სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წელს საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა 40 ათასით შემცირდა და ისტორიულ მინიმუმზე ჩამოვიდა. 2022 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 688.6 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1%-ით ნაკლებია.

მოსახლეობის რაოდენობის ცვლილებას ორი ძირითადი ფაქტორი განსაზღვრავს: ბუნებრივი მატება (სხვაობა შობადობასა და სიკვდილიანობას შორის) და მიგრაციული სალდო (სხვაობა იმიგრანტებსა და ემიგრანტებს შორის). 2021 წელს მოსახლეობის რაოდენობის შემცირება ორივე ფაქტორმა განაპირობა. გასულ წელს დაფიქსირდა უარყოფითი მიგრაციული სალდო (-25 966) და უარყოფითი ბუნებრივი მატება (-13 960).

გრაფიკი 1: მოსახლეობის რიცხოვნობა (1 იანვრის მდგომარეობით), 2014-2022 წლებში

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

2015-2019 წლებში ქვეყანაში ბუნებრივი მატების მაჩვენებლები დადებითი იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ დაბადებულთა რიცხოვნობა აჭარბებდა გარდაცვლილთა რიცხოვნობას, თუმცა ბუნებრივი მატების კოეფიციენტი ყოველწლიურად მცირდებოდა. 2020 წელს ქვეყანაში ბუნებრივი მატების უარყოფითი მაჩვენებელი დაფიქსირდა, 2021 წელს კი ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზარდა და გარდაცვლილთა რაოდენობამ ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობას 13 960 ერთეულით გადააჭარბა.

2021 წელს საქართველოში 59 906 ადამიანი გარდაიცვალა, წინა წელთან შედარებით გარდაცვლილთა რიცხოვნობა 18.5%-ით არის გაზრდილი. 2016 წლის შემდეგ ქვეყანაში გარდაცვლილთა რიცხოვნობის შემცირების ტენდენცია იყო, 2020-2021 წლებში სიკვდილიანობის მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა, რაც პირდაპირ კავშირშია COVID-19-ით გამოწვეულ გარდაცვალებასთან.

რაც შეეხება შობადობის მაჩვენებელს, 2021 წელს საქართველოში 45 946 ბავშვი დაიბადა, რაც წინა წელთან შედარებით 1.2%-ით ნაკლებია. აღსანიშნავია, რომ საქართველოში შობადობა 2015-2021 წლებში ყოველწლიურად მცირდება.

შესაბამისად, ბუნებრივი მატების უარყოფითი მაჩვენებელი განპირობებული იყო, როგორც სიკვდილიანობის ზრდით, ასევე შობადობის შემცირებით.

გრაფიკი 2: ბუნებრივი მატების მაჩვენებლები 2014-2021 წლებში

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

2021 წელს მოსახლეობის რაოდენობის შემცირება დიდწილად ემიგრაციამ გამოიწვია. გასულ წელს 25 966 ადამიანით მეტი გავიდა ქვეყნიდან, ვიდრე შემოვიდა. აღსანიშნავია, რომ 2012 წლიდან (ანუ მას შემდეგ, რაც საქსტატმა ახალი მეთოდოლოგია დანერგა, რითაც ემიგრანტების და იმიგრანტების [1] ზუსტი იდენტიფიცირება გახდა შესაძლებელია) უარყოფითი მიგრაციული სალდოს რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი 2021 წელს დაფიქსირდა.

1994 წლიდან გარე მიგრაციული სალდო უარყოფითი იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველწლიურად უფრო მეტი ადამიანი გადიოდა ქვეყნიდან, ვიდრე შემოდიოდა. 2020 წელს საქართველოში დადებითი მიგრაციული სალდო პირველად დაფიქსირდა, ემიგრანტებს და იმიგრანტებს შორის სხვაობამ 15,732 შეადგინა. აღნიშნული პანდემიით და საზღვრების ჩაკეტვით იყო განპირობებული. 2021 წელს, როდესაც საზღვრები უცხოეთში კვლავ გაიხსნა, ემიგრაცია მკვეთრად გაიზარდა, ხოლო იმიგრაცია შემცირდა.

გრაფიკი 3: მიგრაციული სალდო, ათასი

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

[1]საქსტატის მეთოდოლოგიით, ემიგრანტად მიიჩნევა პირი, რომელმაც დატოვა საქართველო ბოლო 12 თვეში და სულ მცირე 183 დღე იმყოფებოდა სხვა სახელმწიფოში, მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი ქვეყნიდან გასვლამდე იყო საქართველო (ანუ წინა 12 თვის განმავლობაში, სულ მცირე 183 დღე იმყოფებოდა საქართველოში). იმიგრანტად მიიჩნევა პირი, რომელიც საზღვრის გადმოკვეთიდან სულ მცირე 183 დღე იმყოფებოდა საქართველოში და საზღვრის კვეთამდე საქართველო არ იყო მისი მუდმივი საცხოვრებელი ქვეყანა. ემიგრანტიც და იმიგრანტიც შეიძლება იყოს როგორც საქართველოს მოქალაქე, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქე.


მსგავსი სიახლეები

5346 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი