იტვირთება

დავით სონღულაშვილი: ბიუჯეტის შემოსულობები 2012 წელს 8,6 მილიარდი ლარი, ახლა 15 მილიარდ ლარზე მეტია, ეკონომიკა (მშპ) 2012 წელს 26 მლრდ, ჩვენი ხელისუფლების დროს ორჯერაა გაზრდილი.

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, დავით სონღულაშვილის განცხადება არის მანიპულირება.

ანალიზი:

საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ხელმძღვანელმა დავით სონღულაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში სხვადასხვა მიმართულებით მიღწეული შედეგები „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდს შეადარა, მათ შორის - ბიუჯეტის შემოსულობები და მთლიანი შიდა პროდუქტი. მისი განცხადებით: „ბიუჯეტის შემოსულობები 2012: 8,6 მილიარდი ლარი, ახლა 15 მილიარდ ლარზე მეტია, ეკონომიკა (მშპ) 2012 წელს 26 მლრდ, ჩვენი ხელისუფლების დროს ორჯერაა გაზრდილი.“

მსგავსი განცხადებები მშპ და ბიუჯეტთან დაკავშირებით ახლო წარსულში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმაც გააკეთა, რაც „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, მანიპულაციას წარმოადგენდა.

ეკონომიკის განვითარების დინამიკის ყველაზე გავრცელებული მაჩვენებელი მთლიანი შიდა პროდუქტია, რომელიც კონკრეტულ პერიოდში, ქვეყანაში წარმოებული საქონლისა და მომსახურების ღირებულებას ასახავს. თუმცა, მთლიანი შიდა პროდუქტის ღირებულება ინფლაციასაც მოიცავს, რადგან როგორც წესი, იზრდება როგორც წარმოებული საქონლის და მომსახურების რაოდენობა/მოცულობა, ასევე მათი ფასებიც. აღნიშნულ მაჩვენებელს, ნომინალურ მთლიან შიდა პროდუქტს უწოდებენ.

იმისთვის რომ მთლიანმა შიდა პროდუქტმა ეკონომიკის რეალური ზრდა, ანუ საქონლის და მომსახურების ზრდის რეალური მოცულობა ასახოს, ფასების დაფიქსირება რომელიმე კონკრეტულ წლის მიხედვით ხდება და სხვა წლებში წარმოებული საქონელი/მომსახურების გამოთვლა ამ ფასებში ხორციელდება, რაც ინფლაციის გავლენას გამორიცხავს. მაგალითად, თუ 2020 წელს ქვეყანაში აწარმოვეს 100 პური და ერთი პურის ღირებულება 1 ლარი იყო, ხოლო 2021-ში აწარმოვეს 200 პური და ერთი პურის ღირებულება 2 ლარი იყო, ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი 300 ლარით იზრდება, ხოლო რეალური მთიანი შიდა პროდუქტი (2020 წლის ფასებში, როდესაც პურის ფასი 1 ლარია) 100 ლარით, ანუ რეალურად, წარმოებული საქონლის რაოდენობა და შესაბამისად, რეალური მშპ გაორმაგდა, ხოლო ნომინალური მაჩვენებელი, ეკონომიკას გაზრდილად - გაბერილი ფასების გამო, ზედმეტად წარმოაჩენს.

2021 წელს, 2012 წელთან შედარებით, ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი 2.2-ჯერ გაიზარდა. რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი კი, რომელიც ეკონომიკის რეალურ ზრდას ასახავს, 1.36-ჯერ გაიზარდა და არა ორჯერ. 2019 წელს, პრეპანდემიურ პერიოდში, 2012 წელთან შედარებით ,მშპ 32.3%-ით იყო გაზრდილი. პოლიტიკოსი ეკონომიკური დინამიკის აღსაწერად არასწორ მაჩვენებელს იყენებს.

ცხრილი 1: ნომინალური და რეალური მშპ-ს დინამიკა 2012-2021 წლებში, მლრდ ლარი

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

ბიუჯეტთან დაკავშირებით, უნდა აღინიშნოს რომ, როგორც ასეთი, ბიუჯეტის გარკვეული მოცულობით გაზრდა თუ შემცირება მთავრობის წარმატებისა თუ წარუმატებლობის საზომად ვერ გამოდგება. ბიუჯეტის შემოსულობების და ასიგნებების სტრუქტურის თუ მოცულობის ცვლილებას შესაძლოა მრავალი სხვადასხვა ხარისხობრივი/თვისობრივი ფაქტორი განაპირობებდეს. არსებობს განსხვავებული შეხედულებები, რომლის მიხედვითაც, კონკრეტულ ვითარებაში, ბიუჯეტი უფრო მეტად, ან უფრო ნაკლებად უნდა გაზრდილიყო.

ბიუჯეტის შემოსულობები საანგარიშო პერიოდში ბიუჯეტში მიღებული ფულადი სახსრების ერთობლიობას წარმოადგენს. შემოსულობები შემოსავლებისგან, არაფინანსური აქტივების კლებისგან (პრივატიზაცია), ფინანსური აქტივების კლებისა და ვალდებულებების ზრდისგან შედგება. თავის მხრივ, შემოსავლები საგადასახადო შემოსავლებისგან, გრანტებისგან და სხვა შემოსავლებისგან შედგება.

2021 წლის ფაქტით, 2012 წელთან შედარებით, ბიუჯეტის შემოსულობები 2.3-ჯერ გაიზარდა. აღნიშნული მკვეთრი ზრდა ძირითადად დიდი რაოდენობით ვალის აღებას უკავშირდებოდა. 2019 წელს, 2012 წელთან შედარებით, ბიუჯეტის შემოსულობები 65.5%-ით იყო გაზრდილი, ხოლო 2020 წელს, 2019 წელთან შედარებით, ბიუჯეტის შემოსულობები ერთბაშად 36.1%-ით გაიზარდა. რომ არა პანდემია, 2020 წლისთვის ბიუჯეტის შემოსულობები14 მლრდ ლარზე იყო დაგეგმილი, რაც დამდგარ ფაქტთან შედარებით დაახლოებით 4 მლრდ ლარით ნაკლებია. ამ თვალსაზრისით, ბიუჯეტის მკვეთრი ზრდა კრიზისით გამოწვეული, უარყოფითი მოვლენა გამოდის და არა დადებითი, რადგან 2020-2021 წლებში, ბიუჯეტის შემოსულობები ფორს-მაჟორულ ვითარებაში, ვალდებულებების მკვეთრი მატების ხარჯზე გაიზარდა. უფრო მეტიც, 2020 წელს, 2019 წელთან შედარებით, შემოსავლების მუხლის მოცულობა 185 მლნ ლარით შემცირდა, რაც ეკონომიკის კლებით იყო გამოწვეული.

ცხრილი 2: სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები 2012-2022 წლებში, მლნ ლარი

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

უშუალოდ შემოსავლების მუხლი, რომელიც ვალდებულებებს არ მოიცავს, ძირითადად საგადასახადო შემოსავლებისგან შედგება და შესაბამისად, ეკონომიკის ნომინალურ (რაც ნაწილობრივ რეალურ ზრდასაც მოიცავს) ზრდასთან არის დაკავშირებული. 2021 წლის ფაქტობრივი მონაცემებით, 2012 წელთან შედარებით, შემოსავლები 79%-ით არის გაზრდილი. 2022 წლის გეგმური შემოსავალი 14.5 მლრდ ლარია, რომლის მიღწევის შემთხვევაშიც, ბიუჯეტის შემოსავლები 2012 წელთან შედარებით მართლაც გაორმაგდება. თუმცა, 2021-2022 წლებში, ინფლაცია კრიტიკულ პრობლემას წარმოადგენს. როგორც მშპ-ს, ასევე ბიუჯეტის შემთხვევაშიც, ბიუჯეტის ზრდის ნაწილი ნომინალურია და ინფლაციის გათვალისწინებით, პირობითად, 2021 წელს, ბიუჯეტიდან ერთი მილიონი ლარით ნაკლები საქონლის თუ მომსახურების შეძენა იყო შესაძლებელი, ვიდრე 2012 წელს იმავე თანხით. შესაბამისად, „რეალური ბიუჯეტი“ კიდევ უფრო ნაკლებად გაიზარდა. ამ თვალსაზრისით, ფასების ზრდას საბიუჯეტო შემოსავლებზე ორმაგი ეფექტი აქვს, ერთი მხრივ, ბიუჯეტის ნომინალური საგადასახადო შემოსავალი იზრდება და მეორე მხრივ, ბიუჯეტის რეალური მსყიდველუნარიანობა მცირდება.

ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზებიდან გამომდინარე, ბიუჯეტის შემოსულობების დინამიკის განხილვა მშრალად, შესაბამისი კონტექსტის წარმოდგენის და საჭირო განმარტებების გარეშე, ასევე მანიპულაციურია.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

ფაქტ-მეტრი გადაცემაში "მრგვალი მაგიდა"

იხილეთ ვრცლად
4021 - გადამოწმებული ფაქტი
ყალბი ამბავი
25%
სიმართლე
20%
მეტწილად სიმართლე
11%
ნახევრად სიმართლე
8%
მეტწილად მცდარი
7%

ყველაზე კითხვადი