთაისს 60 ახალი ავტობუსი გადაეცა.

აუდიტის დასკვნის მიხედვით, აღნიშნული ავტობუსები ხშირად ზიანდება ( 9 თვის განმავლობაში 954 სხვადასხვა დაზიანება) და ამ მიზეზის გამო, ქუთაისის სატრანსპორტო კომპანია მგზავრთა სათანადოდ მომსახურებას ვერ ახერხებს. როგორც დასკვნაშია აღნიშნული, მოკლე დროის განმავლობაში დაზიანების სიხშირე და ხარისხი იმის დასტურია, რომ გადაცემული ავტობუსების ხარისხი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს არ შეესაბამება და შესაბამისად, მერიამ კონტრაქტით მინიჭებული უფლება არ გამოიყენა და მიმწოდებელს ავტობუსების ხარისხის ხელშეკრულების პირობებთან შესაბამისობის დადგენა არ მოსთხოვა.

მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ავტოპარკის მართვა

აუდიტის დასკვნის მიხედვით, მუნიციპალიტეტის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად გამოყენებული სამორიგეო სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა რეკომენდებულ ზღვრულ ოდენობას მნიშვნელოვნად აღემატებოდა. კერძოდ, ნაცვლად 11 სამორიგეო მანქანისა, 2019 წელს მუნიციპალიტეტი ბალანსზე რიცხული 31 და კერძო საკუთრებაში არსებული 116 ავტომობილით სარგებლობდა. 2020 წელს ბალანსზე 23 ავტომობილი ირიცხებოდა, თხოვების ხელშეკრულება (მერიას საჭიროების შემთხვევაში, შეუძლია კერძო პირის მფლობელობაში არსებული ავტომობილით სარგებლობა, რომელთანაც წინასწარ შესაბამისი ხელშეკრულება არის გაფორმებული) კი 95 კერძო პირთან იყო გაფორმებული. აღნიშნულ წლებში 607.7 ათასი ლარის ღირებულების საწვავი გაიხარჯა.

აუდიტის ჯგუფის მიერ შესწავლილი დოკუმენტაციის მიხედვით, გამოიკვეთა, რომ რიგ შემთხვევებში, ავტოსატრანსპორტო საშუალებებში ერთჯერადად ჩასხმულია ავტომობილების ავზის მოცულობაზე მეტი ოდენობის საწვავი. კერძოდ, 2019-2020 წლებში გამოვლინდა 20 სატრანსპორტო საშუალებაზე ავტომობილის ავზის მოცულობაზე გადაჭარბებით საწვავის ჩასხმის 45 შემთხვევა. ამ ავტომანქანებში ჯამურად სულ ჩასხმულია 7.7 ათასი ლარის ღირებულების 3.1 ათასი ლიტრი საწვავი.

ასევე, შესამოწმებელ პერიოდში გამოიკვეთა 11 ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, დროის მცირე მონაკვეთში, არაერთგზის და ავზის მოცულობასთან შეუსაბამოდ მეტი ოდენობით საწვავის ჩასხმის 19 ფაქტი (ჯამში, სულ ჩასხმულია 3.9 ათასი ლარის ღირებულების 1.6 ათასი ლიტრი საწვავი.

გარდა ამისა, გამოვლინდა მივლინების ან/და სხვა სახის დასაბუთების გარეშე ქუთაისის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ მდებარე ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავით გამართვის 484 ფაქტი. ამ შემთხვევებში დახარჯულია 35.6 ათასი ლარის ღირებულების 14.3 ათასი ლიტრი საწვავი.

ხშირი იყო ერთი და იმავე ავტომობილის ქუთაისის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ მდებარე ბენზინგასამართ სადგურებზე - შესაბამისი დასაბუთების გარეშე, მრავალგზის გამართვის ფაქტი.

შვებულების პერიოდში მუნიციპალიტეტის თანამშრომლები არ არიან უფლებამოსილნი, ისარგებლონ მათთვის გამოყოფილი საწვავით. მიუხედავად ამისა, 2019-2020 წლებში დაფიქსირდა შვებულების პერიოდში ავტომობილების საწვავით გამართვის 236 ფაქტი (2019 წელს - 147, 2020 წელს - 89 შემთხვევა). ჯამში გახარჯულია 15.1 ათასი ლარის ღირებულების 6.0 ათასი ლიტრი საწვავი.

ინფრასტრუქტურული პროექტების მართვა

აუდიტის ანგარიშის მიხედვით, მუნიციპალიტეტში 9 ხელშეკრულების ფარგლებში, 1,220.8 ათასი ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული სამუშაოების ნაწილი არის დაზიანებული, მიუხედავად იმისა, რომ განხორციელებული სამუშაოები მუნიციპალიტეტის სპეციალისტების მიერ არის ჩაბარებული, არ არის მიღწეული სამუშაოების დადგენილი ხარისხი. შედეგად, ობიექტები ექსპლუატაციის შედეგად მოკლე პერიოდში დაზიანდა და დამატებით რეაბილიტაციას საჭიროებენ. მაგ: სამუსიკო და სახელოვნებო სკოლები.

გარდა უხარისხოდ შესრულებული ინფრასტრუქტურული პროექტებისა, ქუთაისის მუნიციპალიტეტმა 2019 წელს ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის გამოყოფილი თანხის 7%, ხოლო 2020 წელს 32%, ვერ აითვისა.

ქონების მართვა და განკარგვა

2019-2020 წლებში ქუთაისის მერიამ 97 ერთეული მიწის ნაკვეთი გაყიდა. აუდიტის დასკვნის მიხედვით, მუნიციპალიტეტი თავის საკუთრებაში არსებული მიწების აუქციონის წესით გასხვისების შემთხვევაში, ქონების საწყისი ღირებულების განსაზღვრისთვის დამოუკიდებელ აუდიტორის შეფასებას არ იყენებს, რის გამოც გარდა კანონის დარღვევისა, დიდია რისკი, რომ ქონება საბაზრო ღირებულებაზე დაბალ ფასად გასხვისდეს. აღნიშნულის გამო კი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი დამატებითი შემოსავლის მიღების შესაძლებლობას კარგავს.

გარდა ამისა, აუდიტის ანგარიშის თანახმად, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულმა ა(ა)იპ „სპეციალურმა სერვისმა“, ორი ერთეული მეორადი ნაგავმზიდის საბაზრო ფასის დასადგენად, ბაზრის კვლევა მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით ჩაატარა, რის შედეგადაც გაჩნდა რისკი, რომ ხელშეკრულება წინასწარ შერჩეულ კომპანიასთან გაფორმებულიყო.

ასევე, მერიამ 2019-2020 წლებში, პარკში განსათავსებელი ძელსკამები 128.8 ათას ლარად შეისყიდა მიმწოდებლისგან, რომელიც მერის მოადგილესთან არის დაკავშირებული.

წარმომადგენლობითი ხარჯები

2019-2020 წლებში მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითმა ხარჯებმა სულ 351 ათასი ლარი შეადგინა. აქედან, კვებასა და სარესტორნო მომსახურებაზე 2019 წელს 117.8 ათასი ლარი, ხოლო 2020 წელს - 31.3 ათასი ლარი დაიხარჯა. 2019 წელს ქუთაისის მერიამ სარესტორნო და კვების მომსახურებით - 79-ჯერ, ხოლო 2020 წელს 54-ჯერ ისარგებლა. მუნიციპალიტეტის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციაში სრულად ან/და რიგ შემთხვევაში ჩასატარებელი ღონისძიებების საჭიროება, სტუმრებისა და მასპინძლების რაოდენობა, ინფორმაცია შეძენილი პროდუქტების შესახებ და სხვა მონაცემები, მითითებული არ არის.

ჩვენი მხრივ დავძენთ, რომ აუდიტის სამსახურის ძირითადი ფუნქცია - მაკონტროლებელი ფუნქციაა. მათ ნებისმიერი სტრუქტურული ერთეულის მუშაობაში ნაკლოვანებები უნდა გამოავლინონ და რეკომენდაციები გასცენ. გამოვლენილ დარღვევებსა და შესაძლო დანაშაულზე რეაგირება უკვე სხვა სამსახურების პრეროგატივაა. შესაბამისად, აუდიტის ანგარიშებს უფრო სარეკომენდაციო ხასიათი აქვს. ბოლო წლების აუდიტის ანგარიშების შინაარსი ცხადყოფს, რომ მუნიციპალიტეტების საქმიანობაში გამოვლენილი დარღვევები ყოველწლიურად თითქმის იდენტურია, რაც იმის დასტურია, რომ მუნიციპალიტეტების მხრიდან მათ მუშაობაში დაფიქსირებული ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად ქმედითი ნაბიჯები არ ან ძალიან იშვიათად იდგმება.


მსგავსი სიახლეები

5420 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი