სოციალურ ქსელში გავრცელდა დეზინფორმაცია, თითქოს „მაიმუნის ყვავილი“ ხელოვნურად გაავრცელეს. დეზინფორმატორები „მაიმუნის ყვავილის“ ვირუსის გავრცელებას COVID-19-ის ვაქცინასთან აკავშირებენ. ერთ-ერთ პოსტში ვკითხულობთ: „სულ უფრო მეტი მოსაზრება ჩნდება იმის თაობაზე, რომ მაიმუნის ჩუთყვავილა წინასწარ იყო დაგეგმილი... ასე, მაგალითად, ხალხს გაახსენდა, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა „AstraZeneca“ შიმპანზეს ადენოვირუსს შეიცავს“.

მტკიცება, თითქოს „მაიმუნის ყვავილი“ ხელოვნურად არის გავრცელებული და მისი გავრცელება წინასწარ იყო დაგეგმილი, უსაფუძვლოა და სიმართლეს არ შეესაბამება. მით უმეტეს, „მაიმუნის ყვავილს“ არანაირი კავშირი არ აქვს „AstraZeneca“-სთან.

„მაიმუნის ყვავილი“ ზოონოზური ვირუსული დაავადებაა, რომელიც ცენტრალურ და დასავლეთ აფრიკაში გვხვდება. ის ადამიანს უპირატესად მღრღნელებისა და პრიმატებისგან გადაეცემა. ვირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემა ინფიცირებულ პირთან ახლო ფიზიკური კონტაქტით, ან დაინფიცირებულ საგნებთან შეხებით ხდება. მისი გავრცელება შესაძლებელია სქესობრივი გზითაც.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, „მაიმუნის ყვავილი“ პირველად ადამიანში 1970 წელს იქნა დადასტურებული, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში. ვირუსის ორი ძირითადი შტამია გავრცელებული - დასავლეთ აფრიკული და ცენტრალურ აფრიკული. „მაიმუნის ყვავილის“ ბოლო დიდი ეპიდაფეთქება 2017 წელს ნიგერიაში მოხდა. „მაიმუნის ყვავილის“ შემთხვევები დღემდე ფიქსირდება აფრიკულ ქვეყნებში. აფრიკული ქვეყნებიდან ვირუსის ექსპორტი შესაძლოა არაენდემურ ტერიტორიაზეც მოხდეს.

2003 წელს „მაიმუნის ყვავილის“ 70-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა ამერიკის შეერთებულ შტატებშიც, რომელიც პირველი ქვეყანა იყო აფრიკის ფარგლებს გარეთ, სადაც მაიმუნის ყვავილის ეპიდაფეთქებას ჰქონდა ადგილი. გასულ წლებში „მაიმუნის ყვავილის“ ერთეული შემთხვევები დაფიქსირდა ისრაელში, დიდ ბრიტანეთში, სინგაპურში და აშშ-ში, რაც აფრიკულ ქვეყნებში მოგზაურობასთან იყო დაკავშირებული.

2022 წლის მაისში არაენდემურ ქვეყნებში, ძირითადად ევროპის კონტინეტზე, „მაიმუნის ყვავილის“ მრავალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც გლობალური ჯანდაცვის ყურადღების ცენტრში მოექცა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, დროული და სწრაფი ქმედების შემთხვევაში, არაენდემურ ქვეყნებში ვირუსის გავრცელების შეკავება სავსებით შესაძლებელია.

ამ ეტაპზე, „მაიმუნის ყვავილის“ პანდემიის საფრთხე არ არსებობს, რადგან, სხვა ვირუსებთან [როგორებიცაა: კორონავირუსი, ადამიანის ყვავილი, წითელა და სხვა ინფექციური დაავადებები] შედარებით, მაიმუნის ყვავილის გამომწვევი ვირუსის გადაცემა გაცილებით ნელა ხდება. ამასთან, ამ დროისთვის ყვავილის საწინააღმდეგო რამდენიმე ვაქცინა არის ხელმისაწვდომი, რომელიც ეფექტურად იცავს „მაიმუნის ყვავილის“ ვირუსისგანაც. გარდა ამისა, ინფიცირების შემთხვევაში დაავადების მკურნალობა ყვავილის საწინააღმდეგო ანტივირუსული პრეპარატებით არის შესაძლებელი.

„მაიმუნის ყვავილი“ არაა ახალი ვირუსი, ის ენდემურია დასავლეთ და ცენტრალურ აფრიკაში და მეცნიერებს ვირუსის ბუნება შესწავლილი აქვთ. სპეციალისტების ყურადღება ვირუსული ინფექციის არაენდემურ ტერიტორიაზე გავრცელებამ მიიპყრო. მტკიცება, თითქოს მისი გავრცელება წინასწარ იყო დაგეგმილი, ყალბია.

ასევე, აბსურდულია მტკიცება, თითქოს „მაიმუნის ყვავილის“ გავრცელება კავშირშია „AstraZeneca“-ს ვაქცინასთან.

„მაიმუნის ყვავილი“ ყვავილის ვირუსთა ოჯახს მიეკუთვნება, რომელიც კლინიკურად „ადამიანის ყვავილის“ მსგავსია, თუმცა ნაკლებად მძიმეა. „მაიმუნის ყვავილს“ ადენოვირუსთან საერთო არ აქვს, მით უმეტეს „AstraZeneca“-ს ვაქცინასთან.

ცნობისთვის, Oxford/AstraZeneca-ს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა არის ვირუსული ვექტორული ვაქცინა. ვექტორული ვაქცინები იყენებენ სხვა უვნებელ ვირუსს (ვექტორს), რომელსაც მიაქვს კორონავირუსის სპაიკცილის შესახებ „ინსტრუქცია” ადამიანის უჯრედში. ვექტორის მიერ მიწოდებული „ინსტრუქციის” შესაბამისად უჯრედი იწყებს ვირუსის უვნებელი ნაწილის – სპაიკცილის გამომუშავებას, რომელსაც ამოიცნობს იმუნური სისტემა და იწყებს ანტისხეულების წარმოქმნას. ამ შემთხვევაში ვირუსულ ვექტორად შესუსტებული ადენოვირუსია აღებული, რომელიც ჩვეულებრივ გაციებას იწვევს. მოდიფიცირებული ვირუსი ადამიანის უჯრედებში არ მრავლდება და საფრთხეს არ წარმოადგენს. ვექტორული ტექნოლოგია აპრობირებული მეთოდია.

------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5417 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი