არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების ნაწილი ღიად აცხადებს, რომ სამაუწყებლო ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დამფუძნებელ ნიკა გვარამიას დაპატიმრებით, ხელისუფლება კრიტიკული მედიის გაჩუმებას უკვე ხისტი მეთოდებით ცდილობს. ნიკა გვარამიასთვის თავისუფლების აღკვეთა პოლიტიკურად მოტივირებულ დევნად შეაფასა Amnesty International-მაც. ფაქტს ასევე გამოეხმაურა Human Rights Watch-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების ასოცირებული დირექტორი გიორგი გოგია, რომელმაც Twitter-ზე გამოქვეყნებულ მოსაზრებაში, გვარამიას შესახებ დაწერა, რომ ის ყალბი ბრალდებით დააპატიმრეს.

ერთ-ერთი ყველაზე ოპოზიციური მაუწყებლის მენეჯერის დაპატიმრება ქვეყანაში ახალი საპროტესტო აქციების საფუძველი გახდა. ამ პროტესტს სათავეში ჟურნალისტები უდგანან. 18 მაისს თბილისში გამართული აქციის პარალელურად, არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების წარმომადგენლები ბათუმშიც შეიკრიბნენ. ისინი მიიჩნევენ, რომ ხელისუფლება უკვე დაუფარავად ებრძვის ყველას, ვინც მას აკრიტიკებს და ცდილობს, ქვეყანაში თავისუფალი მედია მოკლას. ჟურნალისტები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები „ფაქტ-მეტრთან“ ამბობენ, რომ „ქართული ოცნება“ თავისი ქმედებებით ქვეყნის საგარეო კურსს ცვლის და დემოკრატიულ პროცესებს აზარალებს.

თეა ვაშალომიძე, „მთავარი არხის“ ჟურნალისტი: „სიტყვის თავისუფლება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. როცა დემოკრატიაზე ვსაუბრობთ, პირველი პუნქტია სიტყვის თავისუფლება. კითხვა დაისმის ასე: საზოგადოებას გვინდა რუსეთი, რომელიც სიბნელესთან, სიღატაკესთან, მონობასთან ასოცირდება, თუ ვირჩევთ დასავლეთს, რომელიც თავისუფლებასთან, კეთილდღეობასთან, ხარისხიან განათლებასთან, ჯანდაცვასთან და სხვა სიკეთეებთან მიგვიყვანს. თუ არ დავიცავთ სიტყვის თავისუფლებას, ვიცხოვრებთ მონობაში, არ გვექნება თავისუფალი სასამართლო და ვიქნებით ღარიბები. „რუსთავი 2-დან“ რომ მოვდიოდი, ზუსტად ვიცოდი, რომ მივდიოდი იქ, სადაც იბრძვიან თავისუფლებისთვის. საზოგადოებას უნდა ავუხსნათ, რომ ნიკა გვარამია ასოცირდება თავისუფლებასთან. მან შექმნა კრიტიკული ტელევიზია. კრიტიკული ტელევიზიის მენეჯერი ხელისუფლებამ არ უნდა დაიჭიროს. იმიტომ რომ ხვალ რომელიმე მოქალაქეს საკუთარი უფლებების დაცვა რომ დასჭირდეს, ვერ დაიცავს, რადგან არ დარჩება არც ერთი კრიტიკული ტელევიზია, ვინც მას მოუსმენს. უფლებადარღვეული ადამიანების ხმა არ იქნება არსად. ესაა მონობა. ვფიქრობ, მედიასა და ჟურნალისტებს უფრო სწორი მესიჯები მიგვაქვს ხალხთან, ვიდრე პოლიტიკოსებს. ოპოზიციამ ამდენი ხანია, მოქალაქეებს ვერ გააგებინა, სადაა სიბნელე და სად - სინათლე. ქვეყანა გვემხობა და ჩვენ მშვიდად არ უნდა დაველოდოთ, როდის ჩამოიშლება საბოლოოდ“.

ასლან ჭანიძე, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ თავმჯდომარე: „სასამართლო რეფორმა ისე გატარდა, რომ ნდობის ფაქტორი არ არის. მეორეც, კონკრეტულად ამ პროცესთან მიმართებით, მოსამართლის დაინტერესება ანუ მისი კავშირები ერთ-ერთ ადამიანთან და ამას თვითონაც არ უარყოფს, აცილების საფუძველი უნდა ყოფილიყო. მესამე: უკვე აქტიურად მიდის საუბარი, რომ [სამსახურებრივი ტრანსპორტის] არასამუშაო დანიშნულებით მოხმარებისთვის, ყველა თანამდებობის პირი დასაჭერია. მე არც ნიკა გვარამიას ფანი ვარ და არც - „მთავარი არხის“. ჩემთვის მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ უკვე არსებობს პრეცედენტები, როცა ადამიანები განსხვავებული პოზიციის გამო ისჯებიან. ეს ორგანიზაცია არც მალავდა, რომ მხარე იყო. ამის გამო ამ ადამიანების დასჯა არის ნიშანი, რომ ხვალ და ზეგ ჩვენც ასე მოგვექცევიან. შევარდნაძის პერიოდიდან მოყოლებული, ეს სასამართლო, კანონები, მთლიანად სისტემა მუშაობს იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც არ არიან ხელისუფლების მომხრე. აქ საუბარი არ არის ნიკა გვარამიაზე. საუბარია იმაზე, რომ საფრთხე ექმნება სიტყვის თავისუფლებას.“

სულხან მესხიძე, TV25-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი: „ნებისმიერი კოლეგის, ნებისმიერი მედიასაშუალების მიმართ ვართ სოლიდარული და ვფიქრობ, რომ ეს სოლიდარობა გადაგვარჩენს. მედიაში, საერთოდ, ყოველთვის კრიტიკული მდგომარეობაა და ახლა ის ზღვარს მიუახლოვდა. არის საფრთხე, რომ რამდენიმე მაუწყებელი გაჩერდეს, სარედაქციო პოლიტიკა შეიცვალოს და მძლავრი კრიტიკული მედიების გაჩუმების შემდეგ, ბუნებრივია, რეგიონული მედიების ჯერი დადგება. მე და ჩემი კოლეგები ყველანაირად ვეცდებით, რომ თავისუფლება, რომელიც გვაქვს თითოეულ ჩვენგანს, შევინარჩუნოთ. „ქართული ოცნება“ ახლა ამტკიცებს, რომ არანაირი კავშირი არ აქვს ამ პროცესებთან. ამას, ალბათ, არავინ არ დაიჯერებს. პროცესებში, რომლებიც ამ ბოლო წლებში მიმდინარეობდა, ყოველთვის ჩანდა ხელისუფლების ინტერესი. ხელისუფლების ლიდერი ამბობს, რომ კანონი ყველასთვის უნდა კანონობდეს... ზოგჯერ ვფიქრობ, როდემდე შეიძლება ასეთი დაცინვა, ასეთი ცინიზმი. ნეტა ვინმეს სჯერა ამ ქვეყანაში, რომ სასამართლო დამოუკიდებელი და მიუკერძოებელია? [ხელისუფლების] ანტიდასავლური განცხადებები აისახება ჩვენს ქვეყანაზე და უკვე დაწყებულია. ამის სიმძიმე - არა „ქართული ოცნების“, არამედ საქართველოს მოქალაქეების ზურგზე გადავა. მიმაჩნია, რომ დღეს მედია გაცილებით ძლიერია, მაგრამ მოსახლეობაში ნიჰილიზმია გაჩენილი და ეს ოპოზიციის სისუსტიდან, მისი არათანმიმდევრული ნაბიჯებიდან მოდის. ამის გამოა, რომ მოქალაქეები საპროტესტო აქციებს არ უერთდებიან, თორემ დღეს ყველამ იცის, რა ხდება ქვეყანაში. უბრალოდ, ადამიანმა ვერ გაიგო, რისთვის გამოვიდეს ქუჩაში, როცა ოპოზიცია ვერ ჩამოყალიბდა, რა სურს საერთოდ“.

ეთერ თურაძე, გაზეთ „ბათუმელების“ რედაქტორი: „დარწმუნებული ვარ, რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება რისკის ქვეშაა. მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება, რაც ჟურნალისტიკაში ვარ, ყოველთვის ამ ღირებულებით ვცხოვრობ. ყოველთვის მიმაჩნდა, რომ დემოკრატიის დაცვა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულება და ეს პროცესები, რომლებიც მიმდინარეობს, სამართლებრივ სივრცეს გასცდა. ეს არ არის მხოლოდ ჩემი შეფასება. ეს ეყრდნობა ძალიან კვალიფიციური ორგანიზაციებისა და ექსპერტების შეფასებებს. მე ვიზიარებ ამ პათოსს. ვგულისხმობ ნიკა გვარამიას დაკავებას იმ მუხლებითა და მოტივებით, რომლებიც ჩვენ, საზოგადოებამ ვიცით.

მე ძალიან ოპტიმიზმით ვუყურებ ამ ყველაფერს და არ ვფიქრობ, რომ ადამიანების ძალიან დიდი ნაწილისთვის სიტყვის თავისუფლება უფრო ნაკლები ღირებულებაა, ვიდრე - ჩემთვის. ვინც „თავებს ითვლის“, ისინი შეცდომას უშვებენ. ძალიან პატარა ნაპერწკალიც და შეიძლება, ერთი თავი მილიონ თავად გადაიქცეს. ეს თვითონაც კარგად იციან. ამ პატარა აქციების ძალა რომ არ იცოდნენ, საპირისპირო მხარეს ასეთი მობილიზება არ იქნებოდა გამოცხადებული“.

ნატო გოგელია, „ტელეკომპანია პირველის“ ჟურნალისტი: „არ მგონია, რომ ეს არის კონკრეტულად ერთი რომელიმე ჟურნალისტის ბრძოლა. გუშინ მამუკა ღლონტს ვესაუბრებოდი ამ თემაზე. მას ჰქონდა პოსტი, რომ ნიკა გვარამია არის პოლიტპატიმარი. იგივე პოსტი ჰქონდა ნანა ლეჟავას. იქვე იყო კომენტარები: „თქვენც ნაციონალები ხართ“... მამუკა ღლონტსა და ნანა ლეჟავას რომ „ნაცს“ დაუძახებ... იმათთან ერთად, ეს კინო მეც ნანახი მაქვს 2012-ში და ზუსტად ვიცი, დასასრული როგორი აქვს. მაშინაც იმავე ბრძოლას გავდიოდით. უბრალოდ, მაშინ ასეთი მძიმე მეთოდები არ იყო. იმ დროს არ იყვნენ ეს ტროლ-ბოტები, რომლებიც ოჯახის წევრებს თავს ესხმოდნენ.

ხელისუფლებას ძალიან მძლავრი იარაღი აქვს სახელისუფლებო მედიებისა და სოციალური ქსელების სახით. ტვინის გამორეცხვის კარგი მეთოდები აქვთ. რამდენიმე დღის წინ პრემიერ-მინისტრს ძალიან კრიტიკული შეკითხვები დავუსვი. ამის შემდეგ, ჩემს თოთხმეტი წლის ბიჭს ვიღაც ტროლებმა ფეისბუქზე მისწერეს ათასგვარი სიბინძურე და წარმოიდგინეთ, ჩემმა შვილმა მითხრა, სამსახურიდან უნდა წამოხვიდეო. კი ავუხსენი, მაგრამ ყოველთვის ამის ახსნა არ არის მარტივი. ამ ხელისუფლებას ჩვენთვის ომი აქვს გამოცხადებული. მართლა ომში ვართ“.

პაატა დიასამიძე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის თავმჯდომარე: „ჩვენი ორგანიზაცია ამ საქმეზე მონიტორინგს ახორციელებდა. სახალხო დამცველმაც გამოაქვეყნა ანგარიში. ასევე ანგარიში დადო „გამჭვირვალობამ“ და მნიშვნელოვან დარღვევებზე დეტალურად მიუთითა. საქმეში არ იყო საკმარისი მტკიცებულებები და ასევე, ყველაზე დიდი პრობლემა რაც იყო, ესაა მართლმსაჯულების კუთხით პრობლემა. საბოლოოდ, შედეგი იყო ის, რომ გამოიყენა თავისუფლების აღკვეთა. სასჯელის ნაწილში რამდენად არის დასაბუთებული, ესეც კიდევ ცალკე საკითხია. ეს შეიძლება შევაფასოთ, როგორც მედიაზე განხორციელებული პოლიტიკური ზეწოლა, რაც, ბოლო პერიოდის განმავლობაში, მმართველი გუნდის მხრიდან მოდის მედიაორგანიზაციებზე.

ამ საქმეშიც და ჩვენი ორგანიზაციის ფილიალის მიერ წარმოებულ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის იმპიჩმენტის საქმეშიც ჩანს, რომ მართლმსაჯულებას გამოწვევა აქვს და სახელმწიფო ამ გამოწვევებს ვერ პასუხობს“.

გია ქარცივაძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრი: „თუ დავაკვირდებით უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის, მათ შორის, სახელმწიფო დეპარტამენტის დასკვნებს, დავინახავთ, რამდენად გაუარესებულია მედიაგარემო საქართველოში. ცივილიზებულ სამყაროში დემოკრატიის საწყისია მედიის თავისუფლება. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მაგალითზე გეტყვით, რამდენად მძიმე მდგომარეობაა. წარმომიდგენია, სხვა მაუწყებლებში, სადაც ხელმძღვანელებს პასუხისმგებლობა ემუქრებათ, სადაც მაუწყებლები წნეხის ქვეშ არიან, როგორ მძიმე პირობებში უხდებათ მუშაობა. მე დღეს აქ გამოსული ვარ როგორც მედიის მხარდამჭერი. ხვალ, შეიძლება, პოლიტიკური იარლიყი მომაკრან, რომ რომელიღაც პარტიის მხარდამჭერი ვარ. რა თქმა უნდა, იმის მტკიცებას არ დავიწყებ, რომ ასეთი არ ვარ, მაგრამ აი ასე აშავებენ პროცესს. სამწუხაროდ, ასე ხდება სიტუაციის გაფუჭება. ეს ძალიან ცუდია ჩვენთვის. ყველა განვითარებული ადამიანის ჩვეულებრივი სამოქალაქო პასუხისმგებლობაა, ყველასთან მიიტანოს ინფორმაცია, რომ თუ მედია არ იქნება თავისუფალი, სახელმწიფო ვერ იქნება კარგი. თუ ასე გაგრძელდა, ერთ ათწლეულში ჩრდილოეთ კორეას გავასწრებთ.“

„ფაქტ-მეტრი“ მიიჩნევს, რომ კრიტიკული მედიასაშუალების გენერალური დირექტორის დაპატიმრება აღიქმება როგორც მუქარა და გაფრთხილება სხვა კრიტიკული მედიასაშუალებების მიმართ, რაც საფრთხეს უქმნის სიტყვის თავისუფლებას. საბოლოოდ კი, შესაძლოა ხელისუფლების ასეთი ნაბიჯები უარყოფითად აისახოს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე.

ფოტო: მარი კეკელიძე


მსგავსი სიახლეები

5420 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი