გია ვოლსკი: არც ერთი ექიმი იმის გარდა განცხადებას არ აკეთებს, რომ ეს ადამიანი „პოლიტიკური პატიმარია“. ისინი არც ინტერესდებიან, რა სახის მკურნალობას სთავაზობენ

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, გია ვოლსკის განცხადება არის ტყუილი.

რეზიუმე: მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგისთვის სახალხო დამცველის მიერ შექმნილ ექსპერტთა ჯგუფის ექვსივე წევრის დასკვნაში დეტალურად მხოლოდ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა და დანიშნული მკურნალობის ხარისხია შეფასებული, ასევე დანიშნული მკურნალობის გაგრძელების მოსალოდნელი შედეგები და შესაბამისი რეკომენდაციებია მოცემულია. ექიმები მხოლოდ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას აფასებენ და მათ პოლიტიკური შინაარსის განცხადებები არ გაუკეთებიათ.

ანალიზი: 2022 წლის 12 მაისს „ქართული ოცნების“ დეპუტატმა გია ვოლსკიმ განაცხადა: „არც ერთი ექიმი იმის გარდა განცხადებას არ აკეთებს, რომ ეს ადამიანი (მიხეილ სააკაშვილი) „პოლიტიკური პატიმარია“. ისინი არც ინტერესდებიან, რა სახის მკურნალობას სთავაზობენ და ვერც იმას ახასიათებენ, ამ მკურნალობის ხარისხი საკმარისია, თუ - არა. ვერც იმ შედეგებს ახასიათებენ, მკურნალობაზე უარის თქმამ, რა შეიძლება მოიტანოს“.

„ფაქტ-მეტრმა“ გია ვოლსკის განცხადება გადაამოწმა.

როგორც ცნობილია, 2021 წლის 16 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა მიხეილ სააკაშვილისთვის მიწოდებული სამედიცინო მომსახურების ადეკვატურობისა და დროულობის შეფასების მიზნით, ექსპერტთა ჯგუფი შექმნა. 2022 წლის 22 აპრილს აღნიშნულმა ექსპერტთა ჯგუფმა მიხეილ სააკაშვილი რიგით მე-6-ჯერ მოინახულა და შეიმუშავა დასკვნა. აღნიშნული დასკვნის თანახმად, ბოლო ვიზიტთან შედარებით, რომელიც 11 იანვარს განხორციელდა, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მნიშვნელოვნად არის გაუარესებული. მაშინ, როცა ბოლო შეფასების დასკვნით, პატიმრის მდგომარეობის ზოგადი შეფასება იყო საყურადღებო. სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ ინფორმაციის საფუძველზე, შესაძლო გართულებების თავიდან აცილების მიზნით, 10 მაისს საქართველოს მთავრობამ მიხეილ სააკაშვილს გამოკვლევისთვის „ვივამედში“ გადაყვანა შესთავაზა, რასაც სააკაშვილი დათანხმდა და 12 მაისს იგი კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს.

აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველის სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფის ექვსივე დასკვნაში, [1] ასევე ცენტრ ემპათიას ექსპერტთა მიერ შემუშავებულ ოთხივე დასკვნაში [2] მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებას, დანიშნული მკურნალობის ეფექტურობას და მოსალოდნელ შედეგებს (მათ შორის - რეკომენდაციებს), ვეცნობით. დასახელებული დასკვნები შინაარსობრივად მხოლოდ სამედიცინო შეფასების დოკუმენტებია, მათში პოლიტიკური სახის განცხადებები არ გვხდება, მათ შორის არც „პოლიტიკური პატიმრის“ სტატუსით - მიხეილ სააკაშვილის მოხსენიება.

გარდა ამისა, ექიმთა მიერ შემუშავებულ დასკვნებში წარმოდგენილია როგორც პაციენტის მდგომარეობის ზოგადი შეფასება, ასევე განხილულია, თუ რამდენად აკმაყოფილებს დანიშნული მკურნალობა არსებულ საჭიროებებს. დასკვნების უდიდესი ნაწილი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის საყურადღებო საკითხებსა და შესაბამის რეკომენდაციებს/პროგნოზებს, ეთმობა. მაგალითად, სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექსპერტთა ჯგუფის ამ ეტაპისთვის ბოლო დასკვნაში აღნიშნულია, რომ მხოლოდ დანიშნული მედიკამენტოზური მკურნალობის გაგრძელება (რეკომენდაციების შეუსრულებლად) „ვერ გამოიღებს დადებით შედეგებს და გამოიწვევს პაციენტის მდგომარეობის არსებული ფორმით მკვეთრად დამძიმებას, რამაც, შესაძლოა, შეუქცევადი შედეგები გამოიწვიოს.“ აქედან გამომდინარე, გია ვოლსკის განცხადება ექიმების მიერ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და დანიშნული მკურნალობის ეფექტიანობის შეუფასებლობის თაობაზე, არის ტყუილი.

[1] სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექსპერტთა ჯგუფის დასკვნები: N1 – https://bit.ly/3sEmriy; N2 - https://bit.ly/3MlEou6; N3 - https://bit.ly/3LhK3js; N4 - https://bit.ly/3Njxgyr; N5 - https://bit.ly/3lcXTsU; N6 - https://bit.ly/3yDyOyY;

[2] ცენტრ „ემპათიას“ ექსპერტთა ჯგუფის დასკვნები: N1 - https://bit.ly/3Pkq9rh; N2 - https://bit.ly/3NehTXL; N4 - https://bit.ly/3yEBoVE;


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5346 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი