„ალტ-ინფოს“ ეთერში „ალტ-ინფოს“ დამფუძნებელმა, კონსტანტინე (კოკა) მორგოშიამ ფინეთისა და შვედეთის მიერ NATO-ს წევრობისთვის გაკეთებული განაცხადის კომენტირებისას შემდეგი ინფორმაცია გაავრცელა: „რუსეთ-ფინეთის ომის შემდეგ რუსეთსა და ფინეთს შორის მეორე მსოფლიო ომის დროსაც კი არ ყოფილა დაძაბულობა. შვედეთზე საერთოდ ზედმეტია [საუბარი], მიუხედავად იმისა, რომ შვედეთი მეორე მსოფლიო ომის დროს ნებსით თუ უნებლიედ ამარაგებდა ვერმახტის შეიარაღებას, ნედლეულს მოიპოვებდნენ შვედეთში, მე არ მახსენდება რაიმე დაპირისპირება. შესაბამისად, თავისთავად ცხადი და ნათელია ყველასთვის, რომ ეს ფინეთისა და შვედეთის გადაწყვეტილება არ არის, ეს არის ამერიკის შეერთებული შტატებისა და ალიანსის წევრი ქვეყნების დაჟინებული მოთხოვნა იქიდან გამომდინარე, რომ, თითქოს, რუსეთისგან არის დიდი საფრთხე“.

აღნიშნულ განცხადებას რეალობასთან საერთო არაფერი აქვს და საზოგადოდ ცნობილ ისტორიულ ფაქტებს ეწინააღმდეგება. მორგოშიას მიერ მსგავსი განცხადების გაკეთება შესაძლოა, საზოგადოების განზრახ შეცდომაში შეყვანას ემსახურებოდეს ან უბრალოდ, საკითხის უცოდინარობასთან გვქონდეს საქმე.

პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ სსრკ-ფინეთის ომი მეორე მსოფლიო ომის ნაწილია და არა ცალკე მდგომი კონფლიქტი. სსრკ ფინეთს თავს მას შემდეგ დაესხა, რაც ჰიტლერის ნაცისტურ გერმანიასთან 1939 წლის 23 აგვისტოს მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი დადო და პაქტის საიდუმლო პროტოკოლით ბოლშევიკურმა სსრკ-მ და ნაცისტურმა გერმანიამ აღმოსავლეთ ევროპა გაინაწილეს. მტკიცება, თითქოს საბჭოთა კავშირი მეორე მსოფლიო ომში 1941 წელს ჩაება, ტყუილია. სწორედ, 23 აგვისტოს შეთანხმებული პაქტით მიიღო ჰიტლერმა სტალინისგან თავდაუსხმელობის გარანტია, მიეცა რა ევროპაში მოქმედებების საშუალება და პოლონეთში შეიჭრა. საბჭოთა მხარე, როგორც ნაცისტური გერმანიის მოკავშირე, მეორე მსოფლიო ომში 1939 წლის 17 სექტემბერს ჩაერთო, როცა პოლონურ მხარეს ცეცხლი გაუხსნა. პოლონეთის აღმოსავლეთ ნაწილების დაკავების შემდეგ, საბჭოთა მხარე მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტით შეთანხმებული ტერიტორიების დაკავებასაც შეუდგა. კერძოდ, ბალტიის რესპუბლიკებისა და ბესარაბიის (დღევანდელი მოლდოვა) დაკავება და ომი ფინეთთან, იმავე სამხედრო კამპანიას მიეკუთვნება. შესაბამისად, საბჭოთა კავშირი მეორე მსოფლიო ომში 1939 წელს ჩაება, ხოლო 1941 წელს გერმანიის თავდასხმის შემდეგ, მან ბანაკი შეიცვალა (დეტალურად, იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიაში).

მტკიცება, თითქოს სსრკ-ფინეთს შორის 1939-1940 წლების ე.წ. „ზამთრის ომის“ შემდეგ (რაზეც მორგოშია მიუთითებდა) „რუსეთსა და ფინეთს შორის მეორე მსოფლიო ომის დროსაც კი არ ყოფილა დაძაბულობა“, ტყუილია. რეალურად, მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას, ფინეთი სსრკ-სთან ომში გერმანიას შეუერთდა და სსრკ-ს წინააღმდეგ ომს აწარმოებდა. კერძოდ, სსრკ-ფინეთს შორის 1941-1944 წლებში ე.წ. „გაგრძელებითი ომი“ (Finland’s Continuation War) მიმდინარეობდა.

რაც შეეხება მტკიცებას, თითქოს NATO-ში შესვლის გადაწყვეტილება არა შვედეთსა და ფინეთს, არამედ აშშ-ს ეკუთვნის, ეს შეთქმულების თეორიას წარმოადგენს, რომელსაც ფაქტობრივი საფუძველი არ გააჩნია. მართალია, აშშ ფინეთისა და შვედეთის მიერ NATO-ში გაწევრებას მიესალმება და მხარს უჭერს, თუმცა ფინეთისა და შვედეთის მიერ სწორედ 2022 წელს ნეიტრალიტეტის პოლიტიკის შეცვლა და NATO-ში გაწევრიანების გადაწყვეტილების მიღება, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შედეგად გაჩენილი რუსეთისგან მომდინარე საფრთხით არის განპირობებული.

ამდენად, კონსტანტინე მორგოშიას მტკიცებები - ყალბ ამბავს, ტყუილსა და შეთქმულების თეორიას წარმოადგენს.

------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5361 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი