ჯაბა ფუტკარაძე: ხულოს მუნიციპალიტეტში მწვანე ტბის სარეკრეაციო ადგილის მიმდებარე სეზონური დასახლებებისა და ალპური ბოტანიკური ბაღის ელექტრომომარაგების ღონისძიების ფარგლებში, განხორციელდა მეორე ეტაპის სამშენებლო სამუშაოები და მომზადდა ელექტრომომარაგების პროექტი და ეს პროექტი უკვე მიმდინარე წელს არის გათვალისწინებული ბიუჯეტში

ვერდიქტი: ფაქტ-მეტრის დასკვნით, აღნიშნული განცხადება არის მანიპულირება

რეზიუმე: აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ, 2020 წლის დეკემბერში, გამოაცხადა ტენდერი მწვანე ტბის სარეკრეაციო ტერიტორიისა და ალპური ბოტანიკური ბაღის ელექტრომომარაგების (შემდგომში მიმდებარე სეზონური დასახლებების ელექტრომომარაგების უზრუნველყოფის შესაძლებლობით) საპროექტო-სახარჯთარიცხვო დოკუმენტაციის შეისყიდვის მიზნით. მიმწოდებელმა შემსყიდველს საპროექტო დოკუმენტაცია 2021 წლის 14 ივლისს ჩაიბარა.

იმავე 2021 წელს, უკვე სამუშაოების შესყიდვის მიზნით, სამინისტრომ ტენდერი ორჯერ გამოაცხადა. აქედან პირველი უარყოფითი შედეგით დასრულდა, რადგან ორივე მონაწილე კომპანიას დისკვალიფიკაცია მიენიჭა. მეორედ გამოცხადებული ტენდერი კი შემსყიდველმა შეწყვიტა, რადგან მანამდე გამოცხადებულ ტენდერში დისკვალიფიცირებულმა ერთ-ერთმა კომპანიამ საჩივრით სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დავების განხილვის საბჭოს მიმართა. საბჭომ საჩივარი სრულად დააკმაყოფილა, რის შემდეგაც სამინისტრომ სატენდერო პირობები შეცვალა.

პირველად გამოცხადებული შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1 311 640 ლარი იყო, საიდანაც 850 000 ლარი შემსყიდველს აჭარის ა/რ 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან უნდა დაეფარა. მეორედ გამოცხადებული შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 1 375 600 ლარით განისაზღვრა. ამჯერად გადაწყდა, რომ 2021 წლის საბიუჯეტო სახსრებიდან მხოლოდ 169 000 ლარის ღირებულების სამუშაოები ანაზღაურდებოდა. თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, ტენდერი შეწყდა. სამინისტრომ დაგეგმილი ინფრასტრუქტურული ღონისძიება 2021 წელს საერთოდ ვერ განახორციელა და შესაბამისად, თანხა ვერ აითვისა.

მიმდინარე წლის აპრილში, იმავე მიზნით, ტენდერი კიდევ ერთხელ გამოცხადდა. ამჯერად სავარაუდო ღირებულებამ 2 232 000 ლარი შეადგინა. შესყიდვაში ერთი კომპანია მონაწილეობდა, რომელმაც შემსყიდველს სამუშაოების განხორციელება 1 745 000 ლარად შესთავაზა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ხელშეკრულების მოსამზადებელი სამუშაოები.

აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა თავის საანგარიშო მოხსენებაში მხოლოდ მიმდინარე წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულ ხარჯზე ისაუბრა. მან არაფერი თქვა იმის თაობაზე, რომ შარშან აღნიშნული თანხის ათვისება ვერ მოხერხდა და საკითხი ისე წარმოაჩინა, თითქოს ყველაფერი გეგმის მიხედვით ხორციელდება. შესაბამისად, მინისტრის განცხადება, ფაქტ-მეტრის დასკვნით, არის მანიპულირება.

ანალიზი:

აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა აჭარის ა/რ უმაღლეს საბჭოს 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულებისა და სამინისტროს საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. დეპუტატების წინაშე ჯაბა ფუტკარაძემ განაცხადა: „ხულოს მუნიციპალიტეტში მწვანე ტბის სარეკრეაციო ადგილის მიმდებარე სეზონური დასახლებებისა და ალპური ბოტანიკური ბაღის ელექტრომომარაგების ღონისძიების ფარგლებში, განხორციელდა მეორე ეტაპის სამშენებლო სამუშაოები და მომზადდა ელექტრომომარაგების პროექტი და ეს პროექტი უკვე მიმდინარე წელს არის გათვალისწინებული ბიუჯეტში.“

ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადებით დაინტერესდა.

ჩვენ მწვანე ტბის მიმდებარე ტერიტორიასთან დაკავშირებით არსებული ყველა შესყიდვა შევისწავლეთ. როგორც ირკვევა, 50 160-ლარიანი სავარაუდო ღირებულების ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე, რომლის ფარგლებშიც მწვანე ტბის სარეკრეაციო ტერიტორიისა და ალპური ბოტანიკური ბაღის ელექტრომომარაგების (შემდგომში მიმდებარე სეზონური დასახლებების ელექტრომომარაგების უზრუნველყოფის შესაძლებლობით) მიზნით, საპროექტო-სახარჯთარიცხვო დოკუმენტაცია შეისყიდა, სამინისტრომ 2020 წლის 26 დეკემბერს გამოაცხადა. შპს „ჰიდროს“ დამუშავებული დოკუმენტაცია 2021 წლის 26 მარტამდე უნდა წარედგინა. თუმცა 13 აპრილს, ვინაიდან მიმწოდებელს ვალდებულება შესრულებული არ ჰქონდა, ხელშეკრულებაში ცვლილება შევიდა. საბოლოოდ, სამინისტრომ დოკუმენტაცია 2021 წლის 14 ივლისს ჩაიბარა.

ამის შემდეგ, 2021 წლის 30 ივლისს, სამინისტრომ, უკვე პროექტის განხორციელების მიზნით, 1 311 640 ლარის სავარაუდო ღირებულების ტენდერი (NAT210014257) გამოაცხადა. თანხის ნაწილი, 850 000 ლარი გათვალისიწნებული იყო აჭარის ა/რ 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტში. ტენდერში ორი კომპანია ჩაერთო: შპს „სის ბიზნეს სერვისი“ და შპს „პრაიმ ენერჯი“. სატენდერო კომისისამ ორივეს დისკვალიფიკაცია მიანიჭა. „პრაიმ ენერჯს“, რომელმაც დაბალი ფასი დაასახელა, დამაზუსტებელი დოკუმენტაციის წარდგენა მოსთხოვეს. დამატებითი დროის გასვლის შემდეგ, სატენდერო კომისიამ ჩათვალა, რომ კომპანიამ მოთხოვნილი დოკუმენტაცია სრულყოფილად არ წარადგინა. ამის შემდეგ, შემსყიდველმა დოკუმენტაციის სატენდერო მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა შპს „სის ბიზნეს სერვისს“ სთხოვა. ამ შემთხვევაშიც, სატენდერო კომისიამ მიიჩნია, რომ კომპანიის მიერ წარდგენილი დამატებითი დოკუმენტაცია მოთხოვნებს არ პასუხობდა და დისკვალიფიკაცია მისცა.

2021 წლის დეკემბერში „სის ბიზნეს სერვისმა“ სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დავების განხილვის საბჭოში გაასაჩივრა. საბჭომ საკითხი განიხილა და საჩივარი სრულად დააკმაყოფილა. აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სატენდერო მოთხოვნებში გარკვეული ცვლილება უნდა განეხორციელებინა. თუმცა სანამ საბჭოს გადაწყვეტილებას მიიღებდა, მას ტენდერი, ძველი მოთხოვნებით, უკვე გამოცხადებული ჰქონდა.

კერძოდ, განმეორებით ელექტრონული ტენდერი (NAT210020240) აუქციონის გარეშე 22 ოქტომბერს გამოცხადდა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1 375 600 ლარი იყო. სამუშაოების ნაწილი 2021 წლის საბიუჯეტო სახსრებიდან 169 000 ლარით უნდა ანაზღაურებულიყო. წინადადების მიღება 22 ნოემბერს დასრულდა. თუმცა რამდენიმე დღეში, 30 ნოემბერს, სამინისტრომ „სის ბიზნეს სერვისის“ საჩივრის თაობაზე საბჭოს გადაწყვეტილება მიიღო. 29 დეკემბერს კი ტენდერი შეწყვიტა.

საბოლოოდ, მწვანე ტბის სარეკრეაციო ტერიტორიისა და ალპური ბოტანიკური ბაღის ელექტრომომარაგების, შემდგომში მიმდებარე სეზონური დასახლებების ელექტრომომარაგების უზრუნველყოფით, სამშენებლო სამუშაოების შესყიდვისთვის 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტით განსაზღვრული თანხა სამინისტროს აუთვისებელი დარჩა.

ტენდერი, უკვე მესამედ, მიმდინარე წლის 20 აპრილს გამოცხადდა, ოღონდ მკვეთრად გაზრდილი სავარაუდო ღირებულებით - 2 232 000 ლარით. შესყიდვაში ერთი კომპანია მონაწილეობდა, რომელმაც სამუშაოების შესრულება 1 745 000 ლარად ითავა. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გვერდზე ატვირთული ინფორმაციის თანახმად, ამ ეტაპზე ხელშეკრულების მომზადება მიმდინარეობს.

მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, მინისტრმა თავის ანგარიშში არ ახსენა, რომ პროექტი 2021 წლის ბიუჯეტშიც იყო გათვალისწინებული და სამუშაოების შესყიდვის მიზნით გამოცხადებული ორი ტენდერი უშედეგო აღმოჩნდა. მან საკითხი ისე წარმოაჩინა, თითქოს ყველაფერი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.

რაც შეეხება მწვანე ტბის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამშენებლო სამუშაოებს, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ის 2019 წლის მარტში შეისყიდა. ტენდერში გამარჯვებულმა შპს „მარდმა“ პროექტი 1 010 577 ლარად განახორციელა.

2021 წლის 2 აპრილს გაფორმდა 482 522-ლარიანი ხელშეკრულება შპს „ბიელთან“, მწვანე ტბის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამშენებლო სამუშაოების მეორე ეტაპის შესყიდვის თაობაზე. სამუშაოები ოქტომბრის ბოლოს უნდა დასრულებულიყო. თუმცა მიმწოდებელი ვადაში ვერ ჩაეტია და 24 ნოემბერს, კლიმატური პირობების გაუარესების გამო, მხარეები სამუშაოების შეჩერების შესახებ შეთანხმდნენ. ცვლილების მიხედვით, პროექტის განხორციელების ბოლო ვადად არა უგვიანეს 2022 წლის 30 ივნისამდე პერიოდი გადაწყდა. როგორც გავარკვიეთ, სამუშაოები უკვე დასრულდა.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5419 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი