საქართველოს სტატისტიკის სამსახურმა, 2021 წლის ცხოვრების დონის სტატისტიკის მაჩვენებლები გამოაქვეყნა, რასაც სოციალურ ქსელებში, მოქალაქეების ინტერესი და გამოხმაურება მოჰყვა. 2021 წელს საქართველოს მოსახლეობის საშუალო თვიური შემოსავლების (ფულადი და არაფულადი სახსრების ჯამი) მოცულობამ 1 360.2 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2020 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 13.9%-ით მეტია. 2021 წლის მონაცემებით, საშუალო თვიური შემოსავლების მოცულობა ერთ შინამეურნეობაზე 11%-ით გაიზარდა და 1 221.8 ლარი შეადგინა.

საქსტატის ინფორმაციით, 2021 წელს უშუალოდ ფულადი შემოსავლების და ტრანსფერტების (არ მოიცავს ფულის სესხებას, დანაზოგების გამოყენებას და ქონების გაყიდვას) მოცულობამ თვეში საშუალოდ 1.17 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 2020 წლის მაჩვენებელს 12.8%-ით აღემატება. დეტალური სტატისტიკა წარმოდგენილია ცხრილ 1-ში.

ცხრილი 1: მოსახლეობის მთლიანი საშუალო (თვიური) ფულადი შემოსავლების და ტრანსფერტების დინამიკა 2012-2021 წლებში, მლნ ლარი

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

2021 წელს ფულადი შემოსავლებისა და ტრანსფერტების სტრუქტურაში დაქირავებული შრომიდან მიღებული საშუალოთვიური შემოსავლების მაჩვენებელი 2020 წელთან შედარებით 8.4 %-ით გაიზარდა და 537 მლნ ლარი შეადგინა. თუმცა, 2020 წელთან შედარებით, დაქირავებული შრომიდან მიღებული შემოსავლის წილი მთლიან შემოსავლებთან 1.9 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 45.9% შეადგინა. საინტერესოა, რომ პენსიებიდან, სტიპენდიებიდან და დახმარებებიდან, ასევე უცხოეთიდან და საჩუქრად მიღებული სახსრები 2021 წლისთვის 418 მლნ ლარს აღწევდა, რაც მთლიანი შემოსავლების 35%-ს შეადგენდა. ეს ცალსახად აჩვენებს, რომ მოსახლეობას შრომით თავის რჩენა უჭირს და სხვადასხვა სახის დახმარებაზეა დამოკიდებული.

მეორე მხრივ, 2020-2021 წლების მაჩვენებლები დიდწილად პანდემიური ვითარებით იყო განპირობებული. უფრო სრული დინამიკის სანახავად, რელევანტურია პრეპანდემიურ პერიოდთან შედარება. 2019 წელთან შედარებით, 2021 წლისთვის საშუალოთვიური ფულადი შემოსავლები და ტრანსფერტები 10.7%-ით არის გაზრდილი, რაც 2020 წელთან შედარებით (12.8% ზრდა) ნაკლებ ზრდას წარმოადგენს. საინტერესოა რომ 2019 წელთან შედარებით, 2021 წელს შემოსავლები დაქირავებული შრომიდან მხოლოდ 4.3%-ით გაიზარდა. შემოსავლებში ყველაზე მაღალი ზრდა პენსიების, სტიპენდიების და დახმარებების ნაწილში დაფიქსირდა (31%), რაც ნაწილობრივ კოვიდპანდემიის მართვის ფარგლებში გაცემულ დახმარებებს უკავავშირდებოდა. ამ სახსრების მოზიდვაც ვალის და დეფიციტის მკვეთრი ზრდის ხარჯზე მოხდა და, შესაბამისად, ეს ბენეფიტები გრძელვადიან პერიოდში არამდგრადია. მეორე ადგილს იკავებდა შემოსავლები სოფლის მეურნეობის პროდუქციის გაყიდვიდან, რაც 2019 წელთან შედარებით გაიზარდა 25.4%-ით. სოფლის მეურნეობის შემთხვევაში, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ შემოსავლების ზრდა საკვებ პროდუქტებზე დაფიქსირებულ მაღალ ინფლაციას უკავშირდება. ჯამურად, სოციალური დახმარებებიდან, პენსიებიდან, სტიპენდიებიდან და ასევე უცხოეთიდან და საჩუქრად მიღებული ფულადი სახსრები 2019 წელს 344 მლნ ლარს აღწევდა, რაც მთლიანი შემოსავლების 32.5%-ს შეადგენდა და 2021 წლის პერიოდთან შედარებით, დაახლოებით 3.2 პროცენტული პუნქტით ნაკლები იყო, თუმცა, მთლიან შემოსავლებთან შედარებით, მაჩვენებელი მაინც არასასურველად მაღალ დონეზე ნარჩუნდებოდა.

გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს შემოსავლების დინამიკის განხილვას სამომხმარებლო ინფლაციასთან ერთად, რადგან ინფლაციის შედეგად მცირდება შემოსავლის მსყიდველუნარიანობა, ანუ მოსახლეობას ნაკლები საქონლის და მომსახურების შეძენა შეუძლიათ, რაც მათ კეთილდღეობაზე უარყოფითად აისახება. 2021 წელს ინფლაციის პრობლემა მოსახლეობისთვის კრიტიკული იყო, განსაკუთრებით კი პანდემიურ კონტექსტში, რომელიც თავისთავად, ეკონომიკური შეზღუდვებით გამოირჩეოდა. განსაკუთრებით მძიმეა ფაქტი, რომ კონკრეტულ ჯგუფებში, რომლებიც მოსახლეობისთვის კრიტიკულია და პირველადი მოთხოვნილებების საქონელსა და მომსახურებას შეიცავს, ფასების ზრდა საშუალო ინფლაციის მაჩვენებლებს მკვეთრად აღემატებოდა. აღსანიშნავია რომ 2021 წელს, საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 10.4% ზრდა დაფიქსირდა. საინტერესოა, თუ რამდენად აისახა ზრდა მოსახლეობის შემოსავლების მაჩვენებლებზე.

ცხრილი 2: ნომინალური და რეალური (2021=100) საშუალო თვიური ფულადი შემოსავლები ერთ შინამეურნეობაზე 2012-2021 წლებში

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

რადგან საუბარია საშუალოთვიურ შემოსავლებზე, რეალური მაჩვენებლის გამოთვლა რელევანტურია საშუალოწლიური ინფლაციით (12 თვის საშუალო ინფლაცია წინა წლის 12 თვის საშუალო ინფლაციასთან). 2021 წელს, 2020 წელთან შედარებით, ერთ შინამეურნეობაზე რეალური ფულადი შემოსავლები 0.4%-ით გაიზარდა, რაც ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელისგან განსხვავებით, მიზერულ გაუმჯობესებას წარმოადგენს. შესაბამისად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ეკონომიკის ზრდა მოსახლეობის შემოსავლების ზრდაზე არ ასახულა. უფრო მეტიც, საშუალოთვიური რეალური შემოსავლები ერთ შინამეურნეობაზე, 2020-2021 წლებში, 2013 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზე ჩამოვიდა.


მსგავსი სიახლეები

5361 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი