ალუდა ღუდუშაური: დემოკრატიის გაუარესება, ძირითადად, პანდემიამ განაპირობა

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ალუდა ღუდუშაურის განცხადება არის ტყუილი.

რეზიუმე: როგორც ანგარიშიდან ჩანს, შეფასებების გაუარესების მიზეზი ოპოზიციის წარმომადგენლების დაკავება, მათზე განხორციელებული მუქარა და დაშინების შემთხვევები იყო. ასევე, სამოქალაქო საზოგადოების, მედიის, პოლიტიკოსებისა და სასულიერო პირების მიმართ წარმოებული ფართომასშტაბიანი ფარული მიყურადების შემთხვევები. ორგანიზაციის მიერ შეფასების შემცირების მიზეზებად დასახელებული მოვლენებს ძირითადად, ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი აქტორების მიმართ ხელისუფლების ქმედებები წარმოადგენს. აღნიშნულ მიზეზებს პანდემიასთან კავშირი არ აქვს და შესაბამისად, შეფასების გაუარესების პანდემიით ახსნა, შეუძლებელია.

ანალიზი:

2022 წლის 20 აპრილს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ალუდა ღუდუშაური საერთაშორისო ორგანიზაციის „Freedom House” 2022 წლის ანგარიშში საქართველოს გაუარესებულ შეფასებებს გამოეხმაურა და შეფასების გაუარესება პანდემიით ახსნა. „ეს არის გასული წლის შეფასებები, შესაბამისად, მთელი ცივილიზებული სამყარო, დემოკრატიული ქვეყნები თანხმდებიან, რომ დემოკრატიის მცირედით გაუარესება ძირითადად არის განპირობებული კოვიდპანდემიიდან გამომდინარე“, - განაცხადა მან.

„ფაქტ-მერმა“ ალუდა ღუდუშაურის განცხადება გადაამოწმა.

გავლენიანი ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია, „Freedom House“ ქვეყნებს, თავისუფლების კუთხით, ყოველწლიურად აფასებს. „Freedom House - ის“ ყოველწლიური ანგარიშები წინა წლის მოვლენებს ასახავს. ორგანიზაცია ქვეყნის თავისუფლების დონეს, ორი კატეგორიით - პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებების მიხედვით, 100-ქულიანი სკალიდან აფასებს, სადაც 100 ქულა საუკეთესო შედეგია. შეფასებაში პოლიტიკურ უფლებებს 40, სამოქალაქო უფლებებს კი 60 ქულა ეთმობა. 2022 წლის ანგარიშში, „თავისუფლება მსოფლიოში 2022“, საქართველო 100-დან 58 ქულით შეფასდა და ნაწილობრივ თავისუფალ ქვეყნების რიცხვში მოხვდა. პოლიტიკური უფლებების კუთხით საქართველომ 22, ხოლო სამოქალაქო უფლებების კუთხით 36 ქულა მიიღო. საქართველოს საერთო რეიტინგი, შარშანდელთან შედარებით, 2 ქულით შემცირდა.

გრაფიკი 1: „Freedom House -ის“ ყოველწლიური ანგარიშების მიხედვით, საქართველოს შეფასება 2014-2022 წლებში.

წყარო: Freedom House

ანგარიშში საქართველოს დახასიათებისას აღნიშნულია, რომ „ საქართველოში რეგულარული და კონკურენტული არჩევნები იმართება. მისმა დემოკრატიულმა ტრაექტორიამ 2012-13 წლებში ხელისუფლების ცვლილების პერიოდში, გაუმჯობესების ნიშნები აჩვენა, თუმცა ბოლო წლებში უკუსვლა დაიწყო. ქვეყნის პოლიტიკურ საქმეებზე, პოლიტიკურ გადაწყვეტილებებსა და მედია გარემოზე არსებობს ოლიგარქიული ზეგავლენები. ეს იწვევს საკითხების პოლიტიზებას, რაც თავის მხრივ, კანონის უზენაესობას უთხრის ძირს. ქვეყანაში სამოქალაქო თავისუფლებები არათანმიმდევრულად არის დაცული“.

ანგარიში 2022 წლის მოვლენების შეჯამებისას განსაკუთრებულ ყურადღებას ე.წ. „შარლ მიშელის“ შეთანხმება უთმობს. „2021 წლის აპრილში, ევროსაბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა შუამავლობით მიაღწია შეთანხმებას მმართველ პარტიასა და ოპოზიციურ ჯგუფებს შორის, რითაც ფაქტობრივად დაასრულა საპარლამენტო ბოიკოტი, რომელიც 2020 წლის ბოლოს, საპარლამენტო არჩევნების გამო დაიწყო. თუმცა, „ქართულმა ოცნებამ“ ივლისში შეთანხმება დატოვა“.

ანგარიშში მოხვდა 5-6 ივლის განვითარებული მოვლენებიც. „ივლისში ანტი-ლგბტ+ მეამბოხეები შეიჭრნენ არასამთავრობო ორგანიზაცია Tbilisi Pride-ის ოფისში, გაანადგურეს ქონება და მედიის 53 წარმომადგენელზე ფიზიკურად იძალადეს, რომლებიც გაუქმებული პრაიდის აღლუმის გასაშუქებლად ემზადებოდნენ. ერთი დაშავებული ადამიანი იმავე თვის ბოლოს გარდაიცვალა“,- ვკითხულობთ ანგარიშში.

ასევე, ანგარიში 2021 წლის აგვისტოში გავრცელებული ფარული ჩანაწერებს საკითხსაც შეეხო. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, აგვისტოში ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ასეულობით ადამიანს, მათ შორის ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებს, სასულიერო პირებს, მღვდლებს და ა.შ. ფარულად უსმენდა. გავრცელებული ინფორმაციით, ფარული მიყურადების სამიზნე ზემოხსენებული პირების პირადი საქმიანობისა და კომუნიკაციების შესახებ, ინფორმაციის შეგროვება იყო. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა და აღმასრულებელმა ხელისუფლებამ გავრცელებულ მასალებთან კავშირი უარყო.

რაც შეეხება 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს, როგორც ანგარიშში წერია, დამკვირვებლების შეფასებით არჩევნებმა მშვიდობიან გარემოში ჩაიარა, თუმცა მათივე თქმით, სხვა პრობლემებთან ერთად, საარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენების, დაშინებისა და ამომრჩეველთა მოსყიდვის შემთხვევები დაფიქსირდა.

როგორც დასაწყისში უკვე აღვნიშნეთ, „Freedom House-ის“ რეიტინგი 2 ნაწილისგან, პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებებისგან შედგება. 2022 წლის რეიტინგში საქართველომ, წინა წელთან შედარებით, ორივე კომპონენტში თითო-თითო ქულა დაკარგა.

პოლიტიკური უფლებების ნაწილში საქართველოს შეფასება პოლიტიკური კონკურენტუნარიანობის ინდიკატორში გაუარესდა. კერძოდ, კითხვაზე „არსებობს, თუ - არა ქვეყანაში რეალური შესაძლებლობა ოპოზიციამ გაზარდოს მხარდაჭერა ან მოიპოვოს ძალაუფლება არჩევნების გზით“, საქართველო 4-დან 2 ქულა მიიღო. შეფასების გაუარესების მიზეზად საპროტესტო აქციების ფონზე, ოპოზიციური პარტიის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებაა დასახელებული. ასევე, აღნიშნულია, რომ სხვა ოპოზიციური პარტიების წევრების მიმართ დაშინების, მუქარისა შემთხვევები დაფიქსირდა.

რაც შეეხება სამოქალაქო თავისუფლებების ნაწილს, საქართველოს შეფასება გამოხატვის თავისუფლების ინდიკატორში გაუარესდა. კერძოდ, კითხვაზე: „არიან, თუ - არა ინდივიდები თავისუფალნი გამოხატონ თავიანთი პირადი შეხედულებები პოლიტიკურ ან სხვა სენსიტიურ თემებზე თვალთვალის ან შურისძიების შიშის გარეშე?“ - საქართველომ 4 ქულიდან 2 ქულა მიიღო. როგორც ანგარიშშია განმარტებული, შეფასების შემცირების მიზეზი 2021 წლის აგვისტოში გავრცელებული ფარული მიყურადების მასალები გახდა - „ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს უშიშროების სამსახურები ინტენსიურად უთვალთვალებდნენ ცალკეულ პირებს, მათ შორის ჟურნალისტებს, სასულიერო პირებსა და დიპლომატებს. მოპოვებულ მასალებს კი ოპონენტების დასაშინებლად იყენებდნენ“.

ზემოხსენებულის გათვალისწინებით, ალუდა ღუდუშაურის განცხადება, რომ შეფასების გაუარესება პანდემიამ გამოიწვია, არის ტყუილი. როგორც ანგარიშიდან ჩანს, შეფასებების გაუარესების მიზეზი ოპოზიციის წარმომადგენლების დაკავება, მათზე განხორციელებული მუქარა და დაშინების შემთხვევები იყო. ასევე, სამოქალაქო საზოგადოების, მედიის, პოლიტიკოსებისა და სასულიერო პირების მიმართ წარმოებული ფართომასშტაბიანი ფარული მიყურადების შემთხვევები. ორგანიზაციის მიერ შეფასების შემცირების მიზეზებად დასახელებული მოვლენებს ძირითადად, ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი აქტორების მიმართ ხელისუფლების ქმედებები წარმოადგენს. დასახელებულ მიზეზებს პანდემიასთან კავშირი არ აქვს და შესაბამისად შეუძლებელი შეფასების გაუარესების პანდემიით ახსნა. ამასთან აღსანიშნავია ისიც, რომ 2017 წლიდან მოყოლებული საქართველოს შეფასებები ყოველწლიურად უარესდება.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი