სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა საჯარო სკოლებში დისტანციური სწავლების ეფექტიანობის ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში საუბარია იმ ფაქტორებზე, რომელთა გამოც საჯარო სკოლების მოსწავლეთა გარკვეულ ნაწილს დისტანციურ სწავლებაზე ხელი არ მიუწვდებოდა. გარდა ამისა, საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით განხორციელებულ ტრენინგმოდულებში ჩართული არ იყო საჯარო სკოლებში დასაქმებული მასწავლებლების 42%. ანგარიშში აღნიშნულია, რომ სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, კომპიუტერული უნარების განსავითარებლად, მასწავლებელთა გადამზადება 2017 წელს დაიწყო. მიუხედავად ამისა, პანდემიამდე ინფორმაციულ ტექნოლოგიებში გადამზადებული იყო 15 000 პედაგოგი, რაც მასწავლებელთა მთლიანი რაოდენობის მხოლოდ 27%-ს შეადგენს.

მასწავლებელთა ტრენინგი Microsoft teams-ში 2020 წლის ოქტომბერში ჩატარდა, დისტანციური სწავლების დაწყებიდან, დაახლოებით, 6 თვის შემდეგ, ხოლო ტრენინგი − „დისტანციური სწავლება Microsoft სერვისების გამოყენებით“ ჩატარდა 2020 წლის აგვისტო-ნოემბრის პერიოდში.

ცხრილი 1. 2020 წელს Microsoft სერვისებში გადამზადებული მასწავლებლების რაოდენობა რეგიონების მიხედვით

წყარო: სახელმწიფო აუდიტის სამსახური

აუდიტის ჯგუფმა მასწავლებლები გამოჰკითხა. გაირკვა, რომ, ონლაინრეჟიმზე გადასვლამდე, 312 გამოკითხული მასწავლებლიდან, დისტანციური სწავლების გამოცდილება მხოლოდ 27-ს ჰქონდა, 178-მასწავლებელმა ვირტუალურ საგაკვეთილო პროცესთან ადაპტირება მარტივად შეძლო, 128-მ - საშუალოდ, ხოლო 6 მასწავლებლისთვის ადაპტირების პროცესი რთული აღმოჩნდა. პანდემიამდე საინფორმაციო ტექნოლოგიებში ტრენინგი გავლილი ჰქონდა 117 მასწავლებელს, რომელთა შორის 15-მა მიიჩნია, რომ მიღებული ცოდნა დისტანციური სწავლებისთვის სრულიად არასაკმარისი იყო. 66-მა მასწავლებელმა კი უპასუხა, რომ ტრენინგმა მათ სრულიად საკმარისი ცოდნა მისცა. 312 გამოკითხულიდან, 144 მასწავლებელს პანდემიის პერიოდში საინფორმაციო ტექნოლოგიების ტრენინგი საერთოდ არ გაუვლია. დისტანციურმა სწავლებამ საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში 298 მასწავლებლის უნარები გააუმჯობესა.

გარდა უნარებისა, დისტანციური სწავლებისთვის შემაფერხებელი აღმოჩნდა ის გარემოება, რომ საქართველოში ინტერნეტზე, ასევე ინტერნეტში ჩართულ მოწყობილობებზე, მოსახლეობის ნაწილს ხელი არ მიუწვდება.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, 2020 წლის ივლისისთვის, ქვეყნის მასშტაბით, კომპიუტერით უზრუნველყოფილი შინამეურნეობების წილი - 61,8%-ს, ხოლო ინტერნეტით უზრუნველყოფის წილი 83,8%-ს შეადგენდა.

ცხრილი 2. კომპიუტერითა და ინტერნეტით უზრუნველყოფილი შინამეურნეობების პროცენტული წილი რეგიონების მიხედვით (2019 წლიდან 2021 წლის ივლისის ჩათვლით)

წყარო: სახელმწიფო აუდიტის სამსახური

პრობლემა იყო მაღალი ხარისხის ინტერნეტიც. მაგალითად: სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, სოფლების 60,5%-ს ინტერნეტი შეფერხებით მიეწოდებოდა. აღნიშნული საკითხი დაბრკოლებად მიიჩნია გამოკითხული მასწავლებლების 50,2%-მა. სევე სირთულეებს აწყდებოდნენ ან საერთოდ ვერ ერთვებოდნენ საგაკვეთილო პროცესში ბავშვები, რომელთა ოჯახებშიც რამდენიმე მოსწავლე და ერთი მოწყობილობა იყო. მით უფრო, თუ მშობლებიც მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე იყვნენ გადასული და კომპიუტერი სჭირდებოდათ. გაუმართავი კომპიუტერი და ინტერნეტთან წვდომა ძირითად პრობლემად დაასახელა მშობლების ნაწილმა, ხოლო გამოკითხული მოსწავლეებიდან 44-ს ჰქონდა კომპიუტერის პრობლემა, 61 მოსწავლეს კი - ინტერნეტის.

ანგარიშში ნათქვამია, რომ სამინისტრო არ ფლობს სრულ ინფორმაციას, მოსწავლეთა რა ნაწილისთვის არის ხელმისაწვდომი კომპიუტერული ტექნიკა და ინტერნეტი. რაც შეეხება სკოლებში არსებულ კომპიუტერულ ტექნიკას, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა (ემისი) სერვისს უწევს ჯამში 32 026 კომპიუტერს. აქედან დამაკმაყოფილებელი ტექნიკური პარამეტრები 16 184 ერთეულს აქვს. შესაბამისად, დაახლოებით, 50% იდენტიფიცირებულია, როგორც მოძველებული და ხარვეზებით მომუშავე. 2011 წლიდან ხორციელდება პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი“, რომელიც ბენეფიციარებისთვის პორტაბელური კომპიუტერების გადაცემას ითვალისწინებს. აღნიშნული პერიოდიდან დღემდე, პროგრამის ფარგლებში გაცემული ნოუთბუქების რაოდენობამ 577 948 ერთეული შეადგინა. გარდა ამისა, 2021 წელს მსოფლიო ბანკმა, სკოლებისათვის გადასაცემად, 6 350 ნოუთბუქი შეისყიდა, რომლებიც აუდიტის პერიოდისათვის სრულად იყო დარიგებული სკოლებში.

სამინისტრომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს განუმარტა, რომ ინტერნეტსა და მოწყობილობაზე წვდომასთან დაკავშირებით ინფორმაციის შეგროვების რამდენიმე მცდელობა ჰქონდათ, თუმცა პანდემიის ფონზე ეს ვერ შეძლეს.

ტექნოლოგიებთან დაკავშირებული პრობლემები, რომელთა წინაშეც საჯარო სკოლების მასწავლებლები, მოსწავლეები და მშობლები აღმოჩნდნენ, საბოლოოდ განათლების ხარისხზე უარყოფითად აისახა. სახელმწიფო აუდიტის სამსახური წერს, რომ, დისტანციური სწავლების განსახორციელებლად, განათლების სამინისტრომ ერთ-ერთ საშუალებად Microsoft Teams პლატფორმა გამოიყენა. მისი ლიცენზიის შესყიდვა 2019 წელს დაიწყო. 2021 წლის სექტემბრის მდგომარეობით კი მოსწავლეების ბონუსლიცენზიების (ადმინისტრაციისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებლებისთვის შესყიდულ თითოეულ ლიცენზიას ბონუსად მოჰყვა 40 ერთეული მოსწავლის ლიცენზია) ათვისების მაჩვენებელი დაბალი იყო. კერძოდ, მოსწავლეებმა 42.5% აითვისეს, ხოლო მასწავლებლებმა და ადმინისტრაციულმა პერსონალმა - ფასიანი ლიცენზიების 17% და 10%. აუდიტის სამსახური მიიჩნევს, რომ ლიცენზიების ოპტიმალური განსაზღვრის, გააქტიურების გეგმისა და მონიტორინგის მექანიზმების ნაკლებობის პირობებში, რესურსის არაპროდუქტიულად გამოყენების რისკები შეიქმნა. ამასთანავე, დისტანციური სწავლების ერთ-ერთი ფორმა - „ტელესკოლა“, სრულად ვერ ფარავს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ ყველა სავალდებულო საგანს და ის მოსწავლეები, რომლებიც განათლებას ამ ტელეგაკვეთილებით იღებენ, შესაძლოა საგაკვეთილო პროცესს მიღმა დარჩნენ. აუდიტის პერიოდში, პროექტის განმახორციელებელი უწყებები ტელესკოლის ნახვადობის სრულ ინფორმაციას არ ფლობდნენ, რამაც პროგრამის შეფასებისა და მონიტორინგის პროცესი შეაფერხა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიში განათლების დაბალი ხარისხის კიდევ ერთ მიზეზზე - რეგიონებში მასწავლებელთა დეფიციტზე მიუთითებს. როგორც ირკვევა, 2018-2019 სასწავლო წელს აუთვისებელი დარჩა მასწავლებლის 63 ვაკანსია, 2020-2021 წელს - 160, ხოლო 2021-2022 სასწავლო წელს - 53 ვაკანსია.


მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი