ზაზა დიასამიძე: მიმდინარე პროექტი გვაქვს ახლა, ამბულატორია შენდება მაჭახლის ხეობის [სოფელ] ზედა ჩხუტუნეთში. სხვა ლოკაციებზე არსებული ამბულატორიების რეაბილიტაცია დაიწყება და ეტაპობრივად მივყვებით. თითქმის ყველა სოფელში გვაქვს ჩვენ ამბულატორია.

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ზაზა დიასამიძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

რეზიუმე: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი დაყოფილია თერთმეტ ადმინისტრაციულ ერთეულად, რომლებშიც, ჯამში, სამოცდაოთხი სოფელია. აქედან პირველადი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრი (პჯდ ცენტრი) თოთხმეტ სოფელში ფუნქციონირებს. გარდა ამისა, მუნიციპალიტეტის კიდევ ოცდაცამეტ სოფელში, სადაც მოსახლეობის რაოდენობა დაბალია, არის მედპუნქტები, რომლებსაც ჯამში ორმოცდაშვიდი მედდა ემსახურება. გამოდის, რომ სამოცდაოთხი სოფლიდან, ორმოცდაშვიდში ან პირველადი ჯანდაცვის ცენტრია, ან -მედპუნქტი.

სოფლებში: ახალსოფელში, სალიბაურსა და ჭარნალში პჯდ ცენტრები ახალი აშენებულია და სტანდარტებს აკმაყოფილებს. რეაბილიტაცია დაგეგმილია სოფელ სარფში არსებულ ცენტრში, ხოლო ორთაბათუმის, აჭარისწყლის, თხილნარისა და ფერია-სამების პჯდ ცენტრები რეაბილიტაციას საჭიროებს. დანარჩენ სოფლებში კი, როგორც მუნიციპალიტეტმა მოგვწერა, პირველადი ჯანდაცვის ცენტრებს სარეაბილიტაციო სამუშაოები საჭიროების მიხედვით, ეტაპობრივად ჩაუტარდება.

რაც შეეხება მაჭახლის ხეობაში, სოფელ ზედა ჩხუტუნეთში ამბულატორიის მშენებლობას, ვინაიდან მერიის მიერ გამოგზავნილ პასუხში აღნიშნული საკითხის შესახებ არაფერი წერია და არც სახელმწიფო შესყიდვების გვერდზე იძებნება, ჩვენ დავუკავშირდით მერის წარმომადგენელს და ინფორმაცია დავაზუსტეთ. გაირკვა, რომ მერმა განცხადებაში მექანიკური შეცდომა დაუშვა. სინამდვილეში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიამ წელს მედპუნქტის სამშენებლო სამუშაოები შეისყიდა, ოღონდ ობიექტი მაჭახლის ადმინისტრაციული ერთეულის სხვა სოფელში, ქვედა ქოქოლეთში შენდება. აღნიშნულ ლოკაციაზე მედპუნქტის მშენებლობის ხარჯი ასახულია მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტში. არსებული მდგომარეობით, მერიას წელს, ამბულატორიებისა და მედპუნქტების რეაბილიტაცია-მშენებლობის სამუშაოების შესყიდვის მიზნით, სხვა ტენდერები გამოცხადებული არ აქვს.

აქედან გამომდინარე, ზაზა დიასამიძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

ანალიზი:

TV25-ის ეთერში სტუმრობისას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა დიასამიძემ განაცხადა: „მიმდინარე პროექტი გვაქვს ახლა, ამბულატორია შენდება მაჭახლის ხეობის [სოფელ] ზედა ჩხუტუნეთში. სხვა ლოკაციებზე არსებული ამბულატორიების რეაბილიტაცია დაიწყება და ეტაპობრივად მივყვებით. თითქმის ყველა სოფელში გვაქვს ჩვენ ამბულატორია.“

„ფაქტ-მეტრი“ აღნიშნული განცხადებით დაინტერესდა.

როგორც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის ოფიციალურ ვებგვერდზეა მითითებული, მუნიციპალიტეტი თერთმეტ ადმინისტრაციულ ერთეულად იყოფა და ჯამში სამოცდაოთხ სოფელს აერთიანებს. „ფაქტ-მეტრისთვის“ გამოგზავნილი პასუხით კი ირკვევა, რომ ამ ეტაპზე ამბულატორია ანუ პირველადი ჯანმრთელობის დაცვის (პჯდ) ცენტრი თერთმეტივე ადმინისტრაციულ ერთეულში, სულ თოთხმეტ ლოკაციაზე, ფუნქციონირებს.

ცხრილი 1. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლები, სადაც პჯდ ცენტრებია

წყარო: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია დანართი 1

გარდა პჯდ ცენტრებისა, მუნიციპალიტეტის ოცდაცამეტ სოფლში, რომლებშიც მოსახლეობის მცირე რაოდენობაა, მედპუნქტები ფუნქციონირებს. ეს ნიშნავს, რომ სამოცდაოთხი სოფლიდან, ორმოცდაშვიდ სოფელში (73%) ან პირველადი ჯანდაცვის ცენტრი მუშაობს, ან - მედპუნქტი. თუმცა მათი ნაწილი სარეაბილიტაციოა. კერძოდ, ამ ეტაპზე რეაბილიტაციას საჭიროებს ორთაბათუმის, აჭარისწყლის, თხილნარისა და ფერია-სამების პჯდ ცენტრები. მუნიციპალიტეტმა მოგვწერა, რომ პირველადი ჯანდაცვის ცენტრებში სარეაბილიტაციო სამუშაოები ეტაპობრივად ჩატარდება.

გასულ წელს ახალი ამბულატორია აშენდა სოფელ ახალსოფელში. ასევე სალიბაურსა და ჭარნალიც ახალი ამბულატორიები ფუნქციონირებს. აღნიშნული ობიექტები თანამედროვე სტანდარტებს აკმაყოფილებს. გარდა ამისა, დაგეგმილია სოფელ სარფში არსებული ამბულატორიის რეაბილიტაცია. დანართი 2

რაც შეეხება მაჭახლის ხეობაში, სოფელ ზედა ჩხუტუნეთში, ამბულატორიის მშენებლობას, ამის შესახებ მერიის მიერ გამოგზავნილ პასუხში არაფერია ნათქვამი. ჩვენ აღნიშნული ობიექტის მშენებლობისთვის განკუთვნილი თანხა ვერც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში მოვიძიეთ. ამიტომ ინფორმაცია მაჭახლის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელთან დავაზუსტეთ. აღმოჩნდა, რომ მუნიციპალიტეტის მერმა განცხადებაში მექანიკური შეცდომა დაუშვა. სინამდვილეში ახალი მედპუნქტი (და არა პჯდ ცენტრი) იმავე ადმინისტრაციულ ერთეულში შენდება, თუმცა სხვა სოფელში - ქვედა ქოქოლეთში. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიამ აღნიშნულ ლოკაციაზე მედპუნქტის სამშენებლო სამუშაოები 38 994 ლარად შეისყიდა. ობიექტის მშენებლობის ხარჯი დაგეგმილი იყო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტში. არსებული მდგომარეობით, შემსრულებლისთვის უკვე გადახდილია მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულების 57%. ხელშეკრულების თანახმად, სამუშაოები მიმდინარე წლის 13 მაისის ჩათვლით პერიოდში უნდა დასრულებულიყო. თუმცა პროექტი ჯერ ჩაბარებული არ არის.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტში, მუნიციპალიტეტის სოფლებში ამბულატორიებისა და მედპუნქტების მშენებლობა/რეაბილიტაციის ქვეპროგრამისთვის, სულ 41 511 ლარია გათვალისწინებული.

მერის წარმომადგენლის თქმით, ზედა ჩხუტუნეთში ამბულატორია ძველი კულტურის სახლში ფუნქციონირებდა. შენობა ამორტიზებული იყო და დაანგრიეს. მის ადგილზე ახლა საინფორმაციო ცენტრი შენდება (ეთნოსოფლის პროექტის ფარგლებში; შემსყიდველი აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო). ობიექტის მიმდებარედ კიდევ 3 ათასი კვ მ ტერიტორიაა. მუნიციპალიტეტი უახლოეს პერიოდში მის ათვისებას სწორედ ამბულატორიის მშენებლობის მიზნით გეგმავს და საჭირო პროცედურებს დაიწყებს, როგორც კი ბიუჯეტში შესაბამისი თანხა აისახება.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5402 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი